planetanews Posted February 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/nino-300x177.gifგანათლების უფლება სოციალურ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება და აღიარებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით (35-ე მუხლი), ისე საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (მე-13 მუხ.), ევროპის ქარტიით (მე-10 მუხ.), ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის №1 დამატებითი ოქმით (მე-2 მუხ.), ბავშვთა უფლებების კონვენციით (28-ე მუხ.) და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. განათლების უფლება გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას სრულად მოახდინოს საკუთარი პიროვნების განვითარება და შეიძინოს ის ცოდნა (უნარ-ჩვევები), რომელიც მისი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის იქნება აუცილებელი. ’ექსპრესნიუსი” ესაუბრება ”თავისუფალი დემოკრატების” წევრს ნინო გოგუაძეს როგორ აფასებთ განათლების რეფორმას? სამართლიანი იყო პროფესორ-მასწავლებლების ”ჩარეცხვა”? უპირველეს ყოვლისა, მგონია, რომ ამ სიტყვის ციტირება, თანაც ასე ხშირი, ზედმეტია. არ არის საჭირო უმსგავსობის ტირაჟირება. ჯობია, წყალს გავატანოთ მთელი ის ღვარძლი და უკულტურობა, რაც ასეთ რამეს ათქმევინებს ხელისუფალს. განათლების რეფორმა, ვფიქრობ, უაღრესად ცუდია, იმდენად ცუდი, მხოლოდ რეფორმის ავტორების არაკომპეტენტურობით ძნელიც კია რომ აიხსნას. როგორც ჩანს, ზოგ მათგანს შურისძიების სურვილიც ამოძრავებდა. თუმცა, აქა-იქ კარგიცაა გაკეთებული. გამონაკლისებიდან ერთს დავასახელებ, ერთიან გამოცდებს, რომელიც საგამოცდო ცენტრის ქმნილებაა, და არა განათლების სამინისტროსი, ან განათლების რომელიმე მინისტრის. შეგახსენებთ, რომ ერთიანი გამოცდების სისტემა ცენტრში ვარდების რევოლუციამდე მოამზადეს და მისი განხორციელებაც უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, ცხადია, არა ისე ტოტალურად და დამანგრევლად, როგორც ვარდების ხელიუფლებამ გააკეთა. ვგულისხმობ ერთიანი გამოცდებით სკოლის ატესტატის გაუქმებას და სკოლის საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი ფუნქციის სრულ დაკნინებას. პროფესორ-მასწავლებლებს კი ისე მოექცნენ, სამხედრო ტყვეებს რომ არ მოექცევიან არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში; ისე მოექცნენ, როგორც უუფლებო არსებებს, და არა თავისი ქვეყნის მოქალაქეებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ხელიუფლების სისასტიკეს მხვერპლიც მოჰყვა. რამდენად არის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა? ახლანდელი ბიუჯეტისთვის ასეთი პრიორიტეტი საერთოდ უცნობია. თუმცა, არც გაემტყუნებათ მის ავტორებს, რადგან ხარისხიანი განათლება ჩვენს ქვეყანაში სანთლით საძებნელია. არადა, ხარისხიანი განათლება და მისი ხელმისაწვდომობა საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაკლებ პრიორიტეტული უნდა იყოს, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როგორც ერთზე ზრუნავენ, ისე მეორეზე. ხშირად აღნიშნავენ, რომ სკოლა პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრია. რამდენად არის უსაფრთხო სკოლა? ეს შეცდომა მგონია. საბედნიეროდ, სკოლა პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი ვერ იქნება, რადგან სკოლის „მოსახლეობის“ უმრავლესობა არასრულწლოვანია. სამწუხაროდ, სკოლა პოლიტიკური ვითარების ყველაზე უმწეო მსხვერპლია. მეჩვენება, რომ სკოლა ვარდების ხელისუფლებამ თავისი სადისტური სადამჯელო მეთოდების პოლიგონად აქცია. ამას ადასტურებს თუნდაც ბავშვისთვის მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი (კანონი) და „რთული“ ბავშვებისთვის სპეციალური სკოლების შექმნა. ეს ორი ახალი „იარაღი“ განათლების სამინისტროს ბოლოდროინდელი ქმნილებაა. მათ გამოცდას ერთგული მანდატურები და სკოლების თავგამოდებული დირექტორები, როგორც ჩანს, სიამოვნებით შეუდგებიან. ასე რომ, სკოლა პოლიგონიცაა და ნამდვილი ბრძოლის ველიც. განათლების სამინისტრომ საგანგებო ბრძანებით მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი განსაზღვრა. რამდენად აცნობიერებენ თვით მოსწავლეები ამ პერსპექტივას? ამ კითხვაზე სარწმუნო პასუხის გასაცემად სპეციალური სოციოლოგიური გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო, ამიტომ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ადეკვატურად აცნობიერებენ და ესმით, რომ ეს წესი მიზნად ისახავს ბავშვების უფლებების აბუჩად აგდებას და მშობლების დაშინებას. როგორ ფიქრობთ, თუ არა სახელმწიფოს პრეროგატივა, საკანონმდებლო დონეზე დაწიოს სკოლაში მისაღები ასაკი? თვლით, თუ არა, რომ ქართული სკოლები მზადაა ამ ცვლილებისთვის? რამდენად არის მზად ბავშვი 5 წლის ასაკში სკოლაში შესაყვანად? 5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში შეყვანა არ შეიძლება. ამას ამტკიცებს არა ერთი გამოკვლევა, და აქ ორი აზრი არ არსებობს. ხოლო სკოლები ისე დაჩაგრეს და დააშინეს, რომ ჰკითხო, ყველაფრისთვის მზად ვართო, იტყვიან. რამდენად ხელმისაწვდომია განათლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის? ცალკე შეიძლება ვისაუბროთ უსინათლო, სმენადაქვეითებული ბავშვების შესახებ. ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია საქართველოს განათლების სისტემაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, უსინათლო და სმენადაქვეითებული ბავშვები განსაკუთრებულად ჰუმანურ და, ამავე დროს, კომპეტენტურ ზრუნვას საჭიროებენ. ინკლუზიური განათლების არსი ისაა, რომ ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. თუმცა, ხელისუფლება სპეციალური სკოლების შემოღებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის განსაზღვრით სწორედ მოსწავლეთა დეზინტეგრაციას, სეგრეგაციასა და საზოგადოების დეჰუმანიზაციას უწყობს ხელს. ცნობისათვის: დაწყებითი განათლება. UNESCO მოწადინებულია, რომ 2015 წლისთვის უმეტეს ქვეყნებში შემოღებულ იქნეს საყოველთაო დაწყებითი განათლება. დღეს მსოფლიოში დაწყებით განათლებას ღებულობს ბავშვების 70 % .სხვადასხვა ქვეყანაში ის იწყება ხუთი – შვიდი წლის ასაკიდან და მისი ხანგრძლივობა შვიდ წლამდეა. დაწყებითი განათლების დასრულების ასაკი განსხვავებულია,მაგრამ ძირითადად მერყეობს 11-დან – 12 წლის ასაკამდე. ზოგ ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო განათლების სასწავლო დაწესებულებები განცალკევებულია. საშუალო განათლება. XX საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში საშუალო განათლება საყოველთაო და სავალდებულოა. უმეტეს შემთხვევაში ზოგადი საშუალო განათლების დასრულების ასაკს უკავშირებენ სრულწლოვანების ასაკის დადგომას. საშუალო განათლების დამთავრების შემდეგ განათლება სრულდება ან გრძელდება უმაღლეს სასწავლებლებში, ან პროფესიულ და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებშიც სწავლა არ არის სავალდებულო. პროფესიული განათლება. მსოფლიოს ყველა განვითარებულ და უმეტეს განვითარებად ქვეყნებს აქვთ განსხვავებული სახის პროფესიული განათლების სისტემა, რომელსაც ისინი მიიჩნევენ მთელი რიგი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ეფექტიან საშუალებად. ზოგიერთ ქვეყნებში იგი იწყება პროფესიულ სკოლებში ახალგაზრდობისთვის ზოგადი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიცემით და სრულდება სპეციალიზებულ ცენტრებში კვალიფიკაციის მინიჭებით. კურსდამთავრებულები იღებენ დიპლომს ან სხვა სახის სერტიფიკატს. უმუშევრობის დაძლევისა და სამუშაო ძალის მობილურობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით ევროპის ქვეყნებში აგრეთვე მნიშვნელოვნად თვლიან ზრდასრულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, რომელიც ხორციელდება სასწავლო ცენტრების, კურსების ან ტრენინგების მეშვეობით და დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით. უმაღლესი განათლება. დაწყებითი და საშუალო განათლებისგან განსხვავებით, უმაღლესი განათლება განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არის საყოველთაო. მაგრამ წამყვან ქვეყნებში უმაღლეს განათლებას გადის მოსახლეობის თითქმის ნახევარი. ტრადიციულად, უმაღლესი განათლება შედგება ორი ეტაპისაგან, ესენია: ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. უმაღლესი განათლების ძირითადი სასწავლო დაწესებულებებია – უნივერსიტეტი და კოლეჯი. უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული იღებს დიპლომს, ზოგ ქვეყანაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის გავლისა და დაცვის შემდეგ – სამეცნიერო ხარისხსა და წოდებას. ნინო ფირცხალავა იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts