planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 არ ვიცი, იცნობთ თუ არა სტივენ კინგს როგორც ავტორს, მაგრამ მისი წიგნის მიხედვით გადაღებული ერთი საშინელებათა ფილმი მაინც რომ არ გქონდეთ ნანახი წარმოუდგენელია. სტივენ კინგი პირდაპირ ასოცირდება და სინონიმია სიტყვისა ჰორორი. მან თაობები შეაშინა და ამ ,,მავნე ჩვევას“ დღესაც არ ანებებს თავს. კინგის ფენომენი ამოუხსნელია, მისი აზრთა სვლა ადამიანის ტვინის ყველაზე ბნელ კუნჭულებშიც კი აღწევს და ყველაზე ცივსისხლიანსაც კი შეაზანზარებს. ვინ არის ის? დამთხვეული შიზოფრენიკი, რომელიც სიცოცხლეში ვერ ახორციელებს იმას, რასაც წერს, თუ ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმად მცოდნე ექსპერიმენტატორი, რომელიც ჩვენს გონებას ეთამაშება და ცივ ოფლს გვადენს. იქნებ წერა მისი თერაპიაა, რათა თავად გათავისუფლდეს შიშისაგან და სამაგიეროდ სხვა დააავადოს პარანოიით. ერთი რამ კი ფაქტია, კინგი კარგად იცნობს ჩვენს ყველა ფობიას და ამას შესანიშნავად იყენებს. ლათროფობიით ხარ შეპყრობილი? –ის პირდაპირ ფსიქოპატ მკვლელ ექიმს გადაგყრის; ერითროფობია გაქვს? –ინფრა წითელი შუქებით განათებულ ოთახში გამოგკეტავს; ცენოფობია გაქვს? – გაუკაცრიელებულ ქალაქში ამოგაყოფინებს თავს. ძალიან ცდები თუ ფიქრობ, რომ ის ბნელი სარდაფითა და ღამის წყვდიადით შეგაშინებს? სულაც არა, კინგი დღისით, მზისით და ყველაზე უვნებელ ადგილას მოაწყობს ისეთ საზარელ მკვლელობას, რომ სახლიდან გასვლის შიში კარგა ხანს აღარ დაგტოვებს. აბა წარმოიდგინე, რომელია ამქვეყნად ყველაზე უწყინარი, საყვარელი და სასაცილო არსება? რაღა თქმა უნდა ცირკის კლოუნი, მაგრამ ხვდები კი რა საზარელი ჟლეტა შეიძლება მოგიწყოს ამ უწყინარმა პერსონაჟმა? (IT) იცი კი ვინ იმალება კლოუნის გრიმს უკან? სკოლაში, თანაკლასელების დაცინვის ობიექტი ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც გამხდარა. ეს ამაზრზენი ხარხარი, რომელიც ყურში გიწუის, ძლიერდება და ძლიერდება, შენ თვალთ გიბნელდება, გინდა მიწა გაგისკდეს და შიგნით ჩავარდე, ოღონდ მორჩეს ეს ყველაფერი და აღარ გაიგო მათი ხმა, ან…………… მან უკვე იცის რაც გაივლე შენს პატარა, ბნელ ტვინში (carrie). კინგი კარგად აცნობიერებს აფექტური მდგომარეობის მთელ ხიბლს, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით არაფრისმაქნისი მოსწავლე დაუნდობელ ყასბად აქციოს. მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას? ამას გავბედავდი? სადამდე წავიდოდი? –კინგი გაიძულებს იფიქრო ამაზე და შენი ცნობიერების ყველაზე მიუვალი, დაკეტილი კარი გამტვრევინოს. მაინც რა გაიძულებდა სიცოცხლის სუიციდით დასრულებას? რამდენად აუტანელი უნდა იყოს შენი ყოფა, რომ ამ ზღვრამდე მიხვიდე და გადალახო იგი? უკაცრიელ კუნძულზე რომ მოხვდე და გადარჩენის არავითარი შანსი არ გქონდეს, საკუთარი სხეულის ნაწილებს შეჭამდი? (survivor type). და ბოლოს, ორი კეთილი რჩევა გამოცდილი ,,ბოროტმოქმედისგან“ : ძილის წინ კარგად მოათვალიერე საწოლი ოთახი და საბანი კარგად ამოიკეცე ფეხებქვეშ. რა იცი, რომ რამე მწვანე, ბანჯგვლიანმა არსებამ არ გტაცოს ფეხში ხელი?! და მეორე: ნუ იქნები ზედმეტად ცნობისმოყვარე და ნუ შეიხედავ ახალგადმოსული მეზობლის ფანჯრებში, რომელსაც შესაძლოა, თავისთვის, უწყინარად სძინავს კუბოში, რადგან იმ ღამეს, შეიძლება დაუპატიჟებელი სტუმრები თავად გეწვიონ. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts