planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 /get_img?ImageId=6166 სახელმწიფომ კერძო სკოლების ნაწილს, საჯარო სკოლების ყოფილი შენობები 1 მილიონ ლარად აყიდინა. დახმარებისთვის კერძო სკოლების ნაწილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობას უხდის. უკმაყოფილებას კერძო სკოლების დირექტორების ნაწილი მხოლოდ პირად საუბარში გამოხატავს. კერძო სკოლა „თამარიონი“ ერთ-ერთია იმ კერძო სკოლებს შორის, ვინც 1 მილიონ ლარად თბილისში, საჯარო სკოლის ყოფილი შენობა იყიდა. თემქის დასახლებაში 148-ე საჯარო სკოლაში გადასვლამდე, სკოლა „თამარიონი“ ამავე დასახლებაში, ტექნიკუმის ყოფილ შენობაში იყო განთავსებული. ავტორიზაციისთვის, რომელიც სკოლას 2011 წლის სექტემბერში უნდა გაევლო, საჯარო რეესტრში გატარებული სკოლის საკუთარი შენობა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა უნდა წარედგინა, რაც სკოლის დირექტორის, გულიკო კვიციანის თქმით, სკოლის შეზღუდული ფინანსური რესურსის მიზეზით წარმოუდგენელი აღმოჩნდა. „ზაფხულშივე ყველანაირი იმედი გადაწურული გვქონდა. თუმცა, ერთ დღეს, საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, განათლების სამინისტროდან დაგვირეკეს და, როგორც წარმატებულ კერძო სკოლას, ერთ-ერთ პროგრამაში მონაწილეობა შემოგვთავაზეს. ეს ნამდვილად ღვთის წყალობა იყო, კიდევ ერთხელ, მთელი სკოლის სახელით სამინისტროს მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ ჩვენი სკოლა გადაარჩინა,“-ამბობს „თამარიონის“ დირექტორი. გადარჩენაში სკოლის დირექტორი გულისხმობს იმას, რომ პროექტის მიხედვით, კერძო სკოლებს საჯარო სკოლების შენობები სახელმწიფოსგან 1 მილიონ ლარად უნდა შეესყიდათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლების დირექტორების თქმით, მათ თი-ბი-სი ბანკთან შუამდგომლობა გაუწია და 1 მილიონი ლარი 10 წლიანი კრედიტით გამოატანინა. „სამინისტროს დახმარებით ძალიან კარგი პროცენტით ავიღეთ კრედიტი,“-ამბობს „თამარიონის“ დირექტორი. საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში რამდენიმე თვეა გადავიდნენ. სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად კი, სკოლის დირექტორის განმარტებით, სკოლაში უფასოდ უნდა ესწავლა 20-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს. „ამის გარდა, ხელშეკრულებაში ის ვალდებულებაც გვქონდა, რომ 148-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასევე უფასოდ უნდა ესწავლათ ჩვენთან. ვინაიდან ეს სკოლა რუსულენოვანი იყო, ქართულად სწავლა 200-დან მხოლოდ 27-28 მოსწავლემ გააგრძელა,“-ამბობს გულიკო კვიციანი. სკოლა, სადაც დღესდღეობით, სულ 500-მდე მოსწავლე სწავლობს, ხოლო აქედან, დაახლოებით, 50 მოსწავლე სწავლის გადასახადს (ყოველთვიურად 100 ლარს) არ იხდის, თვეში ბანკის კრედიტის დასაფარად 14 ათასი ლარის გადახდა უწევს. „რა თქმა უნდა, ტვირთად გვაწვება ეს გადასახადი, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, სხვა გზა არ გვქონდა,“-ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში „თამარიონის“ დირექტორი. სხვა კერძო სკოლები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ სამინისტროს პროექტში, არიან კერძო სკოლა-ლიცეუმი „მოძღვარი“, მარი ბროსეს სახელობის სკოლა, რობერ შუმანის სახელობის ევროპული სკოლა, კერძო სკოლა „ფესვები“, „მწვანე სკოლა“ და ა.შ. „მწვანე სკოლა“, რომელიც ამჟამად 134-ე საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 57-ე საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში კი, ამჟამად ოთხი კერძო სკოლაა ფუნქციონირებს. ოთხივე სკოლას სხვადასხვა დირექტორი ჰყავს, თუმცა, ერთ შენობაში განთავსებულ სკოლებს ასევე, საერთო დირექტორი, ხათუნა კერესელიძე მართავს. მან სამინისტროს პროექტის შესახებ ნეტგაზეთთან კომენტარი არ გააკეთა. „მე არ ვიცი, როგორ დაწერთ ამ არაჩვეულებრივი პროექტის შესახებ, რომელიც სამინისტრომ განახორციელა, ამიტომ ვერ მოგცემთ ვერანაირ ინფორმაციას იქამდე, სანამ არ გავეცნობი თქვენს გაზეთს,“-განუცხადა ნეტგაზეთს ხათუნა კერესელიძემ. 2011 წლის აგვისტოში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი გაზეთ პრაიმ-თაიმთან ინტერვიუში პროექტის შესახებ აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი სკოლებში კერძო ინვესტორის მოყვანას გულისხმობს და მისი მიზანია, იმ კერძო სკოლებმა, რომელთაც შესაბამისი ინფრასტუქტურა არ გააჩნია, ეს საკითხი ასეთი საშუალებით მოაგვარონ. პროექტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის განთავსებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts