planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 ##image#7259#1#ამონარიდი მომცრო ზომის ბლოკნოტიდან: ომში ყველაფერი ცუდია, ერთის გარდა – იქ, საინტერესოა ცხოვრება. გოგი ცაგარელი გოგი ცაგარელი 64 წლისაა. რაც კი თავი მახსოვს, მგონი სულ ასეთია: დიდი სათვალით და თეთრი თმით. ახლა, როდესაც ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობს, მთელ დღეებს სახლში, ფოტოებთან ატარებს: ბეჭდავს, ამუშავებს, ახარისხებს. ბევრი ლაპარაკი და დიდი კამპანიები არასდროს უყვარდა. ამიტომაც ხშირად უარით ისტუმრებდა ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტებს. მიუხედავად იმ ტკივილისა და სიმძიმეებისა, რომელშიც მისი პროფესიის წყალობით ხშირად აღმოჩენილა, სენტიმენტალური არასდროს ყოფილა. არც ახლაა. ვერც – „ასაკი მაინც თავისას იზამს” შვება რამეს. სენტიმენტები, აქ სრულიად უადგილოა. გოგი ცაგარელის ობიექტივში ომს და სიკვდილს ბევრჯერ გაუელვებია. მისი ფოტოებით ბოლო ათწლეულების შესწავლა შეიძლება – ეს ერთგვარი მატიანეა. 80-იანების ბოლოს გადაღებული აღლუმების და საბჭოთა ჯარის სერიებში გრძნობ იმას, რაზეც ხმამაღლა არავინ საუბრობდა და რაც არსად იწერებოდა – სადღაც, ბნელ კუთხეში შეყუჟულ საფრთხეს და უცნაურ, აუხსნელ ფორიაქს. 90-იანები კი ახალი ეტაპია: მიტინგებით, სივრცის გარღვევის სურვილით და უსასრულო ომებით: სამამულო, აფხაზეთი, ცხინვალი, ყარაბაღი, ჩეჩნეთი. ადრემეორე მსოფლიო ომის შემდეგ,1946 წელს ცაგარელების ოჯახმა ბინა რუსთაველზე, კადეტების კორპუსში მიიღო. მამა – მიხეილ მათეს ძე ცაგარელი, მეორე მსოფლიო ომის დროს მფრინავი იყო. სახლი, რომელშიც სამხედრო პირები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ, ერთ დიდ საერთო საცხოვრებელს წარმოადგენდა: საერთო საკვანძო ოთახებითა და სამზარეულოთი. მობინადრეებს შორის მფრინავები არც ისე ბევრნი იყვნენ. ამიტომ, თავიდანვე რაღაც კასტასავით ჩამოაყალიბეს: იკრიბებოდნენ, იხსენებდნენ, ხუმრობდნენ. ცაგარელების სართულზე, საბჭოთა კავშირის გმირი ცხოვრობდა. გმირთან სტუმრობა ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო. ამას, ერთი ბანალური, მაგრამ ფრიად მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა – გმირი ერთადერთი გახლდათ მთელ სახლში, ვისაც ტელევიზორი ჰქონდა. მოლაპარაკე ადამიანებით სავსე ოთხკუთხედი ყუთის ნახვის და ყურების უფლება კი, მხოლოდ მას, მფრინავ მიხეილ ცაგარელის ვაჟს ჰქონდა. ##image#7260#1#ცაგარელების პრივატული სივრცე ორად გაყოფილ პატარა ოთახს წარმოადგენდა. ერთი ბავშვებს – გოგის და მის უფროს დას, ლალას ეკუთვნოდათ, ხოლო მეორე – მშობლებს. წვიმიან დღეებს დერეფნებში, პინგ-პონგის თამაშსა და ველოსიპედით გრიალში ატარებდნენ. საშინლად ბევრი ბავშვი იყო, ასამდე მაინც, ფუტკრებივით ვირეოდითო. ისევე როგორც დღევანდელი – მაშინდელი, პატარა გოგი ცაგარელიც სათვალით დადიოდა: მრგვალი ფორმის სქელ ჩარჩოს ველოსიპედს ეძახდნენ. კლასში, დაბალ ხმაზე არაერთხელ გაუგია – ვეეელოოოსიიი… მფრინავ მამას შვილისთვის ომზე თითქმის არაფერი მოუყოლია. მარტო ერთხელ, როდესაც მამის შვეიცარიული საათის დაზიანებული შუშა ნახა და იკითხა, მოკლედ აუხსნეს, რომ შუშა დაზიანდა, რადგან თვითმფრინავს ცეცხლი მოეკიდა, ყველაფერი იწვოდა და რომ… მამამ მოასწრო თვითმფრინავის დასმა და… მოკლედ. სამხედრო სამსახურის შემდეგ მამამ აეროპორტში დაიწყო მუშაობა. დილით უთენია გადიოდა და უკან გვიან ბრუნდებოდა. ანუ სახლში მაშინ იყო, როცა ბავშვებს ეძინათ. მის აღზრდაში დიდი როლი დამ შეასრულა. ის ასწავლიდა მაგიდასთან ჯდომის წესებს, დანა-ჩანგლის დაჭერას, სწორად მოქცევას… 8 წლით უფროსი იყო! სამხედროების კორპუსში რუსები ცხოვრობდნენ და, რა თქმა უნდა, ყველა რუსულად ლაპარაკობდა. დედა ჩრდილო ოსეთიდან იყო. მართალია, ქართული იცოდა, მაგრამ რუსულად უკეთ საუბრობდა. ერთ დღეს მამამ სიურპრიზი აღმოაჩინა, მისი ვაჟი სრულებით ვერ ლაპარაკობდა ქართულად. უფრო მეტიც – არც ესმოდა. ამიტომ, გოგის სასწრაფოდ გამოუწერეს ყოველი ზაფხულის მამის ნათესავებთან, ქუთაისში გატარება. მიუხედავად ქუთაისში საზაფხულო-გამოსასწორებელი ხასიათის სტუმრობებისა, ქართული მისი ოფიციალური ენა მაინც ვერ გახდა – უკვე დიდი ვიყავი და აქცენტი ვერ გადავლახეო. სამშენებლოზე ჩააბარა, სანტექნიკის ფაკულტეტზე – ვერ გეტყვი, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო, მაგრამ ასე მოხდაო. მერე მომავალი მეუღლე გაიცნო, ირაკლიც გაუჩნდათ და ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, ხელში ცოლის ფოტოაპარატი – ზენიტი აიღო, ირაკლის გადავუღებო. ირაკლის გადაღებით დაწყებული ამბავი დღემდე გრძელდება. ფოტოგრაფია ისაა, რაც გოგი ცაგარელმა 32 წლის ასაკში აღმოაჩინა. „როდის, ამას არა აქვს მნიშვნელობა, – მეუბნება მისი მეგობარი და კოლეგა გურამ წიბახაშვილი, – რომ არა 32 წლის ასაკში, ის მაინც მივიდოდა ფოტოგრაფიამდე, 35-ის, 40-ის, მერე”. ##image#7261#1#ომებიგურამ წიბახაშვილი: “გოგი ერთადერთი ქართველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც აფხაზეთის ომი გადაიღო. როგორც კაპა მიდიოდა გადასაღებად, ზუსტად ისე წავიდა, ფოტოგრაფიულად იომა და ჩამოვიდა. გოგი ყოველთვის მეუბნებოდა რომ ომი ადვილი გადასაღებია. რადგან ამ დროს ყველაფერი ზედაპირზე ამოდის, შენ უბრალოდ თითი უნდა აჭირო ღილაკსო”. ომში წასვლა არავის დაუვალებია. მარტივია, პასუხისმგებლობას არავინ აიღებდა საკუთარ თავზე. ეს, შენი არჩევანი იყო. არჩევანი, რომელსაც რედაქტორები სიხარულით დათანხმდნენ. არ ვიცი, შეიძლება სულაც ერთხელ წასვლას გეგმავდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აფხაზეთის 12-თვიან ომში, ფოტოგრაფმა გოგი ცაგარელმა 3-4 თვე გაატარა. ამონარიდი რვეულიდან: “ხაინდრავას ფილმი ვნახე. ამ ფილმმა გამახსენა ის ისტორია, რაც ომის მერე, 2 წლის შემდეგ დამემართა. ტელევიზორში აჩვენებდნენ ომის კადრებს, საბრძოლო მოქმედებებს. ტელევიზორის წინ სრულ უსაფრთხოებაში, ვიგრძენი საზიზღარი, წებოვანი, პანიკური შიში. არადა, აფხაზეთში გადამიღია მსგავსი სიტუაციები, ჩვეულებრივ შიშს ვგრძნობდი ხოლმე, რომელიც მუშაობაში ხელს არ მიშლიდა და რომელსაც ომში თითქმის ყოველთვის გრძნობ. შიში, რომელსაც ეჩვევი და რომელიც სრულებით არ მოქმედებს შენს ქცევაზე. და აი აქ, ახლა, ტელევიზორის წინ, კინაღამ მოვკვდი შიშისგან”. ამას პოსტტრავმატული შიში ჰქვია. ეს ადამიანში დარჩენილი გრძნობაა, რომელიც არ იყო გარეთ გამოსული. გაგივლის – მოგვიანებით ასე აუხსნა ექიმმა. ##image#7262#1#აფხაზეთამდე, პირველი ნამდვილი ომი თბილისის იყო. დილის 7 საათზე დაურეკეს – გოგი, დაიწყოო. ტაქსიმ შორს გაუჩერა. რუსთაველი ფეხით გაიარა და კავშირგაბმულობის სახლთან გაჩერდა, რამდენიმე ფოტოგრაფი დაინახა. ფოტო უნდა გადაეღო, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ ვერ შეძლებდა – ხელები უკანკალებდა. არ ახსოვს ზუსტად რაზე ფიქრობდა, მაგრამ ხელებს ვერ აჩერებდა. ამიტომ მუხლზე დადგა, ცალი ხელით აპარატი მოიმარჯვა, მეორის იდაყვი მუხლს დააყრდნო და ობიექტივში გაიხედა. კანკალი მალე გავიდა, აღარასდროს დაბრუნებულა. შიშით შეშინებია, მაგრამ კანკალი? არასდროს. ასე დაიწყო ომები. სოხუმში გვარდიასთან ერთად შევიდა. როდესაც მიხვდა, რომ ქალაქი აფხაზებისგან დაცლილი იყო, ჯარს ჩამოშორდა და მარტომ დაიწყო ბოდიალი. თბილისში მხოლოდ დროდადრო, გადაღებული მასალის ჩამოსატანად ბრუნდებოდა, 2 კვირა ჩერდებოდა. ამ დროს არაფერს აკეთებდა, არაფერს იღებდა. ვერ ვიღებდიო. მერე, ისევ უკან მიდიოდა. რატომ? ამაზე პასუხი არც გოგის აქვს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც უკან ბრუნდებოდნენ. ადრენალინი? სისულელეა, არა, ეგ არაფერ შუაშიაო. მაგრამ რატომ? პასუხი მაინც არ არის. შენ, უბრალოდ, ბრუნდები უკან. თვითმფრინავში ადგილები მუდამ დაკავებული იყო: სამხედროები, სამოქალაქო პირები, დაჭრილები… ზოგიც ფეხზე იდგა. ხშირად უმგზავრია ასე, ფეხზე, ხელებით რაღაცაზე მოჭიდებულს. ეგ არაფერი, თვითმფრინავები გაუმართავ მდგომარეობაში დაფრინავდნენ, ჰოდა, მთავარი სირთულე დაჯდომისას იწყებოდა, როდესაც კაბინიდან მფრინავი გამოვარდებოდა და ყვიროდა: აბა, ყველა კუდისაკენ, კუდისაკენ! თვითმფრინავის კუდში მიქუჩდებოდნენ ხოლმე. სწორედ ასეთ დროს ხვდები რა უსუსური ხარ, რომ შენზე არაფერია დამოკიდებული. როდესაც გარშემო ისვრიან, იქ იმას მაინც ფიქრობ – რას ამოეფარო, სად დაიმალო. აქ კი… ცხოვრებაში პირველად, თვითმფრინავში ილოცა. სოხუმის დაცემაზე ჯერ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. უბრალოდ გაუკვირდა, როდესაც თვითმფრინავზე – აღარ დაფრინავსო – მიიღო პასუხად. მაინც წავიდა. თბილისი-კოპიტნარი და იქიდან ოჩამჩირე. სოხუმში მოხვედრას რომ ვეღარ შეძლებდა, ამას იმ დღესვე მიხვდა, როდესაც ყარყარაშვილის და მისი ჯარისკაცების სახეები დაინახა – ბევრნი იყვნენ, სანაპიროს მოუყვებოდნენ. ##image#7263#1#29 სექტემბერს, ოჩამჩირიდან ბოლო მატარებლით წამოვიდა. გზად ჯარისკაცები ამოვიდნენ. ყველა დაჭრილი იყო. ერთი კი, მის წინ იჯდა და შეუჩერებლად ბუტბუტებდა – 100 ვიყავით, 25 დავრჩით, 100 ვიყავით, 25 დავრჩით. ბოლოს, ოფიცერმა მაგრად შეუყვირა. გაჩუმდა. “ადამიანი, რომელმაც იცის, რომ შეიძლება მოკვდეს, აღარ იწყებს პრანჭვას. წვრილმანი ყველაფერი გტოვებს და შიშველი რჩები. ის ნამდვილი ხდება. კარგი უფრო კარგი, ცუდი – უფრო ცუდი. კვალი? ალბათ სიცოცხლე-სიკვდილს სხვანაირად უყურებ. იაკ 40-ით მოვფრინავდით. მიცვალებული ჯარისკაცი იწვა გადაწოლილ სკამებზე, ილუმინატორთან. გვერდზე 15 წლის ბიჭი ეჯდა, რომელიც ჩუმად ტიროდა. მისი ძმა იყო. ბიჭის თავთან, ფეხზე ვიდექი. გარშემო კი მთვრალი ჯარისკაცები იცინოდნენ, ერთობოდნენ, სახლებში ბრუნდებოდნენ! ადრე მიკვირდა, როდესაც ტელევიზიით ომში ჩართულ ქვეყნებს ვუყურებდი, არ მესმოდა როგორ შეიძლება ომთან ერთად იცხოვრო, გიყვარდეს… ჩვეულებრივი რამ ყოფილა. ჩვენც ასე ვიყავით. დავბრუნდებოდი თუ არა? არა. სენტიმენტალური ნამდვილად არ ვარ, მაგრამ თუ ოდესმე დაგვილაგდა ურთიერთობა, საქმეზე წავალ. ისე არა, სიამოვნებას ვერ მივიღებ”. აფხაზეთის ომის შემდეგ დიდი ხანი ვერაფერს იღებდა. ნახევარი წელი თითქმის სულ სვამდა. არაფრის გადაღება არ უნდოდა – ყველაფერი ძალიან უინტერესოაო. ეს გრძელდებოდა მანამდე, სანამ არ გამოჩნდა ყარაბაღი და ჩეჩნეთი. ##image#7264#0#იყო დრო…იყო დრო, როდესაც სახლის კედლებზე ომში გადაღებული ფოტოები ჰქონდა გაკრული. ახლა კი ომს, ცაგარელების ბინაში მხოლოდ ერთი, პატარა კუთხე უკავია. სახე არ მოჩანს, მაგრამ მიყვება, რომ ეს ჩეჩენი ლაბაზანოვის ერთ-ერთი ბოევიკია. კადრში იარაღით ასხმულ გულმკერდს ხედავ. დაღუპული იქნებაო – მითხრა, სადღაც გამოუცხადებიათ, ლაბაზანოვის მთელი პირველი შემადგენლობა დაღუპულა. კაცი ვიოლონოთი კი ბორისია. იმ დღეს ბევრს მარხავდნენ. ბორისი სასაფლაოზე დადიოდა და უკრავდა. ყარაბაღის ომში შვილი დაღუპვია. ჯერ მისთვის უკრავდა, მერე კი, ყოველდღე ამოდიოდა და ყველა გარდაცვლილისთვის, რაიმე სევდიანს დაუკრავდა ხოლმე. საპონი, ტუალეტის ქაღალდი და ჯაგრისი – ასე გამოდიოდა ყოველდღე სახლიდან. არაფერს გეგმავდა, მაგრამ ეს იყო დრო, როდესაც სადილზე გასულმა არ იცოდი, სად ამოყოფდი თავს. რომ ჰკითხო, როგორ გადარჩა ამდენ ომში, გიპასუხებს – არასდროს მიფიქრია ცუდზეო. მართალია, ერთხელ გვერდზე ზარბაზანმა უეცრად გაისროლა და მეორედ, თმებით იგრძნო რიკოშეტით წამოსული ტყვია, მაგრამ არაფერი, ცოტა ხნით ჩაიკეცა – ფეხები თითქოს ბამბის გამიხდაო, მერე წამოდგა და გზა განაგრძო. „იყო დრო, ძალიან ვამაყობდი და თავი მაგარ რეპორტიორად მომქონდა. არასდროს გადამიღია მზის ჩასვლა-ამოსვლები-მეთქი. სისულელეა. უნდა გადამეღო. ლამაზია”. მერე ანუ ახლამერე დიაბეტმა ბევრი რამ გააფუჭა. გულზეც დაეწყო პრობლემები. 2002 წელს ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ მალე ისევ საოპერაციო გახდა. რადგან წელიწადში რამდენჯერმე სჭირდებოდა საავადმყოფოში დაწოლა, ვერსად იმუშავებდა. თავად გადაწყვიტა ასე – უხერხული იქნებოდა, მუშაობა დამეწყო და მერე უცებ, ვინმესთვის იმედები გამეცრუებინაო. 2008 წლის 30 ივლისს ინფარქტი ჰქონდა. ომს საავადმყოფოში, პალატაში შეხვდა. ირაკლის პატარა მიმღები მოატანინა. რადიოთი უსმენდა. ავადმყოფობის გამო დოკუმენტური ფოტოგრაფია ცოტა ხნით დაივიწყა. ახალი გატაცება იპოვა – ძველი ტექნოლოგიებით ფოტოების გამჟღავნება-დაბეჭდვა. ყიდულობდა აკვარელის ქაღალდს, კვერცხის ცილით ამუშავებდა და ხდიდა მას შუქმგრძნობიარეს, ჩარჩოსაც დაშუქებით აკეთებდა… თითო ფოტოს 2-3 დღე მაინც მიჰქონდა. ერთ კედელზე აკუმულირებული ომის გვერდით, მთელ ოთახში, ამ ტექნიკით შესრულებული ნატურმორტებია ჩამოკიდებული. არ უნდა ჰკითხო რომელი მოსწონს უფრო და, მით უმეტეს, სად არის გოგი ცაგარელი. აი, იქო, გეტყვის და ხელს იმ ერთი კედლისკენ გაიშვერს. ##image#7265#1#აღარ მიკითხავს როგორ გამოიარა ამდენი ომი ადამიანმა, რომელსაც დაავადება სჭირს; რასაც თავად, ფსიქოზს უწოდებს. ჯარის მერე დაემართა. სულ იბანს ხელებს, სულ. და ეს მარტო საჭმლის მიღებას არ უკავშირდება – „ჩემს კარდიოლოგთან რომ მივდივარ, ხელებს იბანს და მიჩვენებს – აი, ნახე, დავიბანეო”. გურამ წიბახაშვილისგან კი დიდი ხანია აღარ მოაქვს ის წიგნები, რომლებიც კიბეებზე უწყვია და მის სახელოსნოში, პერსონალური პირსახოციც კი აქვს. არ უყვარს მობილური ტელეფონი – ასე მგონია, ვიღაცას თოკით ვუჭერივარ. ავადმყოფობის გამო, მხოლოდ ცოლის დაჟინებული თხოვნით ავიღეო. არ უყვარს კეპი – ფოტოგრაფებს გვერდითი ხედვა აქვთ განვითარებული და კეპი მზღუდავსო. არასდროს უსწავლია და უსწავლებია ფოტოგრაფია – თვლის, რომ ის, უბრალოდ, არ ისწავლება. ადრე თავისუფლად შეეძლო თუნდაც ღამის 2 საათზე მისულიყო ვინმესთან, გაეღვიძებინა და ეთქვა – გამარჯობა, უნდა გადაგიღო. ახლა კი… იმ დღეს დეზერტირებში იდგა და 30 წუთი კამერა ვერ ამოიღო, ეტყობა გადავეჩვიეო – ხალხთან კონტაქტი ადრე უფრო მიადვილდებოდა, არც კი ვფიქრობდი მათ რეაქციაზე. ახლა უფრო და უფრო რთული ხდება, უხერხულია მათი შეწუხებაო. უყვარს შუა საუკუნეების იაპონური პოეზია და პროზა. ძალიან ხატოვანია, რასაც კითხულობ, იმას თვალნათლივ ხედავო. ფოტოგრაფიას ადარებს. ყველაზე კომფორტულად თავს სახლში გრძნობს. ფოტოებზე უნდა მუშაობდეს. აი, მაშინ “შტაბშია”, თავის “შტაბში”. ახლახან პატარა კამერა იყიდა. დოკუმენტურ ფოტოს დავუბრუნდიო. ისეთი პატარაა, რომ ამით არავინ აღმიქვამს სერიოზულად და ქუჩის გადაღებებისთვის გამომადგებაო. ლაბორატორია საძინებელში აქვს. უფრო სწორად, საძინებელი აქვს ლაბორატორიაში. საწოლის თავზე მეგობრების: გურამ წიბახაშვილის, იურა მეჩითოვის, ალექსანდრე სააკოვის და მიხეილ ნასბერგის ნაჩუქარი ფოტოები კიდია. საწოლის გვერდზე მაგიდაა, რომელსაც ასაწყობი ლეგოსავით რაღაცები ეშლება-ეზრდება და დიდდება. ზედ გრძელი გამადიდებელია მიმაგრებული. კარზე აკრული ქაღალდი, გარედან შემოსული სინათლისგან იცავს დასაბეჭდად გამზადებულ ფოტოებს. აქვე, კედელზე წითელი შუქი აქვს დაყენებული. ამ ფოტოზე მისი ოცნების სახლია, მანგლისშია გადაღებული – ნისლი, ტყე და ქვით ნაშენი ძველი სახლია. ფასიც გაიგო, მაგრამ ძვირიაო. მოპირდაპირე მხარეს კი, მამაკაცის შავ-თეთრი ფოტოა. შავ-თეთრიც არაა, სიძველისგან თითქმის სულ ყვითელია. წარმოსადეგი გარეგნობა აქვს. შეიძლება ცოტა მკაცრიც. ტყავის ქურთუკში და თხელ ტყავის ქუდშია, მფრინავის სათვალით შუბლზე… მასთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია. არ უმეგობრიათ. ის თითქოს დგამდა რაღაც ნაბიჯებს, ეს კი… ნაკლებად, თითქმის არა. ამას ახლა ხვდება, როცა თვითონ გახდა მამა. მაგრამ, იცი რა, ამ ბოლო დროს ხშირად იჭერს ხოლმე საკუთარ თავში მის ჟესტებს, მანერებს. რა ვიცი, საიდანღაც მოვიდაო… თითქოს დაემსგავსა კიდეც. თან, მამის არ იყოს, ისიც იბრძოდა, ოღონდ სხვანაირად. ფოტოგრაფიულად. ჩუმად. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts