Jump to content
Planeta.Ge

რევოლუცია წერას ატანილი ხელისუფლებების ხელში ხდება


Recommended Posts

საქართველოში რევოლუციების თავისებურებებზე, დაანონსებული რევოლუციის ალბათობას და სავარაუდო შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს, სამხედრო ექსპერტსა და პოლიტოლოგ კახა კაციტაძეს ესაუბრა.

 

_ ბატონო კახა, რას შეიძლება ნიშნავდეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ჯგუფებში რევოლუციაზე პერმანენტული საუბარი? დემოკრატიის ქართულ გაგებას, თუ იმას, რომ ოპოზიციურ ძალებს ქვეყანაში საქმიანობისთვის არასაკმარისო ასპარეზი აქვთ?

_ იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რაც ჩვენთან ხდება, საქართველოს ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე რევოლუციური გზა, ანუ მასობრივი გამოსვლების შედეგად ხელისუფლების ცვლა გამორიცხული არ არის. სადღაც ნორვეგიაში ან ისლანდიაში რამდენიც უნდა ილაპარაკონ რევოლუციაზე, ამას სერიოზულად არავინ არ აღიქვამს. ამაზე რომ ჩვენთან სერიოზული საუბარია, უკვე თავისთავად ნიშნავს შემდეგს - სიტუაცია ბუნებრივი არ არის; ვექტორი, საითკენაც მივყავართ არსებულ ტენდენციებს, აშკარად არ არის ნორმალური.

_ რევოლუციებისადმი მიდრეკილების მიზეზი იმასაც ხომ არ უკავშირდება, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ 20 წელიწადში საქართველოში ხელისუფლება ორჯერ რევოლუციითა და გადატრიალებით შეიცვალა?

_ არა, ამას არ უკავშირდება. მოდით, ასე ვთქვათ - თუკი ხელისუფლება ვერ სწავლობს, როგორ მართოს პროცესები, ყოველთვის იღებს რევოლუციას. ამაში ქართველების თითქოს განსაკუთრებული ავზნიანობა არაფერ შუაშია. საფრანგეთში რევოლუციები 1789, 1830, 1848, 1871 წლებში მოხდა. საფრანგეთში რევოლუციების სერია მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ხელისუფლებამ ვითარების ნორმალურად მართვა ვერ ისწავლა. საფრანგეთში სხვა არა ერთი კრიზისები მომხდარა, მაგრამ საქმე ყოველთვის რევოლუციამდე არ მისულა. რევოლუციის თემა საფრანგეთის თავზე დამოკლეს მახვილივით ყოველთვის ეკიდა. ახლა 21-ე საუკუნეა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ 21-ე საუკუნის საქართველო განვითარების დონით ბევრად წინ არის , ვიდრე - მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საფრანგეთი.

საერთოდ, რევოლუციურ სიტუაციას ოპოზიცია ვერასდროს ვერა ქმნის. რევოლუციური სიტუაცია ყოველთვის ხელისუფლების მოქმედების ანაც უმოქმედობის შედეგად იქმნება. თავისთავად, პროცესების რევოლუციურად განვითარებაში პირადად მე და, არა მგონია ბევრი ნორმალური ადამიანი, ხედავდეს მაინცადამაინც დადებით და სასურველ ცვლილებას. მაგრამ, ვიმეორებ - საქმე რევოლუციამდე ხელისუფლების უაზრო და არაადეკვატურ ქმედებებს მიჰყავს და შემდეგ რევოლუცია ამ ქმედებების ლოგიკურ გაგრძელებად გვევლინება. არსებობს აზროვნების კანონი, რომელსაც "საკმაო საფუძვლის კანონს" უწოდებენ. ეს ისეთივე ლოგიკური კანონია, როგორც ვთქვათ, "ყველა საგანი თავისი თავის იგივიობრივია". "საკმაო საფუძვლის კანონი" ასე ამბობს - არაფერი არ ხდება "საკმაო საფუძვლის" გარეშე. თუ საქართველოში რევოლუცია მოხდება, მაშინ გვექნება საშუალება ვთქვათ, რომ ამის "საკმაო საფუძველი" არსებობდა და ეს საკმაო საფუძველი სწორედ ხელისუფლების შექმნილია.

_ რამდენად მისაღებია თქვენთვის მტკიცება, რომ პოლიტიკურ ძალთა შორის ისეთი მკვეთრი დაპირისპირება როგორც ჩვენთან არის, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ საქართველომ ფუნდამენტურ ფასეულობებზე გააკეთა არჩევანი, საზოგადოება კი მათ მისაღებად მზად არ აღმოჩნდა. . .

_ თუ რაღაცისთვის საზოგადოება მზად არ არის, იმაზე არჩევანი არც უნდა გაკეთდეს. ამგვარი მტკიცებით გამოდის, რომ დასახულია მიზანი, რომლისთვისაც საზოგადოება მზად არ იყო. როდესაც ასეთი რამ ხდება, ყოველთვის ვიღებთ გარღვევას მიზანსა და მისი მიღწევის საშუალებას შორის. ასეთ სიტუაციას ჰეგელი "უბედური ცნობიერებს ვითარებას" უწოდებდა. დასახულია მიზანი, რომლის მიუღწევლობა წინასწარ იცი. ასეთ ვითარებაში, არა მარტო ქართული, არამედ ნებისმიერი საზოგადოება დეპრესიაში ჩავარდებოდა. ერთი რამ ნათელია, მიზანი უნდა იყოს საზოგადოების მოცემული დონის შესაბამისი. ადამიანებმა მიზნად უკვდავება რომ დავისახოთ, ეს რეალისტური მიზანი არ იქნება და დეპრესიაში ჩავვარდებით. მიზანი, რომლისთვსაც საზოგადოების უმრავლესობა მზად არ არის, რეალისტურ მიზნად ვერ ჩაითვლება. ასეთი მიზნის დასახვას გაცილებით მოკრძალებული, მაგრამ რეალისტურად მიღწევადი მიზნის დასახვა სჯობია.

_ ხშირად გაიგონებთ შეფასებას, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ქაოტურ მოძრაობებს მსოფლმხედველობრივი დეფიციტი განაპირობებს. თქვენ თუ ეთანხმებით ამგვარ მტკიცებას?

_ არა მგონია, ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ისეთი პრინციპული ადამიანები იყვნენ, რომ მსოფლმხედველობრივი მოსაზრებებისა და მაღალი იდეალების გამო მზად იყვნენ თავის გასაწირად. ასეთი ადამიანები ორივე ჯგუფებში თუ არიან, მათი რაოდენობა ძალიან მცირე იქნება. ასეთ ადამიანებს საზოგადოებაში უფრო მოძებნი, ვიდრე - პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდი, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია კომპეტენტურობით, პრინციპულობით, უბრალოდ, ადამიანური ღირსებითა და სინდისით გამოირჩევა. ეს არის პრობლემა და არა ის, თითქოს ვიღაცეებს შორის ტრაგიკული მსოფლმხედველობრივი ჭიდილი იყოს.

_ ოპოზიცია ხელისუფლებას ხშირად ავტორიტარიზმში ადანაშაულებს. ხელისუფლების დამკვიდერებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების წესში ბევრი რამ რომ აშკარად დასალაგებელია, უდავოა, მაგრამ მეორეც არის - რამდენად სამართლიანია ოპოზიციურ ლიდერთა ბრალდებები, ანუ რამდენად არის ხელისუფლება ავტორიტარული?

_ თუ ავტორიტარიზმს ჩვეულებრივ გავრცელებული მნიშვნელობით მივიღებთ, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად, საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და არასაჯაროდ მიღებას გულისხმობს, რასაკვირველია, ამ ჩვენს ხელისუფლებას ავტორიტარიზმი ახასიათებს. პრაქტიკულად, არც ერთ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რაზეც გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, არავითარი საჯარო დისკუსია და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინება არ ყოფილა. თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენთან კლასიკური, მე-19 საუკუნის ლათინურ-ამერიკულ სახელმწიფოებში არსებული დიქტატურაა, ასეთი დიქტატურა ეგვიპტესა და თუნისშიც აღარ არსებობდა. ასეთი კლასიკური დიქტატურა დღეს უგანდაშია, სადაც პრეზიდენტმა, რომელმაც თავისი თავი არჩევნებში გამარჯვებულად მეხუთედ გამოაცხადა, არჩევნებში მეხუთედ დამარცხებულ ოპოზიციის ლიდერს შეჭმით დაემუქრა.

_ თქვენი აზრით, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც რევოლუციაზე ხშირად საუბრებენ, აღიქმებიან თუ არა საზოგადოებაში ხელისუფლების ალტერნატივად?

_ რევოლუცია არ არის რაციონალური პროცესი. რევოლუცია მასზე მხოლოდ გაუთავებელი საუბრის გამო არ ხდება. თავისთავად, რევოლუციაზე საუბარი, რაც არ უნდა გინდოდეს იგი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ალტერნატივა ხარ. ასეთი რამ ნებისმიერი რევოლუციის დროს არა ხდება. ძალიან ძნელია, რევოლუცია დაანონსებულად და წინასწარ გააზრებულ პროცესად წარმოვიდგინოთ. არაბულ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმაც გვიჩვენა, რომ იმიტომ კი არ უნდა იყოს რევოლუციაზე მოლაპარაკე ძალა ალტერნატივა, რომ რევოლუციაზე საუბრობს, არამედ პირიქით, თუ რევოლუცია მოხდა, ალტერნატიული ძალა სწორედ ამ რევოლუციის სათავეში აღმოჩნდება.

_ თუ პროცესები მაინც რევოლუციური სცენარით განვითარდა, თქვენი აზრით, რა ვითარება შეიქმნება ქვეყანაში?

_ ჩვეულებრივ, რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებას კარგი არაფერი მოაქვს. მაგრამ, პრობლება იმაში კი არ არის, რომ რევოლუცია ქვეყანას კარგს მოუტანს თუ - ცუდს, არამედ იმაში, რომ იქმნება ვითარება, როცა პროცესების სხვა სცენარით განვითარების პერსპექტივა არ რჩება. ისტორიულად თუ ავიღებთ, ერთადერთი ვითარება, როდესაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციამ წინ წაიყვანა ქვეყნის განვითარება, ეს იყო ე.წ. დიდებული და შესანიშნავი რევოლუცია, რომელიც მე-17 საუკუნის ბოლოს დიდ ბრიტანეთში მოხდა. ამის გარდა, წინ წამყვანი და მაპროგრესირებელი რევოლუცია მე არ გამიგია. მაგრამ, საქმე იმაშიც არის, რომ ვითარების იმ სტადიაში დატოვება, რომელშიც ახლა ვართ, ზუსტად ისეთი სახის ჩამორჩენამდე მიგვიყვანს, რომელიც რევოლუციას გამოიწვევს.

საფრანგეთის მე-18 საუკუნის და მე-19 საუკუნის რევოლუციებიც განაპირობა იმ პოლიტიკურმა კურსმა, რომელსაც ჯერ კიდევ ლუი მე-14 ატარებდა. მან იმდენად გამოფიტა ქვეყნის რესურსები, რომ მთელი საუკუნის განმავლობაში შეფერხდა ქვეყნის ნორმალური განვითარება და საფრანგეთს ოთხი რევოლუციის გადატანა მოუწია. კოლიზია ამაშია და არა იმაში, რომ რევოლუცია კარგია თუ ცუდი.

_ თქვენი აზრით, გაცნობიერებული აქვს თუ არა ხელისუფლებას, რომ საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე მომუშავე, კონსულტაციებში მყოფ "ოპოზიციურ რვიანთან" გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს და არ მიიღოს ისეთი უსასუხიმგებლო გადაწყვეტილებები, რომელიც რევოლუციის გამომწვევი საბაბი აღმოჩნდეს?

_ რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს? რა შეატყვეთ ჩვენს ხელისუფლებას ასეთი გონივრული, რომ ეგ დაინახოს, რასაც თქვენ ამბობთ. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში, ზოგადად, ხელისუფლება გონივრული გადაწყვეტილებებით ხელმძღვანელობს. 1830 წელს ნათელი იყო, რომ საფრანგეთში რევოლუცია მოხდებოდა. მაშინ ხელისუფლებას ძალაუფლება ოპოზიციისთვის რომ დაეთმო, რევოლუცია არ მოხდებოდა. ამ ნაბიჯზე საფრანგეთის ხელისუფლება არც 1848 წელს არ წავიდა. რუსეთის ხელისუფლება 1917 წლის მარტში დათმობებზე რომ წასულიყო, 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალება არ მოხდებოდა. ირანის შახი რომ დათმობაზე დროულად წასულიყო, ირანში რევოლუცია არ მოხდებოდა. შახმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი შაბურ ბახტიარი პრემიერ-მინისტრად დანიშნა კიდეც, მაგრამ რევოლუციის ტალღა ისეთი დიდი იყო, რომ ძალაუფლების ოპოზიციისთვის გადაცემამ საქმეს ვერ უშველა. ეს პრობლემა მარტო საქართველოს ხელისუფლების პრობლემა არ არის. რევოლუცია წერას ატანილი ხელისუფლებების ხელში ხდება. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს ადეკვატურად აფასებს. ისტორიული გამოცდილება და ჩვენი ხელისუფლების ქმედების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჩვენი ხელისუფლება ელემენტარული ინსტიქტების დონეზე მოქმედებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება ჰქონდეს და არავითარ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. პრობლემა სწორედ ამაშია.

ხელისუფლებას საქმე იქითკენ მიჰყავს, რომ საზოგადოების პასუხიმგებლობის მქონე ნაწილს რევოლუციის არსებობა-არარსებობაზე კი არ მოუწიოს საუბარი, არამედ იმაზე, რომ რევოლუციის ნეგატიური შედეგები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/162845-revolucia-tseras-atanili-khelisuflebebis-khelshi-khdeba.html

 

მე პირადად სრულად ვეთანხმები. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...