Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ლეგენდარული “ფიზიოთერაპევტი”


Recommended Posts

http://www.liverweb.org.uk/assets/images/PAISLEY5.JPG

 

<p style="text-align: center;">რობერტ (ბობ) პეისლი: “როცა პირველად მოვიგეთ ჩემპიონთა თასი, მარადიულ ქალაქში ფხიზლები მხოლოდ მე და რომის პაპი ვიყავით. მინდოდა, მაქსიმალურად ზუსტად დამემახსოვრებინა უბედნიერესი წუთების ყველა დეტალი. 1977 წლის 25 მაისს ისეთივე შეგრძნება მქონდა, როგორც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას რომში ტანკით შესულს” …

 

“ენფილდზე” კოშმარული პერიოდიც მახსოვს, იმ წელს ლივერპული მეორე ადგილზე გავიდა” …

 

“ფეხბურთი რომ არა, დოღის ცხენების გაწვრთნას დავიწყებდი. გაგეცინებათ, მაგრამ ფეხბურთელებსა და ცხენებს ერთნაირად უნდა მიუდგე. ზოგიერთ მოთამაშეს უნდა დაუყვავო, ზოგს მკაცრად მოექცე. როგორც ცხენებთან მუშაობისას, საფეხბურთო გუნდის გაწვრთნის დროსაც მათრახი აუცილებელი ატრიბუტია” …

 

ბობ პეისლი ინგლისურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ლივერპულის ისტორიაში კი საუკეთესო მწვრთნელია.

 

იგი დღემდე ერთ-ერთ დამრიგებლად რჩება, რომელმაც სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (ლიგა).

 

9 სეზონის განმავლობაში მუშაობდა პეისლი ენფილდზე მთავარ მწვრთნელად. ამ ხნის განმავლობაში მან მერსისაიდელებს 19 (!) ტიტული მოაგებინა. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ემსახურა ბობ პეისლი ლივერპულს. იგი სამართლიანადა მიჩნეული გუნდის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად.

 

როგორც პეისლის თაობის ადამიანთა უმრავლესობისთვის, ბობის ცხოვრებაც მეორე მსოფლიო ომმა შეცვალა. 1939 წლის ოქტომბერში პეისლი სამეფო არტილერიის 79-ე პოლკში გაიწვიეს. მალე ეს სამხედრო ნაწილი შორეულ აღმოსავლეთში იაპონელების წინააღმდეგ საომრად გადაისროლეს. მოგვიანებით ბობი ეგვიპტეში იბრძოდა, ფაშისტებისგან სიცილიის გათავისუფლებაში მონაწილეობდა, 1944-ში კი ტანკზე ამხედრებული რომში შევიდა.

 

ომის მსვლელობისას ბობს 15 წლის ძმა ალანი დიფტერიით გარდაეცვლა. სწორედ მისმა სიკვდილმა იხსნა მომავალი ფეხბურთელისა და მწვრთნელის სიცოცხლე. ტრაგიკული ცნობა ბობმა სიცილიაზე, წერილით შეიტყო. ისე განიცადა დედმამიშვილის დაღუპვა, ბარათის წაკითხვის შემდეგ სანგრიდან ამოვიდა და ელდანაცემი უმისამართოდ დაბორიალობდა. სწორედ ამან გადაარჩინა პეისლი – რამდენიმე წუთში მის სანგარს გერმანელთათვითმფრინავიდან ჩამოგდებული ბომბი დაეცა.

 

დემობილიზაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბობმა სკოლის მასწავლებელი ჯესი გაიცნო. მან გოგონა პირველივე ნახვით შეიყვარა. პეისლი ჯესიზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა და არწმუნებდა, მარჯვენა ხელზე იარა გერმანელმა ჯარისკაცმა ხელჩართული შებმისას ხიშტით მომაყენაო. რამდენიმე წლის შემდეგ ბობი მეუღლეს გამოუტყდა, ეს ჭრილობა კონსერვის ქილის უხერხულად გახსნის დროს მივიღეო … მანამდე კი ჯესიმ ბობი მამას გააცნო. გოგონას მამა სასიძოს პროფესიით დაინტერესდა. ფეხბურთელი ვარ – ამაყად განუცხადა ბობმა სასიმამროს, რამაც მისტერ არტურის უკმაყოფილება გამოიწვია. პეისლის მხსნელად ჯესი მოევლინა, რომელმაც მამა დაამშვიდა, ბობმა მშენებლობისას აგურების ერთმანეთზე დაწყობაც მშვენივრად იცისო. “აი, ეს მესმის, ჩემი შვილიშვილები მშივრები არ იქნებიან”-უპასუხა ქალიშვილს მამამ. ბობი და ჯესი 1946 წელს დაქორწინდნენ, მათ ორი ვაჟი რობერტი და გრემი და ქალიშვილი კრისტინი შეეძინათ.

 

პეისლიმ საფეხბურთო კარიერა სამოყვარულო კლუბ ბიშოპ იკლენდში დაიწყო, 20 წლისას კი თავისთან ლივერპულმა უხმო. მეორე მსოფლიო ომის გამო ენფილდზე დებიუტს თითქმის შვიდი წლის განმავლობაში ელოდა, ნანატრი დღე კი 1946 წლის 5 იანვარს დაუდგა, როცა პეისლიმ ლივერპულის მაისური ჩესტერთან  საფეხბურთო ასოციაციის მესამე რაუნდის მატჩის მსვლელობისას მოირგო და მყისიერად გახდა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე.

 

მომდევნო სეზონში პეისლი ინგლისის ჩემპიონი გახცდა, 1950-ში კი ბობმა კარიერის ყველაზე წარმატებული მატჩი ჩაატარა. თასისნახევარფინალში ლივერპული თანაქალაქელ ევერტონს შეხვდა. ორივე გუნდის გულშემატკივრები თავიანთი საყვარელი ფეხბურთელებისგან მხოლოდ მოგებას ითხოვდნენ, მატჩის გმირი კი პეისლი გახდა, რომელმაც 29-ე წუთზე გაუტანა გუდისონ პარკელებს და ლივერპულის ფინალში გასვლის საქმეში ლომის წილი დაიდო.

 

ამის მიუხედავად, მერსისაიდელთა დამრიგებელმა ჯორჯ კეიმ ბობი უემბლიზე არსენალთან საფინალო პაექრობისას სათადარიგოთა სკამზე დასვა, რაც ნახევარმცველს მთელი ცხოვრების განმავლობაში მწარედ დაამახსოვრდა და როდესაც ლივერპულელთა მთავარმწვრთნელობისას რომელიმე ფეხბურთელს სასტარტოს მიღმა დატოვებდა, დეტალურად უხსნიდა, რის გამო არ შეჰყავდა საწყის თერთმეტეულში.

1954 წელს ლივერპული პირველი დივიზიონიდან გავარდა, პეისლიმ კი აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა (ენფილდელთა შემადგენლობაში 253 მატჩი ჩაატარა და, 10 გოლი გაიტანა) და სანდერლენდთან მდებარე მშობლიურ ჰეტონ ჰოულში განიზრახა დაბრუნება. სიმამრის გასახარად, მან აგურის დამწყობად დააპირა მუშაობის დაწყება, მაგრამ ენფილდიდან დაუკავშირდნენ და კლუბის ფიზიოთერაპევტობა შესთავაზეს. მოთამაშეობისას ხომ ბობი მედიცინით დაინტერესდა და სპეციალური კურსი და სტაჟირება ლივერპულის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გაიარა. სამედიცინო განათლებამ და საფეხბურთო გამოცდილებამ პეისლი ბრწყინვალე საფეხბურთო ექიმად ჩამოაყალიბა – ბობი უშეცდომოდ სვამდა დიაგნოზს და მკურნალობის ოპტიმალურ კურსსაც არჩევდა. მალე იგი კლუბში შეუცვლელ

ადამიანად იქცა. ექიმობასთან ერთად, თანდათან მწვრთნელობაც დაიწყო და ლივერპულის სარეზერვო გუნდის

გაძღოლაც მიანდეს.

 

1959 წელს ენფილდზე მთავარ მწვრთნელად ბილ შენკლი დანიშნეს, რომელმაც ბობ პეისლი თანაშემწედ აიყვანა.

“ლივერპულში ჩასვლისთანავე დაველაპარაკე ბობს და მივხვდი, რომ ერთობლივად დიდი საქმის გაკეთება შეგვეძლო” – იტყვის მოგვიანებით შენკლი. ასე ჩამოყალიბდა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო სამწვრთნელო ტანდემი. ბილი და ბობი ერთმანეთს ავსებდნენ – დიდი მოტივატორი, დიდი ტაქტიკოსი და ექიმი გვერდიგვერდ მუშაობით ლივერპულის წარმატების გარანტად იქცნენ.

 

პეისლის ერთგვარი “მეხამრიდის” ფუნქციაც ჰქონდა. მას კარგად ესმოდა ფეხბურთელთა პრობლემები და მათ მკაცრი შენკლისგან იცავდა. ხშირად მთავარ მწვრთნელზე გაბრაზებული მოთამაშეები მისკენ “საქმის გასარჩევად” იწევდნენ, ამ დროს კი ბობი განაწყენებულს თავისთან უხმობდა, რამდენიმე წუთში კი ფეხბურთელი წყნარდებოდა და სამწვრთნელო მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდა. ამასთან, ვერც ერთი მოთამაშე ვერ იხსენებდა, კონკრეტულად რაზე ესაუბრებოდა პეისლი.

 

ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული, მაქსიმალისტი შენკლი არად დაგიდევდა ავადმყოფობას. ტრავმირებულ მოთამაშეს იგი სიმულანტს, ინვალიდს ეძახდა და ამრეზით უცქერდა რაც გამოჯანმრთელების შემდეგ სპორტსმენს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვად უჯდებოდა. გუნდში ახალ აყვანილ კევინ კიგანს ეჩვენებოდა, რომ ტრავმა ჰქონდა და “შენკსთან” თანაგრძნობის გასაზიარებლად შევიდა. ბილმა კი მას ისე დაუყვირა, კიგანი დამრიგებლის კაბინეტიდან ელდანაცემივით გამოვარდა და ცრემლმორეულმა შინ დასაბრუნებლად ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო. კევინს მხსნელად პეისლი მოევლინა. ბობმა იგი სამასაჟოში შეიყვანა და უთხრა, ისეთ ნემსს გაგიკეთებ, ტრავმას სამუდამოდ დაგავიწყებსო. პეისლიმ შპრიციდან წამალი პირსახოცს დაასხა, კიგანს ქინძისთავი უჩხვლიტა, კევინი “გამოჯანმრთელდა”, შენკლის კი სერიოზული სახით მოახსენა, შეფ, ბიჭს ნამდვილად აქვს ტრავმა,

ფეხი ავტომობილის ბასრი სატერფულით დაიზიანაო.

 

15 წელი მუშაობდნენ ერთობლივად შენკლი და პეისლი და ამ ხნის განმავლობაში წყვილმა ლივერპულის მხოლოდ ორი მატჩი გამოტოვა. ორივე შემთხვევაში საპატიო მიზეზით – მთავარი მწვრთნელი კიოლნში გაემგზავრა, ჩემპიონთა თასზე მეტოქის დასაზვერად, მისი თანაშემწე კი ტონზილიტის გამო რამდენიმე დღით საწოლს მიეჯაჭვა.

შენკლი-პეისლი დუეტის მიერ მოპოვეული ტიტულების ჩამონათვალში ინგლისის სამგზის ჩემპიონობა, ორჯერ ასოციაციის და ერთხელაც უეფას თასის მოგება შედის.

1974 წელს შენკლიმ ყველასთვის მოულოდნელად მთავარ მწვრთნელობაზე უარი თქვა. პეისლი ვერც კი წარმოიდგენდა, ბილის შეცვლას მას რომ შესთავაზებდნენ, ამიტომაც თავდაპირველად ლივერპულის სათავეში ჩადგომაზე კატეგორიული უარი განუცხადა კლუბის დირექტორთა საბჭოს. ბობს ეგონა, დროებითი მწვრთნელი იქნებოდა და მალე ახალ კანდიდატურას შეარჩევდნენ. თანაც შიშობდა, რომ მისი დაწინაურების გამო წლების განმავლობაში აწყობილი და პროდუქტიულად მომუშავე სათათბირო ბუთ რუმი (“ბუცების გასაშრობი ოთახი”) დაიშლებოდა.

 

პეისლის დაყოლიებას ლამის მთელი ლივერპული ცდილობდა. საბოლოო სიტყვა ოჯახის წევრებზე იყო – ახლობლებმა

ბობს სრული ხარდაჭერა აღუთქვეს და იგიც “გატყდა”. პეისლი კლუბის პრეზიდენტს ჯონ სმიტს ეახლა და განუცხადა,

“ჩემს” ლივერპულს ავაშენებ და სამწვრთნელო საქმიანობაში ცხვირს არავის ჩავაყოფინებო. ეტყობა, სმიტმა სერიოზულად არ მიიღო ბობის ეს სიტყვები და როდესაც ახალ დამრიგებელს რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება ურჩია, პეისლიმ მკვახედ უპასუხა, პოსტს ვტოვებო. სმიტმა მთავარ მწვრთნელს ბოდიში მოუხადა და მას შემდეგ, არასდროს ჩარეულა მის საქმეში.

პეისლის ხელმძღვანელობით გუნდის პირველი სეზონი ნაკლებად შთამბეჭდავი (ცხადია, ლივერპულის საზომის გათვალისწინებით) გამოდგა. ახალი ფორვარდი რეი კენედი ვერა და ვერ ახერხებდა შედეგიანად ათამაშებას, რასაც ინგლისის სუპერთასზე მინდვრიდან გაძევებული კევინ კიგანის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია დაერთო. ლივერპული ჩემპიონობისთვის ბოლომდე კი იბრძოდა, მაგრამ მიდლსბროსთან გაუთვალისწინებელმა მარცხმა მერსისაიდელთა პირველობას ხაზი გადაუსვა. პეისლის არც თასებზე გაუმართლა. პლანეტის უძველეს საფეხბურთო ტურნირზე,

ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის თასზე მერსისაიდელებმა ბობი რობსონის იფსვიჩთან წააგეს, ლიგის თასზე კი ენფილდელებს გზა მიდლსბრომ მოუჭრა. ლივერპულს არც საევროთასო არენაზე ჰქონია საქმე დასაკვეხნად. მართალია, გუნდმა საერთაშორისო სარბიელზე ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა (თასების თასის საწყის ეტაპზე ლივერპულელებმა ნორვეგიულ სტრომსგოდსეტს 11:0 მოუგეს), მაგრამ მერვედფინალში პეისლის გუნდს შლაგბაუმი

ბუდაპეშტის ფერენცვაროშმა აღუმართა. ერთი სიტყვით, 1974-75 წლების სეზონი პეისლის სამწვრთნელო კარიერაში ერთადერთია, როდესაც იგი უტიტულოდ დარჩა. მაგრამ, ბობის მიზანმიმართული მუშაობით ლივერპული ძალას იკრებდა, რამაც დაუმარცხებელი გუნდი შექმნა.

 

პეისლი თანმიმდევრული იყო საკადრო პოლიტიკის გატარებისას. იგი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა გრანდიოზულ “აღებ-მიცემობას” და წერტილოვანი სელექციის მომხრე გახლდათ. გუნდში მხოლოდ ის ფეხბურთელები აჰყავდათ, რომელთაც სამწვრთნელო შტაბი კარგა ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, საბოლოო სიტყვა კიპეისლის ეკუთვნოდა.

 

1975 წელს ნიუკასლიდან გუნდში ტერი მაკდერმოტი მივიდა, მომდევნო სეზონის დასაწყისიდან იფსვიჩი ლივერპულზე დევიდ ჯონსონმა გაცვალა, 1977 წლის გაზაფხულზე კი ჰამბურგში წასული კევინ კიგანი სელტიკიდან ენფილდზე მიწვეულმა კენი დალგლიშმა (შოტლანდიელის სატრანსფერო თანხა 440 ათასი გირვანქა იყო) შეცვალა. ამავე პერიოდში მივიდნენ ლივერპულში გრემ სუნესი, ალან კენედი, ფილ ნილი და ტერი მაკდერმოტი.

 

ზემოთ რეი კენედის შედარებით დაბალი შედეგიანობა ვახსენეთ. პეისლიმ იგი თავდამსხმელობიდან მარცხენა ნახევარმცველად გადაიყვანა და ამ პოზიციაზე მოთამაშე ექს-ფორვარდი “დიდი ლივერპულისთვის” შეუცვლელი გახდა. ბობს შესაშური სასელექციო “ყნოსვა” ჰქონდა. ახალგაზრდა ჯიმი კეისში მან გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ამოიცნო და “საუთ ლივერპულისგან” 10 ათას გირვანქად შეიძინა.

 

შენკლისგან პეისლის დამწყები ფეხბურთელებისადმი უფრო მეტი ნდობით განასხვავებდით. წარუმატებელ დებიუტს ბობმა ტრიუმფი მიაყოლა – 1976 წელს ლივერპული მეცხრედ გახადა ინგლისის ჩემპიონი და შენკლის მსგავსად, უეფას თასი მოაგებინა. თითქმის ათწლეულის განმავლობაში ენფილდელებს არც საშინაო და არც საერთაშორისო სარბიელზე ბადალი არ ჰყავდათ, თანაც გუნდი ტიტულებს მაყურებლისთვის მიმზიდველი, შედეგიანი თამაშით იგებდა.

 

რად ღირს თუნდაც 1978–79 წლების სეზონის პირველ დივიზიონში ლივერპულის მიერ ნაჩვენები თამაში – ჩემპიონატში ბობ პეისლის ბიჭებმა 42 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანეს, მეტოქეებს კი 16 აკმარეს. ოდნავ თემას გადავუხვევთ და შეგახსენებთ, 1979 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თბილისის დინამომ 2 მატჩში 4-ჯერ აიღო რეი კლემენსის კარი.

თუმცა, მანამდე ბობ პეისლი და ლივერპული ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ სანუკვარ მიზნამდე – ჩემპიონთა თასამდე, 1977 წლის ადრეულ გაზაფხულზე ამ ტურნირის მეოთხედფინალში მერსისაიდელებს დიდი ბრძოლა იმ დროისთვის ძალიან ძლიერმა სენტ ეტიენმა გაუწია. საფრანგეთში მასპინძლებმა 1:0 გაიმარჯვეს და გუნდები უმძიმესი განმეორებითი პაექრობისთვის განეწყვნენ. მოლოდინი გამართლდა. ენფილდზე კიგანმა ლივერპული დააწინაურა, მაგრამ ნახევარმცველ მიშელ ლიარკეს წინამძღოლობით ფრანგები მძლავრ შეტევაზე გადავიდნენ და ანგარიშიც გაათანაბრეს. ნახევარფინალში გასასვლელად, პეისლის ბიჭებს მინიმუმ 2 ბურთი უნდა გაეტანათ. მეორე ტაიმში რეიკენედიმ გუნდი დააწინაურა, თამაშის მიწურულს კი ბობს მერამდენედ გაუმართლა შეცვლაზე შესულმა ფეარკლაფმა, რომლის ზუსტმა დარტყმამ ლივერპული ციურიხს შეახვედრა.

 

აღმავლობის გზაზე მდგარმა გუნდმა შვეიცარიული ბარიერი უპრობლემოდ გადალახა (3:1, 3:0) და 25 მაისს რომის

ოლიმპიურ სტადიონზე მიონხენგლადბახის ბორუსიასთან საბრძოლველად გაემზადა. ფინალის წინ გერმანელები ფავორიტებად ითვლებოდნენ.

 

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ბერტი ფოგთსი, რაინერ ბონჰოფი, იუპ ჰაინკესი, ჰერბერტ ვიმერი, აგრეთვე, ული

შტილიკე, დანიელი ვარსკვლავი ალან სიმონსენი და მათი მწვრთნელი უდო ლატეკი მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად იყვნენ განწყობილი, ლივერპულს კი საკადრო სირთულე შეექმნა – კიგანის “სიამის ტყუპი” ტრავმირებული ჯონ ტოშაკი განაცხადში ვერ მოხვდა. დაიწყო თამაში და პეისლის ბიჭებმა ყველა მატჩის წინა პროგნოზი თავდაყირა დააყენეს. მართალია, მეორე ტაიმის დასაწყისში სიმონსენმა დიდოსტატური დრიბლინგითა და დარტყმით ტერი მაკდერმოტის

გოლი გაქვითა, რასაც მიონხენგლადბახელთა მიერ სათამაშო უპირატესობის მოპოვებაც მოჰყვა, მაგრამ ლივერპულმა თანდათან კვლავ იპყრო ხელთ თამაშის სადავეები და ტომი სმიტისა და ფილ ნილის გოლებით პირველად მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული.ბობ პეისლი კი პირველი ინგლისელი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიპოვა.

 

ლივერპულს მშობლიურ ქალაქში არნახული დახვედრა მოუწყვეს, თუმცა ბობმა ზეიმს თავი აარიდა, სახლში “გაიპარა” და ცოლს სთხოვა, ძალიან დაღლილი ვარ,ჩაი გამიმზადეო. მალე ლივერპული კიგანმა დატოვა და ბედის ირონიით … ჰამბურგის შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი მერსისაიდელთა წინააღმდეგ ჩაატარა. ევროპის სუპერთასზე პეისლის გუნდმა ჩრდილოგერმანული კლუბი გაანადგურა. ჰამბურგში მეტოქეები 1:1 დაზავდნენ, ენფილდზე კი ლივერპულმა 6:0 მოიგო.

ბობ პეისლის მწვრთნელობით ლივერპულმა სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, 6-ჯერ ინგლისის პირველობა, თითოჯერ უეფას თასი და ევროპის სუპერთასი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი, 5-ჯერ ქვეყნის სუპერთასი. ის 1976, 1977, 1979, 1980, 1982 და 1983 წლებში ინგლისის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, 1983-ის 23 მაისს კი ვალმოხდილმა გუნდის დამრიგებლის პოსტი დატოვა (მისი მეთაურობით, გუნდმა 490 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 275 მოიგო, 124 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 71 წააგო) და ლივერპულის მწვრთნელ-კონსულტანტი გახდა.

 

კიდევ 11 წელი მოღვაწეობდა პეისლი მერსისაიდელთა საკეთილდღეოდ, 1996 წლის 14 თებერვალს კი ალცჰეიმერის დაავადებით დაუძლურებული გარდაიცვალა. მოგვიანებით ლეგენდარული მწვრთნელის სახელიენფილდის ერთ-ერთ შესასვლელს მიანიჭეს.

 

http://www.tickets-to-watch-liverpool.com/images/lfc-large-pic.jpg

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე პეისლის თითქმის 50 წლიანი საფეხბურთო კარიერის ყველაზე გულდასაწყვეტი მომენტის დასახელება სთხოვეს. ბობმა გულისტკივილით უპასუხა, დღემდე ვერ მომინელებია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი რომ არასდროს მომიპოვებიაო. არადა, 1977 წლის რომის ფინალამდე ორიოდე კვირით ადრე ლივერპული უემბლიზე ქვეყნის თასის გადამწყვეტ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდა და პეისლიმ კარიერის ყველაზე საწყენი მარცხი იწვნია.

ყოველთვიური ჟურნალი ათიანი N1 (იანვარი, 2011)

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...