planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 /get_img?ImageId=6183 “ვენეციის კომისიის” მდივნის, თომას მარკერტის 26 იანვრის განცხადებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ქართულ მედიაში. ერთი ნაწილის მტკიცებით, ვენეციის კომისიის მდივნის ფრაზა დაამახინჯეს და მისი არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს. 26 იანვარს გაკეთებულ კომენტარში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე კომისიის მდივანი შემდეგს აღნიშნავს: "ვენეციის კომისიას არ უნახავს უკანასკნელი ცვლილებების პროექტი. ჩვენ განვიხილეთ კანონპროექტი დეკემბერში და ჩვენი მოსაზრებები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოვთქვით. თუმცა მოგვიანებით ისეთ ვერსიას ეყარა კენჭი, რომელშიც შევიდა, ჩვენი აზრით, არსებითად განსხვავებული ცვლილებები და ახალ კანონში სახეზეა მთელი რიგი დამატებითი აკრძალვები,"- ნათქვამია 26 იანვრით დათარიღებულ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციაში. ამ კომენტარის ვიდეოვერსიაც არსებობს და თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მარკერტი გამოსვლაში სიტყვა აკრძალვას არ ხმარობს, როგორც ეს ნიუსშია მითითებული. ის იყენებს შეზღუდვას. ასევე, ვიდეოს ბოლოს საკანონმდებლო ცვლილებების კომენტირებისას მარკერტი ამბობს: "ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გამართლებული იყოს, ვინაიდან ძალიან ბევრმა ფულმა შესაძლოა პოლიტიკა დააზარალოს". ჟურნალ “ლიბერალის” შეკითხვის ავტორ ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის გენერალური მდივნის, თომას მარკერტის პირველ და მეორე განცხადებას შორის განსხვავება არ არის და პირადად ის ამ ფაქტით აღშფოთებული არც ყოფილა, როგორც ეს შემდეგ გაავრცელეს. “არსებობს ბოლო კომენტარი დაწერილი სახით. მეორე დღეს ჩაწერილი ინტერვიუს ვიზუალური ვერსია არ მინახავს. ერთი ვიცი, რომ ვენეციის კომისიამ არ დამიდასტურა ჩემს პირად წყაროებზე დაყრდნობით, რომ ისინი რაიმეზე აღშფოთებულები იყვნენ. რადგანაც აღშფოთებული რომ ყოფილიყო, დამატებით კომენტარში ის ამ აღშფოთებას აუცილებლად გამოხატავდა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჟიჟილაშვილმა. 27 იანვრის კომენტარში, როგორც ეს იმავე სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა, მარკერტი აღნიშნავს და აზუსტებს, “მჯერა, რომ ჩემი კომენტარი იყო უფრო ზოგადი - კანონში შევიდა დამატებით ცვლილებები ვენეციაში ჩვენი დისკუსიის შემდეგ და ეს ცვლილებები ეხება ფინანსურ ასპექტებს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, მაგრამ ვენეციის კომისიას ოფიციალურად ეს ცვლილებები არ შეუსწავლია და, შესაბამისად, მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო იმაზე, რაც არ შეგვისწავლია,” – აღნიშნა მარკერტმა. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი არ არის დარწმუნებული, რომ გონივრული იქნებოდა ვენეციის კომისიისათვის იმ კანონის ხელახალი გადახედვა, რომელიც უკვე დამტკიცებულია. რაც შეეხება სიტყვას "შეზღუდვა", კომისიის მდივანი აღნიშნავს, “მე ასევე დავამატე (გუშინდელი ინტერვიუს დროს) წინადადება, რომ ეს შეიძლება იყოს როგორც კარგი, ასევე ცუდი. ასე რომ, ეს სიტყვა "შეზღუდვა" - არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ნეგატიური, თუ ვიგულისხმებთ პოლიტიკური პარტიების შეზღუდვას, ეს ნეგატიურია, მაგრამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდვა შეიძლება იყოს დადებითიც,” – განაცხადა თომას მარკერტმა. ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, რომელიც აღნიშნულ პერიოდში იქ იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ მარკერტს ჰქონდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი კომენტარი არასწორად გავრცელდა, ხოლო საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, ამას ვერ აკონკრეტებს. “მე როგორც ვიცი, მარკერტს ჰქონდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მისი კომენტარი არასწორად გავრცელდა. საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, ვერ გეტყვით. თუმცა, რაც თვითონ, ვენეციის კომისიის პირველმა მდივანმა უკვე მოგვიანებით განაცხადში დაადასტურა, აღმოჩნდა, რომ რაც მე პირველი პრესკონფერენციის დროს ჩემს კითხვაზე პასუხად მივიღე, აბსოლუტურად იდენტური იყო იმის, რაც ბოლო განცხადებისას მოვისმინე,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჟიჟილაშვილმა. კითხვაზე, თვითონ თუ მიეცა შესაძლებლობა, 27–ში ეს შენიშვნები პირადად მისგან მოესმინა და ვისი საშუალებით შეიტყო მარკერტმა ის, რომ მისი კომენტარის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა, ჟიჟილაშვილი აღნიშნავს: “27 იანვარს პრესკონფერენცია არ გამართულა. ამ დღეს ერთადერთმა ჟურნალისტმა ჩაწერა ინტერვიუ, იქაურმა ელჩმა შეუთანხმა მას და თუ არ ვცდები, “პრაიმ–თაიმის” ჟურნალისტმა ქეთი ხატიაშვილმა ჩაწერა ჟურნალ “ტაბულა”–სთვის. ელჩთან შეთანხმდნენ საელჩოს დონეზე და ჩვენ, როდესაც მე და კიდევ იქ მყოფ ქართველ ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან ერთად გამოვთქვი სურვილი ამ პრესკონფერენციაზე დასწრების, ეს არ აღმოჩნდა პრესკონფერენცია, ეს იყო ერთადერთი ჟურნალისტისთვის შეთანხმებული ინტერვიუ,” – აღნიშნავს ჟიჟილაშვილი. გაზეთ "პრაიმ თაიმის" ჟურნალისტი ქეთი ხატიაშვილი კი უარყოფს იმ ფაქტს, რომ 27–ში პრესკონფერენცია დაგეგმილი იყო მარკერტთან და აღნიშნავს, რომ კომენტარი მან ჩაწერა არა "ტაბულასთვის", არამედ "ინტერპრესნიუსისთვის", ამავე სააგენტოს რედაქტორთან შეთანხმებით. "ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს პრესკონფერენცია უნდა ყოფილიყო, არ არსებობდა. არანაირი შეთანხმება ელჩთან ამ შეხვედრისთვის არ ყოფილა. უბრალოდ, "ინტერპრესნიუსს" მოუწია ინფორმაციის სრული სახით გავრცელება, რომელიც 26 იანვარს მოკლე ვარიანტით გავრცელდა. "ინტერპრესნიუსი" თვითონ იყო დაინტერესებული იმით, რომ ეს კომენტარი მე ჩამეწერა," – განუცხადა "ნეტგაზეთს" ხატიაშვილმა. 26 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობას სააგენტო “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი დიანა ტრაპაიძე იღებს და “ნეტგაზეთთან” კატეგორიულად უარყოფს მისადმი თომას მარკერტის ან წარმომადგენლის პრეტენზიას მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. “მე ვარ ავტორი იმ ინფორმაციისა, რომელიც გამოვაგზავნე რედაქციაში 26 იანვარს მარკერტის ბრიფინგის შემდეგ, დანარჩენზე არ მსურს საუბარი. ფაქტია, რომ სტრასბურგში ჩემთან პრეტენზიით არც თომას მარკერტის პრესმდივანი და არც ევროსაბჭოს პრესსამსახურის არც ერთი თანამშრომელი არ მოსულა,” – აღნიშნვს ტრაპაიძე. რაც შეეხება სიტყვა “აკრძალვას”, ნინო ჟიჟილაშვილი ამ შენიშვნას იღებს, თუმცა დასძენს, რომ მას სტატიაში ეს სიტყვა არ გამოუყენებია. “ბოლო კომენტარში მარკერტმა თქვა ის, რისი თქმაც მას უნდოდა და რაც თქვა პირველ კომენტარში. განმარტა რაღაცეები, რაც მნიშვნელოვანი იყო ყველაზე მეტად და მას არ უთქვამს, რომ ვინმემ იქ რაიმე არასწორად გააკეთა. აბსურდზე ვსაუბრობთ, ვიდეოჩანაწერი არსებობს პირველი კითხვა–პასუხის,” – აღნიშნა ჟიჟილაშვილმა. რა თქვა რეალურად და დაზუსტებით მარკერტმა 26–27 იანვარს, გამოქვეყნდა საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში კი ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ვენეციის კომისიას ჯერ არ შეუსწავლია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რომლიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დამატებით შეზღუდვებს ეხება. “ქართველ ჟურნალისტთა მიერ დასმული შეკითხვების პასუხად ვენეციის კომისიის მდივანმა, ტომას მერკერტმა აღნიშნა, რომ ტექსტი მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების კანონის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, შეიცავდა რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს იმ ტექსტთან შედარებით, რომელიც გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში. ეს ცვლილებები მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ დამატებით შეზღუდვებს. ბატონმა მერკერტმა ვერ შეძლო პოზიტიურად ან ნეგატიურად შეეფასებინა ეს ცვლილებები, რადგან ამისათვის საჭირო იქნებოდა მიღებული ტექსტის საფუძვლიანი შესწავლა ვენეციის კომისიის მიერ, რაც არ მომხდარა,” – გაცხადებულია საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ოფიციალურ ვებ–გვერდზე. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts