Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო და ევროპის კავშირი: 2011 წლის პერსპექტივები


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/europiandialogue.jpg

 

ალექსანდრ რუსეტსკი, ოლგა დოროხინა

 

2008 წლის საქართველოს ომის შემდეგ ევროკავშირში გაერთიანება თბილისისთვის აშკარა პრიორიტეტად იქცა, მაგრამ ურთიერთობები, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლოა, ჯერ კიდევ არ არის დამაკმაყოფილებელი

 

როდესაც საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ურთიერთობების განვითარებას განვიხილავთ, აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სჭირდება ყველა მხარეს რეალურად ეს ურთიერთობები. 2008 წლის აგვისტოს ინციდენტების შემდეგ ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილმა საქართველოსთვის მისი ნატო-ში გაწევრიანების ამბიციები გადაფარა. ევროკავშირთან მიახლოვება არა მხოლოდ უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანად იქცა, არამედ რეალური უსაფრთხოების ელემენტად, რუსეთის გეოპოლიტიკური დესპოტიზმისგან თავდაცვისა და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიების ანექსიის შეჩერების მცდელობად. ევროკავშირი ამ თვალსაზრისით ერთგვარ ბუფერად იქცა ნატო-სა და რუსეთის ფედერაციას შორის. პრეზიდენტ მედვედევის ”იაროსლავური ინიციატივები”, რომელთა თანახმადაც საჭიროა რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის უთანხმოებების დაძლევა, ისევე როგორც თანამშრომლობა ევროკავშირთან, ”ურთიერთსარგებლიანობის” პრინციპიდან გამომდინარე, ეფექტური პოლიტიკის წარმოების ახალ შესაძლებლობებს ხსნის.

 

და ეს ის პოლიტიკური რეალობაა, რომელიც ბევრ პესიმისტს ერთ რამეს უდასტურებს – ევროკავშირის ამ ფუნქციების ინსტიტუციური განმტკიცებით, ის სწორედ იმ ორგანიზაციად იქცევა, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრი სასიკეთოს გაკეთება შეეძლება, განსაკუთრებით კონტინენტურ ევროპაში. ევროკავშირი, მიუხედავად მისი სხვადასხვა სუსტი მხარისა,  საზოგადოების უფრო დიდი ნდობით სარგებლობს ვიდრე ნატო.

 

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ანალიზისას, აუცილებელია ხაზი გაესვას ამ ურთიერთობათა ასიმეტრიას. ესაა ურთიერთობა უზარმაზარ საერთაშორისო ორგანიზაციასა და პაწაწინა, დიდი პრობლემების მქონე ქვეყნისა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სავსებით შესაძლებელია ამ პრობლემათა გადაწყვეტა. ამ ურთიერთობებში ევროკავშირი საქართველოსთვის რესურსია, მაგრამ საქართველოსაც აქვს გარკვეული შესაძლებლობები, რომლებიც ცენტრალურ აზიაში გაზდრის ევროკავშირის გავლენას. უპირველეს ყოვლისა, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გამო და ამავე დროს იმის გამოც, რომ მას დემოკრატიული ღირებულებებისადმი მყარი განწყობა აქვს. დასავლურ-აზიური ახალი კავშირის შექმნის გეგმების ფონზე (ეს კავშირი ღიად ანტი-ევროპული ბუნებისაა და ცდილობს ახალ გეოპოლიტიკურ ღერძში რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი ჩაითრიოს) – საქართველო ისევ ევროპული საზოგადოებისთვის  ევროპული ცივილიზაციის საზღვრების დამცველის როლს ასრულებს. ასეთია საქართველოს ისტორიული და სტრატეგიული როლი. ქვეყანა ამ როლს 2 ათასი წელია სკურპულოზურად ასრულებდა და ამის გამო სასტიკი საზღაურიც გაიღო.

 

დღეს საქართველოს შემდეგი ფაქტორები ემუქრება:

 

• პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის სრული დაკარგვა;

• მთელი მისი ტერიტორიის ოკუპაცია;

• მისი სახელმწიფოებრიობის განადგურება.

 

ევროკავშირი რამდენადაა მზად ამ საფრთხეებთან დაპირისპირებისთვის? საქართველოს გადასახედიდან ევროკავშირი ის ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია მოვლენათა ნეგატიურად განვითარების პროცესი აღკვეთოს, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ მისი რესურსები დამაკმაყოფილებელი მასშტაბისა არ იყო, ხოლო ის რაც ევროკავშირს გააჩნდა, ეფექტურად არ გამოიყენებოდა.

 

ევროკავშირის ინსტიტუტების როლი და ფუნქციები საქართველოში

 

ევროკავშირი საქართველოში ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციასა და როლს ასრულებს. აი ზოგიერთი მათგანი:

 

ევროკავშირის მეთვალყურეები

 

ევროკავშირის მონიტორინგს სამი მთავარი ფუნქცია აქვს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ოკუპაციური არმიის შემდგომი დისლოცირების აღკვეთას, ზოგადად ამგვარი სიტუაციების რიცხვის შემცირებას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კონფლიქტურ ზონებში პოლიციური კონტიგენტის შექმნასა და დემოკრატიული სივრცეების დაფუძნებას. მიუხედავად სამეთვალყურეო მისიის აქტივობებისა, რუსეთის ფედერაცია არალეგალურად იკავებს ახალ ტერიტორიებს (სექტემბერში სოფელ ნიქოზის მახლობლად, ოკუპირებულ იქნა მინდვრების დაახლოებით 20 ჰექტარი) და თვითნებურად სტოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს (მაგალითად წელს ოქტომბერში რუსული ჯარი პერევიდან გამოვიდა).

 

ევროკავშირი როგორც ექსპერტი

 

ტალიავინის კომისიამ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა, მოვლენათა მხოლოდ ნაწილობრივი და შესაბამისად არაადეკვატური შეფასება მოგვცა, მოვლენები მხოლოდ რუსულ-ქართულ შეტაკებამდე  დაიყვანა და მიჩქმალა კონფლიქტის მონაწილე მთავარი მხარეები, სახელდობრ ნატო. რეალურად კი იმის გამო, რომ საერთაშორისო კონფლიქტი პრიმიტიული, ტერიტორიული დავის დონემდე დაიყვანა, კომისიამ უგულვებელყო კონფლიქტის არსებითი მხარე – ბრძოლა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ნახშირწყალბადისა და მისი ტრანზიტის გამო. 2008 წლის 5-6 აგვისტოს, ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” მილსადენი თურქეთის მხარეს ააფეთქეს და შემდეგ, კონფლიქტის დასრულებამდე 21 აგვისტომდე არ აღუდგენიათ.  ანგარიში 900 გვერდისგან შედგებოდა და გასაოცარი თანხა €1.7 მილიონი დაჯდა.

 

ევროკავშირი როგორც მედიატორი

 

საგარეო პოლიტიკა

 

ევროკავშირის მცდელობა მედიატორის სტატუსი მოეხვეჭა მარცხისთვის იყო განწრული.  სამმხრივი სტრუქტურის,  მედვედევ-სარკოზი-სააკაშვილის პარალელურად  მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ფრანგული საბრძოლო გემის „მისტრალის“ გაყიდვაზე. შედეგად მედვედევისა და სარკოზის მონაწილეობით სამმხრივი სტრუქტურა ორმხრივ სტრუქტურად გარდაიქმნა. სააკაშვილი და საქართველო მოლაპარაკებებიდან მთლიანად ამოვარდა. ამის გამო ბრიუსელი მედიატორიდან საქართველოს მოსარჩლედ იქცა, ხოლო მოსკოვმა სეპარატისტებზე აიღო მზრუნველობა. ეს რუსეთის დიპლომატიისთვის აშკარა გამარჯვება, ხოლო ბრიუსელისთვის სრული მარცხი იყო.

 

ამ თვალსაზრისით, ევროკავშირი გეოპოლიტიკური კონფლიქტის ღია მონაწილედ იქცა, რამაც შეასუსტა სტაბილიზაციისა და რეგულირების საერთო  პროცესი. სეპარატისტების ლიდერებმა ევროკავშირის დიპლომატების შეცდომა ბოლომდე გამოიყენეს და მოსკოვის მიერ წაქეზებულებმა დაიწყეს მედია-კამპანია, რომლის მიზანი ევროკავშირის როგორც მედიატორის როლის შესუსტება იყო. ამ პროცესს თბილისის პოზიციამაც შეუწყო ხელი, რადგან ის ცდილობდა ევროკავშირი საქართველოს ინტერესების დამცველად და ტრიბუნად გამოეყენებინა.

 

საშინაო პოლიტიკა

 

ევროკავშირმა ასევე სცადა მედიატორის ფუნქცია 2009 წლის ოპოზიციური გამოსვლებისას შეესრულებინა საქართველოში. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ-კავკასიაში, პიტერ სემნები, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან   (რომელიც იმ მომენტისთვის ევროკავშირის წარმომადგენელიც იყო)   და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პიერ ეკლუნდთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები მოლაპარაკებებში, რომელშიც ოპოზიციის, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ევროკავშირის იმჟამინდელმა სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს პარტნიორია და არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიებაში უნდა დაეხმაროს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა და ამიტომ  ”მისი როლი არ იქნება აქტიური”. საკმაოდ ეფექტური როლი შეასრულეს არაფორმალურმა აქტორებმა, ისეთებმა როგორიცაა პოლონელი საზოგადოებრივი აქტივისტი ადამ მიხნიკი. ამ ველში, როგორც აღმოჩნდა ამ ველში ევროკავშირის ქმედებები საკმაოდ ეფექტური იყო.

 

ევროკავშირი როგორც დონორი

 

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში 1995 წლიდან მუშაობს. 1992-წლიდან 2007-წლამდე საქართველომ €530.8 მილიონი მიიღო. 2008 წლის ომის შემდეგ ევროპის კომისიამ 2008-2010 წ.წ. პერიოდისთვის ომის შედეგების შესამსუბუქებლად €500 მილიონი გაიღო. ყველაზე დიდი შენატანი დამატებით ფონდებში იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის გადაწყვეტას ისახავდა მიზნად, რომლებიც ამასწინანდელი და 1990 წლის კონფლიქტების მსხვერპლნი არიან. ამ თანხებიდან ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ეკონომიკური სტაბილიზაციისთვის იყო განსაზღვრული. 2010 წლის აპრილში ევროკავშირმა საქართველოს 2011-2013 წ.წ. პერიოდისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, კარგი მართვის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, მდგრადი ეკონომიკის, სოციალური გარემოსა და  რეგიონალური განვითარებისთვის, სიღარიბის შემცირებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის  €180 მილიონი უსაჩუქრა.

 

2010 წელს ამოქმედდა ევროკავშირის ”ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების” პროგრამა (COBERM). ევროპის კავშირი მომავალი ნოემბრის დასასრულამდე მასში €4 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ეს ფონდები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვისაა განსაზღვრული, რომლებიც მუშაობენ დე-ფაქტო მთავრობების მიერ კონტროლირებად და ასევე საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. პროგრამას UNDP-ი განახორციელებს.

 

ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დემოკრატიული რეფორმებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაა. ევროკავშირი ამის განსახორციელებლად ბევრ მექანიზმს იყენებს, ერთ-ერთი მათგანია ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის (EIDHR), რომელიც საქართველოში 2004 წლიდან მუშაობს. 2004-2006 წ.წ. ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს გრანტები €17 მილიონის ოდენობით. 2009 წელს პროგრამისთვის €1.2 მილიონი გამოიყო. ”არასამთავრობო აქტორები განვითარების პროგრამაში” კიდევ ერთი ინსტრუმენტია. უკვე მრავალი წელია ევროკავშირის პროგრამების პრიორიტეტი საქართველოში დამოუკიდებელი მასმედიისა და საპარლამენტო სტრუქტურების მხარდაჭერაა. საარჩევნო სისტემის ყველა ასპექტი ასევეა მხარდაჭერილი.

 

ქართული ორგანიზაციები ჩართულები არიან ევროკავშირის პროგრამებში, მაგალითად კულტურული პროგრამის კონტექსტში. ამ პროგრამისთვის 2007 – 2013 წლის პერიოდისთვის გამოიყო  €400 მილიონი და მის ფარგლებში შესაძლებელია გრანტის მიღება €400 000 და €700 000.

 

რას ელის საქართველო ევროკავშირისგან?

 

მთავრობა

 

ნატო-ში  ინტეგრაციის პოლიტიკის მარცხის შემდეგ, რაც 2008 წლის ომის მერე მოხდა, ინტეგრაცია ევროკავშირში იმ ერთადერთ სპეციფიკურ სტრატეგიულ მიზნად იქცა, რომლის დეკლარირებაც საქართველოს მთავრობას შეუძლია ისე, რომ გარე ზეწოლის რისკი არ გამოიწვიოს. ამ პოლიტიკისთვის უფრო ადრე რომ მიემართათ და ნატო-ს მხარდამჭერი ექსტრემიზმი ასე აშკარა რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა ომი არც დაწყებულიყო, მაგრამ პასუხისმგებლობა ამის გამო  შეიძლება დაეკისროს არა მხოლოდ სააკაშვილის გუნდს (ეს უთანხმოება უფრო ადრე, შევარდნაძის მმართველობის დროს დაიწყო), არამედ იმ დასავლელ პოლიტიკოსებსაც, რომლებმაც ვერ შესძლეს რუსეთის ყველაზე შესაძლო, საბაზისო  ნაბიჯებს პროგნოზირება, თუმცა მოსკოვი ყოველთვის მზად იყო ყველა შესაძლო საშუალებით დაეცვა თავისი ინტერესები კავკასიაში. შედეგად ქართველი პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური ექსტრემიზმი  მოულოდნელ ვითარებაში აღმოჩნდა და ისინი ჩაერთვნენ ისეთი კონტროლირებადი სივრცეების განვითარებაში, როგორიცაა ტურიზმის ინფრასტრუქტურა. ეს სამუშაო მათ საკმაოდ კარგად შეასრულეს. ამ ეტაპზე ისინი ევროკავშირისგან ახალ ინვესტიციებს ელიან, რათა შექმნან ქვეყნის ისეთი მიმზიდველი იმიჯი, რომელიც პოლიტიკური გრავიტაციის თეორიის თანახმად დანარჩენ მსოფლიოს მიიზიდავს. ცხადია რომ უსაფრთხოების პრობლემა ჯერ კიდევ პრიორიტეტად რჩება და როგორც უკვე ზევით აღინიშნა, მინიმალური ამოცანა შემდგომი ოკუპაციის პრევენცია, ხოლო მაქსიმალური – ევროკავშირის დახმარებით, იმ სივრცეებზე თუნდაც ნაწილობრივი კონტროლის აღდგენაა, რომელსაც მანამდე საქართველო აკონტროლებდა.

 

მედვედევის მიერ სექტემბერში, იაროსლავში გაკეთებულმა მიმართვამ განამტკიცა ინტეგრირების პროცესის გაგება ნატო-სთან მიმართებაში, ხოლო ახალი გარემოებები მოსკოვში ქმნის ახალ შესაძლებლობებს თავდაცვითი სისტემის, ან სისტემების გადააზრებისთვის მსოფლიოში. ეს ვითარება ჯერ-ჯერობით საქართველოს დისკვალიფიკაციას იწვევს ახალი რაუნდის წამოწყებისთვის. სიტუაცია რომელიც 2010 წლის ნოემბრის ლისაბონის სამიტის შემდეგ შეიქმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

საზოგადოება

 

ევროკავშირისადმი დამოკიდებულება საზოგადოებაში ძალიანაა დამოკიდებული სოციალურ კლასზე. ერთის მხრივ, სეპარატისტები ევროკავშირისგან ფულს ითხოვდნენ (და 2008-წლამდე წარმატებით), მეორეს მხრივ ისინი ხედავენ, რომ ევროკავშირისთვის მიუღებელია მათი პოლიტიკური ავანტიურიზმი და ამას სახიფათოდ მიიჩნევს. ისინი ცდილობენ მოიპოვონ ევროკავშირის მხარდაჭერა, მანამდე სანამ მოსკოვს ეს არ ანაღვლებს.

 

იუნიონისტები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი დაეხმარება ასობით ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს სამშობლოში დაბრუნებაში და ამ კონფლიქტს სამართლიანად გადაწყვეტს.

 

ევროკავშირის პოლიტიკის მთავარი არეალი საქართველოში

 

ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 1992 წელს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაიწყო. ევროკავშირი იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოს რთულ, გარდამავალ პერიოდში დახმარება შესთავაზა. ევროკავშირის დელეგაციის ოფისი საქართველოში 1995 წელს ამოქმედდა. 1999 წელს ძალაში შევიდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს და ევროკავშირს შორის.

 

ორმხრივი ურთიერთობები უფრო ინტენსიური ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა. მაშინ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს დაუჭერს ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ რეფორმებს. ევროკავშირისა და საქართველოს სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ საქართველო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ნაწილად იქცა. გეგმა ის პოლიტიკური დოკუმენტია, რომელშიც განსაზღვრულია ევროკავშირისა და საქართველოს თანამშომლობის სტრატეგიული მიზნები.  2005 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს ”პრეფერენციები პლუს” საერთო სისტემა (GSP+)  მიანიჭა. ეს პროგრამა 2008 წელს გაფართოვდა. 2009 წლის გაზაფხულზე საქართველო ვროკავშირის ახალი პროგრამის, ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი გახდა. 2010 წელს ამ პროგრამის შედეგად, საქართველომ და ევროკავშირმა დაიწყეს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებაზე. 2010 წლის ოქტომბერში ევროკავშირის თავისუფლების, იურიდიული და საშინაო საქმეების საპარლამენტო კომიტეტმა დაამტკიცა შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. ამ ხელშეკრულებას  2010 წლის ივნისში მოეწერა ხელი.

 

1990 წლებიდან ევროკავშირი ადასტურებს მის მხარდაჭერას საქართველოსადმი კონფლიქტების შედეგების დაძლევის პროცესში. 2003 წელს ევროკავშირმა დანიშნა სპეციალური წარმოადგენელი სამხრეთ-კავკასიაში. 2008 წელს ამოქმედდა ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისია (EUMM).

 

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა

 

ამ ბოლო წლების ინიციატივებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP) და მისი ეფექტურობის შეფასება. ექსპერტთა საზოგადოებისა და იმ სამოქალაქო ინსტიტუტების  წარმომადგენელები, რომელთა საქმიანობა გარკვეული თვალსაზრისით უკავშირდება ევროპულ პოლიტიკას, დიდ ყურადღებას უთმობდნენ ENP-ს. 2004-2007 წლებში სხვადასხვა ფონდების მხარდაჭერით (”ღია საზოგადოება საქართველო”, The Bell Fund, ”ფრიდრიხ ბერტის ფონდი”, ”ევრაზიის ფონდი”, CORDAID და სხვა) ეს ჯგუფი აქტიურად მონაწილეობს ENP-ის სამოქმედო გეგმისთვის რეკომენდაციების მომზადების პროცესში, მაგრამ ამ მომენტისთვის პროგრამისადმი ინტერესმა იკლო. საქართველოში რეფორმების ჩატარების პროცესს მხარს უჭერს სპეციალური პროექტი ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი (GEPLAC), რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელედება. ის ძირითადად ფოკუსირებულია ENP-ს ფარგლებში ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობაზე. GEPLAC-ის საქმიანობა ძირითადად  საქართველოს ფარგლებში სხვადასხვა სტრუქტურის განმტკიცებისკენაა მიმართული, მაგრამ ENP-ს ფარგლებში დადგენილი პრიორიტეტები ნაკლებადაა ცნობილი რიგითი საზოგადოებისთვის და ეს ხარვეზი განსაკუთრებით რეგიონებშია შესამჩნევი.

 

აღმოსავლეთის პარტნიორობა

 

ცხადია რომ ENP-ს ხარვეზები, რომლებიც ძირს უთხრიან მის ეფექტურობას, გათვალისწინებული უნდა იყოს ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” იმპლიმენტაციისას. ერთის მხრივ, თანამშრომლობის იდეა სულ უფრო გასაგები ხდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ”აღმოსავლეთის პარტნიორებს” შორის ნამდვილი თანამშრომლობის მცირე დასტური არსებობს. თუ დასაწყისში გაჩნდა AGA-ს (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) შექმნის გეგმა, ახლა ის BUMAGA-ს ჯგუფით შეიცვალა (ბელორუსია, უკრაინა, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი).

 

ევროკავშირის სხვა ინიციატივებისგან განსხვავებით, ”აღმოსავლეთის პარტნიორობას” რიგითი მოსახლეობაც დაუჭერს მხარს. ის იმისთვის შეიქმნა, რომ პროგრამის მონაწილე ქვეყნებში დაეხმაროს დიალოგსა და თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის. მხარდამჭერი ინსტრუმენტის როლს ასრულებს ასევე ფორუმი საზოგადოებისთვის..  ნაციონალურ დონეზე მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმების ორგანიზება. საარჩევნო პროცესი ამ პლატფორმებზე საკმაოდ ბიუროკრატიული და არადემოკრატიულია, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა მას არ ენდობა. ის ბუნებრივად საკმაოდ ზღვარდადებულია.

 

საჭიროა სხვა, დამატებითი შესაძლებლობები ”აღმოსავლეთის პარტნიორობის”/ევროკავშირის ფორმატში საზოგადოების წარმომადგენლებს შორის კავშირების, კონტაქტების და კომუნიკაციის საშუალებათა განსავითარებლად. ამ თვალსაზრისით კონფერენციამ  Go East ძალიან პოზიტიური როლი შეასრულა. ეს კონფერენცია 2010 წლის 19-20 ოქტომბერს ჩატარდა და მას, ვარშავის მერიის კულტურის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ადამ მიცკევიჩის ფონდმა უმასპინძლა.

 

იმისთვის რომ განმტკიცდეს ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის ეფექტურობა, შესრულდეს მის მიერ დადგენილი მიზნები და პროგრამის იმპლიმენტაციასთან  კავშირში მყოფ სტრუქტურებს შორის კონტაქტები განვითარდეს, მნიშვნელოვანია ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” ყველა ქვეყანაში საინფორმაციო ცენტრების შექმნა და მათი დაკავშირება.

 

ევროკავშირის შესაძლო პრიორიტეტები საქართველოში

 

მომავალი ხუთი-ათი წლის განმავლობაში ევროკავშირის პრიორიტეტი არა მხოლოდ პოლიტიკურ რეჟიმებთან, არამედ სამოქალაქო საზოგადების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნდა იყოს. კიდევ ერთ ამოცანად ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბების მხარდაჭერა უნდა იქცეს.

 

ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმ წარსული წლების შეცდომებს, როდესაც აზერბაიჯანში, სომხეთში  და საქართველოში სამხრეთ-კავკასიის პარტნიორობის განვითარების მცდელობის ”პირველი ტალღა” შეფერხდა. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში სამხრეთ-კავკასიაში რეგიონალურმა ინიციატივებმა ტემპი შეანელა და არ მოიტანა მოსალოდნელი შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ ENP-ს ფორმატში ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, სამხრეთ-კავკასიაში ინტეგრაციული პროცესები აღსანიშნავი არაა. იმის ცოდნამ თუ რამდენად არაეფექტურად ვითარდებოდა პარტნიორობა სამხრეთ-კავკასიაში, რამდენიმე წლის წინ შემდეგი კითხვა გააჩინა: როგორ უნდა იარონ სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებმა ევროკავშირისკენ – ერთად თუ ინდივიდუალურად?

 

თუმცა რეგიონალური ინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობს და  ახალი კავკასიური ინსტიტუტებიც იქმნება, რაც კარგია. რეგიონალური უსაფრთხოების სამხრეთ-კავკასიის ინსტიტუტი კავკასიური ორგანიზაციების სოციალური სტრუქტურის განვითარების დინამიკას უფრო ფართოდ იკვლევს. ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციოს კავკასიური პარტნიორობის ფორმატების დივერსიფიკაციას და თავადაც სცადოს მათი განვითარება და განმტკიცება. რეგიონალური პარტნიორობის ფორმატების დივერსიფიცირების მიდგომაა ასახული რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიური ინსტიტუტის პუბლიკაციებში. ”კავკასიის არქიპელაგი: მითი და პოლიტიკური რეალობა” 2009 წლის დეკემბერში, ფრიდრიჰ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. ამ ნამუშევრის შექმნის მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ მოძიებული ყოფილიყო ახალი პრინციპები და შეხედულებები და შესაბამისად ახალი სტრატეგია სამხრეთ-კავკასიაში რეგიონალური პარტნიორობის განვითარებისთვის.

 

წიგნი რეგიონის დეფინიციის აღქმის დინამიკას აანალიზებს და მისი პოლიტიკური გეოგრაფიის ინოვაციურ გააზრებას გვთავაზობს. გარდა სამი ტრადიციული ქვეყნისა (აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო) რუსეთი და თურქეთიც რეგიონის ქვეყნებად განიხილება. ასევე განიხილება ირანი და სხვა არარეგიონალური აქტორები. კვლევა გვთავაზობს რეგიონალური კოოპერაციის ფორმატების დივერსიფიცირებულ აღქმას, რაც განსხვავდება ტრადიციული გააზრებისგან ისე, რომ აფართოვებს თანამშრომლობის შესაძლებლობებს, კერძოდ კი რთული რეგიონალური კონფლიქტური სიტუაციების მართვასა და პრევენციას.

 

სისტემატური მიდგომა ჩვენს ტრანსრეგიონალურ პროცესებში რეგიონის მონაწილეობის ანალიზის საშუალებას გვაძლევს, რაც გარკვეული დონით შეიძლება განხილულ იქნას, როგორც რეგიონის გეოგრაფიული პოტენციალის აღნუსხვის მცდელობა და სამხრეთ-კავკასიის იდენტიფიკაციის პროცესის განმტკიცებას  გულისხმობს. კვლევა ასევე წარმოაჩენს კონკრეტულ რეგიონულ პროექტებს, რომლებსაც შეიძლება მხარი დაუჭიროს ევროკავშირმა და დაეხმაროს სამხრეთ-კავკასიის რეგიონში სტაბილიზიციას და უსაფრთხოებას.

 

ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს ის საფრთხეები, რომელიც ემუქრება მის ქმედებებს კავკასიასა და საქართველოში. ესენია საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაცია, ანტი-დასავლური მთავრობა, მოსკოვის ლობის გამარჯვება და  მოსკოვის მიერ საქართველოს დამორჩილება.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...