planetanews Posted January 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2011 http://a.pix.ge/k/aq314.jpg გთავაზობთ ბილ შენკლის ისტორიის მეოთხე ნაწილს, რომელიც საბოლოოა მის კარიერაში… ბილ შენკლიმ გუნდში კევინ კიგანი აიყავანაო, სწორედ ამაზე შევჩერდით… თავდაპირველად კევინი ნახევარდაცვში თამაშობდა და მერსისაიდელებმა იგი ვეტერანი იან კალაგენის შემცვლელის პერსპექტივით აიყვანეს. წინასარეზერვო მზადებისას ჩატარებულმა ტესტ-მატჩებმა კი ბევრი რამ შეცვალა – კიგანი ბრწყინვალდე თამაშობდა მოწინააღმდეგეთა კარის საიხლობეს, გოლებიც ბლომად გაჰქონდა და შენკლიმ მას კვალიფიკაცია შეუცვალა. ასე აღმოჩნდა ახალბედა ფეხბურთელი უელსელ ჯონ ტოშაკთან შეწყვილებული. მათი ურთიერთქმედება იმდენად ორგანული და სინქრონული იყო, ჟურნალისტებმა ტოშაკი-კიგანის ტანდემს “სიამის ტყუპი” შეარქვეს და სპეციალისტთა დიდი ნაწილი ამ დუეტს დღემდე ბრიტანული ფეხბურთის იდეალურ სათავდამსხმელო წყვილად მიიჩნევს. 1972-73 წლებში სეზონი ფანტასტიკური გამოდგა. ლივერპულმა მერვედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა და როგორც იქნა, ევროტურნირის გამარჯვებულიც გახდა. ბილ შენკლის გუნდმა უეფას თასის ფინალის ორრაუნდიანი პაექრობა მიონხენგლადბახის ბორუსიას მოუგო (3:0, 0:2) და ინგლისურ კლუბთაგან პირველი შეიქნა, რომელმაც ერთსა და იმავე სეზონში ქვეყნის ჩემპიონობა და ევროთასი მოიპოვა. წარმატებული გამოდგა მომდევნო სეზონიც. ლივერპულმა თასის ფინალში ნიუკასლ იუნაიტედს დამაჯერბლად 3:0 სძლია და მეორედ დაისაკუთრა სანუკვარი პრიზი. “უემბლიზე” ტრიუმფულად დასრულებული ფინალიდან მალე კი მან მთავარმწვრთნელობიდან გადადგომაზე გააკეთა განცხადება და კლუბი ხელმძღვანელებს ურჩია მის სანაცვლოდ ბობ პეისლი დაენიშნათ. შენკლის შესაძლო წასვლის ცნობამ ლივერპულის ქომაგები შოკირებული დატოვა, ქალაქის ერთ-ერთი წარმოების მუშები კი გაფიცვთ დაიმუქრნენ, თუკი კლუბის მესვეურები ბილს გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდნენ. 1974 წლის 12 ივნისს შენკლიმ საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და საკუთარი გადაწყვეტილებაც ახსნა. “60 წელი ფეხბურთის სიყვარულით ვცხოვრობდი, დროის უდიდესი ნაწილი საყვარელი საქმისადმი ერთგულ მსახურებს მიჰქონდა, ახლა კი მეტი დრო მსურს დავუთმო ოჯახს და სხვა ამბებითაც მივიღო სიამოვნება” – საზოგადოებისთვის მართლაც ძნელი ასახსნელი იყო იმ ადამიანის ეს სიტყვები, რომელმაც აღნიშნულ პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ ტელეარხს განუცხადა, ფეხბურთი სიცოცხლეზე მეტს ნიშნავსო… ბილ შენკლი გულშემატკივრებს არა მხოლოდ მისი სამწვრთნელო ავტორიტეტისა და დამსახურების გამო უყვარდათ. ლივერპულის ქომაგები დიდად აფასებდნენ მის ადამიანურ თვისებებსაც. გუნდის ვარჯიშების შესვენებისას ბილი საბეჭდ მანქანას მიუჯდებოდა ხოლმე და ცდილობდა მისი მისამართით გაგზავნილი არც ერთი წერილი უპასუხოდ არ დაეტოვა გულშემატკივრები შენკლის ხშირად სახლშიც სტუმრობდნენ და მწვრთნელთან ერთად სხვადასხვა საფეხბურთო თემაზე საუბრობდნენ. ხელმოკლე ოჯახიდან გამოსულ დამრიგებელს გულთან ახლოს მიჰქონდა უბრალო ადამიანების გასაჭირი და ხშირად უსახსრო ქომაგისათვის მატჩზე დასასწრები ბილეთიც კი უყიდია. ხანდახან კი “ენფილდის” კონტროლიორს გულშემატკივრის სტადიონზე უფასოდ შეშვებასაც სთხოვდა. ფეხბურთისადმი და საქმისადმი ფანატიკური სიყვარული ბილ შენკლის თავადვე უბრუნდებოდა. ლივერპულის მოთამაშეებს შორის იგი არა მარტო შეუბალი ავტორიტეტით სარგებლობდა, არამედ ფეხბურთეკთა მხრიდან პატივისცემითა და სიყვარულით იყო გარემოცული. გუნდის მოთამაშეები აღტაცებას ვერ მალავდნენ შენკლის ფეხბურთისადმი ერთგულებით. ლივერპულის ყოფილი კაპიტანი ტომი სმიტი იგონებს, თუკი ლივერპულს მატჩი არ ჰქონდა, ბილი “გუდისონ პარკზე” ევერტონის თამაშის სანახავად მიდიოდა, “ლურჯების” დასვენების შემთხვევაში შენკლი ნიუკასლში მიემგზავრებოდა, თუ “ესნტ ჯეიმს პარკზეც” მატჩი არ იყო დანიშნული, ჩვენი მწვრთნელი პარკში მიდიოდა და ბიჭუნების თამაშს უცქერდა და როცა ბავშვებიც არ თამაშობდნენ , ბილი მოზარდებს ტავად უყრიდა თავს და მათ საფეხბურთო შეხვედრას უკეთებდა ორგანიზაციასო. ნიშანდობლივია იმავე სმიტის ერთი მოგონებაც. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მუხლის ტრავმის მომიზეზებით ლივერპულის კაპიტანმა გასახდენში დროზე ადრე ითხოვა წასვლა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო, – შვილო, ეს მუხლი შენ კი არა, ლივერპულს ეკუთვნის და კეთილი ინებე, წვრთნის ბოლომდე იმუშავეო. 1981 წლის 26 სექტემბერს ბილ შენკლის გულის შეტევა დაემართა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან დაიჟინა, საერთო პალატაში დაეწვინათ. “ყოველთვის ხალხთან ერთად ვიყავი და ბოლომდე მათთან დავრჩები”, – ეს განცხადება შენკლიმ საავადმყოფოში მისულ ჟურნალისტებს გაუკეთა. 29 სექტემბერს ბილ შენკლი ჰოსპიტალ “ბროდგრინში” გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბილ შენკლიმ წარმოთქვა ფრაზა, რომელიც მისი ანდერძის სახით “ენფილდის” ერთ-ერთი გასახდელის შესასვლელში დიდ პლაკატზეა წაწერილი: “ერთად შეკრება – დასაწყისია, ერთად ყოფნა – პროგრესი, ერთად მუშაობა – წარმატება”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts