planetanews Posted February 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/cagara.jpg„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერმა და პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში დებატებისას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „მდიდარი ჩინოვნიკების“ სახლების სურათები წარუდგინა.ცაგარეიშვილმა თავიდან პრეზიდენტს მიმართა.“ჩვენ მოვისმინეთ თქვენი ბოლო საპრეზიდენტო გამოსვლა. თქვენი კარიერის დასასრულს, მინდა რეალობაში დაგაბრუნოთ და გაგახსენოთ, როგორ დაიწყეთ ეს გზა – ფოტოებით შეიარაღებული, შევარდნაძის მთავრობის წევრებს კორუფციაში ამხელდით, ახლა კი მე მინდა თქვენი თანაგუნდელების სახლების ფოტოები გაჩვენოთ. ეს „სიხარულის“ ქუჩაზე გადაღებული ფოტოებია. ეს თქვენი პირველი მინისტრის – ვანო მერაბიშვილის სახლია. ეს ბენზინის მაგნატის, ყოფილი მინისტრის, თქვენი მეგობრის, დავით კეზერაშვილის სახლია. თქვენ ამბობთ, რომ საწვავის ფასი საქართველოში, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო იზრდება, არადა სწორედ თქვენ ადგენთ ამ ფასებს. რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ხუთი სხვადასხვა კომპანია, ერთ დღეს, ერთ დროს, ერთი და იგივე მოცულობით უმატებს ფასს საცალო ბაზარზე, როგორც ეს 13 და 26 თებერვალს მოხდა. ნუთუ ერთ კომპანიასაც არ ჰქონდა მარაგი, რომ კონკურენცია გაეწია სხვებისთვის. ეს სხვა არაფერია, თუ არა კარტელური შეთანხმება, რომელიც კანონით ისჯება. ასეთი მონოპოლიური საქმიანობის შედეგია ის, რომ საქართველოში ფასები იზრდება პირველადი მოხმარების საგნებზე და პირველ რიგში პურზე. პური საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთადერთი საკვები პროდუქტია. ხორცი კი ნამდვილ დელიკატესად იქცა. ეს უკვე ხორცის მონოპოლისტის, თქვენი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის „დამსახურებაა“. ეს კი მისი სახლის ფოტოა”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.“ეს თქვენი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის სახლია. კუბლაშვილის, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენების 99,8 %-იანი მაჩვენებლით იწონებს თავს და საქართველო მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზე გაიყვანა პატიმართა რაოდენობის მიხედვით. აქ არის დედაქალაქის მერი, გიგი უგულავა, რომელმაც თბილისელებისთვის დასუფთავების ახალი გადასახადი შემოიღო და ჩვენს მოქალაქეებს, უმძიმესი ზამთრის პირობებში მილიონობით ლარი ამოაცალა ჯიბიდან. წელს, კიდურების მოყინვით ათობით ადამინი მოათავსეს საავადმყოფოში, რამდენიმე კი გარდაიცვალა”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.“აქ ბრძანდება მინისტრი კობა სუბელიანი, რომლის მთავარი საზრუნავი დევნილთა საღებავშეუშრობელი საცხოვრებლების წითელი ლენტის გაჭრაა, და არა ის, თუ როგორ და რა პირობებში იცხოვრებენ დევნილები. თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომლის უწყებაში სასტიკი წამებით მოკლეს შეიარაღებული ძალების ვეტერანი, სერგო თეთრაძე. ხათუნა კალმახელიძე, რომელმაც ჯერ არნახულ ნიშნულზე აიყვანა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოს ციხეებში. მისი მოღვაწეობის შედეგია მხოლოდ გასული წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილი 77 პატიმარი. ჩვენ ველოდებით სახალხო დამცველის, გასული წლის საბოლოო მონაცემებს, რომელსაც თქვენი პარტია ზუსტად ისევე „მიიღებს ცნობად“, როგორც ამას შევარდნაძის მოქკავშირი აკეთებდა.იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც თქვენი მითითება ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ ბრწყინვალედ შეასრულა. 25 000 პატიმარი ციხეში გამოკეტა, ათიათასობით კი პრობაციონერერად აქცია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, რომელმაც გასულ წელს საჯარო სკოლების ე.წ. ოპტიმიზაციის პროცესი განახორციელა. შედეგად – ასეულობით სკოლა დაიხურა და ათასობით პედაგოგი უმუშევარი დარჩა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ, თქვენმა „წარმატებულმა“ მინისტრმა თბილისის სპეციალიზებული, ლოგოპედური სკოლა დახურა, მეტყველების პრობლემის მქონე 140 ბავშვი და 30-მდე მასწავლებელი ქუჩაში დარჩა.2 წლის წინ, ამ დარბაზში, ხელიდან ხელში გადმოგეცით, ნაცემი და ნაწამები, ოპოზიციის მომხრეების სია. ამ სიას ჩახედეთ? რა თქმა უნდა არა! იქნებ ამ ფოტოებს მაინც დახედოთ და აქვე აგვიხსნათ, სიხარულის ქუჩის მცხოვრებლებმა, როგორ აიშენეს ასეთი სასახლეები, როდესაც საჯარო მოხელეების ხელფასით ეს შეუძლებელია. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, თქვენ მხოლოდ ნაცმოძრაობის პრეზიდენტი ხართ და სამწუხაროდ ასეთად დარჩებით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. თქვენ სხვებს უწოდებთ „წარსულში ჩარჩენილებს“ , თუმცა სწორედ თქვენ და თქვენი გუნდი ხართ იმ წარსულის განუყოფელი ნაწილი, როცა „მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იყავით.(სხვათა შორის, ეს ფაქტი, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული თქვენი ბიოგრაფიიდან ამოშლილია). თქვენი პრეზიდენტობის დროს კორუფცია გახდა ელიტური და ამის თვალსაჩინო მტკიცებულება თუნდაც ეს ფოტოებია. რით ხსნით იმას, რომ თქვენი ოჯახის წევრები თვენი გაპრეზიდენტების შემდეგ მსხვილი მეწარმეები გახდნენ. თქვენს, წარმოსახვით საქართველოში ყველა ბედნიერი და კმაყოფილია, ყველა მადლობას უხდის პრეზიდენტსა და მთავრობას, იქ „სიხარულის ქუჩაა“. მაგრამ გავიწყდებათ, რომ არსებობენ რეალური ადამიანები, რეალური პრობლემებით, მათ შიათ, წყურიათ, არ აქვთ სამსახური, კარგავენ საყვარელ ადამიანებს, რადგან არ აქვთ მათი მკურნალობის საშუალება. ცხოვრობენ დევნილობაში, შეურაცხყოფილები, მიტოვებულები. უამრავი თქვენი მოქალაქე ციხეებშია გამომწყვდეული, ბევრი მათგანი – პოლიტიკური ნიშნით. პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან, აწამებენ და კლავენ.ამის უკანასკნელი მაგალითი გუშინ მოხდა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, როცა ხაშურის რაიონის პოლიციამ სასტიკად აწამა და წამებაში მოკლა ამ სოფლის მცხოვრები სოსო ქიმერიძე. იგი ისეა ნაცემი და ნაწამები, რომ მთელი სხეული სისხლჩაქცევებით აქვს დაფარული.რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში, რომელიც თქვენს ხელში უბედურია, უბედური ადამიანები ცხოვრობენ. როგორც ოთარ ჭილაძემ თქვა: “ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია“ .რეალურ საქართველოში მოკლეს რობაქიძე, მოკლეს გირგვლიანი, მოკლეს ვაზაგაშვილი, მოკლეს გამცემლიძე. რეალურ საქართველოში ისეთ უდანაშაულო ადამიანებს სვამენ ციხეში პოლიტიკური ნიშნით, როგორც სენაკელი რევაზ ხულორდავაა. რეალურ საქართველოში არსებობენ ზვიად ხმიადაშვილები, ვისაც თქვენ ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებას ავალებთ. შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი უმუშევარია, მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნიდან გადახვეწილია. თქვენ სულ რეიტინგებით გვესაუბრებით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით სოფლად მცხოვრები მოქალაქეების 64 პროცენტი ღატაკია. არადა ბიძინა ივანიშილი ჯერ კიდევ 2004 წელს გთავზობდათ სოფლის მეურნეობაში 1 მილიარდზე მეტის ჩადებას. თქვენმა საპარლამენტო უმრავლესობამ, ფაქტობრივად ერთი კაცის გამო გადაწერა ქართული კანონმდებლობა. ეროვნული ბანკისგან სადამსჯელო ინსტიტუტი შექმნა, კონტროლის პალატა პროკურატურის დანამატად აქცია, ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს დისკრიმინაციული კანონი მოახვია თავს, რომლის გამო ჩვენი საზოგადოება, სრული შემადგენლობით ე.წ. „დაკავშირებულ“ პირად გამოაცხადა. ნაციონალური მოძრაობა უფრო შორსაც წავიდა და კანონს უკუქმედებითი ძალა მიანიჭა, რაც შემდეგ თაღლითური გზით უკან წაიღო. საკანონმდებლო დონეზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ქართუ-ბანკი“ გაეკოტრებინა. პოლიტიკური დევნის პროცესში ჩაერთო , შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანა დააყაჩაღა, საბაჟო სამსახური კი დღემდე მონდომებით სპობს და ანადგურებს „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილ ტვირთებს. ეჭვგარეშეა, რომ ამ უკანონო მოქმედებების წყებას თქვენ დაუდეთ სათავე, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვით. მე უფლებამოსილი ვარ, იმ ადამიანების სახელით, ვინც ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, მოგიწოდოთ დაუბრუნოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა. მიიღეთ გამოწვევა, უზრუნველყავით ყველასთვის თანაბარი საარჩევნო პირობები.თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რომ როგორმე თქვენი გუნდი დარჩეს ხელისუფლებაში, მაგრამ ამას ვეღარ შეძლებთ, რადგან ქართველი ხალხისთვის და მსოფლიო საზოგადოებისთვის თქვენ უკვე გუშინდელი დღე ხართ. თქვენ გაქვთ ჯერ კიდევ შანსი ჩაატროთ დემოკრატიული არჩევნები, მიბაძეთ ჯორჯ ვაშინგტონს და ნუ გახდებით ვლადიმერ პუტინი. მიეცით ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ნაციონალური მოძრაობის დამარცხების შემდეგ, დამკვიდრდება მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა. შეუქცევადი გახდება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, დაიწყება ქვეყნის გამთლიანების პროცესი, უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობა, ჩვენ განვავითარებთ წვრილ და საშუალო ბიზნესს, სოფლის მეურნეობა რეალურად გახდება ახალი მთავრობის პრიორიტეტი. ჩამოყალიბდება ისეთი ქართული სახელმწიფო, რომელიც თითოეული მისი მოქალაქის ბედზე იზრუნებს. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ახდება ქართული ოცნება”, – დასძინა დეპუტატმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts