planetanews Posted November 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2010 როგორც გაზეთ «ბათუმელებისთვის» გახდა ცნობილი, ჯაშუშობისთვის დაკავებულთა უმეტესობა შპს «სეი ბოლდ»-ის ბათუმის ოფისის თანამშრომელია. ჰოლანდიური კომპანია «სეი ბოლდ»-ი საერთაშორისო ბიზნესწრეებში ცნობილი კომპანიაა. ორგანიზაციას ოფისი ბათუმში ე.წ. «გოროდოკის» ტერიტორიაზე აქვს. ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი კი არმენ გევორქიანია. საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით ორი მოქალაქის დაკავების შესახებ პირველი ინფორმაცია გაზეთმა «ბათუმელებმა» 20 ოქტომბერს გაავრცელა. 29 ოქტომბერს კი სააგენტო «როიტერმა», ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, 20-მდე პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, 15 ოქტომბრის სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში «სეი ბოლდ»-ის ოფისი დაილუქა, დოკუმენტები ამოიღეს, ხოლო თანამშრომელთა უმეტესობა დააპატიმრეს. მოგვიანებით კი რიგითი თანამშრომლები გაათავისუფლეს. პატიმრობაში რჩებიან ფირმის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი არმენ გევორქიანი და მისი მოადგილე რუბენ შახოიანი. პატიმრობაში რჩებიან ასევე ცნობილი ბიზნესმენის, გარდაცვლილი ოლეგ გალოგრეს ძმა რუსლან გალოგრე და ბათუმელი ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე. გევორქიანს და შახოიანს ბრალი 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სამშობლოს საწინააღმდეგოდ შპიონაჟს ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატი ნანა წულაძე აცხადებს, რომ საქმეში, ჯერჯერობით, ბევრი რამ არის გაურკვეველი და კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს: «როგორც კი რაიმე კონკრეტული გაირკვევა, პირველ რიგში, «ბათუმელებს» მოგაწვდით ინფორმაციას». ბათუმში კომპანია «სეი ბოლდ»-ი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გამოჩნდა. კომპანია, ძირითადად, საბროკერო და გადაზიდვების მომსახურებას ეწეოდა. როცა ბათუმიდან კასპიის ნავთობის გადაზიდვა დაიწყო, გადაზიდვების მომსახურებას «სეი ბოლდ»-ი და ცნობილი ბიზნესმენი ჯებრაილ ხანგოშვილი ახორციელებდნენ. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა «ბათუმელებთან» აღნიშნა (მან ვინაობის გამხელა არ ისურვა), გევორქიანმა მაშინ ხანგოშვილის ”ჩაძირვა” შეძლო: «გევორქიანი გახდა სომხური დიასპორის ხელმძღვანელი. იგი დაუახლოვდა ასლან აბაშიძეს და ამის შემდეგ გადაზიდვების ბიზნესში, ფაქტობრივად, მონოპოლისტი გახდა. იგი აბაშიძის ერთ-ერთი ძირითადი დამფინანსებელიც იყო». აჭარის რევოლუციის შემდეგ გევორქიანს რეპრესიები არ შეხებია. მართალია, ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობა დაკარგა, მაგრამ ფირმა საქმიანობას აგრძელებდა. საქმიდან გამომდინარე, გევორქიანს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა კასპიის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ბუნებრივია, რუსებთანაც. სწორედ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდება აქვთ წაყენებული მას და მის სავარაუდო თანამზრახველებს. არაოფიციალური ინფორმაციით, შპიონაჟში ბრალდებულები საქართველოს ძალოვან უწყებებში აგროვებდნენ ინფორმაციას ტენდერებისა და შესყიდვების თემაზე. ჯერჯერობით უცნობია, რა კავშირი ჰქონდათ «სეი ბოლდ»-თან დევრიშაძესა და გალოგრეს. დაკავებულთა ოჯახებში ამბობენ, რომ მათ არაფერი იციან. პეტრე დევრიშაძე ბიზნესარენაზე აჭარის რევოლუციის შემდეგ გამოჩნდა. მან ქალაქის ცენტრში უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. პრესისთვის ის ცნობილი 2008 წლის დასაწყისში გახდა. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და პუშკინის ქუჩის ¹13-ში მდებარე 2700 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 275 ათას დოლარად შეისყიდა. დევრიშაძემ მშენებლობის დაწყება 2008 წლის აგვისტოს ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ მოახერხა. არაოფიციალური ინფორმაციით, დევრიშაძის ბიზნესს ჩინოვნიკი ლობირებდა. საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ 20 აგენტის დაკავების შესახებ ინფორმაცია ბევრმა უცხოურმა მედიასაშუალებამ უკვე გააშუქა. ამის შესახებ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, თუმცა დღემდე კომენტარი არ გაუკეთებია ვანო მერაბიშვილის უწყებას. სააგენტო «ინტერპრესნიუსი» ავრცელებს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დაკავებულთა შესახებ შსს საჯარო კომენტარს 5 ნოემბერს გააკეთებს. პარალელურად ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის ეთერში გადის დოკუმენტური ფილმის _ «ენვერის» ანონსი, რომელიც ოქტომბერში დაკავებული აგენტურული ქსელის მოქმედებას შეეხება. «ბათუმელებმა» დღემდე მხოლოდ რამდენიმე დაკავებულის ვინაობის დადგენა მოახერხა, სავარაუდოდ, ყველა დაკავებული ბათუმელია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts