planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები გაიხსენა. “ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე, ჩვენ ვართ ევროპელები”, – განაცხადა მან და გამოსვლის დასაწყისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ჟან-კლოდ მინიონს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. “ინტერპრესნიუსი” სტრასბურგიდან საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშაძის გამოსვლამდე ასამბლეას სიტყვით თავად ჟან-კლოდ მინიონმა მიმართა და აღნიშნა, რომ ევროსაბჭო მხარს უჭერს რეფორმებს საქართველოში. “მნიშვნელოვანი წლებია წინ – ორი არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის”, – განაცხადა მინიონმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ევროპული უსაფრთხოებისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ევროსაბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. “ჩვენ შევძელით საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლება. დღეს ჩვენი ქვეყანა არის რეგიონის ლიდერი. მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და არჩევნებისადმი ნდობა გავზარდეთ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან. მან ისაუბრა კორუფციის მოსპობაზეც , ქვეყნის დეკრიმინალიზაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიული გარდაქმნების მაგალითია. “2008 წელს ვინმეს რომ ეთქვა, ჩვენ ასეთ სიმაღლეზე ავიდოდით, ვერ დავიჯერებდი. თუმცა წინ დიდი საქმეები გველის იმისთვის, რომ შემდგომი გზაც იყოს წარმატებული”, – აღნიშნა ვაშაძემ. საგარეო საქმეთა მინისტრი გამოსვლის დროს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების დაწყებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასაც შეეხო. “მას შემდეგ, რაც ვფიქრობთ დემოკრატიის გამყარებაზე, ვხვდებით, რომ უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტის გარეშე ეს მიუღწეველია. საქართველო პარტნიორია, რომელიც უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მიმწოდებელიცაა. რუსული აგრესიის მსხვერპლია უამრავი ადამიანი საქართველოში, ამიტომ გვჭირდება ეფექტური ურთიერთობები. საქართველო მხარს უჭერს ევროსაბჭოს რეფორმებს, მაგრამ ჩვენი აზრით, უფრო ამბიციური გეგმაა საჭირო. საჭიროა ცვლილებები ევროსაბჭოს მუშაობაში, რომ გადაუწყვეტელი საკითხები აღარ გვქონდეს”,- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. ვაშაძემ პასუხი გასცა ჰოლანდიელი დეპუტატის კითხვას რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის თაობაზე. მინისტრის თქმით, თბილისი არასოდეს ამბობს უარს მოლაპარაკებებზე. “ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, მაგრამ პირველ რიგში უნდა გავიგოთ მოლაპარაკებების მიზანი, როგორი სტრუქტურა ექნება მოლაპარაკებებს”,- აღნიშნა ვაშაძემ. ევროსაბჭოს კიდევ ერთი დეპუტატი დაინტერესდა, როგორ შედგება დიალოგი, როცა რუსეთი საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს. “რუსეთის ხელისუფლებას არ სურს, საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას ესაუბროს. 2012-2013 წლების არჩვენების შემდეგ, როდესაც ახალ ხელისუფლებას აირჩევენ, გარწმუნებთ, რომ რუსეთი მასაც არ დაელაპარაკება, ვინაიდან, ოკუპირებული რეგიონების აღიარებით რუსეთმა თავი კატასტროფულ იურიდიულ ჩიხში მოიქცია”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts