Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო უცხოურ პრესაში – 2010 წლის ნოემბერი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/sp_image-370103571-1236156014.pjpeg

 

The Good, the Bad and the Ugly

 

ხელისუფალს, რომელიც პარლამენტის ექს-სპიკერისთვის ცუდია, თავდაცვის ექს-მინისტრისთვის – ავი და  სვიმონ მასხარაშვილისთვის – კარგი, ალენ ჟერარ სლამა კავკასიელ პოსტ-მოდერნისტად ასაღებს (Le Figaro)

 

სლამას ლოგიკით, სააკაშვილი ფაციფისტია და ახალი იდეოლოგია მას კანტის „მუდმივი მშვიდობის“ ტრაქტატმა შთააგონა. ჟურნალისტს სჯერა, რომ შეთავაზება ოკუპანტთან უპირობო მოლაპარაკების და ცეცხლის განუახლებლობის შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება. იგი იმაშიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება აქცენტს აკეთებს საზოგადოებრივ თავისუფლებებზე (პირველ რიგში – პრესის თავისუფლებაზე) და გამჭვირვალობაზე ძველი პოლიციური სისტემის წინააღმდეგ.

 

„სააკაშვილის ინიციატივა, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა, ნიდერლანდების მოქალაქე ჰყავს ცოლად და საკუთარი გარემოცვა ლონდონში, ჰაიდელბერგსა და ჰარვარდში განსწავლული ახალგაზრდა მინისტრებისგან დააკომპლექტა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმით იპყრობს, რომ უპირისპირდება ადმინისტრაციულ, წვრილმან, ქსენოფობიურ და კორუფციულ მემკვიდრეობას, რომელიც ფაქტობრივად ხელუხლებელი დარჩა საბჭოთა საყინულედან გამოსვლის შემდეგ“.

 

მეც მეყვარებოდა ასეთი ხელისუფლება, მაგრამ ცოტა იყო და ძალიან მალე გათავდა. დაგვრჩა განსწავლული ახალგაზრდა მინისტრები, დეპრესიული აწმყო და „ტკბილი“ მოგონებები.

 

არც მომავალი ჩანს უკეთესი, რადგან „თვითმფრინავის კაბინაში მფრინავი აღარ ზის“ (Liberation). ასეთია ბერნარ გეტას თვალით დანახული  „პარალიზებული მსოფლიო“.

 

თითქოს ის არ კმაროდა, რომ ხომალდი პილოტის გარეშე მიფრინავს, ტურბულენტურმა ზონებმაც იმატა, ილუმინატორებიდან შავი კვამლი ჩანს და სალონში პანიკაა.

 

და ვინ არის მხსნელი, სუპერმენი რომელიც მსოფლიოს ჩიხური ვითარებიდან გამოიყვანს. რა თქმა უნდა, საქართველო და მისი ქარიზმატული ლიდერი…

 

ნაციონალურ-პროპაგანდისტულ ზღაპარში, სადაც იბერია აუცილებლად მათი წყალობით და თანაც მალე გაბრწყინდება, ჩრდილოელი გველეშაპი სულს ღაფავს.

 

ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო, ახლა კი სააკაშვილი მოსკოვს ხელს უწვდის (Le Figaro).  უწვდის რა, უწვდის კეთილშობილურად, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, თორემ ისე არავის არაფერს ეხვეწება.

 

იგი სასიამოვნოდ გაკვირვებულიცაა, რადგან ისეთი პრობლემების მიუხედავად როგორებიცაა ავღანეთი, ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღება და ნატო-რუსეთის ურთიერთობები, საქართველო დღის წესრიგში კვლავ პირველი რიგის საკითხად რჩება.

 

პოსტ-მოდერნისტი, პაციფისტი და დალაი ლამას მსგავსად დაფასებული ლიდერი ჯადოქრობაშია ეჭვმიტანილი:

 

„ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად სააკაშვილს ვუწოდებდი ჯადოქარს, ისეთს რომელსაც შეუძლია ყველასთვის იყოს ყველაფერი. ის ხან ათათურქია (სახელმწიფოს აღმშენებელი), ხან ჯორჯ ბუში (ნეოკონი), ხან ზვიად გამსახურდია (ნაციონალისტი) და ხან ვლადიმერ პუტინი (უმოწყალო ცენტრალიზატორი). ის მე ბილ კლინტონსაც მაგონებს, ბუნებრივ კომუნიკატორს და ბორის ელცინსაც, რომელიც ისე აწესრიგებდა პოლიტიკურ წრეებს, როგორც ამას სხვა ვერასდროს ახერხებდა“ (The National Interest).

 

თომას დე ვაალი არ არის სააკაშვილის აპოლოგეტი. ამიტომაც „ჯადოქარს“ ურჩევს, საქართველოს წინა ორი პრეზიდენტისგან განსხვავებით, თანამდებობა მშვიდობიანად დათმოს და კონსტიტუციურად გადასცეს ვინმეს, „ვინც თვითონ ის არ არის“.

 

ახლა ისაა დასადგენი ვინ არის ის (სააკაშვილის მემკვიდრე) და ვინ არ არის თავად ის (სააკაშვილი)…

 

ნატო-ს დაისი და ექსკლუზივის ფასი

 

დასავლურ მედიაში კვლავ აქტუალურია თემა – ვინ მართავს რეალურად რუსეთს დღეს და რა იქნება ხვალ. ორივე კითხვაზე ერთსახოვანი პასუხი აქვს რუსეთის ყოფილ პრემიერს. კასიანოვი პუტინ-მედვედევის ურთიერთობას ადარებს ბოსისა და უფროსი თანაშემწის ურთიერთობას, რომელსაც დროებით ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი უკავია. კითხვას, შეეცდება თუ არა პუტინი 2012 წელს პრეზიდენტი გახდეს, კასიანოვმა ასე უპასუხა: „ვფიქრობ კი არ შეეცდება, არამედ გახდება“ (Foreign Policy).

 

თუ წინასწარმეტყველება ახდა (და დიდი ალბათობით ახდება კიდეც), არ შეიცვლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სტილი. გზა მოსკოვიდან – თბილისამდე და პირიქით, კვლავ ოღროჩოღრო იქნება (The National Interest).

 

”გაფუჭებული გზა” დასავლეთსაც აღელვებს, მაგრამ არა ისე და იმ დოზით, საქართველო რომ ისურვებდა: „დიდწილად დღესაც აშშ-რუსეთის ურთიერთობა იმ სუსტი ძრავის მქონე ავტომობილს წააგავს, რომელიც აღმართზე ასვლას მუხრუჭის გარეშე ცდილობს. წინ წასვლა უჭირს, თუმცა გაჩერება კიდევ უფრო შეუძლებელია ისე რომ არ დაგორდეს. ასეთი დაგორების შედეგები კი გაუთვლელი და სახიფათოა. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო ამ გზაზე მცირე დაბრკოლება იქნება და არა გადაულახავი ჩიხი“.

 

საქართველოს სახით, მცირე დაბრკოლების გადალახვა, პოლ სანდერსისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ს მასშტაბური საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტის კონტექსტში.

 

ერთ-ერთი ამოცანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაა, მაგრამ რადგან აშშ დემოკრატიული და სხვა სუვერენული ქვეყნების ინტერესების პატივისმცემელი სახელმწიფოა, თურმე „არ აპირებს რუსეთს ამ გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმაროს“ (Foreign Policy).

 

ჯოშ როგინი არ ამხელს რატომ ჰგონია მას, რომ თბილისის პრინციპულობა დასჯაბნის მოსკოვის გავლენას. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები როგინს სავარაუდოდ საკუთარი თეორიების გულუბრყვილობაზე დააფიქრებს, მათ შორის ვაშინგტონის ობიექტურობისა და ნეიტრალურობის შესახებ.

 

რუსეთს მსო-ს წევრობა უკვე 17 წელია სურს, 153 წევრი ორგანიზაციის თანხმობა რთული მოსაპოვებელი აღმოჩნდა. ახლა როცა ევროკავშირთან შეთანხმებით მიზანს მიუახლოვდა, მოსკოვი ამბობს რომ არაფერი სმენია „საქართველოს მხრიდან ბლოკირების შესაძლებლობაზე“ (EUobserver).

 

TIME ირწმუნება, რომ რუსეთთან რამდენიმეწლიანი მტრობის შემდეგ, ატლანტიკურმა სამხედრო ბლოკმა სიტყვა გატეხა და დღეს საქართველოსთან პირშავია. საინტერესოა მოვლენათა თანმიმდევრობის საიმონ შუსტერისეული ვერსია. ჯერ ნატო დასთანხმდა საქართველოს ალიანსში მიღებას, ამის შემდეგ კი რუსეთმა მეზობელ სახელმწიფოში ჯარები გაგზავნა, „რათა ეპასუხა საქართველოს შეტევისთვის მის ერთ-ერთ სეპარატისტულ რეგიონზე“.

 

ამას მოჰყვა საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია და ნატო-ს განცხადება, რომ რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობას ვეღარ განაგრძობს, ვიდრე მოსკოვის არმია უკან არ დაიხევს.

 

„ორი წლის განმავლობაში ის ამ პირობას იცავდა, თუმცა დღეს პრაგმატიზმის თუ შიშის გამო, სწორედ ნატოა ის ორგანიზაცია, რომელიც უკან იხევს“.

 

არა როგორ შეიძლება ნატო-მ რუსეთთან დაპირისპირებაში უკან დაიხიოს, ან თუ ოდნავ დაიხია შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ „მოსკოვის არმიამ“ დაიხია  უკან პერევიდან. სხვაგვარად გამორიცხულია, არ არსებობს უკომპრომისო საკითხზე კომპრომისი, ერთადერთ შეუთანხმებელ თემაზე შეთანხმება, საქართველო ნატო-რუსეთის ურთიერთობაში ყოველთვის იქნება განხეთქილების ვაშლი, ჩვენთვის ხომ კარი ღიაა…

 

სულ ტყუილად. თურმე ნატო მარტო ანგარიშს კი არ უწევს რუსეთს, თავად რუსეთი სთავაზობს დახმარებას ალიანსს ევროპაში ანტი-სარაკეტო ქსელის შექმნაში, რაც „ცივი ომის ეპოქის ყოფილ მტრებს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპად სახელდება“ (The Washington Post).

 

იყო უფრო მეტის მოლოდინი და ნატო-რუსეთის კავშირის კონტექსტში, ლისაბონის სამიტის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის გარდამტეხ მომენტად შეფასების მცდელობა (Eurasia Review). რეალობისთვის თვალის გასწორებისკენ მოუწოდეს მათ, ვინც ავანსცენაზე რუსების დაბრუნების გამო აჟიოტაჟი ატეხა (Foreign Policy).

 

არადა დასავლეთისა და რუსეთის მეგობრობა რომ მტკიცე და გულწრფელი არაა ამას ერთიც ხვდება და მეორეც. მხარეთა მიხვედრილობის საილუსტრაციოდ „კრემლის საქმეებში გარკვეული გლებ პავლოვსკი“ ამბობს:

 

„ობამა ჩვენი მოკავშირე არ არის. გაიხსენეთ რომ ობამას მხარდაჭერა არა აქვს და ის უფსკრულის პირას დგას… ჩვენ მას უფრო ვჭირდებით, ვიდრე იგი ჩვენ“.

 

როცა აშშ-ს რუსეთი სჭირდება, სულაც არაა გასაკვირი ასეთ ურთიერთობას დრამატული ეწოდოს (The Guardian). არც ის უნდა იყოს გასაკვირი, როცა ევროპა ვერ ახერხებს ავღანეთში ნატო-ს არსებობის გამართლებას, რეალისტებმა ზედმეტ ხარჯებზე იწუწუნონ და ნატო-ს ეპოქის დასასრულის მოახლოვება იწინასწარმეტყველონ (europeanvoice.com).

 

ვიდრე არსებობს, სულ იქნება სტრატეგიული კონცეფციის გადახალისების მოლოდინი (Hurriyet) და იქნებიან პატარა მოთამაშეების ხმაურისგან შეწუხებული დიდი მოთამაშეები (The Global Post), ევროპა-ამერიკის სამომავლო მოკავშირეობის შესახებ საპრეზიდენტო სტილში გაგრძელდება დემაგოგია (The New York Times).

 

საბედნიეროდ სულ იქნებიან ისეთებიც, ვინც მწარე სიმართლეს იტყვის, მაგალითად დიანა ჯონსთოუნი:

 

„საკითხთა უმეტესობა, რომლებზეც ისინი იმსჯელებენ ფიქცია იქნება, ფიქცია რომელსაც ფასის აღმნიშვნელი იარლიყი მიაკრეს. ერთი საკითხი, რომელიც სტრატეგიული კონცეპტისადმი მიძღვნილ სამიტს გამორჩება, ეს სტრატეგიის საფუძვლიანი განხილვა იქნება. ნაწილობრივ ეს იმითაა განპირობებული, რომ ნატო-ს როგორც ასეთს სტრატეგია არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს საკუთარი სტრატეგია. ნატო სინამდვილეში შეერთებული შტატების სტრატეგიის ინსტრუმენტია. მისი მოქმედი სტრატეგიული კონცეფტი ისაა, რასაც შეერთებული შტატები ახორციელებს, მაგრამ ესეც კი მოუხელთებელი ფანტომია“ (Global Research).

 

ამდენი იმედგაცრუების ფონზე ლისაბონის სამიტის ფარგლებში ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მაინც მოხდა. The Australian-მა ალექსანდრე ნალბანდოვისგან ექსკლუზიური ინტერვიუს აღება მოახერხა, დიპლომატმა კი იმედი გამოსთქვა, რომ  „ნატო ხელახლა დაუბრუნდებოდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოს შესაძლო წევრობაზე“.

 

ნალბანდოვის ოპტიმიზმს არ იზიარებს მოლი კორსო. ლისაბონში ორი ახალი ამბით (რუსეთის ჯაშუშური ქსელის გაშიფვრა და მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის აღკვეთა) ჩასვლის მიუხედავად,  საეჭვოა რომ „თბილისს ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში უახლოეს მომავალში გაწევრიანების შანსი დაუბრუნდეს“(Eurasianet.org).

 

სხვა შანსებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგან სააკაშვილი „რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის ძალისხმევისთვის პოტენციურ ხინჯად“ ჩამოყალიბდა, საქართველოს დასავლეთში მეტი თავმდაბლობისკენ მოუწოდებენ.

 

რაც მთავარია მთავარი შანსი გამოყენებულია: ნატო-ს სამიტის პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან პირველი პირისპირ შეხვედრა გამართა (AFP).

 

ენვერი, უბრალოდ რამზანი და უგუნური კავკასია

 

ობამა-სააკაშვილის განმარტოვების შედეგი ანალიტიკოსთა ნაწილისთვის ორგვარია: მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის თბილისმა უპირობო მზადყოფნა უკვე გამოსთქვა და მეორე – საქართველოს თანხმობით რუსეთი შესაძლოა მალე მსო-ში გაწევრიანდეს.

 

უკვე ვიცით, რომ სააკაშვილის ინიციატივა კანტის ”მუდმივი მშვიდობის” ტრაქტატით იყო ნაკარნახევი. ვიცით ისიც რომ  ჯაშუშური სკანდალის მიუხედავად საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა (The Irish Times).

 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ჯერ-ჯერობით მოსკოვთან გილაურის ავტორიტეტიც არ ჭრის. კრემლი იმდენად აღაშფოთა ”ანტი-რუსულ ნიადაგზე სააკაშვილის რეჟიმის ქრონიკულმა შპიონომანიამ” (The Christian Science Monitor), რომ აღარც გილაური აინტერესებთ და აღარც კანტი.

 

სქემა აშკარად რთულია და ჩახლართული. ” ქართველი ჩინოვნიკების თქმით, ინფორმაციის გაცვლა ფოტოების და მუსიკალური ფაილების გზით ხდებოდა, ასევე იგზავნებოდა ელექტრონული წერილების სახით, რომელთა გაშიფვრაც მხოლოდ სხვა ფოტოს ან მუსიკალური ფაილის გამოყენებით შეიძლებოდა” (The Guardian).

 

აგვისტოს ომის დროს რუსმა სამხედროებმა ჯაშუშების დახმარებით მიაგნეს ქართულ ვერტმფრენებს ბორჯომის ხეობაში (The New York Times), ქართულმა სპეც-სამსახურმა კი რუსეთის აგენტებს 4 წლის წინ აგენტებისთვის გამოცხადებული ამნისტიის შედეგად მიაგნო (Le Figaro).

 

ორიგინალური მიგნებებით საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გამოირჩევა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ე. წ. ჩერქეზული საკითხია:

 

”მის საშინაო საქმეებში რუსეთის ჩარევის საპასუხოდ საქართველომ ახლახანს მისი ყურადღება ჩრდილოეთ-კავკასიას მიაპყრო, კერძოდ საერთაშორისო ჩერქეზულ მოძრაობას, რომელიც ცდილობს 1864 წელს რუსეთის მხრიდან ჩერქეზების გენოციდის აღიარებას მიაღწიოს. ეს საკითხი განსაკუთრებით დროულია, რადგან ჩერქეზების გენოციდის 150-ე წლისთავი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადას ემთხვევა, რომელიც დამოუკიდებელი ჩერქეზული სახელმწიფოს უკანასკნელი დედაქალაქი იყო” (Open Democracy).

 

მერე რა რომ მოსკოვი თბილისის ამ ნაბიჯს პროვოკაციად აფასებს. მთავარია სააკაშვილმა კრემლს უპირობო მოლაპარაკება შესთავაზა (ისევ კანტის ”მუდმივი მშვიდობის” ტრაქტატი)…

 

ჩერქეზების მხარდაჭერამდე საქართველომ უვიზო რეჟიმი შემოიღო ჩრდილოეთ-კავკასიის მცხოვრებთათვის. რა თქმა უნდა, რუსეთი ამ ნაბიჯმაც აღაშფოთა, მაგრამ  კრემლის არგუმენტი სასაცილოდ არ ჰყოფნის გია ნოდიას: ”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ ”რუსეთის მოსახლეობის დაყოფა სხვადასხვა კატეგორიებად ცივილიზებული საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებს ეწინააღმდეგება”, უბრალოდ სასაცილოა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და მერე კი ორი ქართული რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა”(Radio Liberty).

 

ნოდიასგან რადიკალურად განხვავებული შეხედულება აქვს სააკაშვილის ხელისუფლებაზე მმართველს, რომელსაც პუტინი ”მშვიდობის კაცად” მოიხსენიებს.

 

მან უარი სთქვა ჩეჩნეთის პრეზიდენტის ტიტულზე, რადგან მიაჩნია რომ რუსეთში ორი პრეზიდენტი ზედმეტია. იგი თავმდაბალია ჟურნალისტთანაც: ”- როგორ მოგმართოთ? – უბრალოდ, რამზანი” (die tageszeitung).

 

”უბრალოდ რამზანს” აშკარად არ მოსწონს სააკაშვილის პოლიტიკა (ალბათ არც კანტის ”მუდმივი მშვიდობის” ტრაქტატი).

 

“რატომ გზავნიან ჩვენთან ჩვენი ქართველი ძმები სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამ სატანის შვილებს? შეერთებული შტატებიდან ბრძანების გარეშე სააკაშვილს სუნთქვაც კი არ შეუძლია. თუკი შეერთებული შტატები ჩრდილოეთ-კავკასიაზე კონტროლს მოიპოვებს, ისინი უფრო მეტად დაიწყებენ საკუთარი პირობების კარნახს”.

 

კადიროვი არაფერს ამბობს ერთიანი კავკასიის იდეაზე. ეს იდეა ბოლო დროს საქართველოს ხელისუფალს აწუხებს. წუხილი რომელიც თომას დე ვაალისთვის ანომალიაა, სააკაშვილმა მსოფლიოს გაერო-ს ტრიბუნიდან გაუზიარა.

 

„ასეთი იდეები მისასალმებელი იქნებოდა, ის რომ პოეტს ან ბიზნესმენს მაინც გამოეთქვა, მაგრამ როდესაც ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, ეს მხოლოდ ამწვავებს რუსეთის პარანოიას და დაძაბულობას რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. უგუნურება აქ ახალ ჩვევად იქცა და ასე იქნება მანამ, ვიდრე ვინმე არ გადაწყვეტს, რომ დროა ის წარსულს ჩაბარდეს“ (The National Interest).

 

პატივსაცემ თომასს ჩვევად ქცეულ უგუნურებასთან ერთად, კავკასიაში ისტორიის აღქმის სიმსუბუქეც არ მოსწონს (Open Democracy).

 

თუმცა რამზანი ამას არ დარდობს, ჩვენ კი უფრო ის უნდა ვიდარდოთ, რომ  არც სააკაშვილი დარდობს…

 

მუდმივი ლუკაშენკო და აღმოსავლეთისკენ გადახრილი სიმძიმის ცენტრი

 

რუსული დემოკრატია ბელორუსული ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. როცა მიზანი ამართლებს საშუალებას და გაზით დამთბარ გავლენებს  მეზობელი აღარ ემორჩილება, „ავტორიტარულმა რეჟიმებმაც  შეიძლება დაკარგონ” მოსკოვის მხარდაჭერა (New Europe).

 

მეოთხე წრეზე წასული „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ დღესაც ისეთია, როგორიც 16 წლის წინ პირველი ვადით პრეზიდენტად არჩევისას იყო. შეიცვალა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც 2006 წელს ლუკაშენკოს წინააღმდეგ  რევოლუციის წახალისებაში მონაწილეობდა, დღეს კი აშშ-ს და ეუთო-ს დაწუნებულ არჩევნებზე დარღვევებსაც ვეღარ ამჩნევს.

 

დამოკიდებულების ასე რადიკალურად შეცვლა აშკარად ერთ-ერთი „იმპულსური ნაბიჯია“, რომელიც „საქართველოს ცუდ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს – შესაძლოა კატასტროფულადაც“ (The American Interest). სიმძიმის ცენტრი, სავარაუდოდ 2013  წელი იქნება, როცა სააკაშვილი პოლიტიკური ბანქოს გათამაშებას ლუკაშენკოს სტილში შეეცდება, მისი სტილი კი ცივილიზებულ სამყაროსთან შეუსაბამო და ტრანსცენდენტურია. უცხოელი დამკვირვებლების კრიტიკული დასკვნების გაცნობის შემდეგ, ოთხგზის პრეზიდენტმა განაცხადა: დამკვირვებლებმა უფლება-მოვალეობებს არ უნდა გადაამეტონ, პროცესს ჩუმად დააკვირდნენ და ხმას ნუ იღებენო…

 

სააკაშვილის ღირებულებითი ტრანსფორმაცია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც უოლტერ რასელ მიდი „უგუნურ ქართულ პოლიტიკაზე“ საუბრობს:

 

„მე იმედი მაქვს იმისა, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს. ეს მშვენიერი ქვეყანაა, განთქმული წარსულითა და ექსტრაორდინალური კულტურით, მაგრამ საქართველოს მომავალი დღეს ისევე პირქუშად მოსჩანს, როგორც 20 წლის (და რამდენიმე ომის) წინ, როდესაც ამ ქვეყანას პირველად ვეწვიე“.

 

თითქოს მომავლის იმედით, რეალურად კი პირქუში პერსპექტივის ხედვით, კითხვის ნიშნების რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის ახალი აღმოსავლური ზღაპარი, სადაც „ჩემი მეგობრის მტერი…  ჩემი მეზობელია“ (The Economist).

 

თურქეთის მიმბაძველობა და მცდელობა იყო დასავლეთის მეგობარი და მისი მტრების მეგობარიც, საქართველოს ირანის ბირთვული ამბიციების გულშემატკივრობის გამო დაბრალდა. სასჯელის ფორმა ჯერ უცნობია.

 

„ობამას ადმინისტრაცია იქნებ იმედოვნებს კიდეც საქართველოს უკანა პლანზე გადაწევას, მაგრამ უნდა თუ არა საქართველოს იქ დარჩენა, ცნობილი არ არის“.

 

ამერიკელების წარმოსახვისთვის უცხო რეალობა – მრავალპოლარული სამყარო ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს ხაზავს (Foreign Policy).

 

„ძალა აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს“ (Independent). არსებობს ვარაუდი (ზოგისთვის სასურველი, ზოგისთვის შემაშფოთებელი), რომ „უახლოესი ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკური ბატონობა ჩინეთის და ინდოეთის ხელში აღმოჩნდება, როგორც ეს 200 წლის წინ იყო“.

 

მსოფლიოში პირველი…

 

უკვე მესამე წელია პოლიტიკოსთა და პოლიტოლოგთა ნაწილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ სააკაშვილის ბოლო აუცილებლად სასამართლო და ოთხი კედელია. უფრო მეტიც, ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს რომ გარდაუვალი აუცილებლობა თავად პრეზიდენტს აქვს გაცნობიერებული და სასამართლოსი ეშინია (Der Standard):

 

„მთელი იმ ნეგატივის მიუხედავად, რასაც თქვენ სააკაშვილზე ამბობთ, მას პოზიტიური მხარეებიც აქვს?

 

”რა თქმა უნდა, მას გარკვეული მიღწევებიც აქვს. ასე რომ არ იყოს, 2008 წლის აპრილამდე მის გუნდში არ ვიქნებოდი“.

 

აქედან დასკვნა – ბურჯანაძის ლოგიკით, სააკაშვილის მთავარი მიღწევა ბურჯანაძეა. რადგან ეს „მიღწევა“ მცდელობას არ აკლებს კვლავ ხელისუფლებამდე მიაღწიოს, ახალ კონსტიტუციას იწუნებს და იწუნებს იმიტომ, რომ ახალი კონსტიტუციით ხელისუფლებაში დარჩენას სააკაშვილი და მისი გუნდი გეგმავენ (The National Interest).

 

ასე რომ არ მოხდეს, პარლამენტის ექს-სპიკერი სააკაშვილის წინააღმდეგ მანიფესტაციას აწყობს და ამბობს, რომ ”ეს ახალი მოძრაობის დასაწყისია“(Le Figaro).

 

ბევრი მოძრაობა გვინახავს და ბევრი დასაწყისი, მაგრამ ჯერ დასასრული არ ჩანს. განდიდების მანიით შეპყრობილი სააკაშვილი აღმაშენებლის ტიტულისკენ მიისწრაფვის (Liberation).

 

21-ე საუკუნის აღმაშენებელი საქართველოს გაბრწყინებას MTV-სთან ერთად გეგმავს. MTV Impact-ის ერთი კონცერტის ღირებულება მინიმუმ 2 მილიონი დოლარია, მოლაპარაკება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს (Eurasianet.org).

 

პირველი სოლიდური სპონსორი უკვე გამოჩნდა. რა თქმა უნდა მხოლოდ საკუთარი სურვილით, რუსების მფლობელობაში არსებულმა „მადნეულმა“ კონცერტებში მილიონების ჩადება გადაწყვიტა.

 

ერთგავრი ინვესტიციაა ბური ფერმერების საქართველოში ჩამოსახლების გეგმაც (Independent), თუმცა მოწინააღმდეგეები ამ პროექტს ორივე ქვეყანაში გამოუჩნდა: „ქართველი ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ახალმოსახლეებს საუკეთესო მიწებს ფაქტობრივად უფასოდ გადასცემენ და ქართველი გლეხები ყველას დაავიწყდება. ის იდეა რომ ქვეყანას საუკეთესო ფერმერები დატოვებენ, ბევრს არც სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში მოსწონს“.

 

ბევრს არც  სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი მთელი სატრანსპორტო პარკის ელექტროტრანსპორტით ჩანაცვლების იდეა მოსწონს, მაგრამ საქმე ისაა რომ სკეპტიკოსები არ არიან იმდენად ბევრნი, რომ იდეის ავტორებს აზრი შეაცვლევინონ, მით უმეტეს რომ ამ გეგმას აქვს უდიდესი ხიბლი. ხიბლი ნოვაციაა. ვერა ქობალია ამბობს, რომ „საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ამ ვალდებულებას აიღებს“ (The New York Times).

 

ქართველები პირველები არა მარტო სამშობლოში არიან. „ვეტერანი პოლიტიკური კორესპონდენტი“ ნინო აბესაძე ქნესეტში ცახი ანეგბის ჩაანაცვლებს, რომელიც გადააყანეს, „რადგან გაირკვა, რომ ის ფიცის მიცემისას კრიმინალური განზრახვით ცრუობდა“ (The Jerusalem Post).

 

დღემდე ვერ გაირკვა ვინ ცრუობდა სექსუალური განზრახვით. ქართული სამთავრობო დელეგაციის მიერ ლისაბონში 80 მეძავის დაქირავებისა და სასტუმროში ცოლებად გასაღების შესახებ ინფორმაცია პორტუგალიურმა გამოცემამ Correio da Manhã გაავრცელა.

 

ამ სკანდალის შემდეგ, მსუბუქ ყოფაქცევაში ეჭვმიტანილი ქართველები ნიკოლა სარკოზის ვეღარ ეტყვიან – როდის შეგაწუხეთ ჩვენი ტემპერამენტითო.

 

ქართველები ეკონომიკური პოლიტიკის არასწორ მართვაშიც არიან ეჭვმიტანილები. ასე მაგალითად The Economist დადებით პროცესს უწოდებს ექსპორტის დივერსიფიკაციას და ეროვნული ბაყაყების გაგზავნას ევროპულ ბაზარზე, მაგრამ „საქართველოს მაინც გაუჭირდება ვაჭრობის დეფიციტის მოგვარება, სანამ ისეთი ყოველდღიური საკვების იმპორტს აწარმოებს, როგორიცაა მაგალითად ახალი რძე“.

 

ჯონი კალანდაძე,

 

ჟურნალისტი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...