Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ამერიკის დაზვერვა აფასებს „საფრთხეებს“ ცენტრალური აზიის და კავკასიის ტერიტორიაზე


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

ჯოშუა კუცერა

 

რა არის ის მთავარი საფრთხე, რაც ცენტრალური აზიისა და კავკასიის ტერიტორიებიდან გვემუქრება? აშშ-ს სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელს ევალება ყოველწლიურად წარუდგინოს კონგრესს ანგარიში სახელწოდებით „მსოფლიო საფრთხეების შეფასება“ (Worldwide Threat Assessment), სადაც აღწერილია პოტენციური საფრთხეები აშშ-სთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შეეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა, რომელიც შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოების ხელმძღვანელია (ორგანიზაცია აშშ-ს 16 ცალკეულ სამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთა ფუნქციები სადაზვერვო საქმიანობის წარმოებას მოიცავს), ანგარიშის წლევანდელი ვერსია გამოაქვეყნა (pdf). ამ ოცდაათგვერდიან ანგარიშში ჩვენს მოკრძალებულ რეგიონს ოთხი პარაგრაფი მიეძღვნა. დოკუმენტში აღწერილი ფაქტები, ჩვენი რუბრიკის მკითხველისთვის სიახლე არ არის, თუმცა საფრთხეებზე, რომელთა ხაზგასმაც სადაზვერვო საზოგადოებამ აუცილებლად მიიჩნია, ყურადღების გამახვილება ღირს:

 

„დაურეგულირებელი კონფლიქტები კავკასიაში და არასტაბილური სიტუაცია ცენტრალური აზიის მთელ რიგ ქვეყნებში ევრაზიის რეგიონის ტერიტორიაზე პრობლემების ყველაზე რეალური კერებია. გარკვეულწილად დაძაბულობა უკავშირდება მოსკოვის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების -სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციას, რუსეთის სამხედრო ყოფნას ამ ტერიტორიებზე და მათთან პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაფართოვებას. იმავდროულად თბილისი რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე 2010-2011 წლებში აფეთქებების სერიასთან კავშირში ადანაშაულებს, კრემლი კი ეჭვით აღიქვამს საქართველოს ურთიერთქმედებას რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ეროვნების წარმომადგენლებთან. საქართველოს ახალი კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრის აპარატს დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს, რომელსაც ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოიპოვებს. ეს ზოგიერთებს აღუძრავს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას, რაც დაძაბულობის განმუხტვის პერსპექტივებზე შეიძლება აისახოს“.

 

კლეპერი არ აკონკრეტებს იმას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ აფეთქებებზე აშშ-ს აზრით, ის მხოლოდ საქართველოს შეხედულებას გადმოსცემს. ის არ აკონკრეტებს არც იმას, თუ როგორ აისახება დაძაბულობის განმუხტვაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ „თავის პუტინად წარმოჩენა“, როგორც ეს თომას დე ვაალმა აღნიშნა. რატომ ხდება ამ საკითხებზე მხოლოდ მინიშნება? როგორც ჩანს, ყველაზე რეალური პასუხი ის არის, რომ რადგან აღნიშნული ანგარიში კონგრესისთვისაა განკუთვნილი, კლეპერს არ სურს უაზრო პოლიტიკური პრობლემების შექმნა რუსოფობ/ქართველოფილ კანონმდებლებთან. საერთო ჯამში, აღნიშნული ადგილი საოცარია იმ პრობლემებისადმი ყურადღების მოცულობით, რომელიც შეიძლება შექმნას თავად საქართველომ, იმის მიუხედავად, რომ კლეპერი მათ ბოლომდე არ განმარტავს.

 

„მეორე პოტენციური კერა მთიანი-ყარაბახის რეგიონია. გამწვავებული რიტორიკა, მხარეების ერთმანეთისადმი უნდობლობა და უწყვეტი შეტაკებები შეიარაღებულ ძალთა შეხების ხაზზე ზრდის იმ გაუთვლელობის რისკებს, რასაც შეიძლება სიტუაციის მომომენტალური ესკალაცია მოჰყვეს“.

 

ჩვენს რუბრიკაში უკვე აღნიშნული იყო ის, რომ ყარაბახი რეგიონში კონფლიქტის ყველაზე რეალური წყაროა, ასე რომ სჯობდა კლეპერს ამ რეგიონით დაეწყო და არა საქართველოთი. ეს განსაკუთრებით სწორია იმ თვალსაზრისითაც, რომ მთიანი-ყარაბახის გამო დაწყებული ომი, როგორც ჩანს ყველაზე უშუალოდ აისახება ამერიკულ ინტერესებზე, კერძოდ კი იმ ამერიკულ ნავთობ-კომპანიებზე, რომლებიც აზერბაიჯანში მუშაობენ და მილსადენებზე, რომელსაც კასპიის ნავთობი და გაზი თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში გადააქვს.

 

„ცენტრალური აზიის ქვეყნების მმართველებს აშფოთებთ „არაბული გაზაფხულის“ ცენტრალურ-აზიური ვერსია“, მაგრამ ლიბერალიზაციაზე ორიენტირებული რეფორმების ნაცვლად, ისინი ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომ განამტკიცონ საკუთარი ძალაუფლება და არ დაუშვან ხალხთა მასების პოტენციური მობილიზება. როგორც ეს 2010 წლის აპრილში ყირგიზეთის მთავრობის დამხობამ და შემდეგ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ეთნიკურ ნიადაგზე მასობრივმა არეულობებმა ცხადყო (2010 წლის ივნისის არეულობების დროს 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ეთნიკურ უზბეკებს გაქცევა აიძულა. ისინი დროებით თავშესაფარს ყირგიზეთის და უზბეკეთის საზღვართან ეძებდნენ), რომ არასტაბილურმა სიტუაციამ ცენტრალური აზიის რაიონებში შეიძლება წამებში იფეთქოს. 2011 წლის ოქტომბერში ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა, მაგრამ ყირგიზეთის ხელისუფლება ძველებურად შეშფოთებულია ქვეყნის სამხრეთში ძალადობის განახლების შესაძლებლობით, ხოლო უზბეკეთის ხელისუფლებამ ახალი არეულობის და დევნილთა გამოჩენის შემთხვევისთვის დროებითი თავშესაფარი მოაწყო“.

 

საინტერესოა, რომ უზბეკეთი ანგარიშში ფიგურირებს, როგორც ქვეყანა, რომელიც არ ქმნის პოტენციურ პრობლემებს და სიტუაციის დარეგულირებას უწყობს ხელს. დოკუმენტში ასევე არაფერია ნათქვამი უზბეკეთის უამრავ დავაზე მეზობლებთან, ისეთებზე, როგორიცაა სასაზღვრო შეტაკებები ყირგიზეთთან და დაძაბული ურთიერთობა ტაჯიკეთთან, რაც სულ უფრო მწვავე ფორმებს იძენს. დღეს სწორედ ეს, ისევე როგორც მანამდე, წარმოადგენს საფრთხეს, თუნდაც ნაკლებად სერიოზულს, განსაკუთრებით ამერიკული ინტრესებისთვის, მაგრამ უფრო არსებითს, ვიდრე არის უზბეკეთის, როგორც ყირგიზეთიდან დევნილი უზბეკებისთვის თავშესაფრის როლი.

 

„დამატებითი ასპექტი, რომელიც ასევე საყურადღებოა, არის ცენტრალური აზიის შესაძლებლობები შეიარაღებული ტიპის ექსტრემისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით იმ მებრძოლების შეკავების მხრივ, რომლებიც პაკისტანის და ავღანეთის ტერიტორიებზე არიან ბაზირებულნი, კერძოდ 2014 წლისთვის ავღანეთიდან ამერიკული არმიის გამოყვანის ფონზე. რეგიონის შეიარაღებული ექსტრემისტები მოსკოვშიც სულ უფრო მზარდი შეშფოთების მიზეზია. 2011 წელს ყაზახეთი მასობრივი არეულობების წინაშე აღმოჩნდა, რომლის საფუძველიც შრომითი ხასიათის კონფლიქტი და მებრძოლებთან უმნიშვნელო შეტაკებები იყო, მათ შორის მაისში საკუთარ ტერიტორიაზე თვითმკვლელი-ტერორისტის თავდასხმის პირველი ფაქტი. ტაჯიკეთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ მხრივაც, რომ ავღანეთს ესაზღვრება და შიდა და ტრანსსასაზღვრო კონფქლიქტები ახასიათებს. 2010 წელს დუშანბეში ადგილი ჰქონდა მებრძოლების პატარა ჯგუფებთან დაკავშირებულ ინციდენტებს, რაც ამ მხრივ ტაჯიკეთის პოტენციურ მოწყვლადობაზე მიუთითებს“.

 

როგორც ჩანს, ყაზახეთშიც და ტაჯიკეთშიც არეულობათა წყაროს უფრო ადგილობრივი ხასიათი აქვს, და ის ავღანეთის და პაკისტანის ტერიტორიებიდან არ მოდის. ყირგიზეთის შემთხვევაში, კლეპერს, ეს როგორც ჩანს ესმის. მაგრამ, როგორც იტყვიან, ეს უკვე წარსულის ამბავია.

 

დოკუმენტში ერთგვარი ყურადღება ეთმობა ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის გახანგრძლივებულ პროცესს. ანგარიშის ავტორები ასკვნიან, რომ ეს ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში გავლენის გაძლიერებისკენაა მიმართული:

 

„რეფორმირების და მოდერნიზაციის პროგრამები დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს, რაც რუსეთის არმიას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო სწრაფად მოიპოვოს გამარჯვება მასზე უფრო პატარა მეზობლებზე და პოსტსაბჭოთა სივრცეში გაბატონებულ სამხედრო სახელმწიფოდ დარჩეს, მაგრამ შესაძლებლობას არ მისცემს მოსკოვს (რომელსაც ასეთი მიზანი არც აქვს დასახული) ნატოს გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ შეტევითი ქმედებები განახორციელოს“.

 

დოკუმენტის ავტორები იმასაც ვარაუდობენ, რომ ამერიკა-რუსეთის „გადატვირთვის პოლიტიკა“ შეჩერდება, მაგრამ აუცილებელი არ არის პროცესმა უკან დაიხიოს, რაც საკმაოდ რეალურია:

 

„პუტინი აღიარებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის „გადატვირთვა“ რუსეთისთვის გარკვეულწილად სასარგებლო იყო. ეს იმის ვარაუდის საფუძველს აჩენს, რომ თანამშრომლობის შენარჩუნება მას სასარგებლოდ მიაჩნია. მიუხედავად ამისა, ის ინსტიქტური უნდობლობა, რომელიც პუტინს აშშ-ს განზრახვების მიმართ აქვს, და მისი საქმიანი მიდგომა ურთიერთობებისადმი, როგორც ჩანს, არსებული სტრატეგიული აზრთასხვადასხვაობის გამო მას ვაშინგტონის მიმართ უფრო კონფრონტაციულად განაწყობს.

 

„გადატვირთვის“ პოლიტიკის პოზიტიური იმპულსის შენარჩუნება იოლი არ იქნება იმის გამოც, რომ თანამშრომლობამ მთელ რიგ ისეთ სფეროებში, სადაც ინტერესების თანხვედრაა, მაგალითად შეთანხმება New START, ან თანამშრომლობა ავღანეთის საკითხზე, უკვე ამოწურა საკუთარი თავი. რუსეთი „გადატვირთვის“ პოლიტიკას დიდწილად კვლავ ამერიკულ ინიციატივად განიხილავს და მიაჩნია, რომ მოქნილობის დემონსტრირება და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა თანამშრომლობის განვითარების მიზნით, სწორედ შეერთებული შტატების საქმეა…

 

გარდა ამისა, კრემლი კვლავ ეჭვის თვალით უყურებს აშშ-ს თანამშრომლობას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან“.

 

წლევანდელ ანგარიშში პირველად წამოიჭრა საკითხი „მასობრივ სისატიკეებზე“ და ამ სამწუხარო კონტექსტში ნახსენებია ყირგიზეთი:

 

„მოქალაქეების მიმართ აღინიშნება ძალადობის გამოვლინებები, ისეთ ადგილებში, სადაც ხელისუფლების ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სტრუქტურები ეროვნული უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციას ახორციელებენ, სადაც არადამაკმაყოფილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობებია და ადგილობრივი გავლენიანი ფიგურები დაუსჯელად მოქმედებენ, როგორც ეს იყო ყირგიზეთში 2010 წელს“.

 

ხოლო თავში სახელწოდებით „ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალი“ საინტერესოა ის, რომ ფიგურირებს „ევრაზიული ორგანიზებული კრიმინალი“:

 

„კავშირების განმტკიცება რუსულ და ევრაზიულ ორგანიზებულ კრიმინალს და ოლიგარქებს შორის, ზრდის სახელმწიფოსა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების ნეგატიური გავლენის შესაძლებლობას ნავთობის, აირის, ალუმინის და ძვირფასი ლითონის ბაზრებზე, რაც პოტენციური საფრთხეა აშშ-ს ნაციონალური ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“.

 

საერთო ჯამში, ანგარიშის ავტორები, როგორც ჩანს იხრებიან ისეთ საფრთხეებზე ფიქრისკენ, რომელიც კავკასიის და ცენტრალური აზიის ტერიტორიას გარედან ემუქრება, მაგალითად რუსეთის ან ავღანეთი/პაკისტანისგან, და იმავდროულად სათანადოდ ვერ აფასებენ უფრო რეალურ საფრთხეებს, რომელიც თავად რეგიონის ტერიტორიაზე შეინიშნება (ყარაბახი, შიდა არასტაბილურობა/სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები ცენტრალურ აზიაში). ამერიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობას, რომელსაც აღნიშნულ რეგიონთან აქვს საქმე, ეს ესმის, მაგრამ მსგავსმა წარმოდგენებმა, როგორც ჩანს ჯერ მაღლა ვერ შეაღწია, ისეთი რანგის პოლიტიკოსებამდე, როგორიცაა კლეპერი, რასაც მომავალში შეიძლება მთელი რიგი არც თუ წარატებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოჰყვეს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...