Jump to content
Planeta.Ge

პუტინი - 59: იუბილარის არასაიუბილეო მეტსახელები და ბიოგრაფიის დეტალები


Recommended Posts

ყალბი ცნობით მოსული პრეზიდენტი

 

დოკუმენტი, რომელიც მასალას თან ერთვის, პრესაში პირველად 1999 წლის ზაფხულში გამოჩნდა, მაშინ, როცა რუსული ხელისუფლების ვერტიკალში აქტიურად განიხილებოდა ელცინის მემკვიდრის ვინაობა. კანდიდატურა სულ ორი იყო: ეფ-ეს-ბე-ს დირექტორი, პუტინი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რუშაილო. სასწორის პინები თანდათან იხრებოდა პუტინის მხარეს და რუსულ გაზეთებში: „ვერსიასა“ და „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ თითქმის ერთდროულად დაიბეჭდა ცნობა, რომელმაც თავიდანვე ბევრი შეკითხვა დაბადა.

 

მაშინ ამ დოკუმენტის ნამდვილობის დამტკიცება ხელაღებით არავის უცდია, თუმცა, „ცნობის“ შედგენის მექანიზმმა ყველა დააინტერესა. ძირითადი ტექსტი ისეა აკრეფილი, რომ სახელისა და გვარის ადგილას თავდაპირველად ტირეები იყო დატოვებული. ამ ტირეებზე ჩანაწერი „ვ.ვ. პუტინი“ მოგვიანებით გაჩნდა, თანაც, მექანიკური საბეჭდი მანქანით იქნა ჩამატებული. ყველაფერი ეს კარგად ჩანს ცნობის ფოტოასლზე, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

 

„ცნობა ვ.ვ. პუტინის შესახებ:

 

1952 წელს დაბადებულმა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა, 1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1975-1990 წლებში იყო სსრ კავშირის სუკ-ის თანამშრომელი, მუშაობდა გერმანიაში, შემდეგ კი იყო ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში.

 

1990 წელს გახდა ლენინგრადის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის, ა. სობჩაკის მრჩეველი. 1990-დან 1996 წლამდე მუშაობდა სანკტ-პეტერბურგის მერიაში. 1994 წლის მარტში დაინიშნა სანკტ-პეტერბურგის მერის პირველ მოადგილედ. ანატოლი სობჩაკი მას „მოწაფეს“ უწოდებდა.

 

1996 წლის არჩევნებზე ა. სობჩაკის ჩავარდნის შემდეგ პუტინი მოსკოვში გადავიდა, სადაც ეკავა რფ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეთა მმართველის მოადგილის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონტროლის სამმართველოს უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობები.

 

1998 წლიდან არის რფ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი.“

 

ამ ცნობის გამოქვეყნებამ ბევრს აუშალა ლაპარაკის საღერღელი. ის ადამიანები, ვინც ახლოს იცნობდნენ ვლადიმირ პუტინს, ამტკიცებენ, რომ მან კარიერის დასაწყისიდანვე გამოავლინა გამდიდრებისკენ დაუოკებელი სწრაფვა და ზნეობრივი ბარიერების უგულებელყოფა.

 

ევროპის ყველაზე მდიდარი მმართველი

 

დღემდე სხვადასხვა ვერსია არსებობს ვლადიმირ პუტინის ქონების შესახებ. არავის ეეჭვება, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრს უზარმაზარი შემოსავალი აქვს, მაგრამ რუსი ექსპერტები და პოლიტოლოგები საბოლოო ციფრებზე მაინც ვერ თანხმდებიან. რუსეთში ყველაზე სანდოდ პოლიტოლოგ სტანისლავ ბელკოვსკის მიერ სამი წლის წინ გამოქვეყნებული მონაცემები მიაჩნიათ, სადაც ის ამტკიცებს, რომ „პუტინი აკონტროლებს „სურგუტნეფტოგაზის“ 37%, რომლის საბაზრო ღირებულება 20 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამავე დროს, პუტინი აკონტროლებს „გაზპრომის“ 4,5%. ნავთობის მწარმოებელ კომპანია Gunvor-ში პუტინს 50%-იანი წილი აქვს. 2008 წელს მისმა ბრუნვამ 40 მილიარდი დოლარი შეადგინა, შემოსავალმა კი 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.“

 

შემთხვევა, რომელმაც პუტინს მოსკოვის გზა ასწავლა

 

მსოფლიო ისტორიას მრავალი შემთხვევა ახსოვს, როცა ამა თუ იმ მმართველთა ხელისუფლების სათავეში მოსვლაში შემთხვევა უდიდეს როლს თამაშობს. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, სობჩაკის მიერ არჩევნებში დამარცხების შემდეგ იაკოვლევმა პუტინს ლენინგრადში დარჩენა სთხოვა, პუტინმა კი წინადადება უარყო. ცნობილი რუსი პუბლიცისტი, ბორის ვიშნევსკი ამ ლეგენდას აცამტვერებს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან გაიხსენა: „სობჩაკის მიერ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ორი დღე იყო გასული და რაღაც საქმეებთან დაკავშირებით სმოლნში გახლდით. იაკოვლევს შევხვდი და ვსაუბრობდით. ამ დროს ერთ–ერთი ჩინოვნიკი მოგვიახლოვდა და იაკოვლევს ეუბნება: „ვლადიმირ ანატოლის ძევ, პუტინია მოსული, ზის და ელოდება, რას გადაწყეტთ მასთან დაკავშირებით...“ არასდროს დამავიწყდება იაკოვლევის პასუხი: მან ხელი აიქნია და კბილებში გამოსცრა: „ხვალ მაგ პი...აკ–ის ფეხი არ ვნახო აქ!“ რომ არა ასეთი პასუხი, ვფიქრობ, პუტინი პრეზიდენტი ვერასდროს გახდებოდა, რადგან ცნობილია, რომ ის მოსკოვში მხოლოდ იაკოვლევის უარის შემდეგ წავიდა...“

 

მოპარული სადისერტაციო ნაშრომი

 

2006 წლის 27 მარტს „ვაშინგტონ პოსტმა“ ფრიად სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელმაც მაშინვე შემოიარა ინგლისურენოვანი გამოცემების ფურცლები. კომპეტენტურ პირებზე დაყრდნობით გამოცემა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, არც მეტი, არც ნაკლები, სადისერტაციო ნაშრომის პლაგიატში ადანაშაულებდა.

 

პუტინმა საკანდიდატო დისერტაცია 1997 წელს დაიცვა და მისი ნაშრომი საბაზრო ურთიერთობების პირობებში კონკრეტული რეგიონის მაგალითზე ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმარებას ეხებოდა. როგორც აღმოჩნდა, ნაშრომის მეორე თავი თითქმის სიტყვასიტყვით იყო გადმოწერილი პიტსბურგის უნივერსიტეტის ამერიკელი პროფესორების უილიამ კინგისა და დევიდ კლილანდის წიგნიდან „სტრატეგიული დაგეგმარება და პოლიტიკა“, რომელიც რუსულ ენაზე 1982 წელს გამოიცა. გაზეთში ციტატებიც კი გამოქვეყნდა როგორც პუტინის სადისერტაციო შრომიდან, ასევე ცნობილი ავტორების წიგნიდან და მათი მსგავსება, ანუ პუტინის მხრიდან პლაგიატის გამოყენება ტერმინებში გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვისაც კი ადვილად შესამჩნევია.

 

პუტინის მეტსახელები

 

თნამშრომლებისთვის ამა თუ იმ მეტსახელის დარქმევა და დოსიეში ასე მოხსენიება სსრკ–ს დროს სუკ–ის სტილი იყო. მართალია, პუტინმა ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე იზრუნა, რომ მისი დოსიე გამქრალიყო და ამას მიაღწია კიდეც, მაგრამ დღეისათვის მაინც ცნობილია ის მეტსახელები, რომლითაც ნაცნობები, ახლობლები თუ თანამშრომლები პუტინს ბავშვობიდან მოყოლებული მოიხსენიებდნენ.

 

პუტინის ახლობლები იხსენებენ, რომ პატარა ვოვას ყველაზე ხშირად მოიხსენიებდნენ მეტსახელებით: „პუტია“ და „პუტკა“. რაც უფრო ემატებოდა წლოვანება და მასა, პუტინის მეტსახელი მით უფრო „დახვეწილი“ ხდებოდა.

 

როცა ვლადიმირ პუტინი ლენინგრადის სუკ–ის სამმართველოს სამდივნოში მუშაობდა, კოლეგები მას „ვირთხას („კრისიონოკ“)“ ეძახდნენ. სუკ-ში მუშაობის წლებში პუტინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეტსახელი „კაპუტინი“ იყო. რასაკვირველია, პუტინს ეს მეტსახელები ზურგსუკან შეარქვეს.

 

როცა პუტინი სანკტ–პეტერბურგის პირველი მერის, ანატოლი სობჩაკის ადმინისტრაციაში მუშაობდა, მას „ვიცე–სობჩაკს“ ეძახდნენ. ამავე პერიოდიდანაა პუტინის კიდევ ერთი მეტსახელი „შტოზი“– ასე უწოდებდნენ აღმოსავლეთ გერმანიის კონტრდაზვერვის ორგანოს თანამშრომლებს.

 

აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში–უმცროსი პუტინს "Puty-Put"–ს ეძახდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც პუტინი ერთი ადგილით დაკიდებას უპირებდა, მას „ლილიპუტინი“ დაარქვა, რამაც რუსი „მძლეთამძლე“ ძალიან გაამწარა.

სტატია მომზადებულია სხვადასხვა დროს რუსულ გაზეთებში, ინტერნეტ–საიტებზე, ბლოგებზე გამოქვეყნებული მასალებისა და პუტინის შესახებ გამოცემულ მემუარებზე დაყრდნობით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...