planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს სავაჭრო პალატაში გაწევრიანებული ბიზნეს ორგანიზაციებისა და ბიზნესმენების ჩართვას სამინისტროს პროექტში „სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე“ (summer jobs). მემორანდუმის თანახმად, სამინისტრო დაინტერესებულ სტუდენტებს კერძო სექტორში არსებული სამუშაო ადგილების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდის. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად ჩაერთვება სტუდენტთა დასაქმების პროექტში და მონაწილეებს სამუშაო ადგილებს სავაჭრო პალატაში გაწევრიანებულ კომპანიებსა და მეწარმე ფიზიკურ პირებთან შესთავაზებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდებისათვის დროებითი სამუშაო ადგილების შექმნა სტუდენტთა მოტივაციას აამაღლებს, უზრუნველყოფს პიროვნული პოტენციალის რეალიზებას, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას, გაზრდის კერძო სექტორში კონკურენტუნარიან გარემოს და სახელმწიფოს ჩართულობას კომპანიებსა და მეწარმე ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, უპრეცედენტო პროექტში მონაწილეობა სტუდენტებს მომავალი საქმიანობის განსაზღვრაში დაეხმარება. ასევე სტუდენტები თავიანთ შესაძლებლობებს მოსინჯავენ, შრომის გამოცდილებას მიიღებენ და გარკვეული ანაზღაურებაც ექნებათ. კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ბიზნესმენებს კარგი შესაძლებლობა ექნებათ იპოვონ ადამიანები, რომელთაც შემდეგ თავიანთ ბიზნესში დაასაქმებენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტური დასაქმების პროგრამაში – „summer jobs“ მონაწილეობა 25 ათასს სტუდენტს შეეძლება. კერძო სექტორის გარდა, მათ სახელმწიფო სტრუქტურებშიც დაასაქმებენ. სტუდენტთა რეგისტრაცია სტუდენტური დასაქმების პროგრამისა და სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge 15 მარტიდან დაიწყება და 15 მაისამდე გასტანს. სტუდენტები მათ მიერ არჩეულ სხვადასხვა საზაფხულო სამუშაოებზე 20 ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში დასაქმდებიან. მათი ანაზღაურება 500 ლარი იქნება. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts