Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ინდიანა ჯონსი და დაკარგული ქვეყანა


Recommended Posts

“თავს ვგრძნობ ინდიანა ჯონსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს”, - მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა მთელ რიგ საკითხებში სიცხადე შეიტანა. თორემ ზოგს ეგონა, რომ იგი თავს ტერმინატორად გრძნობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2008-ში გორის ცენტრში რაღაც მილიტარისტულ ჟილეტში გამოწყობილი გამოჩნდა (ის კინო ძალიან სწრაფად დასრულდა). ზოგმა კი, როდესაც ბათუმის პლაჟზე წელს ზემოთ შიშველი იხილა, ალბათ, ჩათვალა, რომ სააკაშვილი თავს ტარზანად გრძნობს და გამორიცხული არაა, რომ ხვალ თავი სპაიდერმენად იგრძნოს ან კიდევ ბეტმენად; თუმცა არა, არ გამოვა, ბეტმენის ვაკანსია უკვე დაკავებულია.

 

გაზიარება

[დიმიტრი მონიავა. 00:50 23-12-2010]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TRJkgXjKDjI/AAAAAAAAEUA/0fwIuL6EsEE/s200/n42_1gv_top_418149177.jpgპრეზიდენტი ბეტმენის კოსტუმში

იყო ეკვადორში ასეთი პრეზიდენტი აბდალა ბუკარამი, რომელიც ბეტმენის კოსტუმში გამოწყობილი დადიოდა და თავს მშვენივრად გრძნობდა, ვიდრე 1997-ში ის მომიტინგეთა ალყაში მოქცეულმა პარლამენტმა თანამდებობიდან უპრეცედენტო ფორმულირებით “სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებისთვის გონებრივი შესაძლებლობების არქონა” არ გაათავისუფლა.

არავითარი პარალელები, უბრალოდ, ერთი სევდიანი ისტორია: აბდალა ბუკარამი ერთი ქარიზმატული იურისტი იყო, რომელიც ხელისუფლების მწვერვალზე აღვირახსნილი პოპულიზმის წყალობით მოხვდა (ვიღაცას მაგონებს, მაგრამ არ ვიტყვი, ვის). მისი მეტსახელი ძალიან მარტივი და გასაგები იყო - “El Loco” (“გიჟი” ესპანურად). მას ძალიან უყვარდა მაღალ თანამდებობებზე მეგობრების, ნათესავებისა და ლამაზი მანდილოსნების დანიშვნა: “მთავარია სილამაზე, - ამბობდა ბუკარამი, - ლამაზი ქალი ნებისმიერ პოლიტიკოსს (გასაგები მიზეზების გამო, კინაღამ “ინვესტორი” დავწერე) მოხიბლავს”.

კონცერტების დროს ბუკარამი სცენაზე დახტოდა; მეტიც, თავადაც მღეროდა და გამოუშვა კომპაქტ-დისკი “პრეზიდენტის სიმღერები” (რაღაც მსგავსი, შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ გვაქვს). პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს იგი უცხო ქვეყნის (მის შემთხვევაში აშშ-ის) ჯაშუშებს უწოდებდა.

ეს იდილია 1997 წლის დასაწყისში დასრულდა, როდესაც ბუკარამმა ეკვადორში იმ წლებში პოპულარული ეკონომიკური “გურუ”, არგენტინელი დომინგო კავალო მოიწვია, მისი რჩევებით აღტაცებული დარჩა, ბეტმენის კოსტუმი ჩაიცვა და ტელესტუდიას მიაშურა, რათა თანამემამულეებისთვის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა პირადად ემცნო.

მკვეთრად გაიზარდა გადასახადები, კომუნალური მომსახურებისა და ტრანსპორტით სარგებლობის ფასი, ინფლაციამ კრიტიკულ მაჩვენებლებს მიაღწია, ბოლოს კი სურსათიც გაძვირდა (არანაირი პარალელები, არა!), ამავე დროს ტელეეკრანიდან ბეტმენის კოსტუმში გა­მოწყობილი ბუკარამი საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანა არნახული აღმავლობის გზას ადგას.

ბუკარამის გადაყენების დღეებში გადაღებულ ფირებზე კარგად ჩანს, რომ ხალხი, რომელიც საპრეზიდენტო სასახლისკენ მირბის, ისე გამოიყურება, თითქოს სახლიდან სრულიად სპონტანურად გამოვარდა. ბევრ მათგანს საშინაო ტანსაცმელი და ჩუსტები აცვია, ზოგს ტაფა უჭირავს, ზოგს - ჩაქუჩი; მოსახლეობას ელემენტარულად “ამოასხა” და გარეთ გამოვარდა.

ბუკარამს, ზოგადი სიგიჟის მიუხედავად, ეყო ჭკუა, რომ ხალხისთვის არ ესროლა. მან გააცნობიერა, რომ მისი ხელისუფლებაში დარჩენისთვის არანაირი წინაპირობა აღარ არსებობს და ქვეყნიდან გაიქცა. როგორც ამბობენ, ის თავს პრეზიდენტად დღემდე თვლის და ბეტმენის კოსტუმს საგანგებო კარადაში ინახავს, იმ იმედით, რომ ოდესმე ისევ დასჭირდება.

მიუხედავად იმისა, გრძნობს თუ არა ესა თუ ის წარუმატებელი მმართველი თავს ბეტმენად, ინდიანა ჯონსად თუ კინგ-კონგად (კინემატოგრაფი მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, კლასიკური ფრაზა “ნაპოლეონი ვარ” დღეს იშვიათად გაისმის), ნებისმიერი მათგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის უნდა წავიდეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც რამდენადმე შედეგიანი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა აღარ აქვს და, ამასთანავე, მისი ხელისუფლების შენარჩუნებას ხელს არანაირი საგარეო-პოლიტიკური ფაქტორი აღარ უწყობს. დრო, რომელიც ამ ფაქტის გაცნობიერებიდან რეჟიმის დემონტაჟამდე გადის, საკმაოდ ძნელი გადასატანია: ქრესტომატიულ მაგალითს, ამ თვალსაზრისით, ნიკარაგუაში სომოსას დინასტიის მმართველობის გვიანდელი ხანა წარმოადგენს.

ბევრი ადამიანი (მათი რაოდენობა კრიტიკულად დიდია) მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას აღარ ძალუძს ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარება, მას არ შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება, ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება, დემოკრატიის დამკვიდრება და ეკონომიკის ფეხზე დაყენება. არც ერთი ჩამოთვლილი მიმართულებით, ბოლო წლებში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, პროგრესი არ ჩანს, უფრო პირიქით. საერთოდ, წარმატებული რეფორმების განხორციელება მაშინ, როდესაც მმართველი ჯგუფისთვის პრიორიტეტს ხელისუფლების შენარჩუნება წარმოადგენს, შეუძლებელია. შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ისეთივე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც თავის დროზე არშემდგარი ბეტმენი აბდალა ბუკარამი; რაც შეეხება გარე ფაქტორებს, აქ საქმე ცოტა უფრო რთულადაა.

აკვიატებული იდეების ტყვეობაში

აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, მსოფლიოში უდავოდ ერთ-ერთ ყველაზე გააზრებულსა და ეფექტურს, ერთი ნაკლი ნამდვილად აქვს. ამერიკელებს იდეების ერთგვარი “აკვიატება” სჩვევიათ და ხშირად ბოლომდე მისდევენ მცდარ სტრატეგიას, მაშინაც კი, როდესაც ფაქტები მის მანკიერებაზე მიუთითებს. ვაშინ­გტონის ყველა დიდ საგარეო-პოლიტიკურ მარცხში “აკვიატების” კვალი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

ორი მაგალითი: 70-იანების ბოლოს ამერიკელებმა ძალისხმევა არ დაიშურეს იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ შაჰის რეჟიმი ირანში. ისინი თვლიდნენ, რომ ეს მათ ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს. ვაშინგტონი ამ ხაზს ჯიუტად ატარებდა და წარმოსახვითი “სტაბილურობის” ხელყოფას ერიდებოდა მაშინაც კი, როდესაც მკაფიოდ გამოჩნდა ყველა ნიშანი იმისა, რომ, თუ რეჟიმის საფუძვლიანი გარდაქმნა არ მოხდება, ის მალევე დაემხობა. შედეგი ცნობილია: შაჰი ჩამოაგდეს და ხელისუფლების სათავეში ისეთი ხალხი მოვიდა, რომელთანაც შტატები საერთო ენას, აგერ უკვე 30 წელია, ვერ პოულობს.

სამხრეთ ვიეტნამში აშშ ასევე ჯიუტად განაგრძობდა ნგუენ ვან თხიეუს რეჟიმის მხარდაჭერას, მაშინაც კი, როდესაც ცხადი გახდა, რომ ამ კორუმპირებულ ბანდაზე უფრო საძულველი ქვეყნის მოსახლეობისთვის არაფერი არსებობს. დრო და ფული, რომლის გამოყენება შესაძლებელი იყო სამხრეთ ვიეტნამში მეტ-ნაკლებად ნორმალური სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად და ასე თუ ისე ცივილური პოლიტიკური ძალების მხარდასაჭერად უაზროდ გაიფლანგა. შედეგი: როდესაც კომუნისტები საიგონისკენ დაიძრნენ, მოსახლეობის უმრავლესობა ამას სიხარულით ან სრული ინდეფერენტულობით შეხვდა. ამერიკელებმა დაკარგეს ვიეტნამი და, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნით ეტაპზე მათი ჯარები ბრძოლებში არ მონაწილეობდნენ, მთელი მსოფლიოს თვალში დამარცხებულებად წარმოჩინდნენ.

შესაძლოა, “აკვიატების” ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ვაშინგტონის მიერ სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერის პროცესშიც ასრულებს. თუ ვითარებას ობიექტურად შევაფასებთ, მან, ალბათ, აშშ-ის ინტერესებს რეგიონში, სარგებელზე გაცილებით მეტი ზიანი მოუტანა.

სწორედ მისი მმართველობის წლებში რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე, კავკასიონის სამხრეთით გამაგრდნენ, რამაც საქართველოს, როგორც აშშ-ის პოტენციური სამხედრო პლაცდარმის მნიშვნელობა პრაქტიკულად ნულს გაუტოლა. ამასთანავე, რუსებმა საქართველოს საჰაერო სივრცე ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ აიყვანეს. კითხვის ქვეშ დადგა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, რამაც მისდამი ინტერესის სწრაფი კლება გამოიწვია. მეტიც, ბევრმა ადამიანმა მსოფლიოში, განსაკუთრებით მესამე სამყაროს ქვეყნებში, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აღიქვა ისე, თითქოს შტატებმა საკუთარი მოკავშირის დაცვა ვერ შეძლო. ამასთანავე, სააკაშვილის საშინაო პოლიტიკამ საქართველოში ანტიამერიკული განწყობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რომლის მსგავსს მხოლოდ ლათინური ამერიკის გამორჩეულად ბედკრულ ბანანის რესპუბლიკებში თუ შევხვდებით. საინტერესოა, რა სარგებელი ნახა ყოველივე ამით ვაშინგტონმა და კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ელოდოს სააკაშვილისგან მომავალში, თუ ის ხელისუფლებას ხანგრძლივი დროით შეინარჩუნებს?

სააკაშვილის მხარდამჭერები, აგერ უკვე ორი წელია, გლოვობენ იმ დღეს, როდესაც ოვალურ კაბინეტში ჯონ მაკეინი კი არა, ბარაკ ობამა შევიდა, თუმცა მაკეინი, რომელსაც კრემლთან კონფრონტაციის იდეები იტაცებდა, ძალიან დიდი ალბათობით გამოიყენებდა საქართველოს, როგორც ხელყუმბარას, რომელსაც რუსეთის მიმართულებით ისროდა. ძნელი გამოსათვლელია, თუ რა ზიანი მიადგებოდა ამის შედეგად რუსეთს, თუმცა ჩვენთვის, ამ სცენარის ფარგლებში, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა, რადგან, სავარაუდოდ, საქართველოს ისეთივე ბედი ეწეოდა, როგორც ხელყუმბარას, რომელიც აფეთქებისას ნამსხვრევებად იქცევა.

ობამას ადმინისტრაცია გაცილებით რაციონალურად მოქმედებს. მისი მთავარი პრიორიტეტი გლობალური რისკების მინიმიზაციაა, რაც აუცილებელია იმ დროს, როცა აშშ ეკონომიკურ (და არა მარტო) კრიზისს ებრძვის. აშშ-ს ამ ეტაპზე ხელს არ აძლევს კონფრონტაცია არც ერთ გლობალურ ძალასთან, რუსეთი იქნება ეს თუ ჩინეთი (ევროკავშირზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია); კონრეტულად რუსეთთან მიმართებაში სადავო საკითხები თანმიმდევრულად, ერთი მეორის მიყოლებით, იხსნება. ჯდება თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების შემდგომი მხარდაჭერა ამ ლოგიკაში? ალბათ, არა, რადგან ის არაპროგნოზირებადია, დღემდე ნეოკონების რიგ სახიფათო თეორიებს იზიარებს და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, “თავს ინდიანა ჯონსად გრძნობს”. თუმცა ინერცია, ოდესღაც აკვიატებული იდეა სააკაშვილის აუცილებელი მხარდაჭერის შესახებ, რეგიონში უკონტროლო დესტაბილიზაციის შიში, საქართველოს ხელისუფლების სათავეში პროდასავლური ძალების დატოვების სურვილი, “მოკავშირის მიტოვებასთან” დაკავშირებით რესპუბლიკელების მხრიდან მწვავე კრიტიკის შესაძლებლობა და რიგი სხვა ფაქტორები, თეთრ სახლს შესაძ­ლებლობას არ აძლევს სააკაშვილის ხელისუფლების დახმარება სრულად შეწყვიტოს და საქართველოში მხარი რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებებს დაუჭიროს. მსგავსი რამ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში უკვე არაერთგზის მომხდარა, მათ შორის თეირანსა და საიგონში ზემოაღწერილი მოვლენების წინარე პერიოდში.

შემოდგომის მარათონი ჩაკეტილ წრეში

ყოველივე ეს მნიშვნელოვანია მათ შორის იმიტომ, რომ ამერიკელებს ქართული ოპოზიციის დიდ ნაწილზე ძალიან სერიოზული გავლენა აქვთ. პრაქტიკულად ყველა პროდასავლური ძალისთვის საქართველოში მათი “მეგობრული რჩევა” გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე სა­კუთარი აზრი ან საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა. რომ არა ეს “რჩევები”, 2007-08 წლების მიჯნაზე და 2009 წლის გაზაფხულზე მოვლენები, სავარაუდოდ, სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა. ეს პარტიები დღესაც არ იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომელთაც ხელისუფლების რთული მდგო­მარეობა აძლევს, მასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და უაღრესად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი; “ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით გადახედოს თავის პოზიციებს და, თუ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით იქნება შეთანხმება მიღწეული, ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შეიძლება თვისობრივად ახალი კოდექსიც კი მოვიღოთ”, - აცხადებს დავით გამყრელიძე იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება საკმაოდ ხისტ პოზიციებს იკავებს: ა) უარი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლაზე; ბ) უარი ვადამდელი არჩევნების იდეის განხილვაზე; გ) პროცესში სხვა (სავარაუდოდ, სატელიტი) პარტიების ჩართვის სურვილი; დ) მოლაპარაკებების გაზაფხულამდე გაგრძელების მოწადინება. ამასთანავე, ბევრი დამკვირვებელი დარწმუნებულია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში შეიძლება გარკვეული ცვლილებები შევიდეს, არჩევნების გაყალბებისთვის საჭირო “ხვრელები” მასში აუცილებლად დარჩება.

მოლაპარაკებები თავისთავად მშვენიერი რამ არის, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი პროდუქტიულობა სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას. მასში ჩართული პარტიებიდან ბევრის მიდგომა გასაგებია, მათ, დიდი ხანია, “ურჩიეს” 2012 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ და ალტერნატიულ სცენარებზე ფიქრს თავი დაანებონ, თუმცა “ეროვნული ფორუმის” პოზიცია ერთობ გაურკვეველი რჩება.

ერთ-ერთი თანაგუნდელის დაპატიმრების გამო ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ჯდებიან და, ამასთანავე, არ ჩქარობენ იმ დაპირებების შესრულებას, რომელთაც თავიანთ მხარდამჭერებს შემოდგომის დასაწყისში აძლევდნენ (შეუპოვარი ბრძოლისა და რეალური შედეგების სწრაფად მიღწევის შესახებ). დღეს ეს ჯერ კიდევ შეიძლება შეფასდეს როგორც ტაქტიკური მანევრები, თუმცა ერთი-ორი კვირის შემდეგ იმედგაცრუება საპროტესტო ელექტორატის იმ ნაწილში, რომელიც “ფორუმის” საშემოდგომო დაპირებებს ენდო, შეიძლება აშკარა გახდეს (საინტერესოა, ამათაც ხომ არ ურჩიეს რაიმე ამერიკელმა პარტნიორებმა?).

ამ ფონზე საზოგადოების რადიკალურად განწყობილი ნაწილი, დააკვირდება ნინო ბურჯანაძესა და “წარმომადგენლობით სახალხო კრებას”, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება.

ამასთანავე, “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე სააკაშვილი, ალბათ, შეეცდება, მაქსიმალურად წარმოაჩინოს, რომ მისი პოლიტიკა ქვეყნის შიგნით სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობს. მომავალი პოლიტიკური კვირის დრამატურგიას ამ ორი ხაზის გადაკვეთა განსაზღვრავს.

"საქართველო და მსოფლიო"

English

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-562366804395881700?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...