Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ილგარ მამედ–ზადეს ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


Recommended Posts

ავტორი ნინო მიქიაშვილი

20:06 15.02.2012

ილგარ მამედ-ზადემ გასული წლის 15 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რვა ადამიანის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მამედ-ზადეს სხეულის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით გამოძიება დაიწყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა. ეს ინფორმაცია ილგარ მამედ-ზადეს უფლებების დამცველმა, ადვოკატმა თედო კობახიძემ მომაწოდა.

 

http://1.bp.blogspot.com/-thGrKOfKZTQ/TzvfDBoPaxI/AAAAAAAAGNM/1MflRiOojzs/s200/patimari.jpgშეგახსენებთ, რომ 2011 წლის 15 სექტემბერს მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადეს, რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი ლაშა ბრეგვაძე და მისი მოადგილე, დავით ბუხრაშვილი, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შესახებაც ჩვენთვის ცნობილი გახდა უშუალოდ მამედ–ზადეს მიერ სახალხო დამცველის სახელზე დაწერილი 4–გვერდიანი განცხადება–საჩივრიდან.

 

მამედ–ზადეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ზემოხსენებულ საპატიმრო დაწესებულებაში აურ–ზაური მოჰყვა – 21 სექტემბერს პატიმრებმა ის ეგრეთ წოდებული მაყურებლები სცემეს, რომლებმაც დაწერეს, რომ მამედ–ზადემ 15 სექტემბერს თვითდაზიანებები მიიყენა. საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარი არეულობის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს, გელა ნიკოლაიშვილისგან შევიტყვეთ. მან აღნიშნა ისიც, რომ ის პატიმრები, რომლებმაც “მაყურებლები“ სცემეს, არეულობის შემდეგ სხვადასხვა საპყრობილეებში გადაანაწილეს.

 

ადვოკატ თედო კობახიძის განმარტებით, მსჯავრდებულ ილგარ მამედ-ზადეს რეჟიმიც დაუმძიმეს და 2012 წლის 4 იანვარს რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებიდან რუსთავის N6 საპყრობილეში გადაიყვანეს - “რა გახდა მისთვის რეჟიმის დამძიმების მიზეზი, ამის შესახებ ინფორმაცია დავით მარგებაძისგან წერილობით გამოვითხოვე და ახლა პასუხს ველოდები“.

 

იმათ შორის, ვის წინააღმდეგაც მამედ-ზადემ ჩვენება მისცა, არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე; ასევე რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე, მისი მოადგილეები: ავთანდილ კენკებაშვილი და დავით ბუხრაშვილი; რეჟიმის უფროსი ბადრი ფანქველაშვილი , დაწესებულების იმჟამინდელი მთავარი ექიმი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ოთარ კვაჭაძე.

 

“ამასთან, ახლა გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ გასული წლის 17 სექტემბერს ლაშა ბრეგვაძეს მიუმართავს სასჯალაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის, გიორგი გვარჯალაძისთვის, რომ თითქოს მამედ-ზადემ სხეულზე დაზიანებები განზრახ მიიყენა. ახლა საქმეს იძიებს ამავე დეპარტამენტის გამომძიებელი, ვასილ გოგიშვილი. სანამ მამედ-ზადე ჩვენებას მისცემდა, გოგიშვილმა მას ასეთი რამ შესთავაზა - “თუ დაწერა, რომ თვითდაზიანებები მიიყენე, საქმეს შევწყვეტთო“. მამედ-ზადემ მოითხოვა ჩემი თანდასწრებით დაეკითხათ და თებერვლის დასაწყისში ასეც მოხდა“, - ამბობს თედო კობახიძე.

 

მისივე აზრით, სასჯალაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტის გამოძიებული საქმე არ იქნება ქმედითი, ჯეროვანი და ობიექტური, რადგან მამედ-ზადეს ჩვენება უშუალოდ ამ უწყების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აქვს მიცემული.

 

“ამიტომ, პროკურატურას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ მათ დაიწყონ გამოძიება. დღეს ილგარ მამედ-ზადემ სახალხო დამცევლს გიორგი ტუღუშს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი სახალხო დამცველისგან ითხოვს გასული წლის სექტემბერში მის მიერ დაწერილი განცხადებები და ახსნა-განმარტებები გახდეს საჯარო და შესაბამისი მსვლელობა მიეცეს. ამავე წერილში მამედ-ზადე აღნიშნავს, რომ მას აქვს უშაულოდ გიორგი ტუღუშის იმედი, რომელსაც სთხოვს პატიმრის სანახავად გაგზავნოს ისეთი თანამშრომელი, რომელიც ვითარებას რეალურად ასახავს“, - აღნიშნა თედო კობახიძემ.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის 27 სექტემბერს მოვამზადე და გამოვაქვეყნე წერილი სათაურით - ილგარ მამედ–ზადე მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს. ამ წერილში აღნიშნული იყო და მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 15 სექტემბრის ინცინდენტის დეტალების შესახებ მსჯავრდებულმა 16-ში სახალხო დამცველს განცხადება-საჩივარი გაუგზავნა, მაგრამ შემდეგ თავადვე მოითხოვა ამ ახსნა-განმარტებას შემდგომი მსვლელობა არ მისცემოდა, რაც 27 სექტემბერს თედო კობახიძისადმი მიწერილ წერილში ასე ახსნა:

 

“16 სექტემბრის განცხადებას, რაც შეეხება (ვინაიდან მაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ განცხადებას თუ მივცემ მსვლელობას, შეიძლება ჩემს ოჯახს შეექმნას საფრთხე), ამ ეტაპზე არ ვაპირებ აღნიშნულ განცხადებას მივცე შემდგომი რეაგირება... მინდა აცნობოთ ქვეყნის პირველ პირს და ყველა შესაბამის უწყებას, რომ დაიცვან ჩემი ოჯახის უსაფრთხოება და ასევე უზრუნველყონ ჩემი უსაფრთხოებაც“.

 

რა შინაარსის განცხადებას გაავრცელებს სახალხო დამცველის ოფისი, ჩვენთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მათთან მივა მამედ-ზადეს გაგზავნილი წერილი. მანამდე კიდევ ერთხელ გთავაზობთ 2011 წლის 16 სექტემბერს, სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის სახელზე დაწერილი განცხადება-საჩივრის შინაარსს, რომლის შემდგომ მსვლელობაზე პატიმარმა უარი თქვა:

 

“2008 წლის აგვისტოდან სასჯელს ვიხდი რუსთავის N17 დაწესებულებაში. მოგახსენებთ, რომ სასჯელის მოხდის დაწყების დღიდან დღემდე რაიმე დარღვევა არ ჩამიდენია და ვემორჩილები ციხის შინაგანაწესს, რაც კანონით არის განსაზღვრული.

 

ამა წლის 15 სექტემბერს შემხვდა ციხის უფროსი, ლაშა ბრეგვაძე და მითხრა – “რატომ ეკითხები სახელს ჩემს ახალ თანამშრომელსო“, რაზედაც მე მას ვუპასუხე, რომ შემხვდა ახალი თანამშრომელი და მინდოდა სახელი მცოდნოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ზრდილობის ამბავია, ადამიანს მიმართო მისი სახელით, რაზედაც ბატონმა ლაშამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართა.

 

მე ციხის უფროსს ვუთხარი რომ ტყუილად შეურაცმხყოფდა და ვთხოვე, რომ არ მოეყენებინა შეურაცხყოფა. ლაშა ბრეგვაძემ ჩემი თხოვნის და სამართლიანი მიმართვის (არ გამოეყენებინა შეურაცხყოფა) შემდეგ კვლავ გააგრძელა ჩემი დამცირება და ამიყვანა თავის ოთახში, სადაც შესვლისთანავე მოიხსნა საათი, სათვალე და უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 6–7 თანამშრომელთან ერთად დამიწყო უმოწყალოდ ცემა. მე ვთხოვდი შეეწყვიტათ ჩემი ცემა. თუმცა, ციხის ადმინისტრაციის 7–8 თანამშრომლებიდან ნაწილი მიჭერდა, რომ არ გავნძრეულიყავი, ხოლო დანარჩენები, ციხის უფროსის ჩათვლით, აგრძელებდნენ ჩემს ფიზიკურ შეურაცხყოფას.

აქვე გეტყვით – ცემის დროს ციხის უფროსი მეუბნებოდა, რომ პატიმრებს არ თვლის ადამიანებად და განაგრძობდა ჩემს ცემას. აქვე აღვნიშნავ, რომ ციხის უფროსს ვეუბნებოდი, რომ ვარ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფი და სრულიად ადვილი შესაძლებელი იყო ლეტალური შედეგით დამთავრებულიყო ჩემი ცემა, რისი გაგონებაც მას არ სურდა.

 

ბოლოს, როგორც იქნა ოთახში შემოვიდა სხვა თანამშრომელი, რომელიც არ იღებდა ჩემს ცემაში მონაწილეობას. შემთხვევით შეესწრო აღნიშნულ ფაქტს და მისი დახმარებით გამოსვლა შევძელი ციხის უფროსის ოთახიდან. თუმცა, დერეფანში გამოჰყვა ლაშა ბრეგვაძე, ჩემს გინებას განაგრძობდა და მეუბნებოდა – “ახლა სადაც გინდა იქ მიჩივლე, არ მაინტერესებს“ და ისევ იგინებოდა, ამბობდა, რომ “ვერაფერს დავაკლებდი“.

 

ამის შემდეგ ჩამიყვანეს “კარცერში“, სადაც გავხდი ცუდად. დაახლოებით ნახევარსაათიანი მოთხოვნის შემდეგ მომიყვანეს ექიმი, რომელმაც გამსინჯა და ვინაიდან მქონდა მაღალი წნევა, 180–100–ზე, სახეზე ცემისაგან ვიყავი გასიებული, ტუჩები მქონდა დახეთქილი, თავბრუ მეხვეოდა და მქონდა გულისრევის შეგრძნება, გამიკეთა ნემსები. მე ვთხოვე მას დაეფიქსირებინა დაზიანებები ჩემს სხეულზე, რაც ვიზუალურად კარგად ჩანდა.

 

აქვე აღნიშნავ, რომ ექიმთან ერთად შემოსული იყო “დეპეენკას“ ოფიცერი, “სმენის“ უფროსი სოსო, რომელიც ასევე იღებდა ჩემს ცემაში მონაწილეობას და ეუბნებოდა ექიმს, რომ დაეფიქსირებინა არა ცემა, არამედ ის, რომ თითქოს თავი მივარტყი საწოლს.

 

ამის შემდეგ მოვითხოვე სოციალური მუშაკის მოსვლა, რომელსაც ვუთხარი, რომ ვაცხადებდი შიმშილობას, რადგან ვიყავი ნაცემი და ვითხოვდი სახალხო დამცველთან და ადვოკატთან შეხვედრას. ეს ყოველივე, სოციალურ მუშაკთან საუბარი ხდება 15 სექტემბერს, შუადღეზე, დაახლოებით 15 საათზე. ამის შემდეგ ჩემთან “კარცერში“ ჩამოდის დავით ბუხრაშვილი, ციხის უფროსის მოადგილე და მეუბნება, ტყუილა ნუ ჩივიხარ, მაინც არაფერი არ გამოგივა და ამასთანავე დაგიმატებთ სასჯელს, წინააღმდეგობის გაწევაზე, ან უკანონო ნივთის შენახვაზე, რასაც ძალიან ადვილად ჩაგიდებთ და მოწმეებსაც ასევე ადვილად მოვნახავთო.

მე არ გავეცი დავით ბუხრაშვილს პასუხი, ველოდებოდი ადვოკატის და სახალხო დამცველის აპარატიდან ვინმეს შემოსვლას, რათა დამხმარებოდნენ, არ მიეცათ საშუალება დავეჩაგრე ციხის ადმინისტრაციის ხალხს, რადგან მართლა არაფერი დამიშავებია.

 

დღეის მდგომარეობით, მინიმუმ ჩემს ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. აღნიშნულ განცხადებას ვატან ჩემს ადვოკატს, თედო კობახიძეს და ასევე, მას ვთხოვ, რომ გაახმაუროს აღნიშნული ფაქტი, მისცეს შესაბამისი მსვლელობა და აღნიშნული განცხადება, საჩივრის ასლები მიაწოდოს მისი შეხედულისამებრ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მასმედიას.

 

ბატონო გიორგი, ვინაიდან შეიძლება ჩემს ფიზიკურ, არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ ლიკვიდაციასაც ჰქონდეს ადგილი, გთხოვთ, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეთ ყველა ზომა, რათა დაცულ იქნეს ჩემი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება. იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების და კანონის უზენაესობის.

 

გთხოვთ, აცნობოთ პარლამენტს აღნიშნული ფაქტის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების (მინიმუმ) ფაქტებზე“.

 

"ობიექტივი"

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

2907431438646605030-2405249884275618905?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...