lasha1997 Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 საპარლამენტო დებატები – გიორგი თარგამაძის სიტყვა ლიდერის მთავარი თვისება როგორც ხელისუფლებაში მოსვლის, ასევე წასვლის დროის შეგრძნებაა. ამ გრძნობის დაკარგვას მოაქვს ისეთი მოვლენები რასაც ამ წუთებში მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს თვალს. მე არასოდეს ვყოფილვარ თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერი, ჩვენს ოპონირებას ჩვენი ასაკის მიუხედავად დიდი ხნის ოსტორია აქვს. ერთხელ, ვარდების რევოლუციის დროს, როცა ერთ ჩემს მეგობარს ვეკამათებოდი თქვენს მიერ არჩეული პოლიტიკური მეთოდების გამო, მან მიპასუხა: მე მომწონს სააკაშვილი რადგან ჩახუთულ შენობაში ფანჯრებს ამტვრევს და სუფთა ჰაერს უშვებსო! 2 წლის შემდეგ, ამავე მეგობარს განწყობა ცოტა შეეცვალა და მითხრა, მგონი ფანჯრებიდან კედლების ნგრევაზე გადავიდა და ეს კი ცოტა მაშფოთებსო და სულ ახლახანს, ახალი წლის სუფრაზე გაგრძელებული კამათისას გამომიტყდა: - მგონი კვლავ სუფთა ჰაერის პრობლემაა და ეს კი ძალიან აღარ მომწონსო. მე არასოდეს ვყოფილვარ თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერი, მაგრამ კარგად ვხედავ, რომ თქვენ დგახართ გამოწვევების წინაშე, როგორც დგას ორმოს წინაშე მათეს სახარებისეული ბრმა, რომელიც თავისნაირ ბრმებს წინაუძღვის.. თქვენ გარშემო კი აღარავინ დაგრჩათ, ვინც თვალს აგიხელთ. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გადავწყვიტე გითხრათ ის, რაც აქამდეც, საჯაროდ თუ პირადად არაერთხელ მითქვამს: ჩვენი საერთო ამოცანაა ისეთი პოლიტიკური სისტემისა და გარემოს შექმნა, სადაც არჩევნების გზით ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა შესაძლებელი იქნება. ეს მნიშვნელოვანია თქვენთვისაც: კონკურენციის შეგრძნების გარეშე თქვენი პოლიტიკური ძალა პოლიტიკური ხრწნისა და გადაგვარებისთვისაა განწირული. არადა, მომკალით, მაგრამ მიჭირს იმის დაჯერება, რომ თქვენი პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე ,,ჭაობის მეფობა” ყოფილიყო თქვენი სანუკვარი ოცნება.Aან თქვენ პროფესიონალ პრეზიდენტად, ანუ ყველას პრეზიდენტად ჩამოყალიბდებით, ხელს თუ არ შეუწყობთ, არ შეუშლით მაინც თითქმის ერთ ადგილზე გაყინული პოლიტიკური პროცესის ჯანსაღად განვითარებას, ან დარჩებით ნაციონალების ლიდერად და ძალაუფლების შენარჩუნებას გაიხდით მთავარ ღირებულებად. შესაბამისად ან ამ ქვეყანაში პროფესიონალ რევოლუციონერებს და გადამტრიალებელ ავანტიურისტებს დარჩებათ ბურთი და მოედანი, ან ხალხის არჩეული პროფესიონალი პოლიტიკოსები აიღებენ საქართველოს მომავალზე პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას, რომლის ერთერთი მთავარი პრინციპი ჯერ კიდევ რეზო თაბუკაშვილის მიერ ასე მარტივად და ნათლად ჩამოყალიბებულ ფორმულაშია: პატრიოტიზმი კი არ არის პროფესია, პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ეს ფორმულა ორმხრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს, საქართველოში ჯერ არ შემდგარა პრეცედენტი, როცა ხელისუფლების ცვლილება მმართველი პოლიტიკური და მასთან დაახლოვებული ბიზნესელიტების სრულ განადგურებას არ იწვევდა. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ მანკიერი და ქვეყნის დამანგრეველი ტრადიციის შეცვლის და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველო პოლიტიკური ბარბაროსობის ხანიდან გამოდის და განსხვავებული ხედვის მქონე ძალების თანაცხოვრების ეპოქას იწყებს. ჩემი აზრით ეს არის ის მთავარი გამოწვევა, რომელზე პასუხის გაცემაც სურვილის შემთხვევაში ნამდვილად შეგიძლიათ და რომელიც ამავე დროს მყარ საფუძველს ჩაუყრის ქართველი ერისთვის მიცემული დანაპირების მომავალში შესრულებას: ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას, მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლასა და ბოლოს - საქართველოს გამთლიანებას. მე წლების მანძილზე პირადად გთავაზობდით ეკონომიკის სტიმულირებისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელი 3 ნაბიჯის გადადგმას. ეს იყო: საგადასახადო წნეხის შემცირება, სასამართლო სისტემის რეფორმირება და მონოპოლიების შეზღუდვა. მაგრამ, ამის ნაცვლად, თქვენ წამოიწყეთ უტოპიური პროექტები, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. ჩავარდა: ,,ანტიკრიზისული პროგრამა”; ,,ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა;” ,,დასაქმების პროგრამა”; ,,50 დღიანი პროგრამა;” 100 დღიანი პროგრამა;” 50 თვიანი პროგრამა;” ,,იაფი დაზღვევის პროგრამა;” ,,იაფი კრედიტის პროგრამა;” ,,100 საავადმყოფოს პროგრამა;” ,,100 საწარმოს პროგრამა.” მე მუდმივად შეგახსენებდით, რომ ბიზნესი უნდა გაგეთავისუფლებინათ სახელმწიფო აპარატის მარწუხებისაგან და ერთად-ერთხელ მივიღე თქვენი პოზიტიური გამოხმაურება. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი შეძახილის ექო იყო და დღემდე ამას შედეგი არ მოჰყოლია. მე გეუბნებოდით, რომ როცა ბიზნესს ვსჯით, მარტო ბიზნესი არ ზარალდება. ზარალდება საზოგადოება, იკლებს სამუშაო ადგილები, მცირდება გადახდისუნარიანობა, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ეკონომიკის განვითარებაზე მოქმედებს. თქვენ ლოპოტას ტბასთან გამართულ მთავრობის ცნობილ სხდომაზეც მიეცით ბიზნესმენებს პირობა, რომ ფინანსთა სამინისტრო დაჯარიმების საკითხს ფრთხილად მიუდგებოდა, თუმცა მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და საქართველოში არ არსებობს მეწარმე, სოლიდურ ჯარიმებს არ იხდიდეს, ,,ჯეოსელით” დაწყებული და ლილოს ბაზრობაზე წინდების გამყიდველით დამთავრებული. მე გთავაზობდით კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს აღდგენას, მაგრამ ეს საკითხი არ დაძრულა მკვდარი წერტილიდან. სამუშაო ადგილებს ყველა ქვეყანაში უმეტესად მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის, არა დიდ არამედ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს განსაკუთრებული სოციალური დატვირთვა, არადა ეს ნაწილი ყველაზე მეტად იჩაგრება. ერთადერთი სფერო, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესს მთელი სივრცე ეკავა და ათასობით ადამიანს ასაქმებდა, იყო სამარშრუტო ტაქსები, საიდანაც ისინი მთლიანად განიდევნენ. თუმცა რა ბიზნესის ხელშეწყობაზეა საუბარი, როცა ფინანსთა მინისტრმა 31 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც მეორე დღესვე, ანუ 1 იანვარს შედიოდა ძალაში და რომელიც საგრძნობლად ართულებს ბიზნეს-საქმიანობას ზედნადებების მექანიზმით. რანაირად შეიძლება ეწოდოს ამას სტაბილური, მითუფრო პროგნოზირებადი გარემო და ბიზნესისთვის გამარტივებული წესები - გაუგებარია. არადა სწორედ დაცულმა. თავის თავში დარწმუნებულმა, არა თვითგადარჩენის არამედ მომავალზე ორიენტირებულმა ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, განავითაროს საშუალო ფენა, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და საზოგადოების კეთილდღეობას. უცხოეთში ვხვდები ქართულ დიასპორებს, ფეისბუკის მეშვეობით დღესაც დამიკავშირდნენ ქართველი ემიგრანტები, რომლებიც მწერენ იმ პრობლემებზე, რომლებსაც საკუთარი სამშობლო მათ საზღვარზე უქმნის. ჩვენი საფინანსო პოლიტიკის მსახვრალი ხელი უცხოეთშიც არ აძლევს მათ მოსვენებას. რა პასუხი გავცე ხათუნა ბელთაძეს, რომელიც თურქეთიდან მწერს, ,,გვიშველეთ რამე, თორემ ჩანთებს და პირად ნივთებსაც კი გვართმევენ საბაჟოზეო..~ ყველა კარს ვუხსნით უცხოელებს და ყველა სასუნთქს ვუკეტავთ ქართველებს, რომლებიც ხშირად მძიმე და დამამცირებელი შრომით მოიპოვებენ ლუკმაპურს ოჯახის წევრებისთვის და არცთუ უმნიშვნელო წვლილი შეაქვთ ქართულ ეკონომიკაში. ვოცნებობთ ქართველი ერის გამრავლებაზე და ამავე დროს ყოველ ახალდაბადებულს ანგარიშზე 2500 ლარის ვალი ხვდება და ამ მხრივ უკვე ჩვენივე რეკორდი მოვხსენით. რაც უფრო მეტს გააჭიანურებთ ჩვენი წინადადებების გათვალისწინებას ინფლაციასთან და ვალებთან დაკავშირებით, მით უფრო გრძელი იქნება ანგარიში, რომლის გასტუმრებაც ჩვენ შვილებს მოუწევთ. უკვე 2013 წელს ჩვენი მთავრობა მხოლოდ ვალების მომსახურებაზე ბიუჯეტიდან გადაიხდის იმაზე მეტ თანხას, ვიდრე განათლების მთელ სიტემაზე, ჯანდაცვასა და მართალწესრიგის დაცვაზე - ერთად აღებული. დღეს ვალების მომსახურებას ბიუჯეტის 4% ხმარდება, 2013 წელს ეს ციფრი 6-ჯერ გაიზრდება და 25% გახდება. გახსოვთ ჩვენი დისკუსია ენერგომატარებლებზე ტარიფების გაიაფების თაობაზე. მე არაერთხელ მოგიწოდებდით იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც საშუალებას მოგვცემდა მყისიერი ეფექტისთვის მიგვეღწია კომუნალური გადასახადების გაიაფების მიმართულებით, ხოლო 2 წელიწადში ეკონომიკაში გარღვევა მოგვეხდინა. ამის ნაცვლოდ, კომუნალური გადასახადები ერთ ქვითარში გააერთიანეთ და რომ არა ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების იმედიც მაქვს, ამ წნეხს ნამდვილად ვერ გადაიტანს ჩვენი მოსახლეობა. მე მაგიდაზე დაგიდეთ ენერგოტარიფების გაიაფების პროგრამა, რომლითაც ჩიხიდან დავძრავდით სოციალურ კრიზისს, ბიძგს მივცემდით ქართული პროდუქციის წარმოებას და საფუძველს ჩავუყრიდით თვითკმარ სახელმწიფოს, მაგრამ თქვენ არ აღმოგაჩნდათ პოლიტიკური ნება, რომ დაგეწყოთ მისი განხორციელება. სიჯიუტით და სიბრმავით საკუთარ თავს დავმართეთ ყველაზე დიდი უბედურება - გავანადგურეთ სოფლის მეურნეობა. უცხოელი მეწარმე პროდუქტის საწარმოებლად თავისივე ქვეყნის ბანკებში კრედიტს 2-3%-ად იღებს, ქართველებისთვის კი 20%-იც კი საოცნებო და მიუწვდომელია. ამასთანავე მაგალითად თურქეთის მთავრობა სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების სუბსიდირებასაც ახდენს. შედეგად, საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტს ადგილობრივი პროდუქცია კონკურენციას ვეღარ უწევს, აზრს კარგავს ქართული პროდუქტის წარმოება. მე 2 წელი ვცდილობდი დამერწმუნებინეთ, რომ საკრედიტო ხელმისაწვდომობა ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო, მაგრამ – უშედეგოდ! ბოლო მონაცემებით მიწების 60% დაუმუშავებელია. თქვენ ძალიან გიყვართ იმ წლებთან საკუთარი მიღწევების შედარება როცა იყო ბნელი და უკუნი და სწორედ მაშინ, ანუ 1998 წელს საქართველოში მარცვლოვანი კულტურები ითესებოდა 415 ათას ჰექტარზე, 2009 წელს კი მისი მოცულობა თითქმის ორჯერ შემცირდა და 216 ათასი ჰექტარი შეადგინა. უფრო მეტიც, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 1998 წელს ხორბალი დაითესა 144 ათას ჰექტარზე, 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი კატასტროფულად შემცირდა და ხორბალი მხოლოდ სამჯერ ნაკლებ ტერიტორიაზე 57 ათას ჰექტარზე დაითესა. რათქმაუნდა ყველაფერი შეგვიძლია ჩინელების მომატებულ მადას დავაბრალოთ, მაგრამ იმას რაღა ვუყოთ ქართველი გლეხი, თოხისა და ბარის ამარად რომაა მიტოვებული: ზურაბ მასურაშვილმა რომელსაც საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში მცირე ფერმა ჰქონდა, წყლის არხების სისტემის გაუმართაობის გამო საკუთარი სიმინდის, ქერის და ხორბლის ნათესები ვერც ერთხელ ვერ მორწყა და 3 ჰექტარზე გაშენებული საზამთროს მოსავალიც დაეღუპა. ახლა მასურაშვილების ოჯახი შიმშილობს და მათი ფერმაც თითქმის განადგურებულია. იმერელმა გლეხმა ავთო უჩაძემ, უმარტივესი კალკულაციით დამითვალა, რომ 1 ჰექტარზე მოსავლის მოყვანა 600 ლარი უჯდება, უკან კი 300 ლარის მოსავალს იწევს. რა უნდა ქნას მან?! ჩვენ ხომ ეს ქვეყანა უვარგისი გავხადეთ მისთვის, ეს მიწა გამოუსადეგარი გავხადეთ სოფლის მეურნეობისათვის. ამიტომაც გლეხმა სოფელი უნდა მიატოვოს და ქალაქში ჩამოვიდეს ლუკმა-პურის საშოვნელად. რა უნდა ქნას ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში ჯიმშერ კაპანაძემ, თუ 1 ჰექტარზე ჰიბრიდული სიმინდის მოყვანა, რომელსაც მთავრობა პანაცეად ასაღებს, 2000 ლარი უჯდება, რასაც საწვავის გასამმაგებული ფასი და თითო გამგეობაზე გამოყოფილი თითო ეგრეთ წოდებული “მიშას ტრაქტორის” ხარჯი ემატება. ეს ის ჰიბრიდული თესლია, რომლის შესაძენად ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო დღეს გლეხს ერთ კილოს 17 ლარად აძლევთ. რა ქნას გლეხობამ, ვის უნდა მოთხოვოს პასუხი თუ სოფლის მეურნეობაში არსებული უპატრონობის გამო, ქვეყანაში მთლიანად გაწყდა ღორი და ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და დომინიკიდან ვიღებთ ხორცს, თუ განადგურებულია სათესლე მეურნეობები და უცხოეთიდან შემოგვაქვს ძვირიანი თესლი, თუ საქართველოს სოფლის მეურნეობას სულ ჯამში ესაჭიროება დამატებით 2000 ტრაქტორი, ანუ 60 მილიონი დოლარი, მაგრამ ბრმების მთავრობას ურჩევნია ამ ფასად შუშის ხიდი ააგოს. გლეხი დღეს უუფლებოა, მაგრამ თქვენი მთავრობის წევრებივით ბრმა კი არ არის და ზუსტად იცის, რომ ყველაზე დიდი პარაზიტი და სარეველა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სათავეშია ჩაბუდებული. სარეველას და პარაზიტს კი ქართველი გლეხი დიდხანს არ ელოლიავება და თავის ცოლ-შვილს არ შეაჭმევინებს. ამიტომ, როცა თქვენს მთავრობაში ხედავთ კვეზერელს, მუდმივად უნდა გახსოვდეთ ის ორმო, რომლის პირასაც დგახართ! ჩვენ ხშირად ვხდებით ილუზიონისტის ეფექტებით შეფუთული ყუთის მაყურებელი, მაგრამ როცა ყუთს გახსნი, ნახავ, რომ ყუთი ცარიელია: მაგალითად მითი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და რიგში მდგარი ინვესტორების შესახებ: სინამდვილეში 2010 წელს საქართველომ სრული საინვესტიციო კრახი განიცადა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა დედამიწის გარშემო ფრენის საათების რაოდენობით ყველაზე დატვირთულ მფრინავებსაც გაუწევენ კონკურენციას, ინვესტიციებით, არათუ აზერბაიჯანს, სომხეთსაც ჩამოვრჩებით: გასული წლის ორ კვარტალში აზერბაიჯანში მილიარდნახევარი შევიდა, სომხეთში 300 მილიონი, ხოლო ჩვენთან მხოლოდ 273 მილიონი. გეუბნებოდით, რომ არანორმალურია, როცა სილიკომანგანუმს ვაწარმოებთ, მაგრამ წარმოებისთვის მანგანუმს ჭიათურაში კი არ ვყიდულობთ, არამედ აფრიკიდან, გაბონიდან ჩამოგვაქვს. არანორმალურია, როცა გაჩერებულია გუმბრის, ასკანის მაღაროები და საბადოები. როცა საქართველოში უმაღლესი ხარისხის თიხაა, ხოლო აგური თურქეთიდან შემოგვაქვს, როცა სკოლაში მანდატურის მინიმალური ხელფასი 500 ლარია, ხოლო მასწავლებლის საშუალო – 200, როცა 10 ლარიანი ნამატი პენსიაზე სულ 60 მილიონი ლარი დაგვიჯდებოდა და 500 000 პენსიონერს დააკმაყოფილებდა, ხოლო მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებისთვის თითქმის ორჯერ მეტი – 100 მილიონი ლარი გავიმეტეთ, ხოლო ყოვლად გამოუსადეგარი შუშის ხიდი - 80 მილიონი ლარი დაგვიჯდა. მე მოგიწოდებდით, შეგეჩერებინათ ბიუჯეტის არაადეკვატური ფლანგვა და გთავაზობდით სამი კონკრეტული პროგრამის ხარჯზე მნიშვნელოვანი თანხების გამოთავისუფლებას. ესენია: ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობის თანხა მინიმუმ – 60 მილიონი ლარი, პროექტი “ჩემი პირველი კომპიუტერი” – 32 მილიონი ლარი და ძალიან საეჭვო პროექტი ინგლისურენოვანი პირების საქართველოში დასაქმებისა - 10 მილიონი ლარი. დეფიციტური ბიუჯეტიდან გასაცემი ხარჯების დაზოგვით მნიშვნელოვნად შევაფერხებდით ფულის გაუფასურების და საბოლოო ჯამში ყოველდღიური ლუკმაპურისათვის ბრძოლაში განაწამები მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკების პროცესს. აი ინფლაციას რაც შეეხება, მართლაც რეკორდსმენები ვართ. თქვენ მთელი გასული წელი ევროპის მთავრობებს ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად ეპატიჟებოდით. ამას აკეთებდა იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის 4 მილიონნახევრიანი მოსახლეობიდან, მილიონ შვიდასსამოცი ათასი ღატაკის სტატუსის მაძიებელია. თანაც, გიკვირდათ ჯიუტად რატომ არ იზიარებენ ჩვენს მოპატიჟებასო, მართლაც დიდი გარჯა იყო საჭირო, რომ ფულის გაუფასურების მაჩვენებლით მიწისძვრისაგან მიწასთან გასწორებული ჰაიტისთვისაც კი გადაგვესწრო. დეფიციტური ბიუჯეტის დასაფინასებლად, მიმოქცევაში არსებული ფულის ოდენობა ერთი წლის განმავლობაში 38%-ით გავზარდეთ, შედეგად - ინფლაციის დონით რეგიონში ყველას გავუსწარით, ჩვენი შორსმჭვრეტელი მთავრობის პროგნოზირებულ მაჩვენებელს ორჯერ გადავაჭარბეთ და იანვარში მივიღეთ 12,4%!!! რაც, პოპულარულ ენაზე რომ ავხსნათ შემდეგს ნიშნავს: პენსიონერები, რომელთა უმრავლესობის პენსიაც 70 ლარია, ასეთი ინფლაციის პირობებში ამ თანხით იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტებისა და წამლების ნახევარს იყიდიან რასაც 2008 წელს ყიდულობდნენ. კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ერთი ადამიანის საშუალო თვიური ხარჯი მინიმუმ 70%-ით გაიზარდა, ვარდების ხელისუფლების ხელში ცხოვრება 70%-ით გაძვირდა. ხანდაზმულებზე სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი რომ ნაციონალური მოძრაობის ,,პრიორიტეტია~ ამაზე შემდეგი ციფრები მეტყველებს: სახელმწიფოს მიერ დაწესებული საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე 150 ლარამდეა. ანუ პენსიაზე ორჯერ მეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლად სასიკვდილოდ კი არ გავწირეთ ჩვენი პენსიონერები, უბრალოდ დღეგამოშვებით მოუწევთ საკვების მიღება ორგანიზმი რო არ გადაიტვირთოს ზედმეტი ცხიმებით. ეს ხომ ხანდაზმულებზე პასუხისმგებლობის მოხსნას ნიშნავს. ან სადაა პასუხისმგებლობა მთავრობისა რომელიც ერთი წლითაც კი ვერ იხედება წინ?! უკეთეს შემთხვევაში ეს ბრმების მთავრობა ხდება ხოლმე მეხანძრეების მთავრობა, რომელიც ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში აფეთქებული ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. მაგალითად სანამ ხანძარი იფეთქებდა, ეკონომიკურ გუნდს რომ გაეთვალა და ვაუჩერების ნაცვლად 20 მილიონი ლარი ხაფხულში, ან თუნდაც სექტემბერში მეპურეებისა და ხორბლის იმპორტიორებისათვის იაფი კრედიტის სახით მიეცა, გუშინწინ პური კიდევ 10 თეთრით არ გაძვირდებოდა. საერთოდ, რა სარგებლობა მოაქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როცა ბუნებაში არ არსებობს ეკონომიკის განვითარების რაიმე ხედვა. თქვენი აღიარება, რომ ინფლაციასა და ფასების ზრდაზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გაქვთ, არის აღიარებითი ჩვენება იმისა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა საერთოდ არ გაგაჩნიათ. მართალია, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში უკვე დიდ ორმოში ვართ, თუმცა რაღაცაში მაინც გვაქვს წინსვლა: თუ 2009 წელს პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვიყავით, 2010 წელს მეორეზე დავწინაურდით: - საქართველოში ყოველ 100 ათას მცხოვრებზე 540 პატიმარი გვყავს. შედარებისთვის საშუალო ევროპული მაჩვენებელი 10-ჯერ ნაკლებია: 100ათას მცხოვრებზე 50-60 პატიმარი. რამდენიმე დღის წინ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, თვალის დაუხამხამებლად, 1 წლით ციხეში გაუშვა ლიახვის ხეობიდან დევნილი, 64 წლის მოქანდაკე ვალერიან ჭილაშვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა 35 ლარად ღირებული 1 ცალი ფიცრის მოპარვა. ამავე საქმეში პროკურატურა ვერანაირად ვერ ამტკიცებდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მათ ისიც კი ვერ მოახერხეს დაედგინათ ვინ იყო მოპარული ფიცრის მესაკუთრე და დაზარალებულად დარაჯი სცნეს; პროკურატურამ არ ჩაატარა ექსპერტიზა და ისიც კი არ არის დადგენლი, ფიცრის რეალური ღირებულება 35 ლარია თუ კიდევ უფრო ნაკლები. ეს საქმე მხოლოდ ერთი მაგალითია ქართული სასამართლოების ყოველდღიური საქმიანობიდან. ეს არის თქვენი შეუწყნარებელი სისხლის სამართლის პოლიტიკის საუკეთესო ილუსტრაცია. ეს არის თქვენი “ლიბერალური” სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის შედეგი. ამ კოდექსით, ყველა სიკეთესთან ერთად, დარღვეულია ევროკონვენციის 6-ე მუხლით გარანტირებული მხარეთა თანასწორობის პრინციპი, პროკურორს აქვს გაცილებით მეტი უფლება ვიდრე ადვოკატს. Aადვოკატთა ასოციაციამ დადო უაღრესად კვალიფიციური და მათი უცხოელი კოლეგების მიერ აღიარებული დასკვნა ახალ საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არც უფიქრია მისი განხილვა. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ადვოკატები სასამართლოსაგან განიცდიან შევიწროებას, სადაც სასამართლო ადვოკატებს სხდომის ოქმებს უყალბებს, სადაც იდევნებიან და მტკიცებულებების გარეშე აკავებენ დამცველებს. მე გთვაზობდით სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირების კონკრეტულ ნაბიჯებს: უნდა შემწყდარიყო `მოსმენების~ პრაქტიკა სასამართლოებში და სასამართლოს თავმჯდომარეებს უნდა აკრძალვოდათ დანარჩენ მოსამართლეებთან საქმის შინაარსობრივ გარემობებთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაცია; უნდა გადაგეხედათ მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებისათვის; უნდა გაგეთავისუფლებინათ იუსტიციის საბჭო ე.წ. `ელიტური მოსამართლეებისგან~ და ნებისმიერ მოსამართლეს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა დაეყენებინა საბჭოს წევრობის კანდიდატურა; უნდა შეცვლილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი. ამის სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ სასამართლო, რომელიც, თითქმის ყველა საქმეში უპირობოდ ემხრობა პროკურატურისა და ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციებს, მაშინაც კი, როდესაც ეს პოზიცია სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონოა და ასევე უპირობოდ უარყოფს დაცვის მხარის პოზიციას და შუამდგომლობებს, მაშინაც კი, როდესაც სახეზე უეჭველი მტკიცებულებებია. უკვე რამდენიმე წელია, რაც გამამართლებელი განაჩენების ოდენობა სისხლის სამართლის საქმეებზე წარმოუდგენლად დაბალია საქართველოში და მათი ოდენობა 0,1%-ს არ აღემატება. აი ასე მივიღეთ ქვეყანა, რომლის ღერბზეც “ძალა ერთობაშია” კი არა – “ძალა აღმართს ხნავს” უნდა ეწეროს. ეს ბრმად იმპორტირებული ჰიბრიდული დემოკრატია, გენმოდიფიცირებული მედია და ნახევარფაბრიკატი სასამართლო ჩვენც მოგვწამლავს და ჩვენი შვილებისთვისაც იქნება ზიანის მომტანი. ამოვისუნთქე, როდესაც მოვისმინე სააკაშვილის გამოსვლა ევროპარლამენტის წინაშე და მივხვდი, როგორი შვებით ამოისუნთქავდნენ ევროპელები, როდესაც მოისმინეს, რომ ადამიანმა, რომელიც წლების მანძილზე ანთებული ასანთით დარბოდა დენთის კასრებს შორის, ეს ასანთი ჩააქრო. თუმცა ხანდახან მგონია ხოლმე, რომ ქუთაისის რესტორნებში რუსული სიმღერების აკრძალვით და სხვა ასეთი ჩეკისტური ღონისძიებებით ჩვენ თვითონ ვემსგავსებით პრიმიტიულ რეპტილიებს. მე ძალიან მაშფოთებს არათანმიმდევრულობა საგარეო პოლიტიკური ორიენტირების გამოკვეთაში. თითქოს ეს ორიენტირი ევროკავშირია, მაგრამ იმავდროულად თქვენ გულმოდგინეთ ავითარებთ სინგაპურიზაციის იდეას, რომლის პოლიტიკური მოდელიც ძალიან შორსაა ევროსტანდარტის დემოკრატიისაგან. მეტიც, თუ ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია აქაც სრული შეუსაბამობაა – ვაშინგტონი მხარს დაგვიჭერს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში დასავლეთისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული მმართველობის მოდელი არ ჩამოყალიბდება და ეს გაირკვევა უკვე მიმდინარე წელს, იმ პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რომელშიც 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა ჩვენი წინადადებები უკვე წარმოვადგინეთ. წარმატებაში კი ვგულისხმობ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს რადიკალურ ცვლილებას. რომ არ დამყაყდეს, ჭურჭელში წყლის ცვლა აუცილებელია, მაგრამ რათქმაუნდა ისე, რომ ამ წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ. რაც კარგია შევინარჩუნოთ, რაც დასამთავრებელია დავასრულოთ, სადაც შედეგი სავალალოა გამოვასწოროთ... მხოლოდ ასე აშენდება ჩვენი ოცნების საქართველო, საქართველო სადაც იქნება სოციალური და სამოქალაქო მშვიდობა, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და არა გლადიატორების მუდმივი ბრძოლა, რომლისგანაც ჩვენი ქვეყანა სისხლისგან, სულისგან და იმედისგან იცლება.. მე ვარ ქართველი, ყოველგვარი “მაშასადამეების” გარეშე. მე არ მინდა, რომ საქართველო იყოს მხოლოდ ქართველებისთვის, მაგრამ მე მინდა, რომ ყველა ქართველი ვიყოთ საქართველოსთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შევქმნათ ქრისტიანულ ეთიკაზე, დემოკრატიულ პრინციპებსა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეროვნული სახელმწიფო, რომლის დევიზიც იქნება ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დავამთავრებ იმით რითაც დავიწყე: მე არასოდეს ვყოფილვარ თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერი, მაგრამ საქართველო ყველა პოლიტიკაზე მაღლა დგას და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ან ერთად წავალთ წინ, ან ორმოში ჩავარდნა გარდაუვალია. დროა საქმეს მივხედოთ, თამაში დამთავრებულია! http://www.cdm.ge/index.php?pg=news&id=76 თუ ვიდეოსაც გაჩითავთ სადმე,კარგი იქნება,რადგან აქაც უმეტესობას გულს გიხეთქავთ ამხელა მოცულობის წასაკითხი თემები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 lasha1997თუ ვიდეოსაც გაჩითავთ სადმე,კარგი იქნება,რადგან აქაც უმეტესობას გულს გიხეთქავთ ამხელა მოცულობის წასაკითხი თემები.თვალი გეზე ვერ უყურებთ? ესეც პრეზიდენტის პასუხები: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი თარგამაძის მიერ წარმოდგენილ ინფლაციის მაჩვენებლებში შესწორება შეიტანა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აზერბაიჯანში ინფლაციის მაჩვენებელი 5,7%-ის ნაცვლად 32%-ს შეადგენს. სომხეთში 9,5%-ის ნაცვლად 23%-ს; რუსეთში _ 34%; თურქეთში _ 25%; საქართველოში კი 21,9%-ია."ეს განაპირობა იმან, რომ წინა წლებში ჩვენს მეზობლებს ჰქონდათ ჩვენზე მეტი ინფლაციის მაჩვენებელი. არ გამოდის ისე, რომ შენი კარტოფილი ღირდეს 1 ლარი და მეზობელთან ღირდეს 3 ლარი. ადრე თუ გვიან ეს ფასები ერთმანეთს უტოლდება. ჩვენ არ ვართ ამ ინფლაციის ინიციატორი. ამის ინიციატორი არის მთლიანად გლობალური პროცესი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტს "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ დაწუნებული სამთავრობო პროგრამები გადასაყრელად არ მიაჩნია. როგორც დებატების საპასუხო სიტყვაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, "50 დღიანმა" და "50 თვიანმა" პროგრამებმა საქართველო გადაარჩინა."არ მესმის რა არის საქილიკო და სასაცილო ქვეყნის გადარჩენაში. რაც შეეხება 100-დღიან პროგრამას, ეს არის გიგი უგულავას პროგრამა, რომელიც გაზიფიკაციას და გარევაჭრობის მოწესრიგებას ეხებოდა. ამბიციური ამოცანები შეიძლება არ იყო, მაგრამ ამ კაცმა ორივე შეასრულა. ამ ყველაფერს მე ჩვენს აქტივში ვიწერ და სიამოვნებით წავიღებ სახლში", - განაცხადა პრეზიდენტმა. რაც შეეხება სლოგანს "GAME OVER", რომლითაც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პრეზენტაცია დაასრულა, პრეზიდენტმა არასერიოზული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მათ არ ეხებათ, რადგან თამაშით და გართობით დაკავებულნი არ არიან. "ჩვენ თამაშებით და გართობით დაკავებული არ ვართ, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ქვეყნის ბედსა და მომავალს ეხება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 ყოჩაღ თარგამაძე. ეხ ამან კიდე ბოლომდე ვერ გადაიტანა ჩელსის ფიასკო.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 ეხ ამან კიდე ბოლომდე ვერ გადაიტანა ჩელსის ფიასკო.. ესე მალე წაიკითხე,თუ წაკითხული გქონდა? მაგარი გაუყარა მიშას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 (edited) ესეც პრეზიდენტის პასუხები: ამას პასუხი არ ჰქვია და მართლა მაგარი უბაზრია თარგამაძეს,მაგრამ არსებობს ერთი საშიშროება,რომ შეიძლება ეს ბიჭი რუსეთიდან ფინანსდებოდეს. Edited February 11, 2011 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
triumpi Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 lasha1997ამას პასუხი არ ჰქვია და მართლა მაგარი უბაზრია თარგამაძეს. უკან მიდევნებული ლამპარია.....მოდელირებული და ვგონებ დაგვიანებულიც. :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 (edited) lasha1997 ამას პასუხი არ ჰქვია და მართლა მაგარი უბაზრია თარგამაძესეხ ჩელსი,ჩელსი..რა კაცი დაღუპე.. :( ვინ იფიქრებდა რომ ესე რთულად გადაიტანდა,თორემ ლივერპულს ფულს შევუგროვებდით.. :givi: Edited February 11, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 უკან მიდევნებული ლამპარია.....მოდელირებული და ვგონებ დაგვიანებულიც. შეიძლება,მაგრამ მე ამ გამოსვლაზე ვაბობ და არ ვენდობი არცერთ პოლიტიკოსს. აბა მითხარით,ესე კორექტულად და გინების გარეშე,ფაქტებით ვის გაუკრიტიკებია მიშა? ეხ ჩელსი,ჩელსი..რა კაცი დაღუპე.. ვინ იფიქრებდა რომ ესე რთულად გადაოტანდა,თორემ ლივერპულს ფულს შევუგროვებდით ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული მეთქი. თან საშიშროებაც არსებობს,რომ შევხვდეთ ერთმანეთს ლიგაზე,თუ არ გავარდით მანამდე.ეს გინდოდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 lasha1997ესე მალე წაიკითხე,თუ წაკითხული გქონდა? მაგარი გაუყარა მიშას.თან პრეზიდენტმა მაგარი ტყუილებიც მოხია.. ინფლაციაზე... მაგრამ მომკალი და თარგამაძის არ მჯერა!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 lasha1997ასლანიჩი არაა უჭკუო კაცი - ნამდვილად მაგრამ უდიდესი პრობლემა აქ ფასეულობებთან, არის падкий на деньги პოპულისტი, მე არ მჯერა ესეტი ადამიანების, მაგრამ მაინც კარგი სიტყვა თქვა თუმცა აზრი არ აქ ამის თქმას ვინაიდან მიშა არის "хоть плюй в глаза все божья роса" და ამას მისი პასუხი ამტკიცებს კარგია ვინმემ მაინც უთხრა ამ უგვანს სიმართლე, თუნდაც ასლანიჩი იყოს ( ამჟამად მაინც) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 მაგრამ მაინც კარგი სიტყვა თქვააი ესე იწყება ყველაფერი.. :) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 მაგრამ მომკალი და თარგამაძის არ მჯერა!!! მე არცერთი პოლიტიკოსის არ მჯერა და წავედი უნდა ჩაცეცხლო. ისე არაფერი არ უჭირს ალასანიას,ესე მკვახედ რომ ებაზროს ამ ყვარყვარეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 lasha1997მე არცერთი პოლიტიკოსის არ მჯერა და წავედი უნდა ჩაცეცხლო.ეხლა ვუყურე პრეზოს გამოსვლას თარგამაძის მერე..აშკარად წინასწარ იყო დეტალურად მომზადებული დადგმული შოუ იყო ისე არაფერი არ უჭირს ალასანიას,ესე მკვახედ რომ ებაზროს ამ ყვარყვარეს. ეგ სხვა საკითხია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 1 რამე მაინტერესებს....სხბა ოპოზიციონრებს რატომ არ შეუძლიათ ასე დამაჯერებლად საუბარი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 სხბა ოპოზიციონრებს რატომ არ შეუძლიათ ასე დამაჯერებლად საუბარი? აი თარგამაძე უკვე ოპოზიციონერიც გახდა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.