Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ ყაველაშვილის მომართვა


Recommended Posts

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2204

ბუნებრივია, ამ ფსევდოარჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. სხვა მხრივ კი ბრძოლას გავაგრძელებთ და შევეცდებით, საზოგადოების კონსოლიდაცია მოვახერხოთ. თუმცა, დღეს ამისთვის ხალხი მზად არ არის. ყველამ იცის, რომ ეს არჩევნებიც უკანონოა, მაგრამ რამდენიმე კაცის გარდა, ამოიღო ვინმემ ხმა? იმ დონემდე ვართ დასული, რომ ორი დღის გაცნობილ კაცს მხოლოდ იმიტომ "ვირჩევთ", რომ XXI საუკუნეში ორი სტადიონი ააშენა. ჩემი სიტყვები ბევრს ეწყინება, მაგრამ ის უფრო არ უნდა სწყინდეთ, ამ ხნის განმავლობაში ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში რომ არის და ხმას არ იღებენ?..

 

გაერთიანების ნაცვლად, გაჭირვებამ კიდევ უფრო დაგვაჩაჩანაკა. სხვა ქვეყანაში მსგავს რამეს არავინ მოითმენდა. საზოგადოება ქუჩაში გამოვიდოდა. შენ რა, ქართველების ცნობიერების შეცვლა გინდაო? - მეკითხებიან და ყველაზე მეტად ეს მწყინს. რა, არ უნდა შევიცვალოთ? როდემდე უნდა შევეგუოთ ასეთ უსამართლობას? უნდა გამოვფხიზლდეთ…

 

მაგრამ გულშემატკივარს ვერ მოატყუებ! მას ნაღდი, ნამდვილი თამაში სჭირდება და ასეთ თამაშს ნებისმიერი დისტანციიდან ცნობს. დღეს კი სად არის სიმართლე? ვხუმრობთ ხოლმე, პირდაპირ მიშა სააკაშვილი დავნიშნოთ ფედერაციის პრეზიდენტადო. ალბათ, ვერც მაშინ მოვიგებთ, მაგრამ ქართული ტელევიზიები რისთვისაა? ისე დახატავენ, ყველა მატჩში საქართველო იქნება მოგებული”.

 

ეს არის ნაწყვეტი მიხეილ ყაველაშვილის ინტერვიუდან, რომელიც 2009 წლის 28 სექტემბერს “კვირის პალიტრაში დაიბეჭდა. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. დღეს სრულად და უცვლელად გთავაზობთ მიხეილ ყაველაშვილის წერილს, რომელიც ვეტერანმა ფეხბურთელმა პრესა.გე–ს გამოუგზავნა

 

 

 

საკუთარ სამზარეულოებში პროტესტის გამოხატვით არ ბრუნდება ღირსეული მოქალაქეობის განცდა.

 

[მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევა]

 

თავისუფლება, ღირსება, თანადგომა, მოყვასის სიყვარული, ერთმანეთის უფლებების დაცვა – სასიცოცხლო მნიშვნელობისაა როგორც ერისთვის, ასევე – თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამიტომ ჩვენ, ამ ქვეყნის რიგითი ადამიანები, ვალდებულნი ვართ, ერთმანეთის თანადგომით დავიცვათ ერისა და თითოეული ჩვენთაგანის ღირსება და თავისუფლება.

 

ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს, აშინებს ადამიანებს დაჭერით, არჩევნების დროს ფულს ხარჯავს მათ მოსყიდვაში, მთავარი მედიასაშუალებები მისი კონტროლის ქვეშაა, შიშისა და უსამართლობის განცდა იგრძნობა ადამიანების სახეზე. ისინი დათრგუნული და დამონებული არიან. ამავე დროს, ამ შეურაცხმყოფელ გარემოში გაჩნდა ადამიანთა ახალი ჯგუფი სახელწოდებით “შეძლებული (დანაყრებული) მონები”. ეს ადამიანები ხელისუფლებისგან გასამრჯელოს ღირსების სანაცვლოდ იღებენ. ამგვარი ანაზღაურებისა და კეთილდღეობის სანაცვლოდ მზად არიან ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაეთანხმონ, თვალი დახუჭონ მათ დანაშაულზე. ეს ადამიანები ცდილობენ, საზოგადოებაში გაამართლონ თავიანთი ქმედებები, ასე ვთქვათ – დანაყრებული მონობის პოზიცია და, რაც ყველაზე საგანგაშოა, ამით ამკვიდრებენ ცხოვრების ახალ სტანდარტს, რაც უკვე გამოიარა წინა თაობებმა საბჭოთა პერიოდში და რასაც ფორმალურად უპირისპირდება დღევანდელი ხელისუფლება. ისინი დღევანდელ რეალობაში საკუთარ პოზიციას – პრივილეგირებულ სტატუსს – წარმოაჩენენ, როგორც ერთადერთ საარსებო წყაროს და ამკვიდრებენ ამგვარი ცხოვრების წესს, რომ თითქოს მხოლოდ ასე შეიძლება ცხოვრება და პროფესიული ინტერესების რეალიზება.

 

მათ აქვთ საკუთარი დაუწერელი წესდება და თუ გადაწყვეტთ ამ სტატუსის მიღებას – მონობას ნაყროვანებით – სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციებს (საგულდაგულოდ დაგასწავლიან) როგორ უნდა მოიქცე: რომ, არ უნდა აკრიტიკო ხელისუფლება; რომ, უნდა ეცადო და ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებებს გამართლება მოუძებნო; და როცა გამართლება შეუძლებელია, როგორ უნდა მიიღო სირაქლემას პოზიცია; რომ, არსებობს საუკეთესო გამოსავალი – არაფერი გსმენია, არაფერი დაგინახავს და, საერთოდ, აპოლიტიკური ხარ და პოლიტიკა არ გაინტერესებს.

 

ასევე, უნდა იგრძნობოდეს თქვენი მხრიდან ხელისუფლების მხარდაჭერა რაიმე სახით. ხელისუფლებასთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან უნდა მოერიდო საჯარო გამოსვლებს, თავისუფალ მსჯელობას, პროფესიულ ანალიზს და თუ გადაწყვეტთ წარმატებულ მოღვაწეობას თქვენ მიერ არჩეულ სფეროში, სულაც არაა საჭირო მაღალი პროფესიული განათლება – აქ უფრო სხვა მეთოდებია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, უნდა აქოთ ხელისუფლება და დაანახოთ, რომ ერთგული ხართ მისი, ანუ პირფერობა (პირფერობის და მლიქვნელობის დახვეწილი ფორმები) ქება–დიდება, მადლიერების გამოხატვა, ხელისუფლების პირველი პირების მიმართ. და კიდევ, სხვა მრავალი მათი მოსაწონი მეთოდი. ამ ყოველივეს შემდეგ თითქმის გარანტირებული გაქვთ დაწინაურება ანუ – შეძლებული მონობა.

 

ასე რომ, ეს “შეძლებული მონები” არ არიან უცხოტომელები. სამწუხაროდ, ისინი ჩვენი ახლობლები, ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი თანამოქალაქეები არიან და თუ ეს რეალობა შენარჩუნდა და ეს ტენდენცია გაგრძელდა და გამყარდა, ძალიან ცუდად აისახება ჩვენს მომავალ თაობაზე. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ მაინც შეძლონ თავისუფალ და ღირსეულ გარემოში ცხოვრება.

 

დღეს ჩვენი ხელისუფლება არის გამარჯვებული ხელისუფლება, გამარჯვებული – საკუთარ ხალხზე. დიახ, მან დაამონა და დააშინა, ღირსება შეულახა და პატივი აჰყარა საკუთარ მოქალაქეებს. ეს სიმართლეა და ეს ეხება ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც თითქოს უარყოფს, რომ ეს მათი ხელისუფლება არაა.

 

ახლა მათი აგრესია ოპოზიციაზე გადავიდა. შესაძლოა, ვინმე ამაში ობიექტურ მიზეზებს ხედავდეს, მაგრამ ოპოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოების წიაღშია გაჩენილი. უნდა ვაღიაროთ, რომ მათი ქმედებებები ჩვენი უსუსურობის, სისუსტის და უპასუხისმგებლობის შედეგია. დღეს საზოგადოებაში ხშირად ბჭობენ ხელისუფლების პირველი პირის და მისი მთავრობის შესახებ. საზოგადოების ერთი ნაწილი მათ ამერიკულ პროექტად მოიხსენიებს, მეორე, ასე ვთქვათ, რუსულ პროექტად. ზოგიერთი კი, მათ ეთნიკურ წარმომავლობას აყენებს ეჭვის ქვეშ – აყენებენ, რათა სხვას დაბრალდეს ის, რაც პრობლემა და რათა ამით ახსნა-განმარტება მოეძებნოს ჩიხურ მდგომარეობას, რაც სრული მარაზმია. დღევანდელი ხელისუფლება ქართული პროექტია და ამის არაღიარებაც ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

 

დღეს საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც სურს შემოქმედებითი საქმიანობა, ეჯახება ერთ მთავარ პრობლემას – ამ სფეროს ხელისუფლება აკონტროლებს, ხელისუფლების წნეხის ქვეშაა და დამოუკიდებელი არსებობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ, საქართველოში აღარაფერი იქმნება ახალი, ხარისხიანი, არაპარტიული და არასახელისუფლებო. საქართველოში არის უძრაობის ხანა. კერძო საუბრებში ამას “არა–განაწყენებულებიც” ადასტურებენ. აღიარებენ იმასაც, რომ ყველა სფეროში ქაოსია. თუმცა, რა გასაკვირია – იმ გარემოში, სადაც ერთი ადამიანის გემოვნების დაკმაყოფილებაზე მუშაობს თითქმის ყველა სფერო, სადაც ადამიანებს აწინაურებენ და ნიშნავენ არა პროფესიონალიზმის, არამედ ერთგულების ნიშნით, ღირებული და ხარისხიანი არაფერი შეიქმნება. ქვეყანას, სადაც მსგავსი რამ ხდება, საერთო არაფერი აქვს თავისუფლებასთან და ღირსებასთან.

 

ის ადამიანები, ვინც ინდიფერეტულები არიან და ამას აპოლიტიკურობით ხსნიან, არ არიან გულწრფელნი, რადგან პოლიტიკური გემოვნების საკითხი არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა.

 

ასევე, მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრე საზოგადოებას: თუ თქვენ ფიქრობთ, რომ უმრავლესობა ხართ, დააკვირდით: დასავლეთის ქვეყნებთან საუბარში ხელისუფლება თავისუფლების ხარისხის შეზღუდვას თქვენი მდაბიოობით ხსნის. ანუ, არქიფო სეთურის ხალხს გამსგავსებენ. გამოფხიზლდით და დაინახავთ რა დგას გზებისა და ხიდების მშენებლობის უკან, ვინ მდიდრდება და როგორ გიყენებენ.

 

ახლა კი, მთავარი სათქმელი:

 

ვცდებით, როცა გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ პოლიტიკოსებს. მათი ნაწილი დღეს საარჩევნო გარემოს შეცვლას ითხოვს, მეორე ნაწილი რადიკალური ნაბიჯების მომხრეა, მესამე – კონსტრუქციულ ოპონირებას ამჯობინებს. ვიღაც, საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებს. ისინი ეძებენ პოლიტიკურ გზებს ხელისუფლების შესაცვლელად და ხელისუფლებაც ეთამაშება ამ ეგრეთ წოდებულ პარტიებს, რაზეც უნდათ – თანამშრომლობენ, რაზეც უნდათ – არა. ასე ვთქვათ, ხელისუფლება დემოკრატიულობანას ეთამაშება მათ დასავლეთის დასანახად. მაგრამ მე სხვა რამის თქმა მსურს – პოლიტიკოსები თავიანთ გადაწყვეტილებებში აპელირებენ ხალხით. ისინი აღნიშნავენ ქართველი ხალხის ნებას. მაგალითად, კონსტრუქციულები არჩევნების დადგენილ ვადაში ჩატარებას ემხრობიან, მაგრამ თუ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა სხვა ვადებში ჩატარება, მაშინ ისინი ხალხის გვერდზე დადგებიან და… ვინ არის დღეს ქართველი ხალხი? იგრძნობა კი დღეს ძალა ქართველი ხალხისა?

 

მომიტევეთ და, როცა დღეს ქართველი ხალხის ნებაზე საუბრობენ, ასე მგონია, რომ ვირტუალურ სამყაროს გულისხმობენ და არა რეალურს. მხოლოდ გულწრფელი და უანგარო ძალისხმევით შეიძლება ღირსების აღდგენა.

 

საარჩევნო გარემო, კონსტიტუციური უფლებები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციები, აშშ-ს, ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინება, რუსეთის ფაქტორი, ქვეყნის გაერთიანება, განათლების რეფორმა, ახალი გზების და ხიდების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხები, თუ მთავარი – ადამიანური ღირსება – არის შელახული და ადამიანს წართმეული აქვს ღვთისგან ბოძებული თავისუფლება.

 

რამდენი ადამიანი შეურაცხყვეს! რამდენს შეულახეს ღირსება ამ ხელისუფლების პირობებში! რამდენი ადამიანია დათრგუნული და დაშინებული! ეს, ყველაფერი, გაგვიკეთეს ჩვენც – ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ქართველ ხალხს.

 

რაში მდგომარეობს ხალხის ძალა? ეს ძალა თანადგომაშია, მოყვასის სიყვარულსა და მისი სიმართლის და ღირსების დაცვაში. ჩვენ უნდა გავუჩინოთ ეს განცდა ერთმანეთს.

 

დასავლური ენით ამას ჰქვია სოლიდარობა, რაზეც დგას მთელი ცივილიზებული სამყარო. შეიძლება ევროპის ქვეყნებში კარის მეზობლები ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაგრამ თუ ხელისუფლებამ გაბედა და უსამართლოდ მოექცა, ღირსება შეულახა ერთ-ერთ მათგანს, არა მხოლოდ კარის მეზობელი, მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა დადგება მის გვერდით. ამას არ სჭირდება განსაკუთრებული გმირობა, არც მაღალფარდოვანი ტექსტები და რაიმე განსაკუთრებული კონცეფციები.

 

ამას მხოლოდ თავისუფალი პიროვნებები სჭირდება.

 

მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობის სიმძიმისა, ამ ეტაპზე უნდა შეიცვალოს მიდგომა. როცა ასეთ მძიმე რეალობაში ვხვდებით, საზოგადოება არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. პირიქით, პოლიტიკოსების გასაგონად უნდა ითქვას, რომ ყველამ უნდა გაიძროს პოლიტიკური სამოსელი და დადგეთ რიგით ადამიანებთან ერთად, როგორც რიგითი ადამიანები.

 

როცა პოლიტიკური ბრძოლა იქცა ფარსად, როცა მთლიანად საზოგადოების ღირსებაა შელახული და, როგორც პოლიტიკოსები, ვეღარ ახერხებთ მათ დაცვას, როცა პოლიტიკურ იარაღს აღარ შეუძლია სიკეთის მოტანა საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ გთხოვთ: გაიძრეთ პოლიტიკური მანტია და დავდგეთ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ერთად, ერთად ვიბრძოლოთ ღირსებისა და თავისუფლებისათვის.

 

ყოველგვარი პოლიტიკური მოლოდინების გარეშე! ვინმეს კარიერისტული მოლოდინების და ფანატიკური ანგარიშსწორების სურვილის გარეშე და ბელადების შექმნის გარეშე, ვისაც შემდეგ გადავაბარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას უშუალოდ ყველა მოქალაქემ უნდა ზიდოს ღირსების აღდგენის ტვირთი. ასეთი განცდა დასაბამს დაუდებს ღირსების დღეს.

 

თუ ერი უარს იტყვის უღირსი ცხოვრების წესზე, თავისუფლება განუხორციელებელი იდეა არ არის.

 

ადამიანები, რომლებსაც მონობაში ფულს უხდის ხელისუფლება, უნდა გათავისუფლდნენ, რადგან მათი ადგილი არის საზოგადოებაში, მათი მხარდაჭერა ესაჭიროება საზოგადოებას. სახელისუფლებო ნადიმებზე ყოველი მათი სიმღერა არის ლეკიანობა საზოგადოების ინტერესებზე.

 

სწორედ ღირსების აღდგენაზე გადის ქვეყნის განვითარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები. უნდა გავემიჯნოთ იმ საშინელ სიყალბეს, რომელიც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და წამლავს ქართულ საზოგადოებას, რომელიც უსირცხვილოდ იფრქვევა, უკვე არა მხოლოდ ქართული მედიიდან, მთელი ცივილიზებული სამყაროს თვალწინ.

 

საკუთარ სამზარეულოებში პროტესტით არ ბრუნდება ღირსეული მოქალაქეობს განცდა.

 

რთული წარმოსადგენია, რომ საჯარო სასახურში მყოფი ადამიანები ხვალვე ჩაალაგებენ ბარგს და უარს იტყვიან იმ სტატუსზე, რომელიც მათთვის ერთდროულად დამანაყრებელი სტატუსიცაა და მონობის ბორკილიც. მაგრამ საზოგადოებამ მათაც უნდა გაუჩინოს განცდა, რომ მათი ღირსებაც საერთო საზრუნავია და მათაც უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ღირსეული ცხოვრება მათთვისაც გარანტირებული იქნება.

 

ეს უნდა იყოს პროცესი პოლიტიკური დროშების გარეშე, სადაც დათვლიან და რეიტინგებით დააქუცმაცებენ, დააპატიმრებენ და პროკურატურის საშუალებით ამა თუ იმ ჯგუფის დისკრედიტაციას მოახდენენ.

 

თუ ქართულმა საზოგადოებამ მოინდომა ღირსების აღდგენა, საქართველოს მოქალაქეები ჩაკიდებენ ხელს არა მხოლოდ კოლეგებს, მეზობლებს, თანამოქალაქეებს, არამედ – კონსტიტუციურ ბალანსსაც, და სამართლიანობასაც.

 

ღირსების გარეშე არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი და არც კონსტიტუციის მიღება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვა ყაველაშვილი ფეხბურტელია? ნაღდად არ ემგონა ფეხბურტელებმა ტუ წერა-კიტხვა იცოდნენ...და რაო რა მინდაო?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვა ყაველაშვილი ფეხბურტელია? ნაღდად არ ემგონა ფეხბურტელებმა ტუ წერა-კიტხვა იცოდნენ...და რაო რა მინდაო?

საკმაოდ კარგი ენითაა დაწერილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ეტყობა ცუდი ფეხბურტელი იყო ანუ

არ იყო ცუდი ფეხბურთელი, საშუალო დონის ევროპას უპრობლემოდ ქაჩავდა. კაკ მინიმუმ დღევანდელ თაობას 10 თავით სჯობს. თამაშობდა მანჩესტერ სიტიში ქინქლაძესთან ერთად და ბოლოს თუ არ ვცდები ციურიხში.

 

მე მევასებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...