Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ბერად აღიკვეცა


Recommended Posts

ერისკაცობაში ის სანდრო კავსაძე იყო, დღეს ბერი ილიაა. ერისკაცობაში – სახელმწიფო მოხელე, დღეს – ღვთის მსახურია.

 

გაზიარება

[18:26 16-04-2011]

http://4.bp.blogspot.com/-WfcRR_Hp6AA/TamnZ_pdcMI/AAAAAAAAEfA/IsUqFKLlC3Q/s200/105_beri.jpgსაკავშირო სკანდალიდან ბერობამდე

სპორტსმენი, ცეკას ინსტრუქტორი, გორის რაიკომის პირველი მდივანი, 7 წელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, წოდებით გენერალი, ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, მთავარი სახელმწიფო არბიტრი, დეპუტატი, ვიცე-პრემიერი და პრივატიზაციის მინისტრი, ადამიანის უფლებათა და ეროვნებათა შორის ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე – ეს იმ რეგალიათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბერ ილიას დღეს უკვე უკან აქვს მოტოვებული, წინ მხოლოდ უფალი და სიყვარულია, რომელსაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა, სიყვარული, რომელიც დაკარგა მეუღლის გარდაცვალებასთან ერთად და ახლა მასთან შესახვედრადაც ემზადება.

ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი ბერთან მის წარსულზე, თუმცა ეს დაბრკოლება თავადვე მომიხსნა... ბერი ილია, ხილიანზე, წმინდა ბარბარეს სახელობის მამათა მონასტერში ვნახე. ინტერვიუზე ვერ დავითანხმე, მითხრა: მხოლოდ ვისაუბროთ და ყველაფერს მოგიყვები, რა იყო, რა არის და საით მივდივარო.

რაც იყო

დატვირთული ცხოვრება მქონდა, დადებითიც ბევრი იყო და უარყოფითიცო, – მითხრა. იქვე ბოდიში მომიხადა, ინტერვიუს ვერ გაძლევ და ეს საუბარიც ჟურნალისტთან რაღაც პერიოდის განმავლობაში ბოლო იქნებაო. მიზეზი ამიხსნა: „ბერობას ბევრი რამ მოსდევს, რომელიც აქამდე არ ვიცოდი. რაც მთავარია, ბერობას არ უხდება სიტყვამრავლობა, ადამიანებისა და მოვლენების განსჯა, საზოგადოებრივი აქტივობა.~მისი დიდი ბაბუა მღვდელი ყოფილა, თავად, ისევე როგორც მთელი მისი თაობა, რელიგიისგან შორს იყო. ვერც დღეს ხსნის ბოლომდე, რამ განაპირობა მისი დღევანდელი მდგომარეობა. ამბობს, რომ უფალი წყვეტს იმ საკითხებს, რომელსაც ადამიანის გონება ვერ სწვდება.

ის კომუნისტური პარტიის წევრი, მაშინდელი რეჟიმის შვილი იყო. წარმატებულ კარიერას იკეთებდა. როგორც მითხრა, პარტიაში კორუფციასთან საბრძოლველად შევიდა.

19 წლისა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. აკადემიური ნიჩბოსნობის ნაკრების წევრი იყო. საბჭოთა კავშირის პირველობა ახლოვდებოდა და რესპუბლიკაში დატოვეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 32 წლის ასაკში გადაიყვანეს, 36 წლისა კი უკვე გენერალი იყო, ყველაზე ახალგაზრდა გენერალი მთელ საბჭოთა კავშირში, საკავშირო მინისტრმა დეპეშით აცნობა ამის შესახებ...

ამბობს, რომ ურწმუნო საზოგადოებაში გაიზარდა და თავადაც, როდესაც ახალგაზრდა იყო, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ბერად აღიკვეცებოდა. იარაღი არასოდეს გამოუყენებია. აფრასიძეების გახმაურებული ამბავი მომიყვა, სვანეთში გაქცეული, 20 წლის ძებნილის დაკავების ოპერაცია დაუგეგმავს 1980 წელს. ოლიმპიური თამაშები იწყებოდა და დავალება მიუღიათ: „არც ერთი ძებნილი, პირდაპირ ლიკვიდაცია მოხდესო“. პირველი ოპერაცია რომ ჩაატარეს, 60 კაცი წაუყვანიათ მთაში, ტყე-ღრე უვლიათ. ძებნილის შვილს გაუგია და მოკლე გზით გაქცევა გადაუწყვეტია. ჩასაფრება იყო გზაზე. ჯგუფს მსოფლიო ჩემპიონი გივი ყვარელაშვილი ხელმძღვანელობდა. კავსაძისთვის მოუხსენებია, შეგვიძლია, ლიკვიდაცია მოვახდინოთო, მაგრამ მცირეწლოვან შვილთან ერთად არის და როგორც გვეტყვით, ისე მოვიქცევითო. მინისტრის მოადგილემ სროლაზე უარი თქვა, ოპერაცია ჩავარდა. ამის გამო ლამის თანამდებობიდან მოხსნეს, თუმცა მეორე ჯერზე გაუმართლათ. ძებნილთა შეპყრობა კარგად დადგმული სპექტაკლის მოქმედებას დაემსგავსა, ოპერაცია პროფესიონალმა, პოლკოვნიკმა ვახუშტი ჯაფარიძემ მოამზადა...

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კავსაძე სპეცოპერაციაზე უიარაღოდ მიდიოდა. იარაღს სპეციალურად სეიფში კეტავდა და შიშველი ხელებით გადიოდა, მსხვერპლი არც ერთი მხრიდან არ უნდა დაეშვა...

არ ამბობს, რომ მძიმე ცხოვრება განვლო. უბრალოდ, ახალგაზრდობიდან მოუწია ხელისუფლების მაღალ საფეხურზე ყოფნა, რამაც დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. უკან რომ იხედება, მასზე ცოდვილი ამ ქვეყნად არავინ ჰგონია, თუმცა მაშინ, როდესაც დანაშაულს ებრძოდა, სხვანაირად ფიქრობდა, დღეს აზრი შეეცვალა, ადამიანებს კი არ უნდა ებრძოლო, თავად მოვლენა უნდა აღმოფხვრაო, ის მახვილი კი ადამიანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ალბათ, ამას გულისხმობდა, როდესაც ცოდვებზე საუბრობდა.

პირველი სრული აღსარება მარტყოფში თქვა. ცუდად გამხდარა, რამდენი ცუდი გამიკეთებიაო. მანამდე მოძღვარი არ ჰყოლია, ორმოცსგადაცილებული მეუღლემ „მოაქცია“. მაშინ ცენტრალურ კომიტეტში განყოფილების გამგე იყო.

მამა როსტომი (როსტომ ლორთქიფანიძე) იყო პირველი, ვინც დაეხმარა. ყოველთვის კარგად იხსენებს, იმიტომ რომ მან სირთულეები შეუმსუბუქა. არასოდეს დაავიწყდება მამა იოანე (ოქროპირიძე), მამა ბენიამინი (მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარი), მამა ელისე, რომელმაც არა მარტო მოძღვრობას, არამედ ქრისტიანული ძმობისა და სიყვარულის გრძნობას აზიარა. ყველა მათგანს ბერი ილია საკუთარ მოძღვრებად მიიჩნევს.

მორწმუნე კომუნისტურ პარტიაში

ცეკაში ბოლო ყრილობა რომ იყო, დელეგატების ერთმა ჯგუფმა სთხოვა, პირველ მდივნობაზე დათანხმებულიყო. მაშინ სანდრო კავსაძემ ერთი პირობა წამოაყენა: იმ შემთხვევაში იქნებოდა ხელმძღვანელი, თუ მიიღებდნენ წინადადებას, რომ პარტიას ბოდიში მოეხადა რელიგიური ძალადობისთვის. მაშინ იმ ყრილობაზე ამხანაგი კავსაძე მკაცრად გააკრიტიკეს, ღმერთისთვის ბოდიშის მოხდა როგორ მოითხოვაო.

თუმცა მეუღლემ შეძლო ის, რომ პარტიულმა კავსაძემ აღსარება თქვა. ზოდაგად, მეუღლეს სანდრო კავსაძის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი ეჭირა. ბერობა სწორედ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან იგრძნო, რომ რაღაც ძალიან დიდი გატყდა ცხოვრებასა და საზოგადოებაში, სადაც ისინი ორნი ცხოვრობდნენ, სადაც მათ თავისი სამყარო ჰქონდათ. ყველგან თან დაჰყავდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი რომ ჩამოაყალიბა, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. როდესაც შაბათ-კვირას საპატიმროებში ტუსაღებს ხვდებოდა, გულიკო თან მიჰყავდა. უკვირდათ, ცოლს რომ დაატარებდა ყველა შეხვედრაზე, მას კი არ შეეძლო მის გარეშე, მიიჩნევდა, რომ გულიკო ყველა სიყალბეს ადვილად შენიშნავდა, რადგან თავად იყო მართალი და კეთილი. „რადგან დიდი სიყვარული გვქონდა, სიყალბე არ ჩანდა, ამიტომ იქაც მართალი იყო, იმ ადამიანებთან“, – ამბობს დღეს ბერი ილია.

სხვათა შორის, სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში სწორედ სანდრო კავსაძის სახელს უკავშირდება. ეს მათი ინიციატივა იყო – ინსტიტუტის სახელი, `სახალხო დამცველი~ ესპანური მოდელიდან არის გადმოღებული.

1997 წელს კავსაძემ, ოჯახთან ერთად, საქართველო დატოვა, შვეიცარიაში წავიდნენ, ჟენევაში საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ შეეყარა გულიკო დვალს უკურნებელი სენი, მეუღლე თავს ვერ პატიობს, რომ მაშინ ეს „გამოეპარა“.საკავშირო სკანდალი

სანდრო კავსაძისა და გულიკო დვალის სიყვარულის ამბავი ორი ათეული წლის წინათ, ალბათ, ყველაზე გახმაურებული სკანდალი იყო თბილისში. მოსიყვარულე წყვილის უკან ორი დანგრეული ოჯახი იდგა. 46 წლის ასაკში სანდრო კავსაძემ ოჯახი დატოვა და პირველად დაიწერა ჯვარი. ბერი ილია ამბობს, რომ მაშინ მათ მთელი სამყარო დაუპირისპირდათ. გულიკო დვალმა სიყვარული ლექსებში ჩადო, დღეს მის ლექსებს ბერი ილია ინახავს:

***

„ამ ქვეყნად შენს მეტიარავინ არ მინდა,უშენოდ სიცოცხლემტვერი და ქარია“.***„და დღესაც მსხვერპლსითხოვს, ისე ვით ოდესღაც,უმსხვერპლოდ ვინ გახსნა,კარები აღსავლის“.***„სიყვარულს ჩვენსასქარიშხლებმა გადაუარეს,მაგრამ ღვართქაფმაცეცხლოვანმა ის ვერ მოცელა,მჯერა გაუძლებს სიყვარულიწარღვნას უარესს,თუ ვეყოლებით აღმსარებლად,ერთგულ მლოცველად“.

***

ამ ლექსების კრებული 1989 წელს გამოიცა, მაშინ გულიკო დვალმა არ იცოდა, რომ მათ სიყვარულს წინ დიდი გამოცდა ელოდა, თუმცა 23 წლის სიყვარულმა „წარღვნად“ მოვლენილ სიკვდილსაც გაუძლო, და დღეს მას მლოცველად ბერი ილია ჰყავს.

„ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ტყუილში ცხოვრება – კიდევ უფრო რთული. 42 წლის ვიყავი, რომ შემიყვარდა. შეიძლებოდა სიყვარულზე უარის თქმა, მაგრამ ვერ შევძელი. ასეთი სიყვარულის ნახვა, როგორიც გულიკომ მომიტანა, შეუძლებელია. არ არსებობს ასეთი სიყვარული, არც გამიგია, არც წამიკითხავს“.

საერთო შვილები არ ჰყოლიათ, რადგან ისინი ცხოვრების დასაწყისშივე ვერ შეხვდნენ ერთმანეთს. ხშირად ამბობდნენ, რომ მეორე ქორწინება ამ სიყვარულის საფასურია. ეს მათთვის სიმძიმე იყო და ამიტომ შვილებსა და შვილიშვილებს ყოველთვის ურჩევდა, რომ სწორედ ისეთი სიყვარული ეპოვათ, როგორიც მათ ჰქონდათ.

„ადამიანები სიყვარულისთვის იბადებიან და ყველაფერი ღმერთის სიყვარულისკენ მიდის. კაცის შემდეგ, ღმერთი იძულებული იყო, შეექმნა ქალი. ერთიანობა შექმნა ქალისა და კაცის. დასაბამიდან ასეა, ქალი კაცისკენ მიდის და კაცი – ქალისკენ. თუ აღმოაჩენს თავის ნეკნს, ხომ კარგი... თავის ნეკნს 5-6 პროცენტი თუ აღმოაჩენს ხოლმე ამ ქვეყანაზე. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. მე ჩემი ნეკნი ვნახე“.

ფოტო რომელზეც ტყვეობიდან დახსნილი სანდრო კავსაძის და გულიკო დვალის ემოციური შეხვედრაა აღბეჭდილი, პირველად 1992 წელს New York Times-ში გამოქვეყნდა, მეორედ კი დღეს იბეჭდება – `პრაიმტაიმში~. 1992 წელს სანდრო კავსაძეს ჩხოროწყუში ზვიადისტები დაესხნენ თავს და 40 დღე ტყვეობაში ჰყავდათ. გულიკოს თანადგომას ტყვეობაშიც გრძნობდა. უწმიდესი დასდგომიათ გვერდში დროებითი განშორების ჟამს.

როდესაც გულიკო დვალი გარდაიცვალა, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, დღეში ორჯერ მიდიოდა საფლავზე. მიდიოდა და ელაპარაკებოდა. სანამ ბერად აღკვეცას გადაწყვეტდა, ჯერ მორჩილი იყო მონასტერში. შემდეგ შორს, მარტყოფში, ამაღლების მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. 2010 წლის 20 სექტემბერს ბერად აღიკვეცა. ამბობს, რომ იქ შეიგრძნო ჰარმონია, თითქოს წრე შეიკრაო. ადრე თუ ხშირად დადიოდა მეუღლის საფლავზე, ეს სურვილი აღარ ჰქონია. „თითქოს შევერთდით და თითქოს ერთად ვიყავით უკვე. მე ვფიქრობ, რომ მას მივუძღვენი სიყვარული, საპასუხო სიყვარული გადავეცი, წავიდა ის და ზემოდან მიყურებს. მისი ზემოქმედება აღარ არის, ჩემი პასუხი ის არის, რომ მე ისევ ისეთი ერთგული ვარ, როგორიც ვიყავი. ვარ ბერი ღმერთისა და მისკენ მივდივარ ისევ. ვემზადები მასთან შესახვედრად“.

ბერი ილიას შვილი – მამა იოანე

ბერობამდე სანდრო კავსაძის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. მისმა შვილმა გადაწყვიტა ბერად აღკვეცილიყო. მამა იოანე ბერ-მონაზონია ლოს-ანჯელესსა და სანფრანცისკოში. ახლა 34 წლისაა, სამი წელია, რაც წავიდა. მაშინ გულიკო დვალი ცოცხალი იყო. ერთ დღეს სანდრო კავსაძესთან შვილი მივიდა და უთხრა: მამა, ეკლესიაში მივდივარ და კურთხევა მინდა შენგანო. უწმინდესს უთქვამს, მამის კუთხევაა საჭიროო.

მამას უკითხავს, კურთხევა რად გინდაო? და პასუხად მიუღია: ბერად უნდა აღვიკვეცოო.

სანდრო კავსაძემ ვერ მიიღო შვილის ეს გადაწყვეტილება. უფიქრია, მეორე ოჯახი რომ მაქვს, ამან გაართულა ყველაფერიო. უთხოვია შვილისთვის – დათო ნუ ჩამაყენებ ამ მდგომარეობაში, მე როგორ შემიძლია, ბერად გაკურთხო, რას იტყვიანო... შვილმა არ დაიშალა... გულიკოც წინააღმდეგი ყოფილა, პატრიარქისთვისაც უთხოვიათ, იქნებ თეთრი სამღვდელოება ურჩიოთო, მაგრამ...

ბერი ილია ამბობს, რომ ის მისი შვილის ასაკში ამას ვერ შეძლებდა, მით უფრო, რომ დღეს კარგად ხვდება, რას ნიშნავს ბერობა.

შვილის გადაწყვეტილებაში მიზეზის ძიება აღარ დაუწყია, რადგან იცის, რომ, "როდესაც ღმერთთან გაქვს საქმე, მიზეზი არ უნდა ეძებო და როგორი ახსნაც არ უნდა გააკეთო, ადამიანურია და ვერ სწვდება უფლის არსს. რამეთუ აუხსნელია უფლის გზები და მას ვერავინ შეაჩერებს!"

რაც არის

დღეს ბერის კაბაში მხოლოდ ახალგაზრდობა ენატრება, თუმცა იცის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამბობს, რომ წარსულის დაბრუნება რომ შეეძლოს, იგივე გზას არ აირჩევდა, უფრო რელიგიური იქნებოდა... ბევრ რამეს შეცვლიდა...

მოძღვართან აღსარების დროსაც ხშირად ამბობს და მეც გამიმეორა: ცხოვრებიდან იმ ფურცლებს ამოხევ, რაც შენს თავს გაუკეთე, მაგრამ სხვას თუ ცუდი გაუკეთე, იმას როგორ ამოხევო? – ვერაფერს იტყვი, ჭეშმარიტებაა...

დღეს ბერი ილია ყველა თავის წოდებასა და რეგალიას ერთ გროვად ხედავს, რომელიც წამში დაიკარგა. ის, რაც სამუდამოდ დარჩა, სიყვარულია, ამისთვის კი ღმერთს მადლობას ეუბნება. "ეძებეთ სიყვარული და თუ იპოვით, თვალის ჩინზე მეტად გაუფრთხილდით" – ეს არის ბერი ილიას გზავნილი ერისკაცებისთვის.ptpress.ge

 

 

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-6467549688940942328?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...