Nukriko Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 (edited) როგორც ჩვენი მთავრობის მოქმედებიდან (მხედველობაში მაქვს უპირველეს ყოვლისა საპრივატიზაციო პოლიტიკა) ჩანს, ხელისუფლებამ ეკონომიკაში გეზი მთლიანად ბაზარზე აიღო(ეს უფრო აშკარა იყო კ.ბენდუქიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს). მას მიაჩნია, რომ ბაზარი ეკონომიკის მართვის იდეალური საშუალებაა. უფრო მეტიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით რამდენიმე წელიწადში ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ არ იქნება საჭირო და გაუქმდება. ბაზარი რომ მართლაც იდეალური იყოს, მაშინ ამდენი ღარიბი ქვეყანა არ იარსებებდა. მთლიანად ბაზარს მინდობილი ეკონომიკური პოლიტიკა მართვის ყველაზე მარტივ გზას გვთავაზობს. საკმარისია ხელისუფლება არ ჩაერიოს ეკონომიკის მართვაში და ყველაფერი თავისით მოწესრიგდება. ამაზე იოლი ეკონომიკური პოლიტიკის მოფიქრება ალბათ შეუძლებელია. მაშინ რა უშლის ხელს ამდენ ღარიბ ქვეყანას, ნუთუ ყველა ისინი საკუთარი თავის მტრები არიან და ეკონომიკის მართვით ზედმეტად იტვირთავენ თავს? და ეს მაშინ, როცა თუ საერთოდ არ მართავენ ეკონომიკას საუკეთესო შედეგს მიიღებენ. მსოფლიოში ბაზრის იდეალიზირება დაიწყო 70-იან წლებში. რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორი ამერიკელი მეცნიერის, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატების მილტონ ფრიდმანისა და ავგუსტო ფონ ჰაიეკის შეხედულებებმა. მათ მოახდინეს ბაზრის გაფეტიშება. გავიხსენოთ, რომ 70-იანი წლები ცივი ომის პერიოდია. აშშ-ს უპირველესი მტერია საბჭოთა კავშირი. ამერიკა ყველანაირად ცდილობენ სსრკ-ს დანგრევას ან დასუსტებას. თუკი საბჭოთა კავშირში დაიჯერებენ, რომ ბაზარი არის იდეალური ბერკეტი ეკონომიკის მართვის, მაშინ გარდაქმნების დაწყება ქვეყანაში გარდაუვალია. საბაზრო ეკონომიკა მოითხოვს დემოკრატიზაციას. საბაზრო ეკონომიკა და დემოკრატიზაცია უეჭველად გამოიწვევს ძლიერი ცენტრალიზებული მართვის მოშლას და შედეგად აშშ-სათვის ყველაზე საშიში მტრის დასუსტებას. ამდენად დასავლეთი დაინტერესებულია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დაიჯერონ ბაზრის სრულყოფილება (ქვემოთ ვნახავთ, რომ არსებობს კიდევ სხვა მოტივი ამისათვის). ამასთანავე, საბაზრო ეკონომიკას სჭირდება მესაკუთრეთა ფენა, ამიტომ საჭირო იყო პრივატიზაციის პროცესისადმი მაქსიმალური მხარდაჭერა, თუნდაც ეს პრივატიზაცია ,,ბინძური"(უსამართლო) ყოფილიყო. ამ მიზნის მისაღწევად და მსოფლიო საზოგადოებაში ამ მოსაზრებების ფართოდ გავრცელებისათვის, ხდებოდა ამერიკელი მეცნიერების შეხედულებების მაქსიმალური პოპულარიზაცია და პროპაგანდირება. მათ მასმედიაში დიდ ადგილი ეთმობოდათ. შეიქმნა სერიოზული საიტები ინტერნეტში, სადაც სწორედ ამ მოსაზრების მუსირება ხდებოდა. ფრიდმანი, ჰაიეკი და მათი მომხრეები ხშირად გამოდიდონენ სხვადსხვა სატელევიზიო არხით, რადიოთი, იბეჭდებოდნენ პრესაში. საზოგადოებაში მიზანმიმართულად ინერგებოდა ამერიკელი მეცნიერების იდეები. აქვე ვიტყვით, რომ მილტონ ფრიდმანმა მხარი დაუჭირა ჩილეში გადატრიალებას, რის გამოც მას საპროტესტო გამოსვლები მოუწყვეს ნობელის პრემიის გადაცემისას (სხვათაშორის ამ ბოლო დროს აღარ ისმის ხმები ჩილეს ეკონომიკური სასწაულის შესახებ). წარმოშობით გერმანელი ავგუსტო ფონ ჰაიეკი კი ახალგაზრდობაში ნაციონალ სოციალიზმის იდეებით იყო გატაცებული და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ საბჭოთა კავშირისადმი სიმპათიებით არ უნდა ყოფილიყო განწყობილი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შემცირდა ამგვარი პროპაგანდის აუცილებლობა და 90-იანი წლებიდან მდგომარეობა ნელნელა შეიცვალა, თუმცა ეს მეცნიერთა წრეში მეტად იგრძნობა, ვიდრე ფართო საზოგადოებაში. სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ მეცნიერები, რომ ბაზარი არ არის იდეალური და მას აქვს ე.წ. ჩავარდნები გარკვეულ სფეროებში. კერძოდ, ბაზარი ვერ ქმნის 1) საზოგადოებრივ პროდუქტს, მაგალითად გზების მშნებლობა; 2) ეფექტურად ვერ მართავს რესურსებს თუკი წარმოებას თან ახლავს გარკვეული გარეგანი ეფექტები, ამის გამო იგი მთავრობის ჩარევის გარეშე ვერ წყვეტს ეკოლოგიის საკითხებს, 3) ვერ მართავს ეფექტურად მონოპოლიებსა და ოლიგოპლოიებს, რის გამოც ხდება ქვეყნის რესურსების არაეფექტური გამოყენება და ამავე დროს იზრდება სოციალური უთანასწორობა. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: 4) ინფორმაციის ასიმეტრიულობა. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ მყიდველმა გასაყიდი საქონლის შესახებ იცის უფრო ნაკლები ვიდრე გამყიდველმა. ეს მომენტი მთლიანად ცვლის შეხედულებას ბაზრის ეფექტურობის შესახებ და აღმოჩნდა, რომ საკამრისია უმნიშვნელო ასიმეტრია ინფორმირებულობაში, რომ ბაზრის ,,უხილავი ხელი" არაოპტიმალურად იწყებს მუშაობას. უფრო მეტიც ზოგიერთ სფეროში შეიძლება მან ბაზრის შემცირება ან საერთოდ გაქრობაც კი გამოიწვიოს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. აღმოჩნდა რომ ინფორმაციის ასიმეტრიულობის გამო ბაზარი შეიძლება რამდენიმე წონასწორობაში გავიდეს და ამასთანავე დამყარებული წონასწორობა სულაც არ იყოს ყველაზე ოპტიმალური. ამ საკითხების დამუშავებაში 2001 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ ჯორჯ აკერლოფს, მაიკლ სპენსსა და იოსებ სტიგლიცს. ახლა ვნახოთ თუ რა შედეგს მოგვცემს ეკონომიკის განვითარების მთლიანად ბაზარზე მინდობა. აქვე ასევე გამოჩნდება განვითარებული ქვეყენების მხრიდან ბაზრის გაფეტიშების ის მეორე მოტივიც, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. არესბობს დიდი ხნის წინ შვედი მეცნიერების მიერ დამუშავებული თეორია, რომელსაც ჰეკშერ-ოჰლინის თეორია ეწოდება და რომლის დამუშავებისათვისაც ოჰლინმა 1972 წელს ნობელის პრემია მიიღო (ჰეკშერი ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო). თეორიის არსი შემდეგშია: ქვეყანაში უპირატესად ვითარდება და საექსპორტოდ იქცევა ის დარგი, რომლის განვითარებისათვისაც საჭირო რესურსი ამ ქვეყანას სხვა რესურსებთან შედარებით ყველაზე ჭარბად აქვს. დავფიქრდეთ რა გვაქვს ჩვენ ყველაზე ჭარბი? უდავოა, რომ კაპიტალი არასაკამრისი გვაქვს, არც უახლეს ტექნოლოგიებზე მიგვიწვდება ხელი. სამაგიეროდ გვყავს უმუშევრების დიდი არმია. ამასთან დასაქმებულთა ხელფასებიც ძალიან დაბალია. ე.ი. გვყავს ჭარბი იაფი მუშახელი. ასეთ წინაპირობების არსებობის გამო საბაზრო ძალები (მთავრობის მხრიდან ჩაურევლობის შემთხვევაში), რომლებიც ჰექშერ-ოჰლინის თეორიას ემორჩილებიან, გამოიწვევენ შრომატევადი დარგების განვითარებას ქვეყანაში. განვითარებულ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ დიდი რაოდენობის კაპიტალი, მაღალი ტექნოლოგიები და განვითარებული საფონდო ბაზარი, შეუძლიათ და ანვითარებენ კიდეც მაღალტექნოლოგიურ და კაპიტალტევად დარგებს. კაპიტალტევადი დარგები მაღალი შრომისნაყოფიერებით გამოირჩევიან. რაც შეეხება მეცნიერებატევად, მაღალტექნოლოგიურ დარგებს, ისინი მსოფლიო ბაზარზე მონოპოლიური ძალაუფლებით სარგებლობენ. იმის გამო, რომ მაღალტექნოლოგიებზე ცოტას თუ მიუწვდება ხელი ამ დარგებში კონკურენტები ცოტაა, რაც მათ მონოპლოიურად მაღალი მოგების საშუალებას აძლევს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კი როცა ტექნოლოგია მოძველდება და ხელმისაწვდომი ხდება ბევრი მეწარმესათვის, მოგების ნორმა ამ დარგებში მცირდება და ისინი გადადიან იმ ქვეყნებში სადაც იაფი მუშახელია, საიდანაც უკვე გაიაფებული საქონელი ბრუნდება განვითარებულ ქვეყანაში. ამ თეორიას ,,პროდუქტის საციცოცხლო ციკლის" თეორია ქვია და იგი ფრანგმა მეცნიერმა რ. ვერნონმა დაამუშავა. ამის შედეგად მოგებული რჩებიან განვითარებული ქვეყნები, მათ უნთავისუფლდებათ შრომატევად და ნაკლებ პროდუქტიულ დარგებში დასაქმებული მუშახელი და შესაძლებლობა ექმნებათ გამონთავისუფლებული მუშახელი ახალ, უფრო მომგებიან დარგებში დაასაქმონ. ამით იზრდება ქვეყანაში შექმნილი დოვლათი და პარალელურად განვითარებადი ქვეყენებიდან შემოდის გაიაფებული დაბალტექნოლოგიური, მაგრამ განვითარებული ქვეყენების საზოგადოებისათვის საჭირო საქონელი (მაგალითისათვის ამერიკელების მიერ მოხმარებული ფეხსაცმელების მხოლოდ 5% იკერება ამერიკაში დნარჩენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყენებიდან შემოდის). როგორც ვხედავთ მაღალ განვითარებული ქვეყნები საერთაშორისო ვაჭრობიდან დიდ მოგებას იღებენ. ამიტომ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშესაწყობად და სხვადასხვა ქვეყნების ვალუტების სტაბილიზაციისათვის შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საერთაშორის სავალუტო ფონდის აქციების ძირითადი ნაწილი აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის საკუთრებაშია. ასე რომ, თუ ჩვენ ეკონომიკას მთლიანად მივანდობთ ბაზარს ჩვენი ქვეყანა იქცევა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ დამატებად შრომატევად და დაბალტექნოლოგიურ დარგებში, თანაც ეს შეიძლება მოხდეს ისე, რომ უცხოელებმა საერთოდ არ გააკეთონ ინვესტიცია საქართველოში, უბრალოდ საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა გახდება ისეთი, რომელიც მოგებას მოუტანს განვითარებულ ქვეყნებს. მეორე მხრივ კი, შრომატევადი დარგების განვითარება ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადამიანი შექმნის შედარებით ნაკლებ პროდუქტს, რის გამოც მისი ხელფასი დაბალი იქნება. ე.ი. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა გავა ისეთ წონასწორობაში, როცა გავქვს დაბალი ხელფასები და შესაბამისად დაბალი ცხოვრების დონე. ამიტომაც სტიგლიცი თავის 2001 წლის ნობელის პრემიის ლექციაში მოუწოდებს ქვეყნის მთავრობებს, რომ ჩაერიონ ეკონომიკის განვითარების მსვლელობაში და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა არასასურველი წონასწორობიდან უფრო სასურველ წონასწორობაში გადაიყვანონ. რის შემდეგაც შესაძლოა ეს ჩარევა დიდი ხნით აღარც გახდეს საჭირო. სწორედ იმის გამო, რომ ეკონომიკა, როგორც სტიგლიცი ამტკიცებს, შეიძლება არაოპტიმალურ წონასწორობაში გავიდეს, შეიძლება აიხსნას მრავალი, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების ძალიან გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისები და ცხოვრების დაბალი დონე. ვერა და ვერ გამოყავს ეს ქვეყნები კრიზისიდან ბაზარს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ დედამიწის რესურსების შეზღუდულობა შეუძლებელს ხდის ყველა ქვეყნისათვის ცხოვრების მაღალი დონის მიღწევას. მაგალითად იმისათვის, რომ ჩინეთში ცხოვრების დონე გაუტოლდეს საბერძნეთის ცხოვრების დონეს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მას დასჭირდება დამატებით ერთი დედამიწა თავისი რესურსებით. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მოსახლეობა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 6%-ს შეადგენას, მოიხმარს მსოფლიო რესურსების 40%-ს. დანარჩენი განვითარებული მსოფლიოც ასევე დაახლოებით 40%-ს, ხოლო მთელი განვითარებადი მსოფლიო კი რესურსების დარჩენილ 20%-ს. ასე რომ თუ ყველა ქვეყანა თანაბრად იცხოვრებს, ცხივრების დონე აღარ იქნება ისე მაღალი, როგორც ახლა არის განვითარებულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე ძნელია დაიჯერო, რომ ჩვენ ვინმე ,,ხეზე ცოცვას" გვასწავლის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებმა არცერთ ქვეყანაში არ გამოიღო დადებითი შედეგი, უფრო პირიქით ხდება ხოლმე. უცხოური ტრანსეროვნული კორპორაციების უკონტროლოდ მოწვევამ კი შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიღოს. ისინი საკმაოდ დიდ ფინანსებს ფლობენ, რის გამოც აქვთ ყველა შესაძლებლობა ჩაერიონ პატარა ქვეყნების განვითარებაში. საჭიორების შემთხვევაში მოისყიდონ პოლიტიკოსები და მოაწყონ გადატრიალებები. ეს მოხდა კიდეც ჩილეში, როცა სპილენძის მომპოვებელმა უცხოურმა ფირმამ ,,BNN"-მა, დააფინანსა გადატრიალება და შეიწირა ქვეყნის მთავრობა და ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი. იგივე ბედი ეწია პატრის ლუმუბასაც. ეკონომიკა საზოგადოებრივი მეცნიერებაა და ამიტომ შეიძლება იგი პოლიტიკური მიზნებისათვისაც იქნეს გამოყენებული. ამის გამო, ადამიანებმა, ვისაც ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება ევალებათ, ეკონომიკური შეხედულებები უმჯობესია პროფესიული ლიტერატურით შეიქმნან და არა მასმედიის საშუალებებით, რადგან მასმედიის მიერ შექმნილი სტერეოტიპები შეიძლება სულაც არ იყოს სწორი და ამდენად სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. იმისათვის, რომ ზემოთ აღწერილი უარყოფითი პროცესები არ განვითარდეს საქართველოშიც საჭიროა, რომ ქვეყანის მთავრობა აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკის მართვაში და იგი სასურველი მიმართულებით წაიყვანოს. გერმანიის, საფრანგეთის და იაპონიის მთავრობები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავიანთ მსხვილ კორპორაციებთან. იაპონიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 30 წლის განმავლობაში მართვდა ქვეყნის ეკონომიკას. ამისათვის მათ ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით ხელოვნურად შეამცირეს საბანკო საპროცენტო განაკვეთი და გაამყარეს იაენის კურსი. ხელოვნურად გაზარდეს კრედიტზე და ვალუტაზე მოთხოვნა, შექმნეს დეფიციტი, ხოლო შემდეგ კი მთავრობა განსაზღვრავდა ადმინისტრაციულად თუ ვისთვის უნდა მიეცათ კრედიტი და ვისთვის არა. ასევე ადმინისტრაციული მეთოდებით ანაწილებდნენ უცხოურ ვალუტას, რომ კონტროლი გაეწიათ თუ რაში დაიხარჯებოდა ქვეყნის მწირი სავალუტო მარაგები, რათა კაპიტალი რაც შეიძლება ეფექტურად გამოეყენბინათ. მათ არ დაუწყიათ უცხოელების დახმარების ძიება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ახლა კი თვითონ არიან ყველაზე მსხვილი ინვესტორები თვით აშშ-შიც კი. იაპონიის მთავრობამ ეკონომიკის ასეთი გზით მართვით თავისი ხალხი ახლოს არ გააკარა შრომატევად დარგებს. განავითარეს მაღალი ტექნოლოგიები. ეკონომიკის 30 წლიანი ფაქტიურად ცენტრალიზებული მართვის შემდეგ კიდევ 10 წელი მოანდომეს სრულ ლიბერალიზაციას (ჩვენთან კი სამ წელიწადში ეკონომიკის სამინისტროს გაუქმებას ვარაუდობენ). იაპონიის მთავრობა აკონტროლებდა ექსპოტრსაც და იმპორტსაც, რომ მაქსიმალურად მომგებიანი ყოფილიყო საერთაშორისო ვაჭრობა. ზემოთ მოხსენიებული ზომების მიღება იაპონიას იმიტომ დასჭირდა, რომ იქ არ იყო განვითარებული სახელმწიფო სექტორი და საჭირო იყო გარკვეული ბერკეტების შექმნა კერძო სექტორის სამართავად. ჩვენთან კი ჯერ კიდევ არის სახელმწიფო სექტორი, ამიტომ მთავრობას არ დასჭირდება ასეთი ხერხების გამოყენება. სახელმწიფოს ყველაზე უკეთ შეუძლია მსხვილი კაპიტალის მობილიზება და უახლესი ტექნოლოგიების მოძიება. გარდა ამისა სტიგლიცი თავის 2001 წლის ნობელის პრემიის ლექციაში ამბობს, რომ მან ვერ მოიძია ვერცერთი საკამრისად მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისათვის, რომ კერძო სექტორს უფრო უკეთ შეუძლია მსხვილი კორპორაციების მართვა ვიდრე სახელმწიფოს. ეს განსაკუთრებით ეხება მონოპოლიებს. იმის გამო, რომ ბაზარი შედარებით ეფექტურია მაშინ, როცა კონკურენცია სრულყოფილია, მცირეა შეზღუდვები კაპიტალის მოძიების მხრივ და ტექნოლოგიებზე წვდომაც არ არის ძალინ ძნელი, ამიტომ უმჯობესია, რომ ასეთი დარგების მართვა ბაზარს მიენდოს. ასეთია მცირე და საშუალო საწარმოები, რადგანაც ბაზარზე მოქმედი საწარმოების რიცხვი დიდია, მათ არ სჭირდებათ განსაკუთრებული კაპიტალდაბანდებები და არც უახლესი ტექნოლოგიები, ამიტომ უნდა ვივიარაუდოთ, რომ იგი უფრო ეფექტურად მოახერხებს ამ საწარმოების მართვას ვიდრე სახელმწიფო. მაღალი კონკურენციის გამო ასეთ დარგებში ძნელია მაღალი მონოპოლიური მოგების მიღება. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ თუკი იზრდება სამართავი საგნების რიცხვი, მაშინ მათი ეფექტურად სამართავად მართველობითი ორგანო ექსპონენციალურად უნდა გართულდეს. ასე რომ, სახელმწიფო ვერაფრით ვერ მოახერხებს დიდი რაოდენობის მცირე საწარმოების ეფექტურად მართვას და ჯობს ისინი გაყიდოს, მაგრამ რამდენიმე ათეული მსხვილი მონოპოლიური საწარმო, რომელიც მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებებს და მაღალტექნოლოგიებს ჯობია სახელმწიფოს ხელში დარჩეს. მით უმეტეს, რომ მათ ძირითადად უცხოურ ბაზარზე მოუწევთ მოღვაწეობა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდებათ კონკურენციის დაძლევა. გარდა ამისა, მსხვილი საწარმოები საშუალებას იძლევიან მონოპლოიური მოგება მიიღონ, რითაც იზრდება სოციალური უსამართლობა. თუკი ეს საწარმოები დარჩება სახელმწიფოს ხელში, როგორც მსხვილი აქციონერისა, მაშინ შესაძლებელი იქნება მაღალი მოგების (დივიდენდების) მთელ მოსახლეობაზე შედარებით სამართლიანად გადანაწილება. აქვე ვიტყვით, რომ იაპონიამ როგორღაც მოახერხა თავის მოსახლეობაში სოციალური სამართლიანობის მიღწევა. მისი მოსახლეობის 90% საშუალო მაცხოვრებელია, მხოლოდ 10%-ია მდიდარი. აქვე არ შემიძლია არ შევჩერდე იმ საკითხზე, რომ ჩვენში გავრცელებულია აზრი, თითქოს ჩვენ ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყანა ვართ. ჯერ ერთი, იაპონიას არაფერი აქვს ადამიანების გარდა. ამიტომ, უმთავრესი სიმდიდრე ადამიანური კაპიტალია და საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს განათლებასა და მეცნიერების განვითარებას. თუ ჩვენ გვეყოლება მაღალკვალიფიციური ინჟინრები და მეცნიერები და თუ მათი ხვედრითი წილი ჩვენს მოსახლეობაში დიდი იქნება, მაშინ იგივე ჰექშერ-ოჰლინის თეორიით მოსალოდნელია, რომ ჩვენშიც განვითარდება მაღალტექნოლოგიური დარგები. ეკონომისტებისათვის ცნობილია ე.წ. ,,ლეონტიევის პარადოქსი", რაც იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს აქვს დიდი რაოდენობით კაპიტალი, მის ექსპორტში დიდი იყო შრომატევადი დარგების წილი. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ შრომატევად დარგებს მიათვალეს მეცნიერებატევადი დარგებიც (მეცნიერებისა და ინჟინრების შრომა). სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ აშშ-ს ექსპორტში დიდი იყო ისეთი საქონლის წილი, რომელიც მეცნიერებატევადი და მაღალტექნოლოგიური იყო. სწირედ ეს აძლევდათ მათ უპირატესობას საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ აშშ-ს უფრო დიდი უპირატესობა ქონდა მაღალკვალიფიციური მეცნიერებისა და ინჟინრების სახით. შეიძლება მკითხველი შეშინდეს და თქვას, რომ ჩვენ აშშ-ს ამ საკითხში კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ ჰექშერ-ოჰლინის თეორიით მნიშვნელობა აქვს არა აბსოლუტურ სიდიდეს, არამედ ფარდობით ხვედრით წილს მოსახლოებაში. ახლა უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზე გადავიდეთ. ჩვენ ისეთი ბუნებრივი რესურსი გვაქვს, რომელიც რაც დრო გავა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ჰიდრო რესურსი. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ სასმელ წყალს. ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ჩვენი ქვეყანა ჰიდროენერგეტიკული რესურსების მიხედვით ერთერთი მოწინავეა მსოფლიოში. ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია 4-ჯერ იაფია, ვიდრე თბო, თუ ატომური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული. ამასთან იგი არ ილევა, განახლებადია. ეკოლოგიურად, მიუხედავად ჩვენში გავრცელებული აზრისა, ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე სხვა მეტნაკლებად რენტაბელური ენერგიის წყაროები. ეს იძლევა საუკეთესო წინაპირობას ენერგოტევადი დარგების განვითარებისა, როროგორიცაა მეტალურგია და ალუმინის წარმოება(ალუმინის სტრატეგიულ ლითონსა და 21–ე საუკუნის ლითონსაც უწოდებენ). მეტალების წარმოებაში დაწინაურება კი საშუალებას მოგვცემს მეტალოტევად დარგებში დაწინაურებისა, როგორიცაა მანქანათმშენებლობა და სხვა. საქართველოში ხელსაყრელი პრიობებია ასევე ცელულოზის წარმოებისათვის. http://www.polity.ge/oppinion/analise/2427-bazars-mindobili-ekonomika-da-misi-mosalodneli-shedegebi.html ძალიან კარგი სტატიაა, ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. georgekh13შემოდი და ნახე აბა და მერე ვილაპარაკოთ Edited January 22, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 პრინციპში სტატია საინტერესოა, არაფერი ახალი მაგრამ მაინც.. ბოლო კრიზისმა ცხადხყო რომ სახელმწიფოს აქტიური ჩარევის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ეკონომიკის ეფექტური მართვა. აშშ-იდან დაწყებული და ევროკავშირით დამთავრებული ყველა განვიარებული ქვეყანა აუცლებელ ბერკეტებს ქმნის მომავალში კაპიტალის მოძრობის უკეთესად კონტროლის მიზნით.. ბოლო კრიზისმა ცხადხყო ისიც რომ კერძო საკუთრებაში არსებული მონოპოლიები ფინანსურ/ეკონომიკური რყევების ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდა და ამდენად შეიძლება ვივარაუდოთ რომ მომავლში სახელმწიფოს როლი მულტინაციონალური კორპორაციების "მართვაში" მნიშვნელოვნად გაიზრდება.. ბაზარი ნამდვილად არ არის სრულყოფილი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის შესაძლოა ეფექტური ეკონომიკური აქტიურობისთვის ადეკვატურ ველს ქმნიდეს, მაგრამ მსხვილი კომპანიების მართვაში სახელმწიფოს მონაწილეობა ხშირ შემთხვევაში აუცილებელია. აშშ-ში "ფანი მეისა" და "ფრედი მაკის" მართვაში სახელმწიფოს რომ მიეღო თუნდაც მცირეოდენი მონაწილეობა, როგორც მაკონტროლებელს, დარწმუნებული ვარ იპოთეკური დაკრედიტების სფეროში საპნის ბუშტი არ შეიქმნებოდა ან ისე არ გასკდებოდა რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისის ერთ ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი გამხდარიყო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.