planetanews Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/18-300x198.jpgშაშიაშვილების 4 სულიანი ოჯახი ყვარელში, ავარიული საერთო ბინის ორ პატარა ოთახში, უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. მირიან შაშიაშვილი, მისი მეუღლე და 13 წლის შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. 13 წლის მოზარდი სკოლაში აღარ დადის. მირიან შაშიაშვილის თქმით, „წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლიდან“ ის იმ მიზეზით გაუშვეს, რომ გონებაშეზღუდულია. უმცროსი შვილი 9 წლისაა და სკოლაში წელს პირველად მივიდა, თუმცა იმის გამო, რომ პირადი ნომერი არ აქვს, შეიძლება ისიც სკოლის გარეშე დარჩეს. „უფროსი ბიჭი ყვარლის სკოლა ინტერნატში სწავლობდა, მაგრამ ეს სასწავლებელი სასულიერო სკოლად გადაკეთდა და ბავშვი გამოუშვეს, რადგან გონებაშეზღუდულია. უმცროსი კიდევ 9 წლის არის, მაგრამ წელს მივიდა სკოლაში. აქამდე ვერ მიგვყავდა, რადგან საბუთები არ ჰქონდა წესრიგში. მასწავლებელმა მიიღო, მაგრამ მერე უკან გამოუშვა, აღრიცხვის გარეშე არ შეიძლება მოსწავლე მყავდესო. ვუთხარით, რომ რამდენიმე დღეში დოკუმენტაციას მოვუწესრიგებდით და მხოლოდ ამიტომ დატოვა. უკვე წელიწადზე მეტია მათი დოკუმენტების მოწესრიგებას ვცდილობთ, მაგრამ ხან დაბადების მოწმობის ჩანაწერებს ვერ პოულობენ და ხან სხვა საბუთებს“, – აღნიშნა მირიან შაშიაშვილის ძმამ, ედუარდ შაშიაშვილმა. „წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია“ საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. გიმნაზიის დირექტორია ნეკრესის ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი). „ჩვენ ასეთ ბავშვებს სკოლიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუშვებთ, თუ აგრესიულია და სხვა ბავშვებს საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ნეკრესის ეპისკოპოსმა. სკოლის ადმინისტრაციაში ვერ გაიხსენეს, 13 წლის მოზარდმა დააშავა თუ არა რამე, რაც შეიძლება მისი სკოლიდან გაშვების მიზეზი გამხდარიყო. „ჩვენ არ გაგვირიცხავს ეგ ბავშვი. მშობლებმა წაიყვანეს სკოლიდან. ბავშვი სკოლაში ძალიან ბინძურად ჩაცმული დაჰყავდათ. ტილი ეხვეოდა და ბავშვებს მასთან ურთიერთობა არ უნდოდათ. სწავლით საერთოდ არ სწავლობდა. ისედაც რაღაცნაირი ბავშვი იყო, გადახრები ჰქონდა. ისე არ იქცეოდა, როგორც ჯანმრთელი ბავშვები იქცევიან. აგრესიულიც იყო“, – განაცხადა „წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის“ სასწავლო ნაწილის გამგემ ლანი ბეჟანიშვილმა. ყვარლის საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის უფროსის ქეთევან ჭიპაშვილის თქმით, ამ ფაქტის შესახებ მისთვის უცნობია. „ჩვენ გვევალება რომ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს ყურადღება მივაქციოთ, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ არაფერი ვიცი“, – აღნიშნა ქეთევან ჭიპაშვილმა. უკიდურესად მძიმე სოციალურ – ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ოჯახი, ღატაკებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით ვერ სარგებლობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მირიან შაშიაშვილის ავადმყოფობის პენსია – 75 ლარია. მეზობლების თქმით, შაშიაშვილები ხშირად მშივრები არიან. მირიან შაშიაშვილს ავტოავარიის შედეგად ფეხი დაუზიანდა და ფიზიკურადაც ვერ მუშაობს. მირიან შაშიაშვილი: „დოკუმენტები მოუწესრიგებელი გაქვთ და დახმარებას ვერ მოგცემთო, სააგენტოდან ამ პასუხით გამოგვისტუმრეს. მომდევნო სამი თვის პენსიაც ავიღე. წინასაახალწლოდ ელექტროენერგიის გადასახადი მომივიდა 44 ლარი და თუ არ გადავიხდიდი, უშუქოდ დავრჩებოდით. დარჩენილი თანხით კი ბავშვებს საჭმელი ვუყიდე“. ყვარლის სოციალური მომსახურების ცენტრში შაშიაშვილების ოჯახთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ალავიძემ კი განაცხადა, რომ სოციალურ აგენტს უფლება აქვს შაშიაშვილების ოჯახის წევრებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოგვარებაში დახმარებოდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან გამსახურდიასაც დაუკავშირდა. „ნამდვილად არ მახსოვს, ამ ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარებით თუ დავეხმარეთ, მაგრამ თუ ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ფანჯრები არ აქვთ და ცივათ, დახმარებას ვერ იღებენ და მშივრები არიან, მოგვმართონ და თუ აქამდე დახმარება არ გაგვიწევია, 300-400 ლარით დავეხმარებით“, – განაცხადა გამგებელმა. მისივე თქმით, ის საერთო ბინა, სადაც შაშიაშვილების ოჯახი ცხოვრობს, ცუდ მდგომარეობაშია და გამგეობა ამ ბინაში მცხოვრები ოჯახების სხვა შენობაში გადაყვანას აპირებს. ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts