Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge რატომ ესიზმრებათ ბავშვებს კოშმარები


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/innocent-baby-boy-sleeping-150x150.jpgრომელ ლოცვებს უკითხავენ კოშმარებით შეშინებულ მოზარდებს, რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს და რატომ არ უნდა შევაშინოთ პატარა `გუდიანი კაცით~

კოშმარული სიზმარი, რომელსაც ძილში სიარული, საუბარი, ბორგვა, კვნესა და წამოყვირება ახასიათებს, პარასომნიის, ანუ ბუნებრივი ძილის დარღვევის ერთ-ერთი ფორმაა და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძილის ყველაზე ღრმა სტადიაში წარმოიშვება და ადამიანს მოსვენებას გაღვიძების შემდეგაც არ აძლევს. თერაპევტების კვლევით, მათ, ვისაც ღამის კოშმარები სტანჯავთ, თვითმკვლელობისკენ მდრეკილება ხუთჯერ მეტად აქვთ, ვიდრე _ მათ, ვისაც ღამე მშვიდად სძინავთ. სხვათა შორის, კოშმარებისგან დაზღვეულნი არც ბავშვები არიან. არადა, ბავშვი, როგორც ამბობენ, უცოდველია. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ ესიზმრებათ მოზარდებს კოშმარები? ,,ქართულ სიტყვა~ ფსიქოლოგ სოფო მახარაძეს ესაუბრა:

_ ფროიდის ფსიქოანალიზის მიხედვით, ადამიანი მრავალი ტენდენციის მატარებელია, მაგრამ არსებობს ტენდენცია და სურვილი, რომელსაც ცნობიერი უგულებელყოფს და დევნის, თუმცა ეს სურვილი განსხეულების საშუალებას მაინც პოულობს. საამისოდ კი, საუკეთესო საშუალება ძილია, ე.ი., დრო, როცა ცნობიერი შესუსტებულია. ყველა ადამიანის სიზმარს ინდივიდუალური ფსიქოლოგია აქვს, ანუ სიზმრის შინაარსი ყოველთვის სუბიექტის განწყობათა თავისუფალი გამოვლენის პროდუქტია.

რაც შეეხება კოშმარს, ასეთი სიზმრის ფროიდისეული ანალიზი გვარწმუნებს, რომ ცნობიერში არაცნობიერიდან რაღაც შინაარსი იჭრება, რომლის შეცვლასაც სიზმრის დინამიკა ვერ ახერხებს და ამიტომ, დასახმარებლად სიფხიზლის ცნობიერებას მიმართავს.

_ ეს გასაგებია, მაგრამ რატომ ესიზმრებათ ბავშვებს კოშმარები?

_ ბავშვებში ძილის პროცესის დარღვევის მრავალი ფაქტორია არსებობს. თანამედროვე ფსიქოლოგია უფრო პრაგმატულია და ასკვნის, რომ ადამიანი ბიო-ფსიქო-სოციალური არსებაა. შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ასაკობრივი განვითარების სპეციფიკა, მოთხოვნილებათა იერარქია და სხვა მრავალი ფაქტორი. მოზარდებში, მით უმეტეს, ჩვილობისა და ადრეული ბავშვობის ასაკში, ანგარიშგასაწევია ბავშვის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემა. აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ კომფორტსა და დისკომფორტზე _ საწოლზე, ჩვილის საფენზე და ა.შ. მოკლედ, ფიზიკურმა დისკომფორტმა ბავშვს შესაძლოა, ძილი დაურღვიოს და ამას მოჰყვეს წამოყვირება, ტირილი, ბორგვა, ან კვნესა. ასევე, მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი, გადანაყრება, მოყირჭება (ერთი და იგივე საკვების ხშირი მიღება) და სხვა.

_ აისახება თუ არა დღის ემოციები ბავშვთა სიზმრებზე?

_ ძილზე დღის განცდის გავლენა საყურადღებოა, რადგან ჩვენი ფსიქიკა მუშაობას ძილის პროცესშიც აგრძელებს და დღის შთაბეჭდილებები ძილის მდგომარეობაზე, ცხადია, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ბავშვებშია. მაგალითად, ბავშვი გაბრაზებული დედის სახეს აღიქვამს, როგორც გაბრაზებას. მოზარდი კი, როგორც _ მოსიყვარულე დედის გაბრაზებას, ანუ ცნობილი ფსიქოლოგის, ერიკ ერიკსონის სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავარია ის კი არაა, ბავშვს რას ვაჭმევთ და ვასმევთ, მთავარია, ამას როგორ ვაკეთებთ.

_ იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ბავშვებს კოშმარები ესიზმრებათ, შესაძლოა, ნახატი ფილმები, კომპიუტერული თამაშები, ან დაშინება იყოს?

_ რა თქმა უნდა. განცდები, განსაკუთრებით, უარყოფითი, ძილის პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საერთოდ, აგრესიული ქმედებების ვირტუალური თუ რეალური მანიფესტაცია ბავშვში, ირაციონალურ დონეზე, იწვევენ შიშს, რომელიც შესაძლოა, სიზმარზე აისახოს. ასევე, უნდა აღვნიშნო ბუნებრივი მოვლენების _ ჭეაქა-ქუხილი, ქარი, წვიმა _ გავლენა ბავშვის ემოციაზე. სიზმარში გარკვეულ ასახვას ჰპოვებს სიკვდილის, სიბნელის, მშობლების დაკარგვის, ნიღბიანი სახეებისა და სხვა რამის შიშიც.

_ ბავშვის ძილის პროცესის დარღვევაზე გავლენას ოჯახური მდგომარეობაც ახდენს?

_ ბავშვებში ორი ძირითადი მოთხოვნილება არსებობს. პირველი, ანუ დაკმაყოფილების მოთხოვნილება დაკავშირებულია ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების _ შიმშილი, წყურვილი, ძილი, სითბო _ დაკმაყოფილებასთან. მეორე კი, ანუ უსაფრთხოების _ სიყვარულთან, რომელიც გამოიხატება სითბოში, ალერსში, ტაქტილური შეხებაში, შექებასა და აღიარებაში. ამ მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა გავლენას ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე ახდენს, ემოციური მდგომარეობა კი, თავის მხრივ, შესაძლოა სიზმრებში აისახოს.

_ რას ურჩევთ მშობლებს, რომელთა შვილებსაც კოშმარები სტანჯავთ?

_ პირველ რიგში, ბავშვის ფიზიოლოგიური მდგომარეობა _ საჭმლის მომნელებელი სისტემა უნდა იყოს გამოკვლეული, რომ ე.წ. ჭიების არსებობა გამოირიცხოს. ძილის დროს ბავშვის შფოთვის მიზეზი, როგორც აღვნიშნე, შესაძლოა, საკვების ხარისხი, გვიან ჭამა, ან გადანაყრება გახდეს. თუ პრობლემები ამ მხრივ არაა, მაშინ მშობელი უნდა დაფიქრდეს, უკმაყოფილდება თუ არა ბავშვს ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები _ სწორად ახერხებს თუ არა მშობელი დასჯისა და წახალისების კომპონენტის გამოყენებას, ხომ არაა სასჯელი გადამეტებული. საერთოდ, ვიდრე მშობელი გარკვეული სასჯელის გამოყენებას გადაწყვეტს, სასურველია, ბავშვს რაც შეიძლება  თბილად გაესაუბროს და აგრძნობინოს, რომ უყვარს და მის გვერდითაა. ასეთ დროს ბავშვი მშობლის მიმართ თანაგრძნობით იმსჭვალება და მოტივირებული ხდება, რომ თავისი ქცევა უკეთესობისკენ შეცვალოს.

გარდა ამისა, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ რა სახის კომპიუტერული თამაშობებით ერთობა, ან რა ხასიათის ნახატ ფილმებს უყურებს ბავშვი.

მართლმადიდებლური ეკლესია სიზმარს ეშმაკისეულად მიიჩნევს. _ ისინი, ვისაც კოშმარები ესიზმრებათ, არიან თუ არა ეშმაკიეულები? _ ამ შეკითხვით `ქართულმა სიტყვამ~ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ ვახტანგ (კვიჟინაძე) მიმართა:

_ წმინდა წერილი ზმანებას, მჩხიბაობასა და მკითხაობას უარყოფს. შესაბამისად, მართლმადიდებლური ეკლესია სიზმარს არ აღიქვამს ღვთის მფარველობად, ან გამოცხადებად. შეიძლება, იყოს გამოცხადება, მაგრამ ეს რჩეულების ხვედრია. სიზმარი მას სტანჯავს, ვინც ღვთისმოშიშობით არ ცხოვრობს _ არ კითხულობს ლოცვებს და არ ზრუნავს საკუთარ სულზე. ნათქვამია, მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, ანუ ადამიანი ძილშიც ისეთია, როგორიც _ რეალურ ცხოვრებაში. გონება ხომ არ იძინებს და ვინც აფორიაქებული ცხოვრებით ცხოვრობს, კეთილ სიზმარს როგორ ნახავს?! როცა ადამიანი ცნობიერი ცხოვრებითაა დატვირთული, სიზმარს არ ხედავს. შეიძლება, რაღაც ეზმანოს, მაგრამ გაღვიძების შემდეგ, აღარ ემახსოვრება იმიტომ, რომ გონებას ამისთვის არ სცალია. ვისაც ღვთისკენ არ აქვს ლტოლვა და არ შეუძლია შემეცნებითად იცხოვროს, სიზმრისგან შეპყრობილი საგონებელში ვარდება და ეშინია. ამიტომ, მათ ვურჩევ: დილა-საღამოს ლოცვები წაიკითხონ  და მშვიდად ძილი ეღირსებათ!

_ მამაო, თქვენი აზრით, პატარებს კოშმარები რატომ ესიზმრებათ?

_ მოდით, ამასა მაინცდამაინც ინტერნეტს, ან ტელევიზორს ნუ დავაბრალებთ. ეს შეიძლება, დედის მხრიდან დაშინებამაც გამოიწვიოს. უფროსები ბავშვს ისე უნდა ელაპარაკებოდნენ, როგორც _ დიდს და არ უნდა აგრძნობინებდნენ, რომ ის ვიღაცაზეა დამოკიდებული. მშობელი შვილს ისე უნდა ექცეოდეს, როგორც _ პიროვნებას, უნერგავდეს უფლის სიყვარულს, უკითხავდეს ლოცვებს, თორემ მშობელი, რომელიც შვილს დამონებას დაუწყებს, ჯერ თვითონაა გასაზარდელი!

_ კოშმარების, ასე ვთქვათ, საფუძველი შეიძლება, მოუნათლაობა იყოს?

_ მაცხოვრის მფარველობა აბსოლუტურად ყველა ადამიანზე გადმოდის _ მოუნათლავზე და მონათლულზეც, რადგან ღვთის მადლის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს. ასე რომ, ნუ ვიტყვით, მოუნათლავები ეშმაკის ხელში არიანო. რაც შეეხება კოშმარებს, ამის მიზეზი შესაძლოა, მირონის არქონა იყოს.

ეკლესიაში კოშმარებისგან შეშინებული ბავშვები ხშირად მოჰყავთ და მათ წმინდა მამების _ ვასილ დიდისა და იოანე ოქროპირის ლოცვებს ვუკითხავთ…

3 წლის ქეთის, როგორც დედამისი, ქალბატონი ნინო ამბობს, `ღამის შიშები~ ერთი წლის წინ დაეწყო. `შუაღამისას ყვირილს იწყებდა დამ თელ ოჯახს გვაღვიძებდა. დასახმარებლად არავისთვის მიმიმართავს, რადგან ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ასაკობრივი იყო და გადაუვლიდა. მერე, დავასკვენი, ე.წ. გუდიანი კაცის ეშინოდა _ ბაღში, თურმე, მასწავლებელი ეუბნებოდა, თუკი საჭმელს არ შეჭამ, `გუდინი~ მოვა და წაგიყვანსო. საერთოდ, ქეთის ჭამა არ უყვარს და დაშინების ამ ხერხს მეც ვიყენებდი. ახლა კი ვცდილობ, მშვიდ გარემოში აღვზარდო _ საღამოობით ლოცვებს ვუკითხავ და პროგრესიც ჩანს,~ _ ამბობს 3 წლის ქეთის დედა.

ქალბატონი მზია, 6 წლის ზურას დედა: `_ ზურას ძალიან უყვარს კომპიუტერული თამაშები, განსაკუთრებით, _ `თოფიან ჯარისკაცებზე~. ვცდილობდი, გამეკონტოლებინა, რომ კომპიუტერთან დიდი დრო არ გაეტარებინა, მაგრამ სიჯიუტით თავისი მაინც გაჰქონდა და ღამის კოშმარებიც მას შემდეგ დაეწყო, რაც ეს თამაშები ისწავლა. ერთხელ, ძილში აყვირდა, არ მომკლათო, თან კანკალებდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ კომპიუტერი სახლიდან მოგვეშორებინა… მეორე დღეს ზურა ეკლესიაში წავიყვანე, მოძღვარმა ლოცვები წაუკითხა და მესამი კვირაა, მშვიდად სძინავს.~

თათია ტაბეშაძე

ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...