planetanews Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg გრეგორ პეტერ შმიტცი ნავთობის გულისთვის ამერიკელი დიპლომატები ფაქტობრივად ყველაფრისთვის მზად არიან. აზერბაიჯანში ისინი დესპოტს და მის ფულზე დახარბებულ კლანს ადიდებენ. „დიდი თამაშის“ ისტორია, სადაც ამერიკელებს დამარცხება არაფრით არ სურთ, თუმცა მისი ბნელი მხარეების შესახებ შესანიშნავად იციან. ქალბატონები გამოეწყვნენ: აზერბაიჯანის პრეზიდენტის მეუღლე და მისი ორი ქალიშვილი აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტის მეუღლესთან შეხვედრისთვის ემზადებიან. ლინ ჩეინი 2008 წლის სექტემბერში თავის მეუღლე დიკთან ერთად ამიერკავკასიის ამ რესპუბლიკას სტუმრობდა და ახლა მათ ერთობლივი სადილი ელოდებათ. ყველა მოლოდინის რეჟიმში იყო, მათ შორის ადგილობრივი ამერიკის საელჩოს მცველები და დიპლომატები. მათ ყურადღებით უნდა ედევნებინათ თვალი ალიევების ოჯახისთვის, პირველ რიგში კი გავლენიანი პირველი ლედი მეჰრიბანისთვის. თუმცა: რომელია აქ დედა და რომელი ქალიშვილი? რთული სათქმელია, რადგან ოჯახის ყველა ქალბატონი მოდურად იცმევს, პროვოკაციულადაც კი, და ეს ყველაფერი ამერიკელებმა იცოდნენ. გარდა ამისა, ამერიკელების ინფორმაციით, პირველი ლედი პლასტიკური ქირურგების მომსახურებით სარგებლობდა. ამერიკელებმა ისიც იცოდნენ, რომ ამის შემდეგ მას სახე გაქვავებული ჰქონდა, თუმცა ის გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ამერიკელები დაბნეულები იყვნენ. შემდეგ ერთ–ერთმა მათგანმა განაცხადა: „ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, დედა შუაში უნდა იდგეს“. მთელს ამ შთაბეჭდილებებში, რომელიც ბაქოში ამერიკის საელჩოს წერილშია თავმოყრილი, კარგად იკითხება ამერიკელი დიპლომატების სარკასტული განწყობა, რომლებიც, როგორც მათ მიაჩნიათ, სამუშაოდ ბანანის რესპუბლიკაში გააგზავნეს. „დიდ თამაშში“ ფასები იზრდება თუმცა, კასპიის რეგიონის ეს ქვეყანა, სადაც 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამერიკის ერთ–ერთი სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორია, რომელიც ამავდროულად რუსეთის გავლენის სფეროშია მოქცეული. აზერბაიჯანში, ნავთობის დადასტურებული მარაგის მოცულობა შვიდი მილიარდი ბარელია, ხოლო გაზის – 1,3 ტრილიონი კუბომეტრი. მას შემდეგ, რაც მილსადენი გაჩნდა, რომელმაც აზერბაიჯანის დედაქალაქი თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირულ პორტ ჯეიჰანს დაუკავშირა, ყოველწლიურად დასავლეთისკენ აქედან ნედლი ნავთობის მილიონობით ბარელი მიედინება. სწორედ ამიტომ ეპირფერებოდა ჩეინების წყვილი ალიევებს, ისევე როგორც ამას დღეს ობამას სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის რეგიონში რიჩარდ მორნინგსთარი აკეთებს. ის ჯერ კიდევ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რომელმაც 1990–იან წლებში გააცნობიერა აზერბაიჯანის მნიშვნელობა და 2,5 მილიარდი ევროს ღირებულების მილსადენის მშენებლობის იდეის ერთ–ერთი ავტორი გახდა. ამერიკელებმა მათ შესანიშნავად მომზადებული სამხედრო მყვინთავებიც გაუგზავნეს იმისთვის, რომ ადგილობრივი დაინტერესებული პირებისთვის ეჩვენებინათ, თუ როგორ შეუძლიათ მათ წყალქვეშ და დივესრანტებისგან ძვირფასი მილების დაცვა. „“დიდი თამაში“ – ასე ერქვა მე–19 საუკუნეში ბრიტანელების და რუსების ბრძოლას გავლენისთვის კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში. დღეს ამ ფრონტის წინა ხაზზე ამერიკელებიც იბრძვიან, თუმცა ფსონები გაცილებით გაზრდილია. სამწუხაროდ, ის ფასიც მაღალია, რომლის გადახდაც დიპლომატების უწევთ და რაც ასე კარგად ჩანს სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტებში. ჩახშობა და ანგარიშსწორება საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანი, ისევე როგორც კასპიის რეგიონის სხვა ნავთობ– სახელმწიფოები – ის ქვეყანაა, რომლის გამოც გაწითლება გიწევს. ქვეყნის კორუმპირებული უწყებებები ნავთობის ბუმს და მილიარდობით დოლარს ვერ უმკლავდებიან, ზრდის ტემპი საშუალოდ 15 პროცენტია, რაც ხელს უშლის წესრიგის და სამართლის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. თავისუფალ პრესას ახშობენ, დისიდენტებს კი სასტიკად უსწორდებიან. დიქტატორმა ჰეიდარ ალიევმა, რომელიც ქვეყანას 1993–2003 წლებში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლება, რა თქმა უნდა საკუთარ შვილს, ილჰამს გადაულოცა. ეს უკანასკნელი კი დღეს მამამისივით მუშაობს. ამერიკული დოკუმენტებიდან კარგად ჩანს ის, რომ მათ ძალიან კარგად იციან ის თუ ვის ეპირფერებიან. აშშ–ს დიპლომატებმა უკვე მოამზადეს მემორანდუმების მთელი სერია სათაურით: „ვინ რას ფლობს?“ („Who owns what?“), რომელშიც ისინი ქვეყნის გავლენიანი ოჯახების პორტრეტებს აღწერენ. მაშ, ვინ და რას ფლობს? ციტატა: „დამკვირვებლები ბაქოში ხშირად მიანიშნებენ იმაზე, რომ დღევანდელი აზერბაიჯანი შუა საკუნეების ევროპული ფეოდალური სახელმწიფოსავით იმართება. ოჯახების მცირე ჯგუფი, რომელსაც კავშირები აქვს, ეკონომიკის მთელს რეგიონებსა და სექტორებს აკონტროლებს“. გამოქვეყნებული ტელეგრამა ამ შეფასებას ადასტურებს: „არსებობს შეთანხმება წამყვან ოჯახებს შორის შემოსავლის განაწილებაზე, ასევე იმაზე, რომ ხელი არ შეუშალონ ცალკეულ ეკონომიკურ და გეოგრაფიულ ინტერესებს – ასევე არ შემოუშვან უცხოელი კონკურენტები“. ყველაზე უკეთ, რა თქმა უნდა ალიევების ოჯახი მოეწყო: ცოლი მეჰრიბანი, ამერიკელი დიპლომატების შეფასებით, „პოლიტიკურ თემებზე ფაქტობრივად ინფორმირებული არ არის“, თუმცა ის ძალიან აქტიურადაა დაკავებული ოჯახის წევრების კეთილმოწყობით. მისი და ნარგიზი აზერბაიჯანში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფილიალის ხელმძღვანელია, მისი მამა – ეროვნული საავიაციო აკადემიის, ბიძა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. ალიევის იმპერიის ფრთებქვეშ გარდა ამისა, მობილური კავშირის უმსხვილესი ოპერატორი Nar Mobile/Azerfon–იც ალიევის იმპერიის საკუთრებაა. თანამედროვე მაღალი სისწრაფის მობილური კავშირის ორგანიზებაზე ქვეყანაში ერთადერთი ლიცენზია, ანუ, ფაქტობრივად ლიცენზია ფულს ბეჭდვაზე, სწორედ ამ ფირმამ მიიღო. როგორი დამთხვევაა! კონკურენტი Azercell–ი ცარიელი დარჩა. როდესაც ეს ფირმა სხვა საქმეში თავის დაცვას შეეცადა, კომპანია Nar Mobile/Azerfon–ს სასამართლოს მიმართა და პროცესი უმალ მოიგო. „ხშირად, ხუმრობენ ხოლმე, რომ სასამართლოში საქმის მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი მოსამართლე შენი მეგობარია, ან პირადად ბენჟამინ ფრანკლინი წარმოგადგენს“, – ქილიკით აღნიშნავენ ამერიკელი დიპლომატები. აშშ–ს ერთ–ერთი დამფუძნებელი მამის ფრანკლინის პორტრეტი დოლარის ერთ–ერთ ბანკოტზეა გამოსახული, და ასეთ ფრაზაში მოქრთამვა იგულისხმება. რაღა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა თუკი კარგი პოლიტიკური კავშირები გაქვს, მიაჩნიათ დიპლომატებს. ეს განსაკუთრებით გეხმარება მომგებიან სამშენებლო ბიზნესში. „სახურავის“ გარეშე ამ სექტორში ბევრს ვერაფერს მიაღწევ. „სახურავი“ – მაფიოზური ორგანიზაციაა, რომელიც დაცვას უზრუნველყოფს. ფირმა Pasha Construction–ი, რომელიც ასევე ალიევის იმპერიის ნაწილია, რა თქმა უნდა საუკეთესოდაა დაცული. კონკურენტებისგან განსხვავებით, კომპანია Pasha-Immobilien–ის უძრავი ქონების ზრდას ხშირად ხელს არაფერი უშლის და ფირმა მილიონებს შოულობს. თუმცა ალიევები გულუხვობასაც იჩენენ, ისინი სხვა ოჯახებსაც აძლევენ ქონების მოხვეჭის საშუალებას. ასეთია, მაგალითად, ჰეიდაროვების ოჯახი. მისი პატრიარქი კამალადინი „ზრდასრულ 35 წლის ასაკში“, როგორც ამას ხუმრობით აღნიშნავენ ამერიკელი დამკვირვებლები, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. მას აზერბაიჯანული მასშტაბებითაც კი ძალიან კორუმპირებულად მიიჩნევენ. „მისი ბიჭები და მათი სათამაშოები“ მაგრამ საქმე ის არის, რომ კამალადინს შესანიშნავი რეკომენდაცია აქვს: მისი მამა ფატაჰი უფროსი–ალიევის ახლობელი იყო. როდესაც ამერიკის დროებითი წარმომადგენელი უმცროსს–ჰეიდაროვს პირველად შეხვდა, მას თვალში მოხვდა კამალადინის ორდენებით მორთული მკერდი, რომელიც „გაერთიანებული შტაბების მეთაურთა კომიტეტის ამერიკელი თავმჯდომარის ჯილდოებს კონკურენციას გაუწევდა“. ჰეიდაროვის ვაჟები ძალაუფლებით და სიმდიდრით ტკბებიან. „მისი ბიჭები და მათი სათამაშოები“ („His boys and their toys“) – ასე ჰქვია საიდუმლო მემორანდუმის ნაწილს. ჰეიდაროვის შთამომავლებს საკუთარი საფეხბურთო კლუბიც აქვთ და დღეს არსებული ინფორმაციით სურთ ორი ამერიკული Gulfstream–ის თვითმფრინავის ყიდვა, თითო – 20 მილიონი დოლარი ღირს. აშშ–ში მოქმედი ახალი ანტიტერორისტული წესების თანახმად, მათ უნდა დაამტკიცონ თავიანთი სიმდიდრის წარმომავლობის კანონიერება. „ბიჭებისთვის“ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, და მათ ფირმა Gulfstream–ს საკუთარი აოჯახის ინვესტიციის გრძელი სია გაუგზავნეს. მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ბეტონი, ქიმიკატები, ტექსტილი, რძის გადამუშავება, ალკოჰოლი, სამშენებლო ბიზნესი. იმ დროს როდესაც რამდენიმე აზერბაიჯანული კლანი ქვეყანაში ამერიკული დოლარების წყალობით მუდმივად მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობს. ქვეყნის 40% ღარიბია, ხოლო საშუალო შემოსავალი თვეში 24 ევროა. აზერბაიჯანის ლიბერალური პარტიის ლიდერი ლალა შევკეტი ამბობს: „ნავთობი – ჩვენი ტრაგედიაა“. მაგრამ ამერიკელებს ეს არ აშინებთ, პირიქით – ისინი ამ ქვეყანასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოვების ინიციატივით გამოდიან. ბაქოში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ ერთ–ერთი დიპლომატი კმაყოფილებით აღნიშნავდა: მან „პრეზიდენტ ალიევთან საუბრის დროს ხაზგასმით აღნიშნა აშშ–ს ადმინისტრაციისთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობის ფასი“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts