Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტი საინტერესო და უინტერესო ამბებით


Recommended Posts

კონტრუქციული პარლამენტი, დებატებით, რაოდენობრივად მცირე ოპოზიციით და ბევრი სახალისო ამბებით. რაც უნდა იყოს, პარლამენტი ქვეყანაში ყველაზე გახსნილი ინსტიტუტია და - მედიისთვის სამუშაოდ ყველაზე ადვილიც. გაძლიერების მოლოდინში პარლამენტი ძალებს იკრებს, 2013 წლისთვის (ინსტიტუციურად რა თქმა უნდა და არა - შემადგენლობით). ძალების საბოლოოდ მოკრებამდე კი, იქ ბევრი საინტერესო და უინტერესო რამ ხდება. წელი კი, საკანონდმებლო ორგანოსთვის ჩვეულებრივი იყო, არაჩვეულებრივი ელემენტების შეტანის მცდელობით.

 

პარლამენტარების საზეპირო

 

პარლამენტარებს პარლამენტისვე რეგლამენტის ცოდნა სჭირდებათ... ამ რეგლამენტის მუხლების უცოდინრობაში სხვისი "გამოჭერა" განსაკუთრებით ძველ დეპუტატებს უმარტივდებათ. "გამოჭერილი" კი, ხშირად "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურიაა.. მაგრამ აქ არჩევანი და არადანია – რა სჯობს, ილაპარაკო და რეგლამენტის უცოდინრობა გამოავლინო, არ ილაპარაკო და რეგლამენტი იცოდე, თუ არც ილაპარაკო და არც რეგლამენტი იცოდე... არადა, ამ მოწვევის პარლამენტშიც ბევრი დუმს, მათ ხმა არც წელს ამოუღიათ. არა, წელს განსაკუთრებით დუმდნენ..

 

ტრადიცია, ოღონდ მანკიერი ან არც ისე მანკიერი

 

კენჭისყრების პროცედურა პარლამენტში წელსაც ისეთივე იყო, როგორც სხვა წელს.. თუ კვორუმი არ შეგროვდა, ვიცე-სპიკერი მაჭავარიანი ხელფასების დაქვითვით დაიმუქრება და სიას ამოიკითხავს... სწორედ ამიტომ, როცა სხდომაზე კენჭისყრა იწყება, ყველაზე პასუხისმგებლური გამომეტყველებით სხდომათა დარბაზში მიდიან... კენჭიყრა იწყება და სხვის პულტებს წელსაც ისევ იყენებენ, უბრალოდ, "სხვისი პულტის გამოყენების" მოდარაჯე ოპოზიციონერები პარლამენტში აღარ არიან...ხოდა, ამ მხრივ სიმშვიდეა...

 

პარლამენტის ორი სამწუხარო ამბავი

 

უმაღლეს საკანონდმებლო ორგანოს წელს ორი წევრი გამოაკლდა. წლის დასაწყისში დეპუტატი ვანო ხუხუნეიშვილი, წლის ბოლოს კი გია არსენიშვილი. ორივე დეპუტატი დიდი ხნის პოლიტიკოსი იყო….

 

წლის ცვლილება..

 

პარლამენტის ფოიეში გამოფენილ პარლამენტის ნახევარკვერცხისებრი ფორმის მაკეტს თუ არ ჩავთვლით, სიახლე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატ ლაშა თორდიას დანიშვნა იყო. ეს დეპუტატი იმ "შესანიშნავ ოთხეულში" შედიოდა, რომელთაც ხშირად უწევდათ არაპოპულარული კანონპროექტების ავტორობა ან ინიციატორობა. ეს წლის საკადრო ცვლილება იყო, არა გასაკვირი, რადგან პარლამენტში კადრების ნაკლებობაა ან - უნდობლობა. წლის პიროვნულ ცვლილებად კი, მომავალ წელს შესაძლოა, ისევ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დასახელდეს – თორდიას შეცვლა მოუწევს, თან რადიკალურად…

 

დიდი გაუგებრობა

 

პარლამენტში წელს დიდი გაუგებრობა დამკვიდრდა. ეს დიდი გაუგებრობა "ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებია". ეს სათაურია, მის ჭერქვეში კი რამდენიმე კანონში შედის სხვადასხვა ცვლილება. განხილვებისას და მაშინ, როდესაც ხელთ დოკუმენტი გაქვს, არაჩვეულებრივი არაფერია. მაგრამ საქმე კენჭისყრაზე რთულდება... აქ უკვე ვეღარ გაიგებ, რომელი "ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებები" დამტკიცდა და რომელი - არა. ყველაფერი კი პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე კაცმა იცის. ამიტომ, სხდომის შემდეგ თუ იმ რამდენიმე კაცს არ გადააწყდი, საკითხის გარკვევა მეორე დღისთვის უნდა გადადო

 

წლის მოულოდნელობა

 

ეს მოულოდნელობა მედიაგამჭვირვალობის ნება იყო, ხელისუფლების მიერ გამოთქმული. ყოველი შემთხვევისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გახმოვანებული და რამდენად არის ეს მთელი ხელისუფლების ნება, ჯერ უცნობია.

მოკლედ, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს მედიასაშუალების ფლობა აეკრძალებათ. დაიწყო მცირედით, მერე ოპოზიციამ მეტი მოინდომა – სრული გამჭვირვალობა, სახელებით, გვარებით და ფინანსებით. პოზიციის სრულ მონდომობას, რაღაც გაურკვევლობა მოჰყვა და წლევანდელი წელი მედიისთვის უპრეცედენტოდ ვერ დასრულდა – მედიაგამჭვირვალობის მარეგულირებელი ნორმების მიღება მომავალი წლისთვის გადაიდო. სად "გაიჭედა" პროცესი, ვერ გავარკვიეთ. ან გავარკვიეთ და დოკუმენტების არარსებობის გამო, არც არაფერი ვთქვით. მაინც ყველაფერს აქვს თავის გავლენა. Uუკანაკნელ დღეებში "დოკუმენტი" პალამენტს გარეთ ოპოზიციაში იმდენად აქტიურია რომ .... მოკლედ, მედიას "მოდური" გამჭვირვალობისთვის მომავალი წლისთვის მოუწევს მოცდა...

 

პრეზიდენტი, "კანონიერი ქურდები" და ხუთოსნები…

 

წელსაც პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე სავალდებულო ანგარიშით წარსდგა. ეს წესია და მოსალოდნელი, ამიტომ, არც მაინცდამაინც საინტერესო. საინტერესო უფრო დებატებია – როგორც იტყვიან, ვინ უკეთ "მოფხანს გულს" საზოგადოებას და მინ უკეთ გაიმართლებს თავს ამომრჩევლის წინაშე.

წლევანდელ წელს ქვეყნის უმაღლესი პირისგან ახალი ინიციატივები არ თქმულა გარდა ტელეკომპანიების საგადასახადო ამნისტირებისა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ითქვა მაღალი ტრიბუნიდან, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციებს ეკონომიკის "ჩამოშლა" მოსდევს. როგორც ჩანს, "გაჭრა".. წელს აქციები ვეღარ შედგა. უფრო საინტერესო კი დებატებისას, პრეზიდენტის მიერ პასუხების გასაცემად ოპოზიციის ტრიბუნის არჩევა იყო. თუმცა, ოპოზიციის ყველა კრიტიკას, როგორც შარშან თუ შარშანწინ, ხელისუფლება მათი უცოდინრობის გამოვლინებად მიიჩნევს და დაცინვასაც ცდილობს. მათ ხან ტერმინებს განუმარტავენ-ხოლმე უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან, ხან - ცნებებს, ხან სახელმწიფო ინტერესებს ახსენებენ, ხან კი ამომრჩევლის ნაცვლად ფიქრობენ. ერთი კი არის, საპარლამენტო დებატებისას ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერს აჭარის მეთაურ ასლან აბაშიძესთან მეგობრობას და ურთიერთობას საყვედურობენ. თუმცა, ეს მაშინ, როდესაც ასლან აბაშიძის მეგობრები უმრავლსობაშიც არიან. მოკლედ, პალამენტში დებატები კიდევ უფრო დამკვიდრდა (კარგია, ამას თუ ჩვენი ნებით ვაკეთებთ და ერთ მშვენირ დღეს, ესეც ევროკავშირის მოთხოვნა არ აღმიჩნდება).

ამ ყველაფერში "კანონიერი ქურდები" კი იმ კავშირშია, რომ ისინი სწორედ პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ აღმოაჩინა გიორგი ცაგარეიშვილმა როგორც "კანონიერი ქურდები" – ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გიგი უგულავა. ისინი პარლამენტში არ მისულან და პრეზიდენტის ანგარიში "არ ჩაუბარებიათ".

 

 

ლუსტრაცია ლუსტრაციისთვის

 

წელს თითქოს ლუსტრაციის კანონი უნდა გვქონოდა და ე.წ პატრიოტს აქტიც. ასევე, მომავალი წლიდან ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმის სიმბოლოები და ქუჩების სახელწოდებები უნდა აკრძალულიყო, თუმცა, ესეც მომავალი წლისთვის გადაიდო. ვერ მოასწრესო ბოლო სხდომაზეო…მაგრამ, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია.. იმედია, მომავალი წლიდან მაინც ყოფილ აგენტებს, "თავისი მიეზღვება", თავისი მიეზღვება ნამგალს და უროს და სტალინის შემორჩენილ ძეგლებს..

 

 

განუხორციელებელი იდეა და მელოტები

 

წელს უპრეცედენტო ინიციატივის და შემდეგ, ასევე უპრეცედენტო თანხმობის მომსწრე გავხდით. ოპოზიცონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქოფანიძემ საჯარო დაწესებულებებში ნარკომომხარებელთა გამოვლენა მოითხოვა... მაღალი თანამდებობის პირები, დეპუტატები, ნარკოტიკებზე თმის ღერის მეთოდით უნდა შეემოწმებინათ. ეს იდეა ისე მოეწონა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ განუხორციელებელი დარჩა. "კულუარებში" იდეს ჩაშლას მელოტ საჯარო მოხელეებს უკავშირებენ.. .

 

კეთილი საქმე და მესაზღვრეები

 

წელს საპარლამენტო ოპოზიციამ კეთილი საქმე დაიწყო - მთის კანონის შემუშავება და მთაში ხალხის დამაგრებისთვის ზრუნვა. თუ სხვა ერები თავად ქმნიან მითებს, საქართველოს მთა თავად არის მითი... ამ მითს გადარჩენა უნდა. მითთან ერთად - საზღვარსაც, ბუნებრივი მესაზღვრეების მოშლის გამო, მთიდან საქართველო პატარავდება… რას იზამს ხელისუფლება, უცნობია.. ერთ-ერთი დებატებისას მართალია, ითქვა, რომ მთის დაცლაზე საუბარი პოპულიზმია და მთაში ხალხი ტურიზმის განვითარების შედეგად უნდა დარჩეს და ისიც ბუნებივად... მაგრამ, ალბათ გაძნელდება მითის გადარჩნაზე უარის თქმა. ხოდა, წელს კეთილი საქმე დაიწყო და იმედია, მომავალ წელს ისიც სხვებივით არ "გაიჭედება".

 

 

სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაწყებული საქმე და ვისთვის როგორ მოწყობილი მომავალი

 

გასულ წელს ოპოზიციის აქციებს კონსტიტუციის შეცვლის მზადყოფნა მოჰყვა. ასეა, ითხოვენ ერთს და უსრულებენ სხვას ან არაფერს ითხოვენ და მერე რაც ხელისუფლებას სურს, იმას უსრულებს ოპოზიციას. მოკლედ, იყო "მიშა მოვდივარ" და შედეგი შესაძლოა "მიშას კიდევ მიშობა" იყოს… პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტობა აღარ არის მომხიბვლელი და მას პარლამენტის თავმჯდომარეობა ან პრემიერ-მინისტრობა ჯობია. კონსტიტუცია შეიცვალა დიდი დავიდარაბით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ორმაგი, ზოგჯერ სამმაგი გაგებით. ზოგი ამ პროცესს გაემიჯნა და პასუხისმგებლობაც გვერდზე გადადო, ზოგმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, სანაცვლოდ მცირე "მიღწევებს გამორჩა", ზოგი დასაქმდა…..იყო დებატებიც და ბოლოს, წელს პარლამენტმა კონსტიტუცია მერამდენედ, მაგრამ როგორც გვარწმუნებენ, საბოლოოდ შეცვალა.

მოკლედ, პრეზიდენტი აღარ არის "ყველაფერი" და მისი უფლებები გადანაწილდა, ოპოზიციას ქვეყნის მართვაში ჩართვის შანსი მიეცა, მაგრამ შანსი შანსად რომ არ დარჩეს.. მათ გაძლიერება მოუწევთ….აქ უმრავლესობა ბევრს "ხალისობს" ხოლმე, "ჩვენ გვიწინსაწრამეტყველებდნენ დაშლას და თავად დაიშალნენო".

წლის ბოლოს, პარლამენტმა კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა – სახელმიწფოებრივი გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდა. თავიდან მომხიბვლელი იდეა იყო და იყო ბევრი არგუმენტი მის გასამტკიცებლად. სკეპტიკოსები კი მხოლოდ იღიმებოდნენ. მერე არგუმენტები შესუსტდა და გამონაკლისების მოფიქრება გახდა საჭირო, რა დროსაც გადასახადები რეფერენდუმის გვერდის ავლით გაიზრდება. (ამაზე ფიქრი მომავალ წელს დასრულდება.) ამის მერე კი, არც მეტი არც ნაკლები და ამ ხელისუფლების რევოლუციური იდეა მომავალ ხელსუფლებას გადააბარეს – ეს ცვლილება ძალაში 2013 წლიდან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ მოვა, მის გაუქმებას გეგმავს, სკეპტიკოსები კი აქაც იღიმებიან.

 

განდევნილი

 

საპარლამენტო დებატებისას ხელისუფლების ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ ოპოზიცია დაბრმავდა, დაყრუვდა და არაფრის გაგონება და მოსმენა არ სურს. ასევე, დეპუტატი აკაკი მინაშვილი ყოველი დებატებისას ერთსა და იმავეს ახსენებს ოპოზიციას, რომ "მათ ჭეშმარიტებაზე ექსკლუზივი არ აქვთ". თუმცა, ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ექსკლუზივი - შეცდომები არასოდეს აღიაროს – სხვებიც დააჯეროს და თავადაც დაიჯეროს, რომ მართალია. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას ჭეშმარიტებაზე ექსკლუზივის სურვილს საყვედურობს, თავადაც საკუთარი ორგანიზმიდან განსახვევბულ აზრს კვეთს. წელს უმრავლესობას თამაზ დიასამიძე გამოაკლდა, რადაგან ღიად და საჯაროდ თქვა, რომ თავის დროზე არ მოეწონა მანიფესტაციების გამართვის წესის გართულება, შემდეგ კი, უმრავლსობის წევრმა გაბედა და, კონსტიტუცია არ მოიწონა.

სწორედ ამის გამო, "ნაციონალურმა მოძროაბამ", რომელიც ოპოზიციას განსახვებული აზრისადმი შეუგუებლობას საყვედურობს, თავად გარიცხა დიასამიძე მისი რიგებიდან. აქ საქმე იმაშია, რომ დიასამიძემ ვერ დაასწრო მათ და თავად არ დატოვა უმრავლსობა – ვერ გაბედა ან ვერ მოიფიქრა.

 

წლის გამოცანა

 

წლის გამოცანა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯომოარ გივი თარგამაძეა. ის მართალია არსებობს, მაგრამ სად? მოკლედ, განტოლება ძალიან გართულდა და გამოცანა ვერ მოაიხსნა ან მომავალი წლისთვის გადაიდო. გივი თარგამაძე ბოლოს ბელორუსიში ვიპოვეთ. მომავალ წელს კი იმედია, მისი კაბინეტი განათდება და "გივი გამოჩნდება".

 

მოლოდონი

წელს პარლამენტში ითქვა, რომ ქვეყნის პრველი პრეზიდენტი მოკლეს და არა თავი მოკლა. დაკითხვების და კომისიის მუშაობის რამდენჯერმე გაგრძელების შედეგად, ახალი დეტალები გამოიკვეთა. მაგრამ, რა იქნება და როგორ დამტკიცდება კომისიის თითქმის ერთ წელზე მეტი ხნის მუშაობის შედეგი, ჯერ უცნობია.

 

ცვლილებები, ცვლილებები, ცვლილებები

 

წელს ბევრი იყო საკანონდმებლო ცვლილება. საგადასახადო კოდექსი თითქმის თავადან დაიწერა და დამტკიცდა. მომავალი წლიდან კი, მისი დახვეწა გაგრძელდება. დამტკიცდა კინოთეატრებში და ტელევიზიებში ფილმების სუბტიტრებით და/ან ქართულად დუბლირებული ფილმების გაშვების ვალდებულება. სახელმწიფო ქონების პრივატიზება დაიხვეწა და დაიხვეწა მისი დაკანონება. გაზსადენის პრივატიზება დასაშვები გახდა და ამან რამდენიმე დღე პარლამენტი გამოაცოცხლა კიდეც; წელს ძალაში შევიდა ნაფიცი მსაჯულების კანონი, ქვეყანაში ყველა ღვედს იკეთებს, კიბერდამნაშავეები შეაშინეს, მაგრამ ვერ შეაშინეს, ნაგვის გატანის მოსაკრებელი გაზარდეს, ყადაღადადებული ქონება პირდაპირ, ყოველგვარი აუქციონის გარეშე გადავა სახელმწიფო საკუთრებაში, მცირე მეწარმეების განსაზღვრისთვის წლიური ბრუნვა 200 ათასამდე უნდა გაზრდილიყო (ძალიან ბევრჯერ გვითხრეს) და მერე უცებ, ისევ 100 ათასი დატივეს. მოკლედ, ბევრი ცვლილება იყო, აგრეთვე, ბევრი მშვიდი პლენარული სხდომა, იმაზე მშვიდი საკომიტეტო მოსმენა. მაგრამ, პარლამენტის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ ამ სიმშვიდის უკან შესაძლოა, ხშირად რამდენიმე დღიანი და რამდენიმე კვირიანი დაძაბული მუშაობა იდგეს, დაძაბული და წინააღდეგობებით სავეს, რაც შეიძლება ჟურნალისტებმა ვერ გაიგონ, მაგრამ ასე ჯობია საქმისთვისო. საქმე მაინც გაკეთდება, მაგრამ ეს საქმე ხან ისეთი მშვიდია, რომ ამომრჩეველი გვრჩება-ხოლმე საქმის კურსში ჩაუყენებელი. კომუნალური გადასახდელების ერთიანი ადმინისტრირების შესახებ კანონპროექტი ისე ჩუმად დამტკიცდა, ის უხმაუროდ, რომ.. ამ სიჩუმით წაგებული კი ხალხი დარჩა.

და ბოლოს, წელს პარლამენტში დეპუტატების კარიკატურების გამოფენა მოეწყო და მიეცათ საშუალება, ისე შეხედონ საკუთარ თავს, როგორადაც მოქალაქეები ხედავენ. თუმცა, რამდენიმე მათგანს საკუთარი თავის ამოცნობა გაუჭირდა.

დეპუტატების ამოცნობა ხან ჟურნალისტებსაც უჭირთ – ხან იმის მიხვედრა, დეპუტატია, ხან სახელის და გვარის. ეს სენი არ დასრულდა. დეპუტატები 150 –მდე შემცირდნენ, მაგრამ მაინც არიან ისეთები, მთელი წელი ხმა რომ არ ამოუღიათ. სწრედ ამიტომ, რამდენიმე რეგიონის ამომრჩეველს ერთი ორჯერ იმედი გავუცრუე, მათი რჩეული მაჟორიტარი რომ ვერ გავიხსენე…

 

დაჯი პაატაშვილი

"ინტერპრესნიუსი"

http://www.interpressnews.ge/ge/tslis-thema/155731-parlamenti-saintereso-da-uintereso-ambebith.html

Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაუმართლებლად მაღალი ხელფასები აქვთ! წესით 4-ჯერ ნაკლები უნდა ჰქონდეთ. მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი უტოლდება - 0. მათი საქმიანობა უფრო მოჩვენებითია, ვიდრე საქმიანი (ფანტასტიური სამივლინებო ხარჯები, და ყველაფერი ეს ჩვენს ხარჯზე). ჩემი აზრით მათი რიცხვი შესამცირებელია, სავსებით საკმარისი იქნება 70-მდე პარლამენტარი

 

კატა, რომელიც ვერ იჭერს თაგვებს, გასაგდებია სახლიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...