lasha_alo Posted January 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2011 http://netgazeti.ge/GE/44/opinion/4245/ -იხილეთ ორიგინალი მეოცე საუკუნის ბოლოს არსებულმა მარქსისტულმა რეჟიმებმა პრაქტიკულად კრახი განიცადეს. საბჭოთა იმპერია დაეცა აღმოსავლეთ ევროპის “სოციალისტურ ბლოკთან” ერთად, ჩინეთი კი პრაქტიკულად სახელმწიფო კაპიტალიზმის განსახიერება გახდა, სადაც დიდი მულტი-ნაციონალური კორპორაციები ადგილობრივი მუშახელის ისეთ ექსპლუატაციას ეწეოდნენ, რომ ეს ბევრ კაპიტალისტურ ქვეყანასაც შეშურდებოდა. ეგრეთწოდებული ვაშინგტონის კონსესუსის შემდეგ კაპიტალიზმის კრიტიკა ტაბუირებულ თემად იქცა პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში – უკვე 20 წელიწადზე მეტია რაც ეგრეთწოდებული „თავისუფალი ბაზარი“ დოგმის რანგში ავიდა და ვინც ამის თაობაზე ხმას ამოიღებს, იმწუთსვე „რადიკალის“ ან „მარქსისტის“ იარლიყი მიკერებული აქვს და განსჯა უკვე მის გარეშე გრძელდება. დღევანდელ დღეს უკვე მთელი ახალი თაობა გაიზარდა იმ დოგმის ქვეშ, რომ კაპიტალიზმს ვერაფერს დაუპირისპირებ და რომ ლიბერალური ეკონომიკა ერთადერთი მისაღები ვარიანტია, რომელსაც მისაღები ალტერნატივე არ გააჩნია. სწორედ ამაზე საუბრობს ალან ბადიუ თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაშრომში „კომუნისტური ჰიპოთეზი“. ლიბერალური ეკონომიკური მოდელი თავის ძირში შეიცავს დოგმატურ პრინციპს, რომ ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია გარკვეული რესურსების უკმარისობა. ცხადია უკმარისობა სამყაროში ბუნებრივადაც არსებობს – ხშირად დრო ან რესურსები უკმარისია, მაგრამ ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების თანახმად უკმარისობა თუ არ არსებობს, მაინც უნდა გამოიგონო, რადგანაც კმარი რესურსების პირობებში ადამიანი არ მუშაობს. ლიბერალურ ეკონომიკას საფუძვლად უდევს ადამიანის ბუნების გარკვეული, საკმაოდ რეაქციული შეხედულება, რომ ადამიანი თავისთავად ზარმაცი არსებაა და ის თუ არ შიმშილობს, არ მუშაობს. ცხადია, მუშაობისათვის ადამიანს გარკვეული სტიმულირება სჭირდება და ამ სტიმულად ისიც გამოდგება რომ არსებობს დროის უკმარისობა ანკი გარკვეული ბუნებრივი კატაკლიზმები. ამ ქვეყნად რომ სრული სამოთხე ვერ იქნება, ეს დიდი ხნის დამტკიცებული ფაქტია. მაგრამ, ის რომ უკვე გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან კაცობრიობამ გადალახა საკვების და მედიკამენტების უკმარისობის პრობლემა, აგრეთვე უდაო ფაქტია. დღეისათვის, სწორედ „ბაზრის“ ინტერესების დაცვისათვის ევროპისა და ჩრდილო ამერიკის მთავრობები სრულიად სოციალისტურ „სუფსიდიების“ პოლიტიკას მიმართავენ იმისათვის, რომ საჭმლის ფასი არ დაეცეს. ბოლო წლებში კი უკვე მთლიანად მოხდა საჭმლის კომოდიფიკაციის პროცესი, იმისათვის, რათა საჭმელი სავალუტო ბირჟაზე გაეყიდათ. აქედან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში გაიზარდა საჭმლის უკმარისობა. გაერთიანებული ერების ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს Unicef -ის ცნობით სიღატაკისა და შიმშილის მიზეზით დღევანდელ პოსტ-მოდერნულ და ლიბერალურ მსოფლიოში ერთ დღეში 22 ათასი ბავშვი კვდება. ეს ციფრების ენაზე ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე ლიბერალური ეკონომიკის სამყარო ყოველ 4 წამში ერთ ბავშვს კლავს და ყოველ წელს დაახლოებით 8,1 მილიონი ბავშვი კვდება სიღატაკის მიზეზით. მათ შესახებ კი ჩვენ ინფორმაცია არ მოგვეწოდება. ლიბერალური პრესა უხვად გვაწვდის ინფორმაციას ბრიტნი სპირსზე, მადონაზე, ან თუნდაც ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამაზე, სხვადასხვა „არჩევნებზე“ სხვადასხვა ქვეყანაში – მაგრამ ყოველ წელს 8,1 მილიონი ბავშვის სიკვდილის ფაქტი ჩვენთვის მიუწვდომელი რჩება. WFO -ს ცნობით დღეს მთელს მსოფლიოში 925 მილიონი ადამიანი შიმშილობს. ეს დაახლოებით ყოველი მე-6 ადამიანია. ეს მაშინ, როდესაც უამრავი ფული იხარჯება ფერმერების სუფსიდირებაზე. ხშირად ლიბერალური სისტემის აპოლოგეტი ეკონომისტები ამბობენ რომ არ არსებობს ფინანსური სახსრები, რომლებიც ეყოფა მსოფლიოს ამ უდიდესი კლასობრივი პრობლემის მოგვარებას. რომ ელემენტარულად არ არის ამის სახსრები. თუმცა ვნახოთ, მართლაც არის თუ არა რესურსების უკმარისობა პლანეტაზე ამჟამად. გაეროს განვითარების პროგრამამ ჯერ კიდევ 1998 წელს გააკეთა მოკვლევა სიღატაკისა და ხარჯვის პრიორიტეტების შესახებ მსოფლიოში და მეტად საინტერესო დასკვნებიც გამოაქვეყნა. ეს ოფიციალური სტატისტიკაა, რომელშიაც მხოლოდ რეგისტრირებული, ადგილობრივი მთავრობებისაგან მიღებული მონაცემებია შეტანილი: საყოველთაო სიღატაკისა და ჯანდაცვის პრობლემის დასაძლევად საჭირო იყო 13 მილიარდი ამერიკული დოლარი წელიწადში. ქალთა პრევენციული მედიცინისა და ოჯახური დაგეგმვის საკითხების მოგვარებისათვის კი 12 მილიარდი დოლარი. მსოფლიოში ყველა ადამიანისათვის წყლისა და სანიტაციის ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტისათვის 9 მილიარდი ამერიკული დოლარი და საყოველთაო განათლებისათვის კი კიდევ 6 მილიარდი ამერიკული დოლარი. მთლიანად, ამ ყველაზე მტკივნეული პრობლემების მოგვარებისათვის საჭირო იყო 40 მილიარდი დოლარი. საინტერესოა, იყო თუ არა უკმარისი ეს რესურსები? იმავე წელს მხოლოდ კოსმეტიკურმა ბიზნესმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 მილიარდი დოლარის მოგება ნახა ანუ საყოველთაო განათლების რეფორმისთვის საჭირო თანხაზე 2 მილიარდით მეტი. მარტო ევროპაში კი ნაყინის ინდუსტრიამ 11 მილიარდის ბრუნვას მიაღწია. ყველაზე საინტერესო კი ეს სტატისტიკაა: სიგარეტის მოხმარება, რომელიც ჯანმრთელობისათვის საზიანოა 50 მილიარდ დოლარს მიაღწია, ანუ 10 მილიარდით მეტს ვიდრე მთელი მსოფლიოს მასშტაბით რესურსების უკმარისობის აღმოფხვრას სჭირდებოდა. ალკოჰოლის ბიზნესმა მხოლოდ ევროპაში 105 მილიარდი დოლარი გააკეთა. ადამიანის მკვლელობის კიდევ ერთი საშუალება – ნარკოტიკების ბიზნესი – ამ არალეგალური ბიზნესის შემოსავალმა იმავე წელს 400 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზუსტად 10-ჯერ (!) უფრო დიდი თანხა ვიდრე კაცობრიობის საარსებო მინიმუმია. და ბოლოს, ადამიანების მკვლელობის პირდაპირი საშუალება, იარაღით ვაჭრობა. იმავე წლის ოფიციალური მონაცემებით იარაღის ბიზნესის შემოსავალმა 780 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ დროს. ანუ იარაღის ვაჭრობის დაახლოებით ერთი მეთვრამეტედი კაცობრიობის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას ახდენდა. რამდენჯერ გაჟღერდა ეს მართლაც ტრაგიკული სიტუაცია 1998 წელს მსოფლიო პრესაში? მხოლოდ რამდენჯერმე – ისიც გაკვრით. არადა ეს ციფრები გაეროს განვითარების პროგრამის მიერ არის მოპოვებული. სამაგიეროდ, იგივე 1998 წელს ამერიკული და მსოფლიო პრესა აჭრელებული იყო მონიკა ლევინსკის მიერ შესრულებული ორალური სექსის პერიპეტიებით. ამ ფაქტს ასეულ ათასობით პუბლიკაცია მიეძღვნა. დისკურსი მთლიანად გადავიდა ყვითელი პრესის დომეინში, თუმცა ამდენი ბავშვი და უდანაშაულო ადამიანი იღუპებოდა შიმშილით. ცხადია, ორთოდოქსული მარქსიზმ-ლენინიზმი და სხვა კლასობრივი თეორიები დახვეწას მოითხოვს. ისიც ცხადია რომ ტრადიციულმა მარქსიზმმა ადამიანის იდენტობის უგულებელყოფა გააკეთა. მან მთლიანად გამოტოვა ეროვნული, რელიგიური, სექსუალური, რასობრივი თუ სხვა კუთვნილების საკითხები. ამან ბუნებრივია გამოიწვია ერთის მხრის ნაციონალისტების და რელიგიური ფუნდამენტალისტების, მეორეს მხრივ ჰომესექსუალების, სხვა უმცირესობების ჯგუფების სამართლიანი უკმაყოფილება. მიშელ ფუკოს არაჩვეულებრივ ნაშრომში „სიგიჟის ისტორია“ კარგად არის განხილული ის დისკრიმინაცია, რომელსაც განმანათლებლური რეციონალობის სახელით ახორციელებდა ბიურგერული საზოგადოება ეგრეთწოდებული „სულიერად ავადმყოფების“ და სხვა სახის ქრონიკულ კონდიციაში მყოფ ადამიანებს. საბჭოთა იმპერიაში კი, ცხადია როგორი იყო მოპყრობა ეგრეთწოდებული „გიჟების“ მიმართ – ყველას ვინც ოფიციალური ხაზისგან განსხვავებულად ფიქრობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკრავდნენ თავს და პრაქტიკულად მის იზოლირებას ახდენდნენ გაურკვეველი პერიოდით, ხშირად მთელი ცხოვრებითაც. ამ მხრივ მთლად განსხვავებული მდგომარეობა არც კაპიტალისტურ ამერიკაში იყო – ამის ძალიან კარგი მაგალითია კენ კიზის არაჩვეულებრივი რომანი „გადაფრენა გუგულის ბუდეზე“. ისევე როგორც ტრადიციულმა ბიურგერულმა ჰუმანიზმმა, მარქსიზმმაც ვერ შეძლო იდენტობის საკითხის დაძლევა და განსხვავებული ადამიანებისთვის თანასწორუფლებიანი სტატუსის მინიჭება. სწორედ ამიტომ მოხდა რომ პოსტ-მოდერნულ პერიოდში მარქსიზმის ძალიან კარგი კრიტიკა გაისმა დელიოზის, გატარის, დერიდას, ფუკოს და სხვების ნაწერებში კარგად აისახა ეს წინააღმდეგობრიობა. ადამიანური განსხვავებულობის მიღება ტრადიციული მარქსიზმისათვის ძნელი აღმონდა და სწორედ ამიტომაც აღმოჩნდა რომ იდენტობის პოლიტიკაზე დაფუძნებულმა ჯგუფებმა – უპირველეს ყოვლისა, ნაციონალისტებმა და რელიგიურმა ფუნდამენტალისტებმა, მარცხნიდან გენდერისა და რასიული თეორიებით მომაგრებული ზურგი გაიმაგრეს. ბოლო 20 წლის განმავლობაში კლასობრივ პოლიტიკაზე საუბარი თითქმის სრულიად მარგინალური სფერო იყო და ეს თემა მხოლოდ აკადემიის ჩარჩოებში იყო ჩაკეტილი. მეინსტრიმ მედიაში საქმე ისე წარმოჩინდა, თითქოს აღარც არსებობს სიღატაკის პრობლემა. სიტუაცია ოდნავ შეიცვალა 2008 წლის ფინანსური კრიზისის მერე, რადგანაც ეს კრიზისი თეთრკანიან მოსახლეობასაც შეეხო – იმ ხალხს ვის ხელშიაც არის დისკურსის განსაზღვრის კულტურული ჰეგემონია. სწორედ ამის მერე დაიწყო იდენტობის პოლიტიკიდან საუბრის ნელ-ნელა გადაყვანა კლასობრივ საკითხებზე – თუმცა ამისათვის შესაფერი ტერმინი ჯერ არ მოუფიქრებიათ. ალბათ გრამშის „სუბალტერნი“ ყველაზე გამოსადეგი ტერმინი იქნება ამ მოვლენის აღსაწერად, რომელსაც მარქსისტული „პროლეტარიატი“ უკვე დიდი ხანია ვეღარ ასახავს. დღევანდელი პრობლემა გაცილებით უფრო მწვავეა, ვიდრე ეს მარქსს წარმოედგინა – მარქსი მაინც ყველაფერს ევროპულ ჭრილში უყურებდა. მას კი ვერ წარმოეგდინა ის, რაც ნეო-კოლონიალური პოლიტიკის შემდეგ შეიძლებოდა ამხელა გაჭირვება გაჩენილიყო ეგრეთწოდებულ „მესამე მსოფლიოში“ – მის დროს ხომ ეს მესამე მსოფლიო არ არსებობდა. ჯერ კიდევ ერთი სამყარო იყო. სუბალტერნის გათავისუფლების პროექტი ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია, თუმცა ნელ-ელა ძალას იკრებს. ჩემი აზრით, საქართველოს პრობლემების უმეტესობა სწორედაც რომ სუბალტერნული ხასიათისაა, მიუხედავად იმისა რომ ქართველების არასდროს ვაღიარებთ იმას რომ ოდესმე შეიძლება მესამე მსოფლიოს ვეკუთვნოდეთ. ჩვენთან კლასობრივი საკითხის და სიღატაკის დაძლევის სერიოზული პროგრამა თუ არ შემუშავდა, ვერც ერთი პოლიტიკური დოქტრინა ვერ შეძლებს ქვეყნის ამ საშინელი კრიზისიდან გამოყვანას. უკანასკნელი დაანგარიშებით საქართველოში ხომ უკვე როგორც მინიმუმ 800 ათასი სუბალტერნის წევრია. მათი რიცხვი საუბედუროდ არ იკლებს – პირიქით იმატებს. ამიტომაც, კლასობრივი საკითხი – რაღა თქმა უნდა უფრო თანამედროვე ინტერპრეტაციით – უნდა ხელახლა შემოვიდეს ქართულ ლექსიკონსა და დისკურსში – ოღონდ საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით იმისათვის რომ ნამდვილად გადაჭრას ეს პრობლემა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.