planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 სახალხო დამცველი,გიორგი ტუღუშის განცხადებით, არავინ უნდა დარჩეს კოტეჯის სანაცვლო კომპენსაციის გარეშე და დევნილთათვის შეთავაზებული ალტერნატივები უნდა იყოს ადექვატური. სახალხო დამცველი სუბელიანის უწყებას მოუწოდებს, მკაცრად დაიცვას კანონით და სტანდარტული ოპერაციული პროცედურით (სოპ) განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, პროცედურა და თითოეული დევნილის კანონიერი ინტერესი. “დევნილთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს შეთავაზებული ალტერნატივები. განსახლებაც მათთვის მტკივნეული პროცესია. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს დევნილთათვის საცხოვრებლად აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნა. თუმცა ადექვატური საცხოვრებელი პირობები მოიცავს არა მხოლოდ შენობისა და ფართის ადექვატურობას, არამედ გასათვალისწინებელია სხვა ასპექტებიც. კერძოდ, მნიშვნელოვანია საცხოვრებლის მდებარეობა. საცხოვრებელი უნდა მდებარეობდეს ისეთ ადგილზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამუშაო ადგილები, ასევე სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო პუნქტები და სხვადასხვა სოციალური სერვისის ობიექტები”, – ნათქვამია ტუღუშის განცხადებაში. გუშინდელი გამოსახლებისას განვითარებული მოვლენებისა და რამდენიმე პირის დაკავების კანონიერების საკითხებს კი სახალხო დამცველი ცალკე შეისწავლის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია, ასევე დადგინდეს, გამოასახლეს თუ არა დევნილები ალტერნატიული ფართის ან კომპენსაციის შეთავაზების გარეშე. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ამჟამად აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს, რადგან მსგავსი ფაქტის არსებობა დევნილთა გამოსახლების ოპერაციული პროცედურის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაც დევნილთა უფლებების შელახვის მიზეზი ხდება. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთათვის გამოსახლების ზუსტი თარიღები პროცესის დაწყებამდე უნდა ეცნობებინა, რადგან პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო. “2010 წლის აგვისტოში გამოსახლებების შეჩერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, სწორედ დევნილთათვის გამოსახლების პროცედურისათვის მიცემული არასაკმარისი დრო გახდა. გარდა ამისა, 2011 წლის იანვარში, სახალხო დამცველმა დამატებით განახორციელა დევნილთათვის ალტერნატივების სახით შეთავაზებული საცხოვრებლების მონიტორინგი. შედეგად აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს არაერთი პრობლემა, რომლებიც შეიძლება დევნილთა მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს. მონიტორინგი განხორციელდა წალენჯიხის რაიონ ფოცხო-ეწერში, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ლესიჭინეში, ზუმში, აბაშის რაიონ სოფელ აბაშისპირსა და ხობის რაიონ სოფელ თორსა-დღვაბაში. შესაბამისად, სახეზეა შემდეგი სურათი – ყველა ობიექტზე, რომელიც დევნილებს ალტერნატივად შესთავაზეს, განხორციელებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები; ობიექტები დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრებს და არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაგ. ფოცხო-ეწერში მცხოვრებ ოჯახებს მედიკამენტების შესაძენად დაბა ჯვარში უწევთ ჩასვლა, ვინაიდან ფოცხო-ეწერის ტერიტორიაზე აფთიაქი არ არის. სოფ. აბაშისპირში ბავშვებს ფეხით დაახლოებით 2 კილომეტრის გავლა უწევთ, ვინაიდან სოფელში არ არის სკოლა და არც ავტობუსი დადის, რომელიც ბავშვების სკოლაში გადაყვანას უზრუნველყოფდა. სოფ. თორსა-დღვაბასა და აბაშირპირში არის წყლის პრობლემა); ჯერჯერობით გაურკვეველია, გადაეცემათ თუ არა დევნილებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; გაურკვეველია, განხორციელდება თუ არა განსახლების ადგილებზე დევნილთა დასაქმების ხელშემწყობი პროექტები”, – აღნიშნულია განცხადებაში. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/56561-150x150.jpgსახალხო დამცველი განსახლებისა სამინისტროს მოუწოდებს, გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება დევნილთა ადექვატური საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიზნით, პროცესი წარმართოს დევნილთა უფლებების დაცვისა და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი დევნილთა განსახლების პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts