Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge ლადო ალექსი-მესხიშვილის ევროპული წარმატების საიდუმლო


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/6339E1-150x150.jpgრას ფიქრობს ქართულ ჯანდაცვის რეფორმაზე, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, რატომ აღარ გახდებოდა ექიმი და რატომ თვლის, რომ ქირურგისთვის მთავარი `ხელების დამორჩილებაა

`ერთ-ერთი საუკეთესო კარდიოქირურგი ბრძნდებით ევროპაში,~ _ ასე დავიწყე საუბარი ქართველ ექიმთან, რომელიც 20 წელია, ბერლინში მუშაობს. `არ შეიძლება, მთელ ევროპაში ერთი, ან ორი ექიმი იყოს საუკეთესო. საქმე საუკეთესოსა და უარესში კი არა საქმე, პროფესიონალიზმშია. საუკეთესო შეიძლება, იყოს სპორტსმენი, მაგრამ ექიმი პროფესიონალი უნდა იყოს. მე პროფესიონალი ვარ…~ _ ყოველგვარი ცრუ მოკრძალების გარეშე მიპასუხა ბერლინის კარდიოლოგიური კლინიკის პროფესორმა, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორმა, კარდიოქირურგმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა. საერთოდ, დიდი ხანია, დასავლეთში, განსაკუთრებით, სამედიცინო სფეროში, ეპითეტი _ `საუკეთესო მეტყველებიდან ამოღებულია, რადგან იქ თვლიან, რომ მთავარი პროფესიონალიზმია, რომლის მიღწევისთვისაც საკმარისი მხოლოდ ნიჭი არაა. წარმატებას რომ მიაღწიო, გარემოც შესაბამისი უნდა იყოს. სწორედ ამ მნიშვნელოვან და საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებზე ვესაუბრე ბატონ ლადოს, რომელიც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სამშობლოში ჩამოსვლას წელიწადში ორჯერ მაინც ახერხებს.

_ ბატონო ლადო, 20 წელზე მეტია, დასავლეთში მუშაობთ და, პირველ რიგში,  მაინტერსებს, რამდენად დიდია სხვაობა ჩვენებურ და იაქურ ექიმებს შორის?

_ განსხვავება ძალიან დიდია: დასავლეთში სწავლა, ანაზღაურება, უზრუნველყოფა სხვა ფაქტორები, ანუ ყველაფერი ერთად შედეგს იძლევა. გარდა ამისა, იქ კონტროლია _ ჩვენ, ექიმები მუდმივად კონტროლის ქვეშ ვართ და ჩვენი ყველა შეცდომა თუ ავადმყოფის მკურნალობის დროს წარმოშობილი გართულება ფიქსირდება და რეგისტრში მიდის. ავადმყოფის მკურნალობის ხარჯს სადაზღვევო კომპანიები იხდიან და, შესაბამისად, ისინი დაინტერესებულნი არიან, ფული ხარისხიან სამუშაოში გადაიხადონ. საქართველოში კი, კონტროლი საერთოდ არაა და არც ავადმყოფთა სიკვდილიანობა აღირიცხება, არც _ მკურნალობის დროს გამოწვეული გართულებები. ამასთან, ინფორმაცია ღია არაა, ანუ ყველაფერი დამალულია.

რაც შეეხება სამედიცინო დონეს, საქართველოში ძალიან ბევრი ჭკვიანი და ნიჭიერი ექიმია, ძალიან კარგი და არაჩვეულებრივი ახალგაზრდობაა, მაგრამ… სამწუხაროდ, აქ ის დონე არაა, რომ პროფესიონალ ექიმებად ჩამოყალიბდნენ.

_ რატომ?

_ მაგალითად, სამედიცინო ინსტიტუტს დიდი ბაზა დაუხურეს, სადაც სტუდენტები სწავლობდნენ და პრაქტიკას გადიოდნენ. ახლა კი, სტუდენტებს საშუალება არ აქვთ, რომ მივიდნენ და ავადმყოფი ნახონ. სამედიცინო სახელმძღვანელოები საბჭოთა დროინდელია, რომლითაც სწავლა აღარ შეიძლება. ახალგაზრდას უნდა ასწავლო, მისცე ცოდნა და პრაქტიკა უნდა გაიაროს ავადმყოფთან ურთიერთობაში. როგორ მისცემ ყოველივე ამას, თუ არც თანამედროვე მედიცინის შესაბამისი სახელმძღვანელო გაქვს და ვერც ავადმყოფს ანახებ? რაც უნდა ნიჭიერი იყოს ექიმი, თუ გარემო ხელს არ უწყობს, პროფესიონალად, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოყალიბდები. ევროპაში სახელმწიფო კლინიკებია, სადაც სტუდენტს შეუძლია, პრაქტიკა გაიაროს. ექიმს მყარი ხელფასი, პაციენტს კი, აბსოლუტური დაზღვევა აქვს. ყველაფერი ეს ერთობლიობაში განაპირობებს შედეგს _ პროფესიონალიზმს.

_ ესე იგი, ევროპაში კერძო კლინიკები არაა?

_ კერძო კლინიკა შეიძლება, იყოს მხოლოდ კანის, ან კოსმეტიკის, ისიც _ ძალიან პატარა. დასავლეთში არის უნივერსიტეტისა და სახელმწიფო კლინიკები, არის ფონდებიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კერძოა. ყველა ექიმი მყარ ჯამაგირზეა, მოსახლეობა კი, _ სოციალურად უზრუნველყოფილი. მაგალითად, ჩვენი კლინიკის წლიური ბიუჯეტი 200 მილიონი ევროა. ეს ძალიან დიდი თანხაა და ეს ფული მხოლოდ ხარისხზე მიდის. ჩვენი კლინიკა უნივერსალური კლინიკაა, წამყვანია მთელ მსოფლიოში და უამრავი ადამიანი ჩამოდის სასწავლებლად.

_ ბატონო ლადო, გულის ურთულეს ოპერაციებს აკეთებთ… როცა გულს _ ამ ყველაზე სათუთ, ფაქიზ და მთავარ ორგანოს პირველად `შეეხეთ~, რა განცდა დაგეუფლათ?

_ დავიწყოთ იმით, რომ გული მთავარი ორგანო არაა, მთავარი ორგანო ტვინია. რაც შეეხება ემოციას, ექიმი ემოციით ვერ იმუშავებს. ოპერაცია საქმეა, რომელიც უნდა იცოდე, თუ როგორ გააკეთო. თუ ოპერაციის დროს ემოცია `ხარჯე~, საოპერაციო თვითონ გახდები. ქირურგმა ემოცია საოპერაციოს კართან უნდა დატოვოს. ემოცია მარტო მაშინაა, როცა პაციენტს ყველაფერი გაუკეთე, მაგრამ საქმე ისე მაინც არ მიდის, როგორც გინდა და ფიქრობ, თუ რატომ გართულდა და როგორ შეიძლება გამოასწორო მდგომარეობა.

_ რამდენი ოპერაცია გაქვთ გაკეთებული და, საერთოდ, რა მონაცემებია საჭირო, რომ კარგი ქირურგი დადგე?

_ 20 ათასზე მეტი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. რაც შეეხება მონაცემებს,  პირველ რიგში, ხელები უნდა გემორჩილებოდეს, ოსტატი უნდა იყო და ყოველივე ამის უკან ცოდნა უნდა იდგეს. შემდეგ, მოდის გამოცდილება. ახალგაზრდა ქირურგი გამოცდილებას უცებ ვერ მიიღებს და ამიტომ, მეტი სიფრთხილე მართებს. გადაწყვეტილების მიღების დროს არ უნდა შერცხვეს, რომ გამოცდილ ქირურგს დაეკითხოს. თუ დამწყები ქირურგი გამოცდილი პროფესიონალების გარემოცვაშია, თვითონაც პროფესიონალი გახდება.

_ თუ გქონიათ პრაქტიკაში ისეთი შემთხვევები, რომლებიც მეცნიერულად ვერ აიხსნება?

_ ყოფილა შემთხვევა, როცა მეგონა, პაციენტი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ გადარჩა და ამის ახსნა ძალიან ძნელია… ხშირად ვხმარობთ ხელოვნურ გულს. ჰოდა, ერთხელ, ასეთი შემთხვევა იყო: ბავშვს გაუჩერდა გული, 50-60 წუთი მაინცაა საჭირო, რომ ხელოვნური გული ჩაუდგა. ადამიანის ტვინი კი, 40 წუთზე მეტს ვერ ძლებს, იღუპება… მიუხედავად ამისა, ოპერაცია მაინც გავაკეთე და ბავშვი გადარჩა. საერთოდ, პრინციპია: სიცოცხლისათვის ბოლომდე უნდა იბრძოლო, არ უნად გაჩერდე! უიმედო კი არის პაციენტი, მაგრამ პატარა შანსი ყოველთვის არსებობს და ეს შანსი მისთვის შესაძლოა, სიცოცხლის 100-პროცენტიანი გარანტია აღმოჩმდეს.

_ ბატონო ლადო, ტყუპისცალი ძმა გყავთ _ ცნობილი მხატვარი გოგი ალექსი- მესხიშვილი. საერთოდ, ცნობილია, რომ ტყუპებს ძალიან უყვართ ერთმანეთი და ხშირად ერთი და იგივე პროფესიას ირჩევენ. ბატონი გოგი ამერიკაშია და მას ვერ დავუსვამ ამ შეკითხვას. ამიტომ, თქვენ გკითხავთ: თავიდან რომ დაიბადოთ ისევ, ექიმი გახდებოდით?

_ რა თქმა უნდა, არა! შეიძლება, ამ პასუხმა გაგაკვირვათ, მაგრამ… ამ ქვეყნად იმდენი რამეა საინტერესო, რომ ერთ პროფესიაში ვერ ამოწურავ. ახალგაზრდას უფრო რომანტიული წარმოდგენა აქვს ექიმობაზე, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ექიმი მთელ ცხოვრებას საავადმყოფოში ატარებს. სინამდვილეში, ეს მძიმე შრომა, დაღლილობა, უძილობა, მთელი ამბებია და ამაში არანაირი რომანტიკა არაა! ახალგაზრდული რომანტიკა მალე გადის და რჩება ყოველდღიური, ჩვეულებრივი მუშაობა. მთავარია, შრომისმოყვარეობა, რომ შენი საქმის პროფესიონალი გახდე. ასევეა მხატვრობაში და საერთოდ, ნებისმიერ პროფესიაში.

P.S. საქართველოს სასახელო შვილებს _ ლადო და გოგი ალექსი-მესხიშვილებს 2 მარტს 71 წელი უსრულდებათ. `ქართული სიტყვა~ ძმებს გულითადად ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს!

მარიკა კახაძე

 

სტატია ქვეყნდება “ქართული სიტყვის” და ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს თანამშრომლობის ფარგლებში

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...