planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ლაიქების მაჩვენებელი ბოლო სამი კვირის მანძილზე 10 ათასით გაიზარდა. პარლამენტის სპიკერის პრესმდივნის თქმით, ეს ბაქრაძის ფეიჯზე ახალი ვირტუალური თამაშის, "არჩევნების" აპლიკაციის დამატებას უკავშირდება, თუმცა, როგორც "ნეტგაზეთისთვის" გახდა ცნობილი, ბაქრაძის გვერდის მოწონებას თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან ითხოვენ.თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ "ნეტგაზეთს" უთხრა, რომ 2 კვირის წინ მთელი მისი კლასი ინფორმატიკის ოთახში ჩაიყვანეს და მათ პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-ის გვერდზე არსებულ აპლიკაცია “არჩევნები” მონაწილეობის მიღება თხოვეს. აპლიკაციის გამოსაყენებლად აუცილებელია გვერდი მოიწონო.მოსწავლის თქმით, ინფორმატიკის ოთახში მათ სამი უცნობი ადამიანი დახვდათ, როგორც მასწავლებელმა მათ აუხსნა, აღნიშნული პირები ისანი-სამგორის რაიონის გამგეობიდან იყვნენ და გამოკითხვას ატარებდნენ, სწორედ ამიტომ მოუწიათ მათ პარლამენტის გვერდის დალაიქება. “თითქმის ყველამ მოვიწონეთ გვერდი, უბრალოდ, ვიკითხეთ, თუ რატომ ვაკეთებდით ამას და მასწავლებელმა გვითხრა, რომ არაფერი სერიოზული, უბრალოდ გამოკითხვას ატარებენო,” – აღნიშნავს მოსწავლე. მისივე თქმით, იმ დღეს ინფორმატიკის ოთახში იგივე მიზნით სხვა ჯგუფებიც შეიყვანეს. "როცა შევდიოდით, პარალელკლასელები გამოდიოდნენ, მოგვიანებით ბავშვები ვსაუბრობდით და აღმოჩნდა, რომ ყველა მეცხრეკლასთან შევიდნენ აღნიშნული თხოვნით". იმავეს აცხადებენ 117–ე სკოლის მოსწავლეები. "ნეტგაზეთი" აღნიშნული სკოლის დირექტორს დალილა ზუხბაიას დაუკავშირდა, რომელმაც ტელეფონი გაგვითიშა და გამორთო მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საკითხზე შეკითხვა დავუსვით. პარლამენტის პრესსამსახურის მაკა გიგაურის განცხადებით, არც საიტის ადმინისტრატორები, არც პარლამენტის თავმჯდომარე და ზოგადად პარლამენტი აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არ არის. “მე სხვა ჟურნალისტისგან გავიგე ამის შესახებ. თუ მსგავსი ფაქტი ნამდვილად მოხდა, განათლების სამინისტროს უნდა მიმართოთ და ისინი მოიკვლევენ ამ ფაქტს,” – აღნიშნავს გიგაური. "ნეტგაზეთი" დაუკავშირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს ნინო პოტრჟებსკაიას, რომელმაც აღნიშნა, რომ სკოლა დამოუკიდებელი უწყებაა და სამინისტროს ეს საკითხი არ ეხება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების (2010 წლის 12 ნოემბრის #837) თანახმად, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ლექციები, სემინარები, ტრენინგები, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. თუმცა, სამინისტროს ნებართვის გარეშე, სკოლებში შესვლა სხვა ნებისმიერი მიზნითაც შეუძლებელია. მოსწავლის განცხადებით, სკოლაში სწორედ გამგეობის წარმომადგენელები შევიდნენ და მათ მოითხოვეს ბავშვების მიერ გვერდის დალაიქება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე ამ დროისთვის 62 600-ზე მეტ ადამიანს მოწონს, მიხეილ სააკაშვილის გვერდი - 65 ათასზე მეტ ადამიანს, თუმცა ხელისუფლების პირველი პირები ამ კუთხით კონკურენციას ვერ უწევენ ოპოზიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის გვერდი ამ დროისთვის 86 500-მდე ფეისბუქის მომხმარებელს აქვს მოწონებული. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts