Jump to content
Planeta.Ge

ბესიკ კაპანაძე - გმირი, რომლის ბოლო სიტყვა იყო: საქართველოსთვის...


Recommended Posts

2008 წლის რუსულ აგრესიას, შს სამინისტროს 14 თანამშრომელი ემსხვერპლა. მათ შორის იყო ჩვენი რუბრიკის შემდეგი გმირი, 27 წლის ბესიკ კაპანაძე... ბესიკ კაპანაძე პროფესიით ისტორიკოსი იყო. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში დარჩა, თელავის სამხედრო ბატალიონში ჩაირიცხა. 2004 წლის 10 აგვისტოს მძიმე დაზიანებები მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ორჯერ იმყოფებოდა ერაყში, სამშვიდობო მისიით.

 

2007 წელს ვაჟი შეეძინა, ამ დროისთვის ბესიკ კაპანაძე ქუთაისში მსახურობდა, მეუღლე და შვილი რუსთავში იყვნენ, ამიტომ იძულებული გახდა სამსახური შეეცვალა და 2007 წლის ოქტომბრიდან შს სამინისტროში, რუსთავში, განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში დაიწყო მუშაობა.

 

დედა, ნინო კაპანაძე იხსენებს, რომ მისი შვილი გაბედული და რაინდული შემართების იყო, ამის გამო ბევრი სიგელი და მედალიც აქვს მიღებული. უყვარდა კითხვა...

 

ნინო კაპანაძე, ბესიკ კაპანაძის დედა: ,,7 აგვისტოს ტელევიზიით რომ მოვისმინე რა საშინელებაც ხდებოდა, დავურეკე, სად ხარ მეთქი. მომატყუა, ალბათ ცხოვრებაში პირველად, ჯერ რუსთავში ვარო. ამ დროს უკვე გორში ყოფილა ჩასული. მთელი ღამე ვურეკავდი. სროლა რომ დაიწყო, 8 აგვისტოს, საათში ორჯერ მაინც ვრეკავდი, ბესიკ სად ხარ, როგორ ხარ მეთქი? მეუბნებოდა, დედა, ნუ გეშინია მე ტყვიავთან ვარო, მაგრამ სინამდვილეში ცხინვალის შესასვლელში იყვნენ თურმე.

 

ათჯერ მაინც დავურეკე, სულ მაიმედებდა. ბოლოს დილით, 8 საათზე ვესაუბრე. საზარელი ხმაური, სროლის, აფეთქების ხმა მესმოდა, ისევ მომატყუა ტყვიავში ვარო. უკვე მივხვდი რა უბედურებაც ხდებოდა. თავს გაუფრთხილდი შვილო მეთქი. გადაიხარხარა ჩემს სანუგეშებლად, ალბათ საბოლოო იყო მისი ეს სიცილი, ნუ გეშინია დედა, ჩემი იმედი ხომ გაქვსო. ცოტა ხანს ველაპარაკე, მეშინოდა ჩემთან ლაპარაკის გამო ყურადღება არ გაეფანტოს და რამე უბედურებას არ გადაეყაროს მეთქი. ნახევარი საათის მერე კიდევ ვცდილობდი დაკავშირებას, უკვე აღარ უპასუხა ტელეფონს.

 

დაახლოებით 11 საათისთვის, საშინელი აფეთქების დროს, დაჭრილები გამოჰყავდა თურმე, პატარა ბიჭებს ამხნევებდა: ნუ გეშინიათო, ანუგეშებდა. ერთ-ერთი დაჭრილის გამოსაყვანად რომ მიდიოდა, ფეხებთან აუფეთქდა ასაფეთქებელი საშუალება და ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ გონება არ დაუკარგავსო ბიჭებმა. გვეუბნებოდა: ბიჭებო არ შეშინდეთ, მე მგონი ვკვდები, მაგრამ უკან არ დაიხიოთ... საქართველოსთვის... ბიჭები ეხვეწებოდნენ თურმე: ბესიკ, არ დახუჭო თვალებიო... არც დაცემულა, ნელ-ნელა დაუწვენიათ... მერე წამოუყვანიათ გორის ჰოსპიტალში, მაგრამ იქამდე ცოცხალი ვერ მიიყვანეს.

 

- თქვენ როგორ გაიგეთ ეს ამბავი?

 

- ჩვენ გვითხრეს დაიჭრაო. გორის ჰოსპიტალში მივედით, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით. დაჭრილებში არ იყო... გაგვგზავნეს თბილისში. ყველა საავადმყოფო შემოვიარეთ, ვერსად ვნახეთ ვერც დაჭრილი, ვერც მიცვალებული და ისევ გორში დავბრუნდით. მე სახლში დამტოვეს, ჩემი მეუღლე და ვაჟი მივიდნენ ისევ გორის ჰოსპიტალში, ხომ არ გამოჩნდაო.

 

უთქვამთ: კაპანაძე ბესიკი არა, მაგრამ ზვიად კაპანაძე ახლა გავგზავნეთ თბილისის საავადმყოფოშიო. ზვიადი ჩემი უფროსი ვაჟია. სამი ვაჟი მყავს, სამივე ასეთ სამსახურში იყვნენ. ზვიადი მერვე საავადმყოფოში იყო. ცხინვალში, მთავრობის სახლთან რომ ააფეთქეს დაჯავშნული ავტომანქანა ,,კობრა’’ მასში იჯდა. ხუთჯერ ამობრუნებულა მანქანა. ათნი ისხდნენ. ოთხი მათგანი ძალიან დაშავდა, ერთს მკლავი საერთოდ აღარ ჰქონდა თურმე. მაშველ მანქანას ითხოვდნენ, მაგრამ ალყაში იყვნენ და შესვლა ვეღარ ხერხდებოდა.

 

ეს ბიჭები ვერ წამოიყვანეს, ექვსი ადამიანი როგორღაც გამოსულა იმ იმედით, რომ მანქანას შეაგზავნიდნენ, მართლაც ასე მოხდა, მაგრამ ეს ოთხი ბიჭი ვეღარც მკვდრები ნახეს და ვეღარც ცოცხლები. ბესიკი მაშინ უკვე დაღუპული იყო, მაგრამ ზვიადს არ გააგებინეს. უთხრეს მსუბუქად დაიჭრაო. ზვიადი საავადმყოფოში არ მიდიოდა, ტკივილებისგან რომ გაითიშა მაშინ წაუყვანიათ, მაგრამ ჰოსპიტალში ადგილები აღარ იყო და თბილისში გადაიყვანეს. ენით აუღწერელი ტკივილები გადავიტანეთ.

 

ზვიადმა რომ გაიგო მისი ძმა დაკარგული იყო, მიხვდა რომ დაღუპული იქნებოდა, მეორე დღეს ხელწერილით ძლივს გამოუშვეს საავადმყოფოდან, ჩემი ძმა უნდა ვიპოვოო... 9 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, მორგში მიაგნო ბესიკს...

 

ძლევისჯვარში წავიყვანეთ, მამაპაპეულ სოფელში. მაგრამ იმ ღამეს დაბომბვა დაიწყო. 10-ში გვითხრეს სოფელი უნდა დავცალოთო. დიდი გაჭირვებით წამოვიყვანეთ მიცვალებული გორში. გორიც უკვე სულ დაცლილი დაგვხვდა, ადამიანი არ დადიოდა, ტრანსპორტიც არ იყო. ძლივს წავიყვანეთ რუსთავში და იქ დავკრძალეთ. იმ იმედით, რომ ორმოცამდე ჩამოვიყვანდით ძლევისჯვარში. ასეც მოხდა, 16 სექტემბერს ჩამოვასვენეთ და დავკრძალეთ სოფელ ძლევისჯვარში. 27 წლის იყო, 25 აგვისტოს ხდებოდა 28-ის. ერთი შვილი დარჩა, წლინახევრის დაჩი, რომელიც ახლა ოთხწლინახევრისაა...

 

- თქვენ გმირის დედა ხართ...

 

- მესმის, ეს ყველას ხვედრი არ არის...

 

- თქვენი შვილები ამ დიდი ტრაგედიის შემდეგაც რჩებიან შს სამინისტროს შემადგენლობაში?

 

- დიახ. ერთი ვაჟი ახლაც შს სამინისტროს მესამე სამმართველოში მუშაობს, უფროსის მოადგილეა. მეორე თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტის ბატალიონშია.

 

- როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ?

 

- მე 64 წლის ვარ და ვაგრძელებ მუშაობას, 41 წელია პედაგოგი ვარ. მართალია დიდი სტრესი, ძალიან დიდი ტკივილი გადავიტანე, მაგრამ თავს მოვერიე. ჩვენ ისეთი ადამიანი დაგვაკლდა...

 

ბესიკი აბსოლუტურად ყველასთვის, მშობლებისთვის, ძმებისთვის, ცოლ-შვილისთვის, ყველა ახლობლისთვის უდიდესი დანაკარგი იყო, დიდი სიმდიდრე, დიდი განძი დავკარგეთ. იმ დღიდან სულიერადაც და ფიზიკურადაც ძალიან გამიჭირდა, ჯანმრთელობა ძალიან შემერყა, უკვე მესამე წელია ხელჯოხით დავდივარ. მაგრამ მისი პატარა შვილის, დაჩის გამო ვიკრებ ძალას, რომ მამის დანაკარგი როგორმე ჩვენ შევუვსოთ. ბიჭებიც თან ჰყვებიან. ძალიან თბილი ბავშვია, უყვარს აქ ყოფნა, მამისეულ სახლში და ოჯახში.’’

 

ბესიკ კაპანაძე, საქართველოს პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მისი სახელობის ქუჩა არსებობს რუსთავში. მალე, სოფელ ძლევისჯვარში ახალგარემონტებული სკოლა გაიხსნება, რომელიც ბესიკ კაპანაძის სახელობის იქნება. მის მეუღლეს, ისევე, როგორც ომში დაღუპული გმირის ყველა ოჯახს, შს სამინისტრომ თბილისში ბინა გადასცა.

 

ნინო კაპანაძე: ,,2009 წლის 3 მარტს, დედის დღეს, ტელევიზორს ვუყურებდი, გადაცემა ,,სამოთხის ვაშლებში’’ მხატვარი გია ბუღაძე ჰყავდათ მოწვეული. საუბრობდა, სამაჩაბლოს მიწაზე საშინელებები ხდება, იქიდან გოდება და კვნესის ხმა ისმისო... ამ დროს ჩემმა რძალმა მოსალოცი შეტყობინება გამომიგზავნა, ჩემი ბესიკის სახელით, ამან იმდენად შემძრა, ძლივს გადავრჩი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...