alex Posted March 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2011 1917 წლის თებერვალში, რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანქტ–პეტერბურგში დატრიალებულმა ამბებმა და უკანასკნელი გვირგვინოსნის – ნიკოლოს II–ის გადაგომამ კავკასიის სამეფისნაცვლოში სიტუაციის სერიოზული გართულება გამოიწვია, როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილობრივი არარუსი ეროვნების ხალხებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე. შეხლა–შემოხლა გახშირდა. სხვათაშორის, ცარიზმის მესვეურთა მიერ კავკასიელთა შორის ოდითგანვე წარმოებულმა, ,,გათიშე და იბატონეს'' პოლიტიკამ შედეგი სწორედ იმხანად გამოიღო, რის გამოც მთელი კავკასია აფეთქდა – დაიწყო დაპირისპირებანი სომხებსა და აზერბაიჯანელებს, ინგუშებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის და ა.შ. ამას თან დაერთო ისიც, რომ დროებითმა მთავრობამ, რომელსაც სიტუაციის დარეგულირება თავად არ შეეძლო, მოსახლეობას იარაღი დაურიგა – თქვენი თავი თქვენვე დაიცავითო. 1917 წლის გაზაფხულზე, ერთი მხრივ, ხევსურებსა და თუშებს, მეორე მხრივ მთიელ ჩეჩნებს ( კერძოდ – მელხებს ) შორის ურთიერთობა მეტად გამწვავდა. ამის მიზეზად იქცა მარბიელი თავდასხმები, რომლებიც ორივე მხრიდან ხშირი იყო; აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ჩეჩნებმა, ისე ქართველმა მთიელებმა ძველი დრო გაიხსენეს და გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცებას მიჰყვეს ხელი. ამ მხრივ განსაკუთრებით სოფელ სახანოს ( ჩეჩნეთი, ჯარეგოს თემი) მცხოვრებთა რაზმი გამოირჩეოდა, რომელსაც ვინმე მოჰმად ძეცაევი ( იგივე ძეცათ მაჰამი ) ხელმძღვანელობდა. ძეცაევი გამოცდილი ყაჩაღი იყო და ბევრის სისხლიც ემართა – როგორც ქართველების, ისე სხვა თემის ჩეჩნებისა, მაგრამ მოსისხლეებმა მისი მოკვლა, მრავალგზის ცდის მიუხედავად, ვერ შეძლეს. აქვე დავძენთ იმასაც, რომ ერთერთი თავდასხმისას, ხევსურმა მოსისხლემ – შატილელმა ნიკო ჭინჭარაულმა, ძეცაევი ფეხში მძიმედ დაჭრა. ამის შემდეგ ეს უკანასკნელი ხევსურეთში ლაშქრობას ერიდებოდა; სამაგიეროდ, თუშეთს იკლებდა.თუშეთის სოფლებზე ჯარეგოს თემის მცხოვრებთა თავდასხმები არც მას შემდეგ შეწყვეტილა, რაც მოჰამად ძეცაევი თუშმა მოსისხლეებმა სამუდამოდ დაახეიბრეს – მას ვინმე დავითო შალაფიშვილმა და იჩო ედიშერაშვილმა ხმლით ორივე ფეხი მოჰკვეთეს; ძეცაევი ცოცხალი მძლივს გადარჩა და გამოკეთებისთანავე, თუშებზე შურის საძიებლად ჯარეგოელთა დიდი რაზმი გამოგზავნა. შალაფიშვილი და ედიშერაშვილი მაშინ წოვათის თემის სოფ. წაროში იმყოფებოდნენ; ჯარეგოდან მომავალ ჩეჩნებს კი გზა აებნათ და ამ სოფლის მაგივრად ტბათანაში, წოვათელი მწყემსების საზაფხულო სადგომში მოხვდნენ, ცხადია, ვისაც ეძებდნენ, ისინი იქ ვერ ნახეს, მაგრამ მწყემსები დაარბიეს, მათი ფარები გაირეკეს და რამდენიმე მწველავი ქალიც გაიტაცეს, რომლებიც შემდგომ გაყიდეს. ეს ყველაფერი ზაფხულის დასაწყისში მოხდა, ხოლო აგვისტოს თვეში კი მთაში კავკასიის ფრონტიდან დემობილიზებული ჯარისკაცები დაბრუნდნენ, რომელბმაც თან აუარებელი იარაღი ჩამოიტანეს – რუსეთში მომხდარი ამბების გამო, ფრონტი მოიშალა და სამხედროთა განმკითხავი აღარავინ იყო. ასე რომ, თუშებისა და ჯარეგოელების დაპირისპირებამ ხელახალი ძალით იფეთქა; არადა, გაჭიანურებული კონფლიქტი არც ერთ მხარეს ხელს არ აძლევდა, ამიტომაც, საქმეში ხევსურები ჩაერივნენ – რუსული არმიის მაღალჩინოსანმა, არხოტელმა ხევსურმა თომა ბალიაურმა, რომელსაც კავკასიონის ორივე მხარეზე უამრავი ძმადნაფიცი ჰყავდა, თუშები და ჯარეგოელები ლუდითა და საკლავით ,,შაჰყარა'', მაგრამ მათი შერიგება ვერ შეძლო – გატაცებული ქალები უკვე გაყიდულნი იყვნენ, რაც მთის კანონის დარღვევა იყო; გარდა ამისა, ჯარეგოელთა მხრიდან უფრო მეტი იყო დახოცილი, ვიდრე თუშების მხრიდან. ეს უკანასკნელები ქალთა გაყიდვის ფაქტს იშველიებდნენ და ,,გაუბარებელი'' მოკლულების ( ასე ეწოდებოდა იმ მოკლულს, რომელიც შერიგების დროს – როცა მოკლულს გადათვლიდნენ – რომელიმე მხრიდან ზედმეტი აღმოჩნდებოდა ) სისხლის საზღაურის გადახდაზე უარს აცხადებდნენ. ერთი სიტყვით, დაზავებაზე ჯერ საუბარიც არ შეიძლებოდა. საბოლოოდ, თუშების და ჯარეგოელების მტრობის ამბებმა ბარშიც ჩამოაღწია – თიანეთის მაზრის (იმხანად თუშეთიცა და ჯარეგოც მის შემადგენლობაში შედიოდა) უფროსმა ტბათანიდან ქალების გატაცებისა და გაყიდვის შესახებ ყველაფერი შეიტყო და საქმის მოსაგვარებლად თუშეთში სამხედრო კომისარი, ვინმე მენთეშაშვილი გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ მხცოვანი თუშების გადმოცემით მაზრის უფროსთან ჯარეგოელებს მეცხვარეებმა უჩივლეს, რომელთაც თავის მხრივ, ფარების პატრონები აწუხებდნენ და დანაკლისის ანაზღაურებას სთხოვდნენ. კომისარი მენთეშაშვილი თუშეთში, სოფ. ომალოში 1917 წლის აგვისტოს ბოლოს ავიდა და მთელ მხარეში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. კომისარის დავალებით, თუშებმა ჩეჩნეთში ლაშწრობისაკენ ხევსურებსა და ფშავლებსაც მოუწოდეს.სანამ თუშ–ფშავ–ხევსურები ჩეჩნეთში ,,სამეკოპაროდ'' წასვლაზე ბჭობდნენ, ჯარეგოს თემში ვიღაცამ ამბავი მიიტანა – ქართველები ერთიანდებიან და ჩეჩნეთის დაპყრობას აპირებენო. ცხადია, ყველანი აღელდნენ და საპასუხო ზომების მიღებას შეუდგნენ: ბარის ჩეჩნეთში ხალხი გაგზავნეს და არაკეთილისმსურველის მოტანილი ამბავი ყველას ამცნეს, თავადაც შეიარაღდნენ და საქართველოდან მომავალი გზა–ბილიკების გაკონტროლება დაიწყეს. ,,ჯარეგით დიან ქისტები, არღუნს ჩატეხეს ხიდია, ჩაჩანში კაციც წაღლალეს – ლაშქარ გვაშველეთ დიდია!'' – ასეა აღწერილი იმდროინდელი სიტუაცია ერთერთ ხევსურულ ლექსში. ბუნებრივია, შერიგების მცდელობები ორივე მხრიდან კვლავაც იყო: საღად მოაზროვნენი ცდილობდნენ, სისხლის ღვრა როგორმე თავიდან აეცილებინათ და ამისათვის ყოველ ღონეს ხმარობდნენ, მაგრამ ამაოდ – ჯარეგოელებიც და თუშებიც ისე იყვნენ განწყობილნი, რომ უომრად საქმე არ გადაწყდებოდა.სწორედ ამ დროს, მოჰმად ძეცაევის სამივე შვილი – მურთუზა, აჰმადი, და ბაჰმადი,რომლებიც ადრე, ტბათაანში მწყემსებზე თავდასხმას მეთაურობდნენ, ლამ–ახის თემის ინგუშებმა დახოცეს. შერიგების მომხრეებმა ეს ფაქტი გამოიყენეს და ომის თავიდან აცილებას კიდევ ერთხელ შეეცადნენ. თომა ბალიაური და ხევსურთა სხვა თავკაცები ჯერ ჯარეგოში ჩავიდნენ, იქაურ უხუცესებს დაელაპარაკნენ, მერე თუშებსაც შეხვდნენ და მოუწოდეს, განზრახვაზე ხელი აეღოთ: ,,ჩვენ და ქისტები მეზობლები ვართ... ერთი კაცის ცოდვას ხალხს ნუ ავკიდებთ, დავზავდეთ და ისევე მშვიდობიანად ვიცხოვროთ, როგორც ჩვენი მამა–პაპანი ცხოვრობდნენ!'' – მიმართა თუშებს ბალიაურმა. მისი თქმით, თუკი თუშები დაზავებაზე დათანხმდებოდნენ, ჯარეგოელთა დაყოლიება ძნელი აღარ იქნებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თომა ბალიაურის შეთავაზებამ თუშთა შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია: ქალები მოგვტაცეს, გაგვიყიდეს და ჩვენ პირველნი რატომ უნდა დავზავდეთო, – გაიძახოდნენ უკმაყოფილონი. ზოგიც ხევსურებს ეუბნებოდა – ხომ იცით, ქისტების ნდობა არ შეიძლება, მაგათ სამუდამოდ ჭკუა უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენზე გამოლაშქრება ვეღარ გაბედონო. კომისარ მენთეშაშვილსაც თომა ბალიაურის აქტიურობა არაფრად ეჭაშნიკა და უკმეხად მიმართა – მთავრობის წარმომადგენელი აქ მე ვარ და ჯარეგოს თემთანაც მოლაპარაკებას მე გავმართავო. ბალიაური ბევრს ეცადა, მენთეშაშვილისთვის საქმის ვითარება უკეთ აეხსნა, მაგრამ ვერაფერი შეაგნებინა და იმედგაცრუებული უკან გამობრუნდა.მიუხედავად იმისა, რომ ხევსურის წინამძღოლობა არ ინდომეს, თუშებმა ჯარეგოში ლაშქრობის მოწყობაზე ხელი მაინც აიღეს: რადგან ძეცაევები უკვე დახოცილნი იყვნენ, კომისარმა მენთეშაშვილმა მათ ურჩია, რომ ჯარეგოელებს ჯერ გაყიდული ქალების გამოხსნაზე მოლაპარაკებოდნენ და ზავი ამის მერე დაედოთ. კომისარს ,, მთავრობის კაცობით'' თავი მოჰქონდა და თუშებს ასე აიმედებდა – ჯარეგოელები ჩემ წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავენო.ამასობაში, ჯარეგოში ბარის ჩეჩნეთიდან 2500 კარგად შეიარაღებული მოლაშქრე ავიდა. შატილელებმა ეს შეიტყვეს და თუშები გააფრთხილეს, უიარაღოდ ნუ წახვალთო. კომისარმა მენთეშაშვილმა შეკრებილი მოხალისეები სახლებში აღარ გაუშვა და ყველა თან წაიყვანა; გადმოცემით, თუშეთში ბრძოლისუნარიანი მამაკაცი თითქმის აღარ დარჩა. ლაშქარმა თეთრი დროშა აღმართა და ჩეჩნეთში გადავიდა; მათ მშვიდობიანად გაიარეს თუშეთის მოსაზღვრე შაროის, ითონყალას თემები და ჯარეგოსაც მიაღწიეს, სადაც 2500 ბარელი ჩეჩენი იმყოფებოდა. თეთრი დროშით მომავალი თუშთა ლაშქარი სოფლის გარეთ გაჩერდა, კომისარი მენთეშაშვილი კი უხუცესებთან შესახვედრად გაემართა.აღსანიშნავია, რომ სანამ თუშების ლაშქარი ჩეჩნეთში იყო გადასული, ერთ–ერთმა ყაჩაღმა – ითონყალელმა უანსაგმა ( ,,უან საგ'' ჩეჩნურად ,,ავ კაცს'' ნიშნავს ) დრო იხელთა და ოციოდე კაცთან ერთად, საქონლის გადმოსარეკად თუშეთში გადავიდა. მართალია, უანსაგი დაუნდობელი ყაჩაღი იყო, მაგრამ იცოდა რა, რომ მამაკაცები ჩეჩნეთში იყვნენ წასულები, ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს ხელი არ ახლო, საძოვრებზე გაშვებული ხარ–ძროხა გაირეკა და წავიდა. ცხადია, საქონლის წაგვრას თუშები მას არ შეარჩენდნენ, მაგრამ უანსაგმა კარგად გათვალა, რომ ჯარეგოში დიდი შეხლა–შემოხლა მოხდებოდა და შემდეგ მისთვის ვეღარავინ მოიცლიდა; ამიტომაც თამამად მოქმედებდა და, მწყემს ქალებს გაეხუმრა კიდეც: ჯერ ამ ხარ–ძროხას წავიყვან და სათქვენოდ მერე მოვიცლიო. გადმოცემით,ამ სიტყვების გამგონე ქალებს ფერი ეცვალათ და კბილებამდე შეიარაღებულ ყაჩაღებს ისე გადახედეს, რომ ამ უკანასკნელთ ღიმილი სახეზე შეეყინათ.უანსაგმა და მისმა ხალხმა გატაცებული საქონელი ჩეჩნეთისკენ მიმავალ გზას გაუყენეს და ის–ის იყო, თავი სამშვიდობოსაც დაიგულეს, რომ მოულოდნელად სროლის ხმა გაისმა; ერთ–ერთი ჩეჩენი ცხენიდან გულგანგმირული გადმოეშვა, ხოლო მეორე ტყვიამ კი თავად უანსაგს მოუღო ბოლო. საქონელი დაფრთხა და აირია; ყაჩაღებიც გვარიანად დაიბნენ და დაშინდნენ, რადგან ვერაფრით მოახერხეს დაენახათ, თუ ვინ ესროლა მათ. ბოლოს საქონელი მიატოვეს და თავქუდმოგლეჯილნი ჩეჩნეთის მხარეს გაიქცნენ; როცა თვალს მიეფარნენ, სამალავიდან ორი თოფმომარჯვებული ქალი გამოვიდა – საძოვრებზე გამოჩენილი ყაჩაღებისთვის მათ ადრევე თვალი მოეკრათ და ჩეჩნეთისკენ მიმავალ გზაზე საგანგებოდ ჩასაფრებოდნენ. გადმოცემით, ისინი ელანიძეთა გვარიდან იყვნენ და ერთ–ერთს მარიამი ერქვა; ქალებმა აბღავლებული ხარ–ძროხა მოაგროვეს და ისევ საძოვარზე გარეკეს. რამდენადაც ჩეჩნების თავდასხმის საფრთხე კვლავაც დიდი იყო ( უანსაგის მოკვლის გამო ისინი აუცილებლად შურს იძიებდნენ ) თუშმა ქალებმა მოითათბირეს და ფშავში მაცნე გაგზავნეს – ჩეჩნები გვემუქრებიან და მოგვეშველეთო. იმავე საღამოს, ფშავიდან უკაცოდ დარჩენილ თუშეთში ასამდე კარგად შეიარაღებული კაცი ავიდა და საზღვარზე ჩადგა. ჩეჩნები აღარ გამოჩენილან, მაგრამ უანსაგის ნათესავებს შურისძიებაზე უარი არ უთქვამთ – მათ ყველაფერი ჯარეგოელებს აცნობეს და მოითხოვეს, რომ თუშებთან ზავი არ დადებულიყო; ,,ეგენი ჩვენი მტრები არიან და თუ დაუზავდებით, უანსაგის სისხლს თქვენ გაზღვევინებთ!'' – შეუთვალეს ითონყალელებმა ჯარეგოელებს.უანსაგის ახლობლების მიერ გაგზავნილი კაცი ჯარეგოში იმ დროს ჩავიდა, როცა მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდებოდა. ჯარეგოელი უხუცესები ზავზე თანახმანი იყვნენ, მაგრამ როცა ახალი ამბავი შეიტყვეს, გადაწყვეტილება შეცვალეს. მიუხედავად ამისა, კომისარ მენთეშაშვილს არაფერი აგრძნობინეს; პირიქით – უთხრეს, რომ ზავის დადების აღსანიშნავად, ქალები სუფრას შლიდნენ და სანამ ყველაფერი გამზადდებოდა, თან წამოყვანილ ლაშქართან ერთად სოფლის განაპირას მოეცადა. კომისარს არაფერი უეჭვია, დიდად კმაყოფილი დარჩა და მოხალისეებსაც უბრძანა, მითითებულ ადგილას დაბანაკებულიყვნენ. თუშები ერთბაშად მოეშვნენ, ყურადღებაც მოადუნეს და ქეიფის მოლოდინში, ჯარეგოელებთან მასლაატი გააბეს. მტრული დამოკიდებულება უცებ გაქრა, თუმცა, როგორც შემდგომ გამოჩნდა, ჩეჩნებს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდათ.,,საქეიფო სამზადისი'' შებინდებამდე გაგრძელდა. თუშებს მასპინძელთა ერთგულებაში ეჭვი შეეპარათ და ნელ–ნელა დაიძაბნენ. უანსაგის მოკვლის ამბავი მათაც შეიტყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯარეგოელები არაფერს აგრძნობინებდნენ. ლაშქარი თითქმის მთლიანად წოვათუშებისაგან შედგებოდა, რომლებსაც ჩეჩნური ენა კარგად ესმოდათ და სწორედ ერთ–ერთმა მათგანმა, სახელად ლორსამ, ჯარეგოელთა საუბარს მოჰკრა ყური: ,,კარგად რო შეღამდება, სუფრაზე მსხდარ უიარაღო თუშებს კურდღლებივით ამოვხოცავთ და უანსაგის სისხლსაც ასე ავიღებთ...'' – თათბირობდნენ ჩეჩნები. მალე მათი ლოდინით დაღლილი თუშები სუფრაზეც მიიწვიეს და ვითომ სხვათა შორის უთხრეს: ,,როგორც წესია, თოფ–იარაღი აიყარეთ, ჩაგვაბარეთ და წასვლის დროს ყველაფერს უკლებლივ ჩაგაბარებთ!'' თუშებმა იარაღის აყრა დააპირეს, მაგრამ ლორსამ შესძახა – იარაღს ნუ ავიყრით, ამოხოცვას გვიპირებენო და პირველი ტყვიაც სწორედ ამ დროს გავარდა. კოშკებში ჩასაფრებულმა 2500–მა ჩეჩენმა ქართველებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა. ბუნებრივია, ამ უკანასკნელებმა რეაგირება ვერ მოასწრეს, ამიტომაც ბევრი მოლაშქრე ( მათ შორის ლორსაც ) ისე დაეცა, საპასუხოდ გასროლაც ვერ მოახერხა. დაიღუპა თვით კომისარი მენთეშაშვილიც.თუში მოლაშქრეების მცირე ნაწილი, რომელიც ხოცვა–ჟლეტვას გადაურჩა, ჩეჩნებმა ტყვეებად აიყვანეს და სოფლის თავში, ერთ მაღალ კოშკში ჩაკეტეს. ისინი საღამოსთვის ითონყალაში, უანსაგის ახლობლებისთვის უნდა გაეგზავნათ, იქ კი უეჭველი სიკვდილი ელოდათ – ყველა მათგანს ყაჩაღის საფლავზე დაკლავდნენ, რათა სისხლი აღებულად ჩათვლილიყო. დატყვევებულ თუშებს იმედი გადაუწყდათ, მაგრამ სწორედ ამ დროს, ერთ–ერთმა ჯარეგოელმა ქალმა მათ პურსა და წყალთან ერთად, პატარა ქლიბიც მოუტანა და უჩუმრად უთხრა: ,,ჩვენ წესი გვაქვს – გამარჯვების აღსანიშნავად, მოლა საყოველთაო ლოცვას აღავლენს, რომელსაც მთელი სოფელი უნდა დაესწროს... თქვენც ამით უნდა ისარგებლოთ და გაიქცეთ!'' თუშებმა ქალს ქლიბი მშინვე უსიტყვოდ ჩამოართვეს და ბორკილების ხეხვას შეუდგნენ.მართლაც რამდენიმე ხნის შემდეგ, ,,ძიქარზე'' ( ჩეჩენი სუფისტების რელიგიური ცერემონია, რომლის დროსაც ისინი წრეზე დგებიან და მოლის ნიშანზე, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ; თანაც, განუწყვეტლივ იმეორებენ ისლამურ მრწამსს – ,,შაჰადას'' ) მთელი სოფელი შეიკრიბა, ლოცვა რომ დაიწყო, თუშებმა დრო იხელთეს, კოშკის კარი გამოამტვრიეს, გარეთ გამოვიდნენ და შატილისაკენ გაიქცნენ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ გზაზე დარაჯად აღარავინ იდგომებოდა, მაგრამ შეცდნენ – ალაქოს ხევში ( რომელზეც ჯარეგოელთა და შატილელთა საზღვარი გადიოდა ) ჩეჩნების მცირერიცხოვანი რაზმი მდგარიყო, რომელმაც გაქცეულები შეამჩნია და სროლა–სროლით უკან გამოედევნა.ალაქოს ხევში ატეხილი სროლის ხმა და გამოქცეულ თუშთა ყვირილი შატილში მალევე გაიგონეს, აქედან კი ხმა ხევსურეთის სხვა თემებს, ფშავსა და თუშეთსაც მიაწვდინეს. სასწრაფოდ, ქუდზე კაცი გამოვიდა და ყველანი ჯარეგოსაკენ დაეშვნენ. თუშეთში მყოფი ფშავლებიც საჩქაროდ ჩეჩნეთში გადავიდნენ, მდ. არღუნი გადალახეს და ჯარეგოს ზურგიდან მოუარეს. 1917 წლის 3 სექტემბერს, დილით ადრე, ხევსურებისა და ფშავლების მაშველთა რაზმებმა სოფელს ორი მხრიდან შეუტიეს. შემდგომში ამ ლაშქრობის მონაწილენი იხსენებდნენ, რომ ჯარეგოს სანახებთან შეუმჩნევლად მიახლოება მათ ნისლის დახმარებით შეძლეს – გათენებისას, ნისლი მთებიდან დაბლა, სოფლისკენ ჩაცურდა და მას თან ხევსურებიც მიჰყვნენ. ჩეჩენმა მზირებმა ახლოს მოსული მტერი მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როდესაც შუკებში ძაღლებმა ყეფა ატეხეს. სულ მალე, დაპირისპირებული მხარეები ხმალდახმალ შეებნენ ერთმანეთს. ხევსურებმა თან წამოღებული თვითნაკეთი ბომბები კოშკების შესასვლელ კარებშიც შეყარეს და იქ გამაგრებული ჩეჩნების დიდი ნაწილი გაანადგურეს; მიუხედავად ამისა, სოფელმა წინააღმდეგობა გვიან საღამოსღა შეწყვიტა. ხევსურებმა ჯარეგოს შუკებში მიმოფანტული თუშთა გვამები მოკრიბეს, ჯარეგოელთა ნახირიც გამოირეკეს და გამარჯვებულნი, უკან გამობრუნდნენ.,,ხევსურთ დალხანეს ქისტები, სისხლი ადინეს ღვარია, სამს დღეს ისმოდა ჯარეგით ქისტის დიაცთა ზარია!'' – მოგვითხრობს ამის შესახებ ხევსურული ლექსი, რომელიც ჯარეგოს სისხლის ღვრის ერთ–ერთმა მონაწილემ გამოთქვა. ჟურნალი გზა N5 3/II - 9/II - 2011 წელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted April 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2011 (edited) http://b.pix.ge/m/c7qoi.jpghttp://b.pix.ge/w/uttee.jpghttp://b.pix.ge/l/0kihx.jpghttp://a.pix.ge/y/xeif6.jpg Edited April 2, 2011 by alex Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted February 8, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 მითხოში* მახაურებსა** ავი მახფუით ჯავრია"იმ ოხერ შატილივნებსა ვუმტვრიოთ ქავის კარია"ორშაბათ დილას გადმოვლეს არღუნის წყალი ჩქარიაშამეერივნეს შატილსა ატირნეს ქალი დ' ზალია. შატილივნებმაც შახვედრეს: "ჩვენად ხატი და ჯვარია!"ხმალს გაუსინჯეს ვადანი, სისხლის აყენეს ღვარიაქისტების სისხლით შახღებეს არღუნის ჩქარი წყალიაგაიქცა ქისტის ლაშქარი, მითხოსკე გზანი გალია. ჩამახყვნეს შატილივნები, მარჯვედ იქნივეს ხმალიაჯარეგის თავზე შაქუჩდნეს, წინ უძღვით ლაღი ჯვარია"აეხლა-კ ჩვენცა ვატიროთ მაგათი ქალი დ' ზალია!.."სამშაბათს გათენებაზედ მითხოს უმტვრივეს კარია. ვაი თქვენ მახაურებო, რო ვერ იყარეთ ჯავრია!შატილით მითხოს მოგიხდეს, როგორც რო ქარიშხალიამოამბეც არვინ დაგირჩათ, თქვენგნივ სუყველა მკვდარიამითხოდგე არღუნს შაერთვის სისხლის წითელი ღვარია! მაშინ მეც ვიყავ მეკოპრად, დიდადაც გავიხარიამითხოთ შატილში წავღლალე ქისტის ნასუქი ხარიაოთხ დღეს ისმოდა მითხოდგე ქისტის ქალების ზარიაოთხ დღეს ვიყვენით შატილსა სვიანი ლუდით მთვრალია *მითხო - ჩეჩნეთის მელხესტის თემის ხევსურული სახელი**მახაურები - მითხოელი ქისტების გვარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.