planetanews Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ენ აპელბაუმი მოსამართლეს ვერდიქტის გამოტანა უკვე გადაუდია განმარტებების გარეშე (სასამართლო ახსნა-განმარტებებს არ იძლევა” – განაცხადა სპიკერმა). ამჯერად განაჩენის გამოცხადებამდე მან დარბაზიდან გააძევა ჟურნალისტები და ბრალდებულის ოჯახის წევრები. ამიტომ არავის არ უნდა გაგკვირვებოდა, როდესაც გასულ კვირას მიხეილ ხოდორკოვსკი, ნავთობის რუსი ბარონი, რომელიც ოდესღაც კრემლს ეურჩა, უკვე მოხდილი 8 წლის შემდეგ კიდევ ექვსი წლით დატოვეს ციხეში. ამჯერად მან სასჯელი ნავთობის წარმოუდგენელი რაოდენობის მოპარვისთვის მიიღო. არადა ზუსტად იმავე ნავთობის გაყიდვისას გადასახადების გადაუხდელობის გამო მას უკვე დასდეს ბრალი ფაქტობრივად თავი არც არავის მოუტყუებია, რადგან ყველამ იცოდა რომ ხოდორკოვსკისთვის გამოტანილი განაჩენი სხვა არაფერი იყო თუ არა პოლიტიკური განცხადება, ამ ბოლო კვირებში რუსეთის მთავრობის მიერ გაკეთებული ჟესტი, რომლის ადრესატიც მისივე მოსახლეობა და დანარჩენი მსოფლიო იყო. კორუფციული საქმეების გამოძიების დაბლოკვა; მეზობელ ბელორუსიაში უსამართლო და ძალადობრივი არჩევნების მხარდაჭერა; ჟურნალისტების მკვლელობები; ეს ყველაფერი თითქოს იმისთვის გაკეთდა, რომ პრეზიდენტ მედვედევის იმ აშკარად მეგობრულ, რეფორმატორულ ინტონაციას დაპირისპირებოდა, რომლითაც ის დღემდე ლაპარაკობდა. სულ რაღაც ორი წლის წინ მედვედევმა რუსული კულტურა ”კანონისადმი ნიჰილიზმის” გამო დაგმო – ფრაზა რომელიც ზოგიერთმა ხოდორკოვსკის საქმეზე მინიშნებად აღიქვა. ასე რატომ შეიცვალა მისი ინტონაცია? რატომ მაინცდამაინც ახლა? ამ მოვლენის ასახსნელად ბევრი რთული თეორია შეიქმნა. ეს რუსეთია და შეიძლება ვერაფერიც ვერ დაამტკიცო, მაგრამ იქნებ ახსნა სრულიად მარტივია: ნავთობის ფასმა ისევ აიწია და ბარელი ნავთობი 90 დოლარზე მეტი ღირს, ფასები ახლაც მატულობს. თუ მიზეზი მართლაც ესაა, მაშინ არაფერი ახალი არ ხდება. მართლაც თუ ვინმე ბოლო 40 წლის განმავლობაში საბჭოთა/რუსული საგარეო და საშინაო რეფორმების ინტენსიფიკაციასა და შესუსტების დიაგრამას დახატავს, ის ალბათ გასაოცარი სიზუსტით დაემთხვევა ნავთობის საერთაშორისო ფასების დაცემასა და ზრდას. იმისთვის რომ გაიგოთ რას ვგულისხმობ, თხრობას თავიდან დავიწყებ: 1970-იან წლებში ნავთობზე ფასმა აღსანიშნავად იმატა და მასთან ერთად საბჭოთა კავშირის რეზისტენტობაც შეიცვალა. წინა ათწლეული (ნავთობის ფასი იმ დროს ინფლაციის გათვალისწინების გარეშე ბარელში 2-3 დოლარს უდრიდა) ცვლილებებისა და ექსპერიმენტების დრო იყო, მაგრამ მას მერე რაც 1970-იანებში OPEC-მა ფასები ასწია, ნავთობით მოპოვებულმა შემოსავლებმა იმატა და საბჭოთა კავშირი შიდა სტაგნაციისა და გარე აგრესიის ფაზაში შევიდა. საბჭოთა ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი შეიარაღებაში დიდ ფულს სდებდა, მან ქვეყნის შიგნით შეაჩერა რეფორმები და 1979 წელს (როდესაც ფასი ერთ ბარელ ნავთობზე 25 დოლარს გაუტოლდა) ავღანეთში შეიჭრა. ბოლოს ბრეჟნევი იური ანდროპოვმა შეცვალა. მას იღბალმა გაუღიმა, რადგან საბჭოთა კავშირს იმ დროს მართავდა, როდესაც ფასები ნავთობზე ისევ მაღალი იყო (მისი გარდაცვალების მომენტისთვის, 1984-ში ბარელი საშუალოდ 28 დოლარი ღირდა). ამიტომ ანდროპოვს ქვეყნის შიგნით დისიდენტების დათრგუნვაც შეეძლო და დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვაც, მაგრამ ანდროპოვი მიხეილ გორბაჩოვმა შეცვალა, რომელიც ხელისფლებაში ზუსტად მაშინ მივიდა, როდესაც ფასები დაეცა. 1986 წელს (ბარელი ნავთობი 14 დოლარი ღიდა), მან თავისი რეფორმების პროგრამა დაიწყო – პერესტროიკა და გლასნოსტი. 1989 წელს (როდესაც ნავთობი მხოლოდ 18 დოლარი ღირდა), გორბაჩოვმა ბერლინის კედლის დაცემა დაუშვა, გაათავისუფლა ცენტრალური ევროპა და ცივი ომი დაასრულა. ფასები მერყეობდა, მაგრამ 1990-იან წლებში რეალურად არ გაზრდილა (1998 წელს 11 დოლარამდე დაეცა). ამ წლებში ბორის ელცინი ისევ ცდილობდა ბილ კლინტონის საუკეთესო მეგობარი ყოფილიყო, რუსული მედია შედარებით გათავისუფლდა და იქ ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ, როგორც მინიმუმ ეკონომიკის სერიოზულ რეფორმირებაზე მაინც, მაგრამ 1999 წელს (ფასი ნავთობზე 16 დოლარს გაუტოლდა), ელცინის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე ჩეჩნური ომი დაიწყო, დასავლეთმა სერბეთი დაბომბა და რუსეთში ისევ აშკარად ანტი-დასავლურმა განწყობამ დაისადგურა. იღბლიანი პუტინი 2000 წელს გახდა პრეზიდენტი, მაშინ როდესაც ნავთობის ფასებმა თითქოს შეუქცევადი მატება იწყო და მართლაც გორბაჩოვის მოწოდებები საშინაო რეფორმების შესახებ დიდი ხნით, 2003 წლამდე დაივიწყეს (მაშინ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 27 დოლარს უდრიდა). ის დღეები, როდესაც ელცინი რუსეთს დასავლური ინსტიტუტებისკენ უბიძგებდა 2008 წლისთვის შორეულ მოგონებადღა დარჩა, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა ( ბარელი ნავთობი 91 დოლარი ღირდა). რუსეთის ახალი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი 2009 წელს ცდილობდა უფრო სიმპათიური ყოფილიყო (ნავთობი 53 დოლარი ღიდრა), ხოლო პუტინს ამჟამად უკვე პრემიერ-მინისტრს, უკანა პლანზე ბუზღუნის უფლება დაუტოვა. მედვედევმა დრაკონული კანონი ღალატის შესახებ დაბლოკა, კრემლში დემოკრატიული აქტივისტები მიიწვია, დაგმო ბელორუსიის დიქტატორი და თითქოს ოდნავ მაინც გაათავისუფლა რუსული ტელევიზია. მაგრამ დღეს 2011 წელია და პუტინი ისევ წინა პლანზეა, ხოლო ხოდორკოვსკის პაროდიად ქცეულმა სასამართლო პროცესმა სულ ახლახანს მიუასაჯა პატიმრობა. როდესაც ამ სიტყვებს ვწერ ერთი ბარელი ნავთობის ფასი უკვე 92 დოლარი და 25 ცენტია. ძალიან გამარტივებული ანალიზია? დიახ ასეა, მაგრამ მე უკეთესი ახსნა ჯერ არავისგან მომისმენია. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts