planetanews Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60124.jpg პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაფასა და ახალი ინიციატივები გააჟღერა.`ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო.მოგესალმებით თქვენ და თქვენთან ერთად ვესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს.ვესალმები მათ, ვინც საქართველოშია და მათ, ვინც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება.განსაკუთრებით ვესალმები იმ ვაჟკაცებს, რომლებიც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში საქართველოს სახელით იცავენ კაცობრიობისა და სამშობლოს ინტერესებს. რამდენიმე დღის წინ ჩვენ კიდევ სამი მათგანი გამოგვაკლდა - მინდა გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ და ავღანეთში დაღუპული 15 გმირის ხსოვნას.მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის იტორიის ფურცლებზე, რადგან თავიანთი თავდადებით ისინი იცავდნენ, აძლიერებდნენ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და წარმატების პერსპექტივას აძლევდნენ საკუთარ სამშობლოს.ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ წარვდგე თქვენ წინაშე და ჩაგაბაროთ ანგარიში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. 8 წლის წინ, მაშინ, როდესაც მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირველად გამოვედი თქვენ წინაშე ამ ანგარიშით, ჩვენ სულ ახალი დაწყებული გვქონდა რევოლუცია. მისი მიზანი იყო კლანური დიქტატურა შეგვეცვალა ნამდვილი დემოკრატიითა და თანასწორობით, ტოტალური კორუფცია ჩაგვენაცვლებინა კანონის უზენაესობით, უფსკრულში გადაჩეხილი, არშემდგარი ქვეყანა დაგვებრუნებინა განვითარების გზაზე და რაც მთავარია, როგორმე გაგვეფანტა უპერსპექტივობის შავი ღრუბლები და იმედის სხივებით გაგვენათებინა მომავალი.მაშინ დაწყებული რევოლუცია კვლავაც გრძელდება. ჩვენი სწრაფვა ცვლილებებისა და რეფორმებისაკენ, მოდერნიზაციისაკენ ისევ უმთავრესი პრიორიტეტია. ჯერაც ძალიან ბევრი საქმეა დაუმთავრებელი. ჩვენი ხალხის ძალიან ბევრი მოთხოვნილება ჯერაც დაუკმაყოფილებელია.ამის მიუხედავად, დღეს, ისე როგორც არასოდეს, უკანასკნელი ასწლეულების განმავლობაში, ვგრძნობთ, რომ ყინული დაიძრა, რომ ნავსი ტყდება. რა თქმა უნდა, ჯერ არ მივსულვართ იქ, სადაც გვინდა ყოფნა, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით მომენტი დიდხანს ნანატრი შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ.ათვლის წერტილი არის ის, რომ საქართველო ისევ იწყებს წინსვლას. ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი წარსულს ჩავაბარეთ. ახლა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, თუნდაც ბოლო დროს საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდისა, ჩვენი ეკონომიკა უკვე სტაბილურად იკრებს ძალასა და სისწრაფეს. გასულ წელს იგი თითქმის 7 პროცენტით გაიზარდა, რაც, უდავოდ, სასურველზე ნაკლებია, მაგრამ იყო უფრო მეტია, ვიდრე მთელი დასავლეთის ქვეყნებში და ჩვენი რეგიონის უმეტესობაში, ასევე ორჯერ მეტი ვიდრე რუსეთში.ჩვენ მივიპყარით მსოფლიოს ყურადღება - როგორც პლანეტის ერთ-ერთმა საუკეთესო ქვეყანამ ბიზნესის კეთების სიმარტივით და უბრალოდ, დასასვენებლად ჩამოსასვლელად. გასული ორი წლის განმავლობაში 100 ათასზე მეტი ახალი ბიზნესი დარეგისტრირდა საქართველოში, ვიზიტორების რაოდენობამ კი 3 მილიონს მიაღწია - ეს ყველაფერი ნიშნავს უფრო მეტ ბიზნესშესაძლებლობებს ჩვენი ხალხისთვის და რა თქმა უნდა, მეტ სამუშაო ადგილს.როდესაც შარშან ამ ტრიბუნიდან მოგმართეთ, მე წარმოგიდგინეთ საქართველოს განვითარების ხედვა 2015 წლისათვის. ამ თარიღამდე ჯერ სამი წელი რჩება, ჯერ ძალიან ბევრი რამ არის შესასრულებული, მაგრამ უკვე აშკარაა მნიშვნელოვანი პროგრესი დასახული მიზნების მისაღწევად. ამ პროგრესს მე ხაზს ვუსვამ არა იმიტომ, რომ მოვიპოვო თქვენი კეთილგანწყობა, არც იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ თვითკმაყოფილმა მოვიწონო თავი თქვენ წინაშე.ჩვენი დემოკრატიისა და წინსვლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მუდმივად მოითხოვოთ პასუხი ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირების შესრულებაზე - ეს ეხება წარსულში მოცემულ დაპირებებსაც და მათაც, რომელთა შესახებ მე დღეს მოგახსენებთ.შარშან მე დაგპირდით, რომ 2015 წლისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას გავაორმაგებდით. დღევანდელი მონაცემებით სოფლის მეურნეობის სექტორი უკვე დაახლოებით 35პროცენტით არის გაზრდილი.შარშან მე დაგპირდით, რომ 2015 წლისათვის ჩვენი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული. დღეისათვის ეს მაჩვენებელი 55 პროცენტია, წელს გაზი შევა 80 ათას ოჯახში, რითაც გაზიფიცირებული მოსახლეობის წილი 65 პროცენტამდე გაიზრდება.შარშან მე დაგპირდით, რომ 2015 წლისათვის საქართველოში აშენებული იქნება მინიმუმ 10 ახალი ჰიდროელექტროსადგური ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრით. დღესათვის უკვე დაწყებულია 15 ჰესის მშენებლობა, ხოლო მიმდინარე 2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობის დაწყება – ჯამური ინვესტიცია ახალ ჰიდროელექტროსადგურებში გადააჭარბებს 2.5 მილიარდ დოლარს და რაც მთავარია - ახალი ჰესების მშენებლობა დაასაქმებს 13000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს.შარშან ჩვენ მიერ წარმდგენილი ხედვის მიხედვით, 2015 წლისთვის საქართველოში იფუნქციონირებს 100-ზე მეტი ახალი, თანამედროვე კლინიკა. მაშინ სკეპტიკოსებმა ბევრი გვიკიჟინეს, მათ შორის ამ დარბაზშიც და 100 საავადმყოფოს პროგრამა მთავრობის ყველაზე დიდ წარუმატებლობად შერაცხეს. წელს ყველა ქართველი ხედავს თუ რა ტემპით ხორციელდება ეს პროექტი. ჩვენ უკვე 90-მდე ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა გავხსენით. წლის ბოლომდე დაპირებული 100-ს ნაცვლად, ჯამში 130 ახალი სამედიცინო ცენტრი ამოქმედდება.2015 წლის გეგმას ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით, ყველა მიმართულებით შეინიშნება პროგრესი, ამ გეგმის ძირითადი პუნქტების უმრავლესობა სწრფად და უფრო ფართო მასშტაბით ხორციელდება.მიღწეული შედეგი გვიმყარებს რწმენას, რომ საქართველო ისევ წინ მიდის. მაგრამ ფაქტია, რომ უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში ჯერაც ვერ გრძნობს ამ წინსვლას საკუთარი ოჯახების მაგალითზე. დღეს ჩვენ გვყავს ათობით ათასი შრომისუნარიანი, განათლებული მოქალაქე, რომლსაც უნდა მუშაობა, მაგრამ ვერ ახერხებს სამუშაოს პოვნას და სამართლიანად სვამს კითხვას: რაში მარგია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცენტები და მიმზიდველი ბიზნესგარემო თუ პირადად ჩემთვის მაინც არ მოიძებნება სამსახური?გასული თვეების განმავლობაში ჩვენ გავხსენით ათობით ახალი, თანამედროვე კლინიკა, მაგრამ უამრავი ჩვენი მოქალაქე კითხულობს: რა საჭიროა თანამედროვე კლინიკა თუ არ მაქვს მასში მკურნალობის ფული?გასული წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის თბილისში, ბათუმში, საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრში - მაგრამ უამრავი სოფლის მკვიდრი კითხულობს: რა ხეირი მაქვს მე, სოფელ იფნარში ან სოფელ სამღერეთში მცხოვრებ კაცს, ბათუმსა თუ მესტიაში ჩასული ტურისტისგან?თითოეული მათგანი სრულიად სამართლიანად სვამს ასეთ შეკითხვებს და მე ყველა ამ ადამიანის მესმის - მათი მდგომარეობა ხაზს უსვამს ჩვენს უმთავრეს მოვალეობას - ვიზრუნოთ არა მარტო ქვეყნის განვითარებაზე არამედ იმაზე, რომ გაფართოვდეს ამ განვითარებით მოსარგებლე მოქალაქეების წრე.ჩვენ უნდა შევქმნათ არა მარტო უფრო მდიდარი ქვეყანა, არამედ უფრო ფართო წრე ხალხისა ვინც ქვეყნის სიმდიდრით იხეირებს, უფრო ფართო წრე განვითარებული სოფლებისა, უფრო ფართო წრე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა, უფრო ფართო წრე სამოქალაქო ჩართულობისა და უფრო ფართო წრე ოპტიმიზმისა და წარმატებისა. მთავარი შეკითხვა, დღეს ისაა, თუ რამდენად შეძლებენ საზოგადოების ცალკეული წევრები ქვეყნის საერთო წარმატების გაზიარებას? რამდენად მოხერხდება, რომ ყველა ქართველმა იხეიროს ჩვენი ქვეყნის წინაშე გაჩენილი ახალი შესაძლებლობებით?ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ძალიან კონკრეტულია - მე უარს ვაცხადებ შევეგუო ორად გაყოფილ ქვეყანას, სადაც საზოგადოების მცირე ნაწილი ახერხებს დამსახურებული წარმატების მიღწევას, მაშინ, როდესაც მეორე დიდი ნაწილი დაუმსახურებლად რჩება უკან მოტოვებული.2015 წლის ხედვა, რომელიც შარშან წარმოგიდგინეთ, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, მაგრამ დღეს მე მინდა გესაუბროთ იმ დამატებითი გეგმების შესახებ, რომელიც ჩვენს მთავრობას აქვს იმისათვის, რომ უფრო მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს სარგებელი ქვეყნის მიმდინარე განვითარებიდან. ეს არის გეგმა იმისა, თუ როგორ ვაქციოთ ქვეყნის წინსვლა უფრო მეტი ოჯახის წინსვლად; გეგმა იმისა, თუ როგორ დავეხმაროთ თითოეულ მოქალაქეს ქვეყნის წარმატებიდან საკუთარი წილი წარმატების მიღებაში. ეს გეგმა ხუთ ძირითად ასპექტს ეფუძნება.პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმებაა. მთავარი მიზეზი იმისა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარი ოჯახის, საკუთარი ცხოვრების მაგალითზე ჯერ ვერ გრძნობს იმ პროგრესს, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა განიცდის – რა თქმა უნდა, არის უმუშევრობა.პირადად ჩემთვის და მთავრობისთვის არ არსებობს უფრო დიდი ამოცანა ვიდრე იმ ადამიანების დასაქმება, რომელთაც დღეს შეუძლიათ და უნდათ მუშაობა, მაგრამ ვერ ახერხებენ სტაბილური სამსახურის პოვნას.მე ძალიან კარგად მესმის, რომ, საბოლოოდ, ქვეყნის წარმატება იზომება არა ციფრებით და რეიტინგებით, არა პროცენტებით და უცხოურ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებით, არამედ მთელი საზოგადოებისა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობით.ეკონომიკა არ არის მხოლოდ ციფრები - ეკონომიკა არის ის, თუ როგორ გრძნობენ ადამიანები თავს - რამდენად აქვთ სტაბილური შემოსავალი, რამდენად არიან სოციალურად დაცული, რამდენად აქვთ ხვალინდელი დღის იმედი. მესმის, რომ ადამიანს, რომელსაც სარჩენი ჰყავს ოჯახი, სკოლაში ან უმაღლესში ჰყავს გასაშვები შვილი; ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის რის მიტანას შეძლებს სახლში დღეს და ხვალ... და მეტიც, რომელსაც ეშინია ხვალინდელი დღის, იმიტომ რომ არ აქვს სტაბილურობისა და პერსპექტივის განცდა და, ამავდროულად, არ აქვს სამსახური, ჩალის ფასი აქვს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზდრის პროცენტებთან დაკავშირებით...მაგრამ მე მინდა თითოეულ ასეთ ადამიანს მივმართო ამ ტრიბუნიდან - ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი. ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე წინ მიდის, ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე ვითარდება - შორს არ არის ის დრო, როდესაც ამას საკუთარ ცხოვრებაზე იგრძნობთ. ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მთელი მთავრობის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ ქვეყნის წარმატება თქვენ პირად წარმატებად ვაქციოთ, თან რაც შეიძლება მალე. ნუ გეშიანიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, კარგად მესმის თქვენი და სრული სიმწვავით შევიგრძნობ თქვენს ტკივილს.მინდა იცოდეთ, რომ მე არ ვაპირებ ჩემი მოღვაწეობა შევაფასო ექსელის ფაილებში ჩაწერილი ციფრებით – ერთადერთი, რითაც მე წარმატებულად ან წარუმატებლად შევაფასებ მთელ ჩემს ცხოვრებას არის ის, თუ რამდენად შევძლებთ დავუბრუნოთ პერსპექტივისა და უკეთესი ხვალინდელი დღის განცდა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს უიმედობა სტანჯავს; რამდენად შევძლებთ მათი ცხოვრების გაუმჯობესებას, რამდენად გავუჩენთ მათ ახალ შესაძლებლობებს და პერსპექტივებს; რამდენად უზრუნველვყოფთ მათ სოციალური დაცვით და ღირსეული სამსახურით.ის, რომ ჩვენი ქვეყანა წინსვლას განიცდის, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო წარმატებაა - მაგრამ ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ახლა ეს საერთო წარმატება თითოეული მოქალაქის წარმატებად ვაქციოთ. რომ ეს იყოს წარმატება არა სტატისტიკისთვის, არამედ თითოეული ოჯახისთვის.მთავარი სირთულეები ჩვენმა ქვეყანამ უკვე გადალახა, ყველაზე მძიმე გამოცდას ჩვენმა ეკონომიკამ უკვე გაუძლო - წინსვლის ის პროცესი, რომელიც ახლაა სახეზე, სულ უფრო და უფრო ჩქარი ტემპით ჩაიბამს საქართველოს ოჯახებს. ის, რაც დღეს ბევრს შეიძლება ცარიელ სტატისტიკად ეჩვენებოდეს, წარმოსადგენზე უფრო სწრაფად გადაიქცევა რეალურ შემოსავლად ქართული ოჯახებისთვის.მაგალითად, სტატისტიკაა ის, რომ ინვესტორები და ტურისტები უკვე აქტიურად მოდიან საქართველოში - მაგრამ ფაქტია, რომ ყოველი მორიგი მილიონი ტურისტი 15 ათას ახალ სამუშაო ადგილს ქმნის ჩვენს ქვეყანაში.2015 წლისათვის ჩვენ კიდევ 2 მილიონით გავზრდით საქართველოში დამსვენებელი ტურისტების რაოდენობას, რაც დამატებით 30 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ეს ნიშნავს, რომ დამატებით 30 ათასი ოჯახი, რეალურად იგრძნობს, რომ დღევანდელი საქართველოს პოპულარიზაცია, ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ცენტრად განვითარება, გზების, სასტუმროების და ახალი კურორტების დღევანდელი შენება, ჩვენი ქალაქების დღევანდელი გალამაზება, რისთვისაც ხშირად გვაკრიტიკებენ - 30 ათასი ოჯახის ხვალინდელი სამსახური, ხვალინდელი სამუშაო ადგილი და სტაბილური შემოსავალია. და ეს არ არის მხოლოდ მომსახურების სფეროში გაჩენილი სამუშაო ადგილები - ეს არის სამუშაო ადგილები სოფლის მეურნეობაში, რადგან ვიზიტორების ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა საკვებ პროდუქციაზე. ეს არის სამუშაო ადგილები სამშენებლო სექტორში, რადგან გაზრდილი ტურიზმი წარმოშობს ტურისტული ინფრასტრუატურის განვითარების შესაბამის აუცილებლობას. ეს არის სამუშაო ადგილები წარმოებაში, რადგან ინვესტორთა და დამსვენებელთა დიდ მასას ესაჭიროება ადგილობრივი წარმოების უამრავი საქონელი ცხოვრების, დასვენების და ბიზნესისათვის.იგივე ეხება ყველა იმ დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტს, რომელსაც ახლა ვახორციელებთ. ახალი ჰესები, ახალი ტრასები, ახალი ქალაქები, ახალი უბნები, ახალი კურორტები, ახალი ეკონომიკური ზონები. მათი მეშვეობით, ჩვენ ახალ საქართველოს ვაშენებთ, მაგრამ მთავარი შედეგი ის ათობით ათასი დასაქმებული ოჯახია, რომელთა ცხოვრება ამ პროექტების შედეგად გაცილებით უფრო სტაბილური, დაცული და წარმატებული გახდება. მაგრამ სამუშაო ადგილის შექმნა ყოველთვის არ ნიშნავს ადამიანის დასაქმებას. ხშირია შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის სამუშაო ადგილი ხელმისაწვდომია ადამიანისთვის, მაგრამ იგი ვერ ახერხებს ვაკანსიის შევსებას, რადგან არ გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია. ამის გამო ზოგჯერ საქართველოს მოქალაქე საკუთარ ქვეყანაშიც კი ვერ ახერხებს, უცხოელისთვის კონკურენციის გაწევას. ასეთ დროს გამოსავალი არ არის წუწუნი და ჩივილი იმაზე, რომ სამუშაოს ის შოულობს ვინც უკეთესად იცის მისი კეთება. არც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა და ეკონომიკური თვითიზოლაციაა სწორი გზა. ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალია ჩვენ თვითონ გავზარდოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა, ჩვენ თვითონ ავიმაღლოთ ცოდნა, ჩვენ თვითონ ვიყოთ სხვაზე უკეთესი საქმეში.ვიყოთ უფრო მაგარი მშენებლები, უფრო მაგარი ფინანსისტები და უფრო მაგარი ინჟინრები. უნდა გვესმოდეს, რომ დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა ძალიან გართულდება თუ მუდმივად არ ვიზრუნებთ ჩვენს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის.ამისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ გადამზადებას და იმ ახალი საქმის დაუფლება, რომელზეც უფრო დიდი მოთხოვნაა ბაზარზე.მე ღრმად მწამს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას სათანადო პირობები ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც უნდა საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება, ანდა ახალი პროფესიის დაუფლება. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ პროფესიული გადამზადების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას, ერთი მხრივ, ვაშენებთ ახალ, გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანმანათლებლო ცენტრებს - 2012 წელს 5 ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება.ხოლო მეორე მხრივ, 2012 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც სურვილი ექნება შეისწავლოს და აითვისოს ახალი პროფესია, კერძო თუ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, სახელმწიფოსგან მიიღებს 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერს. ეს თანხა მთლიანად აანაზღაურებს მისი მაღალი ხარისხის გადამზადების კურსს.ამას გარდა, ჩვენ დავიწყებთ ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის” პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ოც ქალაქში ერთდროულად 20 ათას ადამიანი გაივლის უფასო ტრენინგებს პროფესიის მიხედვით, ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში. ამ წლის ზაფხულში ჩვენ ასევე ავამოქმედებთ სტუდენტების დასაქმების ერთთვიან პროგრამას, რომელიც 25 ათას სტუდენტს დაასაქმებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამით სტუდენტები, ერთი მხრივ, პროფესიული უნარ-ჩვევების დასაუფლებელ პირველად პრაქტიკასაც გაივლიან და სწავლისა ან საზაფხულო დასვენებისათვის გარკვეულ თანხას დააგროვებენ. მაგრამ დასაქმებულთა წრის გაფართოებას, მარტო პროფესიული გადამზადება და სტუდენტური დასაქმებაც ვერ უშველის. ჩვენი საზოგადოების გრძელვადიანი წარმატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს განათლებას.განათლება ჩვენი მომავლის გასაღებია. ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობების განათლების დონე განაპირობებს იმას, შევძლებთ თუ არა ცოდნასა და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის აშენებას; შევძლებთ თუ არა ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული სამუშაო ადგილების მთელი მსოფლიოდან მოზიდვას საქართველოში;განათლება ჩვენი მთავრობის ყველაზე გადამწყვეტი, ყველაზე განმსაზღვრელი პრიორიტეტია. დღეს, როდესაც კომუნიკაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც მსოფლიო უკვე ასეთი პატარაა, ინტელექტზე დაფუძნებული სამუშაო ადგილები აღარ ცნობს სახელმწიფოთა საზღვრებს, გლობალიზაციის ხანამ უკვე დიდი ხანია დაამკვიდრა პრინციპი: იქ სადაც არის ცოდნა - არის დასაქმებაც. ამიტომ, ჩვენ სულ უფრო და უფრო გავააქტიურებთ ძალისხმევას, საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისათვის.ამიტომ, წელს საქართველოში 23 ახალი სკოლა აშენდება, ხოლო 600-მდე სკოლა გარემონტდება - 2015 წელს კი, საქართველოს ყველა სკოლა იქნება გერმანიის, ჰოლანდიის, ამერიკის სკოლების დონის;ამიტომ, უკვე ყველა საჯარო და კერძო სკოლა ჩართულია ინტერნეტში;ამიტომ, შევიტანთ წელს სკოლებში კიდევ დამატებით 11 ათას ახალ კომპიუტერს და ამ წლის ბოლოსთვის ყოველ 7 მოსწავლეზე ერთი კომპიუტერი იქნება. 2015 წელს კი, ბავშვების 90 პროცენტს ექნება პერსონალური კომპიუტერი.ამიტომ, წელს უკვე 100 სკოლაში გავხსნით ულტრა-თანამედროვე "მომავლის კლასებს" და ამიტომ ვაგრძელებთ სკოლებში ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის უმაღლესი დონის ლაბორატორიების გახსნას.ამიტომ მიიღებს ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს;ამიტომ ვზრდით მასწავლებლების ხელფასებს და ამიტომ ჩამოგვყავს ათასობით ინგლისური ენის მასწავლებელი ჩვენი ბავშვებითვის.მიზანი მარტივია - ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს ჩვენზე უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ, უფრო დაცული და უფრო წარმატებული, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა და უკეთესად შეეძლოთ ამ შესაძლებლობების გამოყენება; რომ მათი ცოდნა და მონდომება უფრო მეტად ფასდებოდას და იოლად შოულობდნენ დამსახურებისა და ცოდნის მიხედვით სასურველ სამსახურს. ეს არის ნებისმიერი მშობლის ოცნება - ეს არის ჩვენი რეფორმების მიზანიც.ჩვენი გეგმის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია სოფლის მეურნეობა. სოფელი ჩვენი ქვეყნის სული და გულია. ძნელია ჩვენს შორის მოიძებნოს ისეთი ადამიანი, ვისი ფესვებიც არ მოდის სოფლიდან.დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ხედავს საქართველოს მომავალს ძლიერი სოფლის გარეშე.ჩვენი ქვეყნის წარმატება არაფერს მოიტანს თუ ამ წარმატების გამზიარებლად არ იქცა სოფლის მეურნე. ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველვყოთ წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოვება. ამისათვის უპირველესი რესურსი დამუშავებული და მორწყული მიწაა. ამიტომ დღეს ვაცხადებ საქართველოს ერთიანი საირიგაციო სისტემის განვითარების პროგრამას, რომელის ფარგლებშიც გასარწყავდება 18 ათასი ჰექტარი, ხოლო 3 ათასი 800 ჰექტარზე სადრენაჟე სისტემების სრული რეაბილიტაცია მოხდება.ირიგაციის გარდა, წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოებას ხელს უშლის მექანიზაციის დღეს არსებული არასაკმარისი მასშტაბები. თანამედროვე სოფელი ვერ განვითარდება მაღალი დონის მექანიზაციის გარეშე.ამიტომ 2012 წელს გაიხსნება მექანიზაციის 12 ცენტრი, რომელთა ძირითადი მიზანი იქნება სოფლის მოსახლეობის მომსახურება და მათი ინფორმირებულობა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხსა და საჭიროებაზე.ამიტომ უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ჩვენ შევიძენთ 250 ახალ ტრაქტორსა და 400 მისაბმელ აგრეგატს;ამიტომ ამ წლის 1 ივნისამდე მექნიზაციის ყველა ცენტრი ჯამში აღჭურვილი იქნება 563 ერთეული ტრაქტორით, 50 ერთეული კომბაინით, 22 ერთეული სპეცტექნიკით და 1470 ერთეული გუთანითა და ტრაქტორზე მისაბმელი სხვა ტექნიკით - რაც მთავარია ეს ყველაფერი რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული ფერმერებისათვის - ისევე, როგორც ხელმისაწვდომი იქნება მექანიზატორების კონსულტაციები და დახმარებარასაკვირველია ტექნიკა და მორწყული მიწა უმნიშვნელოვანესი შემედგანელია სოფლის მეურნეობის წარმატებისთვის, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში მარტო ეს საკმარისი არ იქნება თუ ფერმერს არ ექნა საშუალება აითვისოს ახალი ტექნოლოგიები და დაეუფლოს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო თანამედროვე ცოდნას.ამიტომ 6 მექანიზაციის ცენტრს ასევე მიენიჭება მოსავლიანობის ცენტრების ფუნქცია.ამ ცენტრებში ნებისმიერი ფერმერი შეძლებს მიიღოს მექანიზატორის კონსულტაცია და დახმარება. ისარგებლოს სპეციალური ლაბორატორიის მომსახურებით, რომელიც დაეხმარება ნიადაგის, მცენარისა და წყლის ანალიზის გაკეთებაში. ცენტრებში დამონტაჟდება ჰიდრო-მეტეოროლოგიური სადგურები; ექვსივე ცენტრი აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ინფრასტრუქტურით, სადაც ფერმერები და დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობა გადამზადდება ახალი ტექნოლოგიებისა და სათესლე პროდუქციის გამოყენებაში.მოსავლიანობის ცენტრების მეშვეობით ნებისმიერი ფერმერისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სხვადასხვა ტიპის სასუქი და პესტიციდი; მაღალი კვალიფიკაციის აგრონომების კონსულტაცია მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე;მოსავლიანობის ექვსივე ცენტრი აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სადემონსტრაციო ნაკვეთებით, სადაც ფერმერები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, ახალი კულტურებისა და ჯიშების წარმოების პროცესებისა და სხვადასხვა პროდუქციის მოსავლიანობის თაობაზე.ჩვენი მიზანია შევქმნათ სოფლის მეურნეობის სისტემა, რომელიც ყველა შრომისმოყვარე სოფლის მეურნეს საშუალებას მისცემს საკუთარ ოჯახში, საკუთარ კარმიდამოში იგრძნოს ქვეყნის წინსვლა.ჩვენ მიზანია სოფლის წარმატება არა სტატისტიკისთვის, არამედ თითოეული ფერმერის უკეთესი ცხოვრებისთვის.ჩვენი გეგმის მესამე ელემენტი არის ჯანდაცვა - გასული თვეების განმავლობაში ჩვენ შევძელით ის, რისი წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო სულ ახლო წარსულში.ჩვენ 30 დღეში გავხსენით 30 ახალი საავადმყოფო, დღეისათვის უკვე 90-მდე ახალი, თანამედროვე კლინიკა ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში. მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 40-ზე მეტი საავადმყოფოს გახსნა – შედეგად, 2012 წელს საქართველოში 130 ახალი სამედიცინო დაწესებულება იქნება, აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და ჯანდაცვის პროცედურებისათვის საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურით.ეს არის ნამდვილი გარღვევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი ათვლის წერტილი, რადგან ვიდრე ახალი საავადმყოფოები არ იყო – საქართველოში, პრაქტიკულად, არ არსებობდა ჯანდაცვა - იყო დედაქალაქში თავმოყრლი მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობისთვის მათში მოხვედრა, ბევრი ფაქტორის გამო, შეუძლებელი იყო.ამასთანავე, საქართველოში ვქმნით მსოფლიოში მოწინავე მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვის ახალ შესაძლებლობებს – მაგალითად, ისეთის, როგორიც ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაციებია. თანამედროვე მედიცინაში ეს დღეს ეფექტურად გამოიყენება ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიც ციროზი, ლეიკოზი და სხვა.ჩვენი რეფორმით მოვახერხეთ არა მარტო ჯანდაცვის გეოგრაფიის გაფართოება, არამედ სოციალური თანასწორობის ძალიან მძლავრი მექანიზმის შექმნა - მე თითქმის ყოველი მორიგი საავადმყოფოს გახსნაზე პირადად ჩავდივარ და მაქვს პატივი თავად წავიკითხო ამ თანასწორობის განცდა თითოეული ადგილობრივი მაცხოვრებლის თვალებში - ეს არის განცდა სიამაყის, რადგან უეცრად ის, რაც აქამდე მისთვის არ არსებობდა, დღეს მისი საკუთრებაა; ის, რაც ადრე მხოლოდ თბილისის ელიტას ეკუთვნოდა, უეცრად მთელი საზოგადოების კუთვნილება გახდა.საქართველოში შენდება თანამედროვე, ევროპული დონის ჯანდაცვა, მაგრამ ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა ის არის, რომ გაიზარდოს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც ჯანდაცვა ხელმისაწვდომია.ჯერაც ბევრი ქართველისთვის მაღალი დონის ჯანდაცვა იმ ფუფუნებად ითვლება რასაც მისი საფულე ვერ გაწვდება.ხელმისაწვდომობის ზრდის მთავარი ინსტრუმენტი არის ჯანმრთელობის დაზღვევა - ამიტომ ჩვენი ამოცანაა, დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა.2006 წლამდე საქართველოში სამედიცინო დაზღვევა ჰქონდა 40 000-ზე ნაკლებ ადამიანს. ამ პერიოდთან შედარებით 2011 წლის ბოლოსთვის დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა თითქმის 40-ჯერ, 2012 წელს კი 60-ჯერ გაიზრდება.2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მე-2 მოქალაქე ანუ თითქმის ორმილიონნახევარი ადამიანი;სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვს წელს 650 ათასამდე პენსიონერი და 300 ათასამდე ბავშვი დაემატება.და ეს იქნება დიდი გარდატეხა ასობით ათასი ოჯახის ცხოვრებაში.ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს უამრავი პენსიონერი და მათი ოჯახის წევრები, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ასაკოვანი ადამიანი უკვე ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს. დღეის მდგომარეობით შეუძლებელია ასაკით პენსიონერის დაზღვევა, რადგან სადაზღვევო კომპანიები თავს არიდებენ ამასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებს.შესაბამისად, მკურნალობის მთელი ტვირთი მოდის მათი ოჯახის წევრებზე, რაც, თუ გავითვალისწინებთ გაზრდილ ფასებსა და უმუშევრობას, ხშირად ტრაგიკულ რეალობასთანაა დაკავშირებული. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ხელებჩამოშვებული უყურებს თუ როგორ ართმევს ავადმყოფობა მას მშობელს, ბებიასა თუ ბაბუას და უსახსრობის გამო, ვერაფრით ეხმარება მას. არის გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევებიც, როდესაც მომვლელი და მეურვე საერთოდ არ არსებობს პენსიონერისათვის და იგი ღვთის ანაბარაა მიტოვებული საკუთარ ავადმყოფობასთან.ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დაპირებულ 100 დოლარიან საპენსიო პაკეტში შეგვეტანა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჯანმრთელობის დაზღვევის სახით. შედეგად, სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერის ჯანმრთელობა დაზღვეული იქნება. თუ ადრე პენსიონერი მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამების შეზღუდული სერვისებით სარგებლობდა – მაგალითად, ქიმიოთერაპიის საჭიროების შემთხვევაში პროგრამა 500 ლარზე მეტს არ უთვლიდა - სადაზღვევო პაკეტით, დაზღვევის ლიმიტი მას 12 ათას ლარამდე გაეზრდება.ასევე, თუ სჭირდებოდა გეგმიური ოპერაციები, მაგალითად, მენჯ-ბარძაყის ან კატარაქტის ოპერაცია, რაც ძალიან ხშირია ხანდაზმულ ადამიანებში, ეს არასდროს არ იფარებოდა. წელს მოხუცებს პირველად ექნებათ საშუალება, დაზღვევის ხარჯზე დაიფაროს არა მარტო ეს, არამედ სხვა გეგმიური ოპერაციებიც. თუ რომელიმე პენსიონერს დასჭირდება გადაუდებელი ინტენსიური თერაპია, რაც ყველას მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით დიდ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, სექტემბრიდან ეს მომსახურება View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts