planetanews Posted June 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2011 5 წლის წინ აღმოვაჩინე პროექტი Dear me. და 5 წელია ვგეგმავ, წერილი მივწერო საკუთარ წარსულ მე-ს, თუმცა სანამ ნატოშამ არ შემაჯანჯღარა, ვერ მოვაბი თავი. მოკლედ, გადავწყვიტე – 10 წლის წინანდელ, ანუ 15 წლის დოდკას ვწერ წერილს, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ “დოდკა” გახდებოდა. დოდი, დიდი ხანია შენთვის წერილის მოწერას ვაპირებ და აქამდე ვერ მოვახერხე. უცნაურია, ნებისმიერ ადამიანს უპრობლემოდ სწერ წერილს, საკუთარი წარსულისადმი კიდევ ცოტა ჭირს… ვიცი, რომ ვერ გამიგებ მაინც, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. თავს გადააქნევ და იტყვი, რომ “არ მინდა ასეთი ვიყო”. და შეეცდები შეცვლას, მაგრამ ვერაფერსაც ვერ შეცვლი შენ ახლა ჩემში – იმიტომ, რომ მე უკვე აქ ვარ. შენი ყველაზე დიდი ოცნება ახლა ჟურნალისტობაა. რომ იცოდე, მაგაზე სულელური ოცნება არ გქონია არასდროს. მაგაში სადღაც ორ წელიწადში დარწმუნდები, მერე რამდენიმე წელი კიდევ ჭერში ბუზებს დაითვლი და გეგონება, რომ არაფერი გაინტერესებს, გეგონება, რომ ვერასდროს იპოვი შენთვის საინტერესო პროფესიას და გზას ცხოვრებაში. მაგრამ მინდა დაგაწყნარო, იპოვი – ძალიან კარგს, საინტერესოს, სასარგებლოს და თან ეს თავისით მოხდება, შენგან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ჰობი, რომელიც შენს თანამედროვე საქართველოში არც კი გაუგიათ, შენს საქმიანობად იქცევა. თან გულის სიღრმეში ხომ ისედაც იცი, რომ არსად დაიკარგები. აბსოლუტურად არ აქვს აზრი, სად ჩააბარებ და ტყუილად იტეხ თავს. ასევე ტყუილად დააბრალებ ელზას, რომ არასწორი გზა აგარჩევინა – სწორი გზა საერთოდ არ არსებობს შენს შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარი, შენი მომავალი პროფესიის შესახებ შენ კი არა, მსოფლიოში არ სმენიათ. სწორედ ამ წლიდან, როცა ამ წერილს კითხულობ, იწყება ძვრები ამ მიმართულებით და საქართველოში კიდევ რამდენიმე წელი არ ჩამოაღწევს. დიპლომი აგერ 25 წლის ვარ და ჯერ კიდევ არაფერში გამომიყენებია, თუმცა უნივერსიტეტის დამთავრებას იმდენად ცოტა ძალისხმევა უნდა შენგან – უბრალოდ ჩათვლებზე მისვლა, რომ ცუდი არ იქნება, თუ არ მიაგდებ იმ გულისაცრუების პერიოდში. მართლა არაფერში გამოგადგება კიდევ კარგა ხანი, მაგრამ ეგდოს მაინც სახლში. არ ვიცი, რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ შენი შვილი ბიჭი იქნება – ეტყობა მაინც მოვიდა ეს წერილი შენამდე. მართალი ხარ, ბიჭი იქნება, ჯანმრთელი, ჭკვიანი და ძალიან საყვარელი. თუმცა იმაში ცდები, რომ უმამოდ გააჩენ – თუნდაც იმიტომ, რომ ჭკვიანი გოგო ხარ და კონტრაცეპციის ყველა მეთოდის ჩამოთვლა შეგიძლია ძილშიც. შვილს კიდევ ძალიან კარგი მამა ჰყავს. ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი ქმარია, ან შენ ხარ იდეალური ცოლი. შენ ამაზე უკვე იწყებ ფიქრს: გადასარევი ოჯახები, ანუ გადასარევი ქმრები და იდეალური ცოლები ზოგადად არ არსებობენ და მაინც ყველა ოჯახს ერთი ბედი უწერია. მაგრამ მართლა კარგი მამაა. ისე ზოგადად კიდევ უამრავი წარუმატებლობა გექნება ურთიერთობებში. აპ, აპ – ვცდები. წარუმატებლობა კი არა, გამოცდილება. სხვათაშორის, სულაც არ ხარ მახინჯი და რაც მალე დაიწყებ მაგ კომპლექსებთან ბრძოლას, მით უფრო გაგიადვილდება ცხოვრება. შენს ასაკში ყველა გოგოს მახინჯი ჰგონია თავი. არც მსუქანი ხარ. საერთოდ, რამდენი თაყვანისმცემელი უნდა გყავდეს, რომ დარწმუნდე ამაში? ისე კარგი ტიპი ხარ. და სწორი დევიზი გაქვს. “If I fail, if I succeed, at least I lived as I believed.” ნახე, ათი წლის შემდეგ კიდევ მახსოვს ეგ ციტატა ვიტნი ჰიუსტონის სიმღერიდან და კიდევ ასე ცხოვრებას ვცდილობ. ამ წერილს ბაკურიანიდან გწერ. აჰაჰ, არა, აქ არ გავთხოვილვარ, ნუ გეშინია. ტრენინგს ვატარებ. რაში? არ გეტყვი, არ მინდა, დავასპოილო (სხვათაშორის, ეს სიტყვა ჯერ არ იცი). ხომ არ დაგავიწყდა, კიდევ რამდენიმე წელი უნდა თვალო ჭერში ბუზები… უი, წარმოგიდგენია, რომ ოდესმე საქართველოდან წასვლა არ გენდომება? ძალიან ბევრი რამე შეიცვლება ქვეყანაში. თან აქ უფრო საჭირო ხარ, ამიტომ საერთოდ გადაიფიქრებ სადმე წასვლას. ურაპატრიოტიზმი არ მალაპარაკებს (არც ეს სიტყვა გაგიგია). ვირი გინდ ღობის აქეთ დააბი, გინდ ღობის იქით, მაინც ვირიაო – თუ რამის მიღწევა გინდა, აქ უფრო ადვილიც კია. სხვაგან სხვის აშენებულ სახლში უნდა იცხოვრო და მუდამ სტუმარი იყო, აქ კიდევ შენ თვითონ მოგეცემა შანსი, შენი სახელობის აგურებით აშენო სახლები (არა, არც სამშენებლო ბიზნესში არ მოხვდები, ნუ ხარ სულსწრაფი). მოკლედ, არ მოიწყინო. ელზას ბევრი არ ეჩხუბო. და ძალიან, ძალიან ბევრჯერ წაიმტვრიე ცხვირი, საბოლოოდ მაინც არაფერს ინანებ. Filed under: Just, რა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1928/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1928/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1928/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1928/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1928/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1928/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1928/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1928&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.