planetanews Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg პეტრე სმოლიარი პოლიტიკური დამბლა, გაუგებრობა და ეკონომიკა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა – სიტუაცია, რომელიც უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ექვსი წლისთავზე შეიქმნა, რასაც პრეზიდენტ კუჩმას კრახი მოჰყვა, საკმაოდ სავალალოა. სწორედ ასეთი შეფასებები ისმის კიევში ამერიკის საელჩოს დეპეშებში, რომლებიც ვებ–გვერდმა WikiLeaks–სმა Le Monde–ს გადასცა. ბოლო წერილები ამ წლის თებერვლით თარიღდება, როდესაც რეგიონების პარტიის კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრემიერ–მინისტრი იულია ტიმოშენკო დაამარცხა. ეს ქვეყნის რუსულენოვანი აღმოსავლეთის რევანში გახლდათ „ნარინჯისფერ“ დასავლეთზე, რამაც ახალი ეპოქის დასაწყისი განსაზღვრა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ყველა მხარდამჭერს სერიოზული შიში გაუჩინა. ხომ არ დაბრუნდება ქვეყანა რუსეთის წიაღში? ხომ არ გაჩნდება აქ პუტინის მსგავსი სახელისუფლო ვერტიკალი? 12 თებერვალს „ნაშა უკრაინას“ (ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს პარტია) დეპუტატმა რომან ზვარიჩმა საელჩოში იულია ტიმოშენკოსთან ბოლოდორინდელ კონტაქტზე ისაუბრა. მან გადადგომაზე უარი თქვა და თხოვნით მიმართა მას ყველაფერი გაეკეთებინა კოალიციის შენარჩუნებისთვის პარლამენტში. „მან ის აღწერა, როგორც „გამხდარი, გაუბედავი და განადგურებული“ და გვიამბო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო კვირეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა“, – ნათქვამია წერილში. წარმავალმა პრეზიდენტმა და მისმა პრემიერ–მინისტრმა ერთმანეთთან ბრძოლას ქვეყნის ეკონომიკა გადააყოლეს. 23 თებერვალს, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი მრჩეველი ჯეიმს ჯონსი კიევში გამგზავრებისთვის ემზადებოდა, საელჩოში დაწერეს, რომ „ერთადერთი ეკონომიკური რეფორმა, რაც უკრაინამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განახორციელა, მსო–ში გაწევრიანებისთის აუცილებელი კანონების მიღება იყო“. მეორე, 26 თებერვლით დათარიღებულ წერილში, საუბარია ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე „რეგიონების პარტიის“ აქტივისტის ირინა აკიმოვას მკვეთრ შეფასებებზე. მან განაცხადა, რომ ტიმოშენკოს „მთავრობა ხარჯების დაახლოებით 70%–მდე“ ტენდერების გარეშე გასცემდა და რომ „ფინანსური რესურსების თითქმის მეოთხედი, რომელიც 2009 წელს სახელმწიფო კონტრაქტების გზით მიემართებოდა, გაწყვეტილ იქნა“. „დამანგრეველი შესაძლებლობები“ ნარინჯისფერი რევოლუციის ყოფილი მუზა ამერიკელი დიპლომატების განსაკუთრებული მხარდაჭერით არ სარგებლობდა, რადგან ისინი უკმაყოფილონი იყვნენ მისი „პოპულიზმით“. 22 თებერვალს მისი პარტიის წევრმა ვიქტორ პინზენიკმა საკუთარი მოსაზრებები ამერიკის ელჩს გაუზიარა. ის „გულწრფელი სინანულით“ საუბრობდა და ტიმოშენკოს საკმაოდ მუქ ფერებში აღწერდა, ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმისთვის, რომ „შეიზღუდოს მისი დამანგრეველი შესაძლებლობები“. ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა 2009 წელს საკუთარი გადადგომა იმით ახსნა, რომ პრემიერ ტიმოშენკოს „“მხატვარი“ სჭირდებოდა“, რომელიც ლამაზი სურათს დახატავდა და არა ფინანსთა მინისტრი, რომელიც ეკონომიკის სასარგებლოდ იმუშავებდა“, – წერდა აშშ–ს ელჩი. „ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხედავ, თუ რა ძვირად დაუჯდა ქვეყანას ის, რომ ტიმოშენკოს არ აქვს სურვილი რთული გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც არამხოლოდ დეფიციტზე, სახელმწიფო ვალის გაზრდასა და მშპ–ს ვარდნაზე აისახა, არამედ ისეთ გონიერ ჩინოვნიკებთან და რეფორმისტებთან გამიჯვნაში, როგორიც პინზენიკია“, – ასკვნის ამერიკელი დიპლომატი. „ხელით მართვა“ 17 დეკემბერს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის საელჩოში განიხილეს „პოპულისტური ეკონომიკური პოლიტიკა“, რომელიც ულია ტიმოშენკოს პროგრამის საფუძველს წარმოადგენდა. მაგალითად, ის ითვალისწნებდა „სახელმწიფოს როლის გაძლიერებას“ და პრივატიზებული საკუთრების ხელახალ ნაციონალიზაციას. ტელეგრამაში აღნიშნულია ტიმოშენკოს ორსახოვანი დამოკიდებულება ოლიგარქების მიმართ: მან ამ ხალხს ჯერ „კიბო“ უწოდა, თუმცა ამავდროულად, ზოგიერთი მათგანის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. ტიმოშენკოს პარტიის დეპუტატმა განაცხადა, რომ არც ტიმოშენკოს და არც მის პარტიას, არ გააჩნდა „ეკონომიკური პროგრამა ან გადაწყვეტილებები მიღების სისტემა“. პრემიერ–მინისტრი მუშაობდა „ხელით მართვის“ პრინციპით, ანუ ცდილობდა ყველა საკითხი თავად გადაეწყვიტა. „მმართველობის სტილის გარდა, ტიმოშენკოს აკრიტიკებენ ასევე ეკონომიკის საფუძვლების ელემენტარული არცოდნის გამო“, – აღნიშნულია დეპეშაში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts