Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო – რეაქტივაცია


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/new_europe-150x29.jpg

კშიშტოფ ლისეკი

 

ბრიუსელი – ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის პარლამენტში სიტყვა წარმოსთქვა. ამას არავითარი გაოცება არ გამოუწვევია, რადგან სახელმწიფოთა მეთაურები და პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტში თითქმის ყოველ თვეს გამოდიან, მაგრამ ეს მიხეილ სააკაშვილისთვის ევროპარლამენტში მეორე ვიზიტი იყო. აქამდე ასეთი პრივილეგიით მხოლოდ დალაი ლამამ ისარგებლა

სააკაშვილი ასევე ეწვია საგარეო ურთიერთობათა საბჭოს და ბევრი ქვეყნის პარლამენტართან დისკუსიებსა და ამომწურავ დებატებში უპრეცედენტო პრო-ევროპული ღიაობა გამოამჟღავნა. ყოველგვარი ეჭვის გარეშეა ის, რომ ეს იყო საინტერესო სიგნალი ევროპული შეტევისა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. ევროპული პარლამენტი ასეთ სიგნალებს შეუნიღბავი კმაყოფილებით მიესალმება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ევროპა კავკასიაში შექმნილი სიტუაციისადმი ცხოველ ინტერესს ამჟღავნებს. ევროპის პარლამენტი იყო მთავარი ფორუმი იმ ქართველებისთვის, რომელთაც სურდათ თავისი ქვეყნის გარდაქმნისკენ მიმართული ძალისხმევის დემონსტრირება და საკუთარ პოლიტიკურ არგუმენტებში ევროპის დარწმუნება.  ერთი ყურადსაღები ფაქტი  საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაში ისაა, რომ მან საერთაშორისო პოლიტიკაში დრამატულად შეცვალა რიტორიკა და პრიორიტეტები. ანტი-რუსი მებრძოლის იმიჯი შეცვალა იმიჯმა დახელოვნებული მენეჯერისა,  რომელიც მუდმივად ცდილობს თავისი ქვეყნის გარდაქმნას და ისე ეფექტურად ატარებს რეფორმებს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შეშურდებოდა. საზეიმო დეკლარაცია ძალის გამოყენებისგან თავის შეკავების შესახებ რუსეთთან მიმართებაში და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წასვლის სრული მზადყოფნის გამოცხადება შეიძლება კავკასიაში გარდამტეხ ეტაპად იქცეს მშვიდობის დამყარების გზაზე.

 

ეკონომიკური რევოლუციის ქვეყანა

 

საქართველოს ეკონომიკამ, რომელიც 2008 წელს რუსეთის შემოჭრას გადაურჩა, ამავე მასშტაბის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაამტკიცა, რომ განსაკუთრებულად ჯანსაღია და ჯერ-ჯერობით მსოფლიო ფინანსურ კრიზისს გასაოცრად კარგად გაუმკლავდა.

 

”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველომ ჩაატარა ბევრი ლიბერალური, დემოკრატიული და ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმა, რომელთა მიზანი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული საზოგადოების შექმნა იყო. 2004 წლის შემდეგ, საქართველომ ბიზნესი უპრეცედენტო ფორმით გაათავისუფლა ბიუროკრატული პროცედურებისგან და მაქსიმალურად გაამარტივა ის ფორმალობები, რომლებიც ბიზნესის დაწყებას უკავშირდება.  კომპანია შეიძლება სულ რაღაც ერთ დღეში დარეგისტრირდეს, რაც ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვისაც კი უპრეცედენტოა, ხოლო წესები ერთნაირია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მეწარმეებისთვის.  იგივე ითქმის უძრავი ქონების შეძენასა და რეგისტრაციაზე. საგადასახადო სისტემაც რეფორმირებულ იქნა და შემოღებულ იქნა ერთიანი საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით (2013 წლიდან 15%). მიუხედავად გადასახადების დრამატული შემცირებისა,  ხუთჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები. მთავრობა იმ ლიცენზიებისა და ნებართვების 85%-ით შემცირებას გეგმავს, რომლებიც ბიზნესის წარმოებისთვისაა აუცილებელი. მსოფლიოში ყველაზე დაბალი საბაჟო გადასახადის დაწესებით, საქართველომ თავისუფალ და შეუზღუდავ ვაჭრობას გაუხსნა კარი. აქ საქონლის ექსპორტსა და ტრანზიტზე არ არსებობს რაოდენობრივი შეზღუდვა. უფრო მეტიც, საბაჟო სისტემაში რადიკალური რეფორმები დაიწყო: ექსპორტისა და იმპორტის  გამარტივებული პროცედურები და მოდერნიზებული საბაჟო გადასახადების სიტემა პრაქტიკაშია დანერგილი.

 

3 წელიწადში საქართველო იმ ქვეყნიდან, რომელშიც ენერგეტიკული დეფიციტი ჩვეული რამ იყო, ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად იქცა და ყველა თავის მეზობელს, მათ შორის რუსეთსაც ამარაგებს და ბოლო მიღწევა, რომლითაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მართლაც შეუძლია იამაყოს: საქართველომ საჯარო სექტორში ჩატარებული  რეფორმებით (სახელმწიფო პროკურატურა, სასამართლო სისტემა და პოლიცია) პრატქიკულად მთლიანად აღმოფხვრა კორუფცია სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკაში. შედეგად, განსხვავებით ესოდენ ბევრი აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნისგან,  საქართველოში ქრთამის მიცემა იშვიათი გამონაკლისია. Transparency International-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, 2009 წლის კორუფციის ბარომეტრი, საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნების რიგს მიაკუთვნეს.

 

საქართველო ამჟამად დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნადაა მიჩნეული. უკრაინაში ჩემი ვიზიტის დროს,  პრემიერ-მინისტრ აზაროვისგან საყურადღებო სიტყვები მოვისმინე: ”თუ ეკონომიკაზე ვილაპარაკებთ, ჩვენ გვინდა საქართველოს კვალს გავყვეთ”. ინვესტორები საქართველოსადმი სულ უფრო მზარდ ინტერესს ამჟღავნებენ. ბათუმის რეგიონში ტურიზმში დაგეგმილი ინვესტიციები შთამბეჭდავია. საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორთა ჯგუფი მრავალფეროვანია და მასში შედიან კომპანიები ევროკავშირიდან, აშშ-დან და თურქეთიდან. 2004-2007 წ.წ. საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად 9%-ით იზრდებოდა. დღეს მშპ-ს ზრდა პროგნოზის თანახმად 2010 წლისთვის 5-დან 6%-ია. მეზობელი ქვეყნების უმეტესობას და თუნდაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი ასეთი შედეგების შეიძლება მხოლოდ შურდეს. ყველაფერი ამის გამო ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ევროპაში საქართველო ბიზნესის ხელშემწყობ სივრცეებს შორის ერთ-ერთი პირველია.

 

დასავლური ტიპის დემოკრატია

 

ბოლო მინუციპალური არჩევნების შესახებ დასავლელი დამკვირვებლების, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ანგარიშებშიც კი საქართველო შექებულია. ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ ყოფილა მნიშვნელოვანი დათქმები საარჩევნო პროცედურასთან, კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურასთან, საარჩევნო კამპანიასთან, მედიის ხელმისაწვდომობასთან და ხმების დათვლის ზედამხედველობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილმა სადამკვირვებლო მისიებმა განაცხადეს, რომ საქართველომ განიცადა არსებითი პროგრესი დემოკრატიულ პროცესებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში. ოპოზიცია პარლამენტის ფარგლებში და მის გარეთ თავისუფლად ოპერირებს, ხოლო მრავალფეროვან მედია-შეხედულებათა პლურალიზმს უზრუნველყოფს. როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნები პრეზიდენტის პარტიამ მოიგო, პრეზიდენტ სააკაშვილს ვერ დაეკისრება ვერავითარი პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ შინაგანი განხეთქილებითა და უთანხმოებით დაღდასმულმა ოპოზიციამ, მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი წამოაყენა.

 

საინტერესოა ისიც, რომ საქართველომ თავისი კონსტიტუცია პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველეზე შეცვალა. ახალი კონსტიტუციით საქართველო საპარლამენტო და საკაბინეტო სისტემისაკენ წავა. მეტი ძალაუფლება ექნება  მთავრობას, რომელსაც აირჩევს და გააკონტროლებს საპარლამენტო უმრავლესობა.

 

საქართველო ევროპის კავშირში?

 

ამ ბოლო წლებში, მიუხედავად ისეთი გადაუწყვეტელი პრობლემებისა, როგორიცაა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაცია, ჩვენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა მნიშვნელოვანი პროგრესის მოწმენი გავხდით.  ეს ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს მრავალმხრივ და ორმხრივ თანამშრომლობაში ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა პოლონეთისა და შვედეთის მიერაა ინიცირებული.  საქართველომ ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებაზე დაიწყო მოლაპარაკებები, მან ხელი მოაწერა ვიზების გამარტივების, რეადმისიის ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს სასოფლო-სამეურნეო  და სხვა საკვები პროდუქტების მარკირების, საერთო საჰაერო სივრცის შესახებ. საქართველოს მთავრობამ გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად.

 

თავის მხრივ ევროპის კავშირი ასრულებს მნიშვნელოვან როლს საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძირითადად იმიტომ რომ საზავო შეთანხმების მიღწევის პროცესში მედიატორის როლს ასრულებდა.  ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისიას (EUMM) – ამჟამად ერთადერთ საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიას საქართველოში – რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს წვლილი. ევროკავშირი აქტიურად მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებებში, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ემხრობა არ აღიარების პოლიტიკას რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებთან მიმართებაში. ფართოდაა აღიარებული რომ საქართველო კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის, ევროპული ღირებულებებისადმი, წესებისა და მიზნებისადმი  პატივისცემის კონტექსტში ევროპის ნაწილია. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ საქართველოსთვის სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირში გრძელვადიან და სტრატეგიულ ამოცანად იქცა. ჩვენი თვალსაზრისითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად შეუწყობდა ხელს დემოკრატიულ პროცესებს, ეკონომიკურ რეფორმებს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც თავად საქართველოში, ასევე მის მეზობლებში. საქართველო იმსახურებს ნამდვილ ევროპულ პერსპექტივას. ”აღმოსავლეთის პარტნიორობამ” უნდა უზრუნველყოს ყველა საშუალება ამ მიზნის მისაღწევად და განხილვის ობიექტად გახადოს ყველა ექვსი წევრი ქვეყნისადმი ინდივიდუალური მიდგომის საკითხი.

 

საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტების გადაწყვეტა – შეუსრულებელი მისია?

 

საქართველოს რუსეთთან მისი ამჟამინდელი ურთიერთობების გამო ევროკავშირში გაწევრიანების არავითარი შანსი არა აქვს. ბევრმა ევროპელმა პოლიტიკოსმა განაცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, მაგრამ ვერ გარისკა მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით მოსკოვთან ურთიერთობათა გაუარესებაზე წასვლა. კარგია რომ საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის ევროკავშირთან თანამშრომლობას ცდილობს. მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი საზავო შეთანხმების შესრულება და ოკუპირებული ქართული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გამოყვანა. საქართველოს მთავრობამ შექმნა ეროვნული სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და სამოქმედო გეგმა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებებს შორის უნდა აღდგეს ომით დარღვეული რწმენა. სტრატეგიის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მოქალაქეები ისეთივე უფლბებითა და პრივილეგიებით სარგებლობდნენ, როგორც საქართველოს ყველა დანარჩენი მოქალაქე.

 

ამ რეგიონების მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ დატოვა თავისი სახლები და ლტოლვილად იქცა. ახლა ისინი იმ დროებით საცხოვრებლებში ცხოვრობენ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარებით ააშენა. დღეს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში საკვანძო როლს ასრულებს. EUMM დღეს ერთადერთი საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიაა, რომელიც ქვეყანაშია წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა რომ მისიას არ მიეცა იმ ტერიტორიებზე თავისი მანდატის სრული განხორციელების უფლება, რომელსაც რუსული ჯარი აკონტროლებს, მან მოახერხა ნამდვილი წარმატების მიღწევა მშვიდობის უზრუნველყოფასა და შეირაღებული ინციდენტების აღკვეთაში.  ჟენევის მოლაპარაკებები ქმნის რუსეთის დარწმუნების საშუალებას იმაში, რომ EUMM გარდაიქმნას სამშიდობო ძალად, რომელიც შეცვლიდა რუს ჯარისკაცებს აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში. ეს გეგმა ისე ჟღერს, როგორც შეუსრულებელი მისია, მაგრამ მისი წარმატება ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად იქცეოდა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა და ჩემი კოლეგა პარლამენტარების მიერ გაცემული პასუხები, იმის რწმენას აჩენს რომ ეს შესაძლებელია.

 

კშიშტოფ ლისეკი – ევროპარლამენტის წევრი „სამოქალაქო პლატფორმის“ საარჩევნო სიიდან, საქართველოს საკითხების დიდი ხნის მიმოხილველი ევროპის პარლამენტში.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...