planetanews Posted February 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2012 ავტორი შორენა ცივქარაშვილი21:23 05.02.2012როგორ ემზადება ოპოზიცია არჩევნებისთვის, რატომ უნდა გაერთიანდნენ ოპოზიციური ძალები ერთ კოალიციაში და როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტიკური პარტია «თავისუფალი საქართველოს» ლიდერი კახა კუკავა ესაუბრება. http://4.bp.blogspot.com/-Sf3P1uTJgao/Ty66QoKlGnI/AAAAAAAAGJQ/mcDI7FsN0iw/s200/kaxa%2Bkukava.jpgბატონო კახა, რამდენად შესაძლებელია არსებული კანონმდებლობის პირობებში არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება? - თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ გეთანხმებით, რომ გამარჯვება ძალიან რთული იქნება, თუნდაც დაფინანსების წესებზე რომ ვისაუბროთ. ჩვენ ვნახეთ, რომ, მაგალითად, თანხა, რომელიც გადაერიცხა «ქართულ ოცნებას» (ვთქვათ, დღეს ფული მხოლოდ «ქართულ ოცნებას» აქვს), ის უკან აბრუნებს ამ თანხას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხელსაც არ გაგანძრევინებს. უფულოდ კი, ჩათვალეთ, რომ ვერაფერს გააკეთებ. «შავ ფულს», როგორც წინა არჩევნებზე ხდებოდა, არავინ დაგახარჯვინებს. როგორც კი დახარჯავ, საერთოდ რეგისტრაციას გაგიუქმებენ. თეთრი ფულის ლეგალიზაციის შესაძლებლობას კი არ მოგცემენ. თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია, ამ შემთხვევაში «ქართული ოცნება» (ვინაიდან მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს სახელისუფლო კამპანია) გაურიგდება ხელისუფლებას და დათანხმებდა მის წინადადებას? - გარიგება ცუდი სიტყვაა, თუმცა, ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, «ქართულ ოცნებაში» უკვე განაცხადეს, რომ თანხას უკან დააბრუნებენ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. შესაძლოა, მათ ჩემზე მეტი გამოცდილება აქვთ და რაიმე შემოვლითი გზები იციან, მაგრამ მე ვმსჯელობ იმაზე, რაც ხდება. მარტო ფინანსებსაც არ ეხება საქმე, საკანონმდებლო ცვლილებები ბევრ სხვა საკითხზეც უარყოფითად აისახება. მაგალითად, ცნობილია, რომ არჩევნების გაყალბებას ოპოზიცია ყოველთვის იმით ადასტურებდა, რომ ჯერ აღირიცხებოდა, სულ რამდენი ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე და მერე ხმები დაითვლებოდა. კანონიდან ამოიღეს აღნიშნული ნორმა და საერთოდ აღარ იწერება, რამდენი ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე. აქაც იგივე ხდება: დაკანონებული ბიულეტენების ჩაყრა მიმდინარეობს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ არის პროტესტის საგანი ეს ნორმა და რატომ აწუხებს ეს საკითხი მარტო «თავისუფალ საქართველოს»? ჩვენ არავის ვაკრიტიკებთ, მაგრამ ვხედავთ, რომ დღეს ცალკეული ოპოზიციური პარტიები მეორე ადგილისთვის იბრძვიან. თქვენ გარიგება უწოდეთ, მაგრამ ისინი უფრო დელიკატურ ტერმინებს არჩევენ, როგორიცაა, მაგალითად, დაბალანსება, რაც გულისხმობს, რომ, ხელისუფლების მოგების შემთხვევაში, ისინიც იქნებიან საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილნი, ზოგი მათგანი კომიტეტის თავმჯდომარეც გახდება და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ეს არის მათი დუმილის მიზეზი. თქვენ განაცხადეთ, რომ შემოთავაზების შემთხვევაში მზად ხართ, ბიძინა ივანიშვილის გუნდში გაერთიანდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაში გაერთიანებული «რესპუბლიკელებისა» თუ «თავისუფალი დემოკრატებისგან» პრინციპულ საკითხებში განსხვავებული შეხედულებები გაქვთ. როგორ წარმოგიდგენიათ გაერთიანება კოალიციაში პარტიებთან, რომელთა შეხედულებებსაც საერთოდ არ იზიარებთ? - მთავარია, კოალიციამ არჩევნებზე ხმების 51% მიიღოს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, თუ ოპოზიციიდან სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტი გავა, ხმები დანაწილდება და ოპოზიციასთან შედარებით ხელისუფლებას უპირატესობა ექნება. აქ იდეოლოგიური ერთიანობა არაფერ შუაშია. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ პარტიები უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი პროგრამა გვქონდეს. აუცილებელი არ არის, არჩევების შემდეგაც შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა. აქ მხოლოდ ტაქტიკურ ერთობაზეა საუბარი ერთ საკითხში - სააკაშვილის დამხობასა და გასამართლებაში. დიახ, ჩვენ არ ვიზიარებთ ქვეყნის განვითარების იმ კურსს და ხედვას, რომელიც ამ პარტიებს აქვთ. მე ვფიქრობ, ნატოში გაწევრიანება საქართველოს დაღუპვას ნიშნავს, მე ვფიქრობ, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარი არ უნდა იბრძოდეს. არ ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა დარჩეს საქართველოში. ასევე არ მიმაჩნია, რომ ამნისტია უნდა გამოვაცხადოთ «ნაციონალური მოძრაობის» დამნაშავე ლიდერების მიმართ. პირიქით, მიმაჩნია, რომ «ნაციონალური მოძრაობის» დამნაშავე ლიდერებმა უნდა ხეხონ ციხეები, რომლებიც თავად ააშენეს, და მოპარული ქონებაც უნდა დააბრუნონ სახელმწიფო ხაზინაში. მაგრამ ოპოზიციური პარტიების ასეთი ხანმოკლე გაერთიანებები ხალხში ნიჰილიზმს იწვევს და არც პოლიტიკოსების იმიჯზე აისახება დადებითად. - იმიჯზე უარყოფით გავლენას პარტიის არჩევნებში დამარცხება ახდენს. ნიჰილიზმი დღეს არის და ღვივდება. თუ ატყობთ, ის ეიფორია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ გამოიწვია, თანდათან ისევ ნიჰილიზმში გადადის... ოპოზიცია რაც უფრო დაქსაქსული იქნება, გამარჯვების შანსიც ნაკლები ექნება. თუნდაც დროებით, მაგრამ გაერთიანება აუცილებელია, თორემ ვინ დაიჯერებს, რომ მე და თინა ხიდაშელს ოდესმე ერთი პროგრამა გვექნება? ამ ცოტა ხნის წინ ლევან გაჩეჩილაძის შესახებ გააკეთეთ განცხადება, რა ინფორმაცია გაქვთ: აპირებს ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და რამდენად არის დღეს მისი ადგილი პოლიტიკაში? - არ ვიცი, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ლევანს, რას იზამს, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ადგილი არის ქართულ პოლიტიკაში და ვურჩევ იმ ხალხს, რომელიც ახლა გამოძვრა სააკაშვილის კაბინეტებიდან, ჩვენზე კორექტულად ისაუბროს. ჩვენ ვართ ნამდვილი ოპოზიცია, რადგან მაშინვე დავუპირისპირდით ხელისუფლებას, როგორც კი არასწორი კურსის გატარება დაიწყო, ისინი კი კარიერისტები არიან და არა ოპოზიციონერები, რადგან, როცა თანამდებობებიდან მოხსნეს, მერე ალაპარაკდნენ. მაგალითად, «ქართული აკადემიის» განცხადება მოვისმინე, რომ თურმე ყველამ _ ქუჩის ოპოზიციამაც და «მესამე ცენტრმაც» _ საკუთარი თავი ამოწურა და მათი პოლიტიკაში გამოჩენა აღარ შეიძლება. ნანეიშვილიც და ქანთარიაც ხელისუფლების დავალებებს ასრულებენ, რომ როგორმე ოპოზიცია გაიხლიჩოს. ჩვენ არავის ვასამართლებთ, მაგრამ ქილიკს მათგან, ვინც წლების განმავლობაში სააკაშვილის კმაყოფაზე იყო, ვერ მოვითმენთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ თინა ხიდაშელი უფრო გამოადგება ოპოზიციას, ვიდრე ლევან გაჩეჩილაძე. თქვენ ნატო ახსენეთ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის განცხადებით, მათი მიზანია ნატოში გაწევრიანება და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. რამდენად შესაძლებელია ამ იდეის განხორციელება? - აბსოლუტურად არარეალური და ცოტა უპასუხისმგებლო განცხადებაა. ეს ყველამ იცის და ამაზე დავაც არ არის საჭირო. თავადვე ამბობენ არამარტო ხელისუფლების, არამედ ზოგიერთი ოპოზიციის ექსპერტიც, რომ მედვედევმა ომი იმიტომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანებლიყოო და ამას თუ აცნობიერებენ, ნატო თუ არის ომის მთავარი მიზეზი, როგორ დაარეგულირებ ურთიერთობას რუსეთთან და იმავე დროს ნატოში ინტეგრაციასაც მოახერხებ? სხვათა შორის, რუსეთის თემატიკა ჩვენი ოპონენტების რიტორიკაში ბოლო თვეების მანძილზე გაჩნდა, ვინაიდან მე როცა მოსკოვში გავმართე მოლაპარაკებები ონიშჩენკოსთან, რუსეთის დუმის დეპუტატებთან, მარტო ხელისუფლება კი არ მებრძოდა, არამედ თინა ხიდაშელი საერთოდ «პუტინის ყმებს» გვეძახდა და ისინიც ხელისუფლების პოზიციას იზიარებდნენ. მაგრამ ბოლო დროს ქვეყანაში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თურმე საზოგადოება ამ საკითხში ჩვენ გვიჭერს მხარს და რუსეთთან დიალოგის მომხრეა, ამიტომაც მათ შეიცვალეს აზრი. არაგულწრფელი პოზიციაა ეს და რეალურად «ორი კურდღლის მადევარი» საბოლოოდ ვერც ნატოში გაწევრიანდება და ვერც რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ურთიერთგამომრიცხავია და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმ გზას ვირჩევთ, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესია. რუსეთთან დიალოგის დაწყება საქართველოსთვის ნიშნავს, რომ აღდგება საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ჩვენი გლეხები და ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდ ბაზარს იშოვის. ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში კი ვერ ვხედავ, რა შედეგი გვექნება. ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიად აღიქმება... - ჩვენ არ გვემუქრება არანაირი საფრთხე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვის გარდა. თბილისისა და ქუთაისის ოკუპაციას არავინ აპირებს და აფხაზეთის და სამაჩაბლოს უსაფრთხოებას ნატო არ უზრუნველყოფს. პირიქით, ნატოს მაღალჩინოსნებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ნატო არ არის კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალება. შეიძლება ნიდერლანდებისთვის, ბელგიისთვის, ლიტვისთვის უსაფრთხოების სისტემაა, მაგრამ ჩვენთვის ნატო მთავარი საფრთხეა. ის, რომ გორი და თბილისი დაიბომბა, ფოთში ჩვენი გემები ჩაძირეს, ნატოს გამო მოხდა. თქვენ ფიქრობთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოების სურვილი აქვს? - არამარტო დაახლოების სურვილის გამო. ვიყოთ გულწრფელები. საუბარი მიმდინარეობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული უნდა ყოფილიყო ნატოს სარაკეტო ბაზები. მე რუსების ადვოკატი არ ვარ, მაგრამ საკითხს რეალურად უნდა შევხედოთ. არც ერთი ქვეყანა არ მოითმენს ამას. ნებისმიერი ზესახელმწიფო, რომელიც მსოფლიოში ბირთვულ ბალანსს უზრუნველყოფს, თავის საზღვრებთან უცხო სახელმწიფოს ფორპოსტების განლაგებას არ მიესალმება და, ბუნებრივია, რუსეთსაც აქვს ეს პრეტენზიები. რაც მთავარია, ჩვენ არაფერში გვჭირდება, საქართველო ავღანეთის მსგავს ქვეყნად იქცეს - ენგურს გაღმა რუსეთის ბაზები იყოს განლაგებული, გამოღმა კი - ამერიკის. ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა უნდა ვიყოთ. თუმცა ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოს შემთხვევაში შეუძლებელია. - ჩვენი პოლიტიკოსები «გუგლში» ამოიკითხავენ ერთ-ორ სიტყვას და შემდეგ რაღაცას იტყვიან ხოლმე. რატომ არის შეუძლებელი, თუ ფინეთმა, შვეიცარიამ მოახერხეს? გარდა ამისა, ნეიტრალიტეტის სხვადასხვა ფორმაც არსებობს... ვინც ამბობს, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი გამორიცხულია, გამოდის, რომ ის პირდაპირ ამბობს: საქართველოში უცხო ქვეყნის სამხედრო ჯარები განლაგდესო. თქვენ აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდით რუსეთთან ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თაობაზე, რამდენად რეალურად გესახებათ ამის განხორციელება იმ პირობებში, როცა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალნი ერთმანეთთან ყველანაირ დიალოგს გამორიცხავენ? - ეს არ არის მთავრობებს შორის ურთიერთობა, ეს არის კომპანიებს შორის ურთიერთობა. ამიტომ მიმაჩნია რეალურად ამის განხორციელება. ხელისუფლების ნების წინააღმდეგ წასვლას გაბედავს რომელიმე კომპანია? - რამდენიმე კომპანია თანახმაა და ონიშჩენკოს უწყებაში უკვე გაიგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია და ველოდებით საბოლოო სერტიფიკატებს. სააკაშვილი ეუბნება ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ამერიკულ რაკეტებს მოგიტანთო, ჩვენ კი ვეუბნებით _ ჩვენ მოგიტანთ რუსეთის ბაზარს. დანარჩენი ხალხმა გადაწყვიტოს. მე ხშირად ჩავდივარ რეგიონებში და ვიცი, რომ, მაგალითად, გურჯაანში გლეხს რუსეთის ბაზარი უფრო აინტერესებს, ვიდრე საქართველოში ნატოს ბაზების განლაგება. რას ფიქრობთ ვლადიმერ პუტინის ინიციატივაზე ევრაზიული კავშირის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ექსპერტების მიერ უკვე შეფასდა როგორც საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა. რას მოუტანს ასეთი კავშირი საქართველოს? - ექსპერტები კი არა, ესენი რუპორები არიან. ექსპერტი, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს, იღებს დაფინანსებას ან გრანტს ვაშინგტონიდან. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ კრემლის ჯაშუშებზე, მაგრამ საქართველოში უხვად არიან ამერიკის ჯაშუშები. ადამიანი, რომელიც ამერიკიდან იღებს დაფინანსებას, ბუნებრივია, განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ გააკეთებს, მაგრამ არა საქართველოს, არამედ ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიური ინიციატივაა. რა თქმა უნდა, დეტალები შესასწავლია, მაგრამ თავისთავად იდეა, რომ ერთიანი ეკონომიკური სივრცე შეიქმნას, საქართველოსთვის არის ხსნა. საქართველო ან იქნება რაიმე სივრცის ნაწილი, ან იქნება პერიფერია. კი გვეუბნებიან, რომ ევროპული ოჯახის წევრი ხართო, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ პერიფერია. საბჭოთა კავშირი, რა თქმა უნდა, იყო იმპერია, მაგრამ თავისი განვითარების არც ერთ ეტაპზე საქართველოს არ ჰქონია პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული, სამეცნიერო პროგრესის ისეთი დონე, როგორიც მეოცე საუკუნეში იყო. დღეს ჩვენ კი ვართ ევროპაზე ორიენტირებულნი, მაგრამ ევროპა არ არის ჩვენზე ორიენტირებული. დღეს ჩვენი ქვეყანა არის მათხოვარი, მეოცე საუკუნეში იყო ლიდერი. ევრაზიული სივრცე ეკონომიკური და პოლიტიკური ორიენტირი იქნება და არა მგონია, საუბარი იმაზე მიმდინარეობდეს, რომ საქართველოში ვინმე საბჭოთა დროშას ჩამოკიდებს და ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს. თქვენ ამერიკის ჯაშუშები ახსენეთ, თუმცა, პირდაპირ თუ ირიბად, თქვენი შეხედულებებისა თუ რუსეთში ხშირი ვიზიტების გამო, ხშირად გადანაშაულებენ რუსეთის ჯაშუშობასა თუ რუსოფობიაში... - ჯერ ერთი, მე არ ვიღებ რუსეთისგან არანაირ დახმარებას და ის, რომ ამერიკიდან ქვეყანაში მილიონები შემოდის, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. მეორეც: ჩვენ არ ვაკეთებთ რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს. ის ხალხი კი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონის რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ და დირექტივები მივიღოთ. ჩვენ რუსეთი რაში გადაგვიხდის ფულს? მე, მაგალითად, ვამბობ, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განლაგებული რუსეთის ძალები არიან ოკუპანტები, რომ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობის ცნობა იყო საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებიც ვართ და რუსეთისაც და არალოგიკურია, ვინმე საკუთარ ოპონენტებს აფინანსებდეს. ამერიკასთან დაკავშირებით რას ვხედავთ? ის ხალხი, რომელიც ამერიკიდან დაფინანსებას იღებს, ლამის უკანა თათებზეა დამდგარი და საკმარისია, ჰილარი კლინტონმა თვალი ჩააპაჭუნოს, მერე კეთდება ინტერპრეტაციები, ნეტა, რა მიგვანიშნა ამითო. Human Rights Watch-ის დასკვნას როგორ შეაფასებდით, რომელიც საკმაოდ აკრიტიკებს ხელისუფლების ქმედებებს? - ძალიან საინტერესო და ობიექტური დასკვნაა, მაგრამ ხელისუფლება არაფერს გაითვალისწინებს, თუმცა ფაქტი თავისთავად მისასალმებელია. სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრას როგორ შეაფასებთ? - სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ საერთო ჯამში ტრაგედიაა. ჩვენ ნორმად მივიღეთ ის ვითარება, რომ საქართველოში როგორი საარჩევნო კოდექსი იქნება მიღებული და როგორი არჩევნები ჩატარდება, ეს ამერიკის პრეზიდენტის კაბინეტში წყდება. ნებისმიერი თავმოყვარე ერი ძალიან დიდ შეურაცხყოფად მიიღებდა, რომ ობამას მათი პრეზიდენტი გამოეძახებინა და იქ გადაეწყვიტათ ქვეყანაში არჩევნების ბედი. შეუძლებელია, პატრიოტ ქართველს ეს უხაროდეს, ამიტომ ამ ვიზიტსაც ვერ შევაფასებ დადებითად. თუ რუსეთი ორ რეგიონში ახორციელებს დიქტატს, ამერიკა მთელ საქართველოში აკეთებს ამას. რას გულისხმობთ, როგორ ახორციელებს დიქტატს ამერიკა საქართველოში? - ეს ნებისმიერ საკითხში ჩანს. მაგალითად, ჯერ ამერიკაში იგზავნება და იქ დასტურის შემდეგ ამტკიცებენ კანონს. სამხედრო საკითხებშიც ასეა: ყველა სამხედრო მეთაური, სანამ დაინიშნება თანამდებობაზე, ამერიკაში გადის ინსტრუქტაჟს. ხედავთ, ალბათ, რომ მალე ყველა გაზეთი ინგლისურ ენაზე გამოვა. ეკონომიკაშიც ვხედავთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი იმპორტული იყიდება. სახელმწიფოს არც ერთი ატრიბუტიკა აღარ შეგვრჩა. ამერიკის რომელიმე შტატი შესაძლოა უფრო დამოუკიდებლად ატარებდეს თავის პოლიტიკას, ვიდრე საქართველო. "საქართველო და მსოფლიო" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts