planetanews Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 წამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახში მივიდნენ და ჯარისკაცის ქვრივს განუცხადეს – “როინ შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო“. სპეციალური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც ჩაწერეს, რომ როინ შავაძე გარდაცვლილია, მათ შავაძეების ოჯახი დატოვეს. ეს ამბავი გასულ ორშაბათს მოხდა, რის შესახებაც პრესა.გე როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს და მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს ესაუბრა. ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ადვოკატ შალვა შავგულიძეს. გაზიარება[ნინო მიქიაშვილი. 21:29 15-12-2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQj613lfBNI/AAAAAAAAESw/9jGv0yzV-XQ/s200/sikvdilii.gifციცინო შავაძე: “ჩვენს ოჯახში 6 დეკემბერს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა მოვიდნენ და მითხრეს – “როინ შავაძე სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო“. კინაღამ გავგიჟდი, ჭკუიდან გადავედი, ხმამაღლა ვიკივლე – მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ–მეთქი. გოგონა მგონი სასამართლოს მანდატური იყო. ახალგაზრდა მამაკაცმა მითხრა, რომ ის პოლიციაში მუშაობდა.მან დაიფიცა, არ ვიცოდით, რომ როინ შავაძე მკვდარი იყოო. არადა, მათი წასვლის შემდეგ გავიგე, რომ ჩვენთან მოსვლამდე მეზობლებისთვის უკითხავთ, რაზეც პასუხად მიუღიათ – “არ მიაკითხოთ, არ შეხვიდეთ სახლში, ქალი გაგიჟდება, არ იცით, რომ მკვდარიაო?!“ გოგონას პოლიციელისთვის უთქვამს, “სახლში არ ავიდეთო“, მაგრამ ამაზე პოლიციელს უპასუხნია არა, ავიდეთო და ამოვიდნენ“. ჯარისკაცის ქვრივი აცხადებს, რომ ესაა იმის მცდელობა, რომ “ჭკუიდან გადაიყვანონ და მიწასთან ბოლომდე გაასწორონ“. “დღემდე მიჭირს გონზე მოსვლა. დედამ ეს ამბავი, რომ გაიგო, ინერვიულა და გულის შეტევით ბათუმის საქალაქო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ნუთუ სისხლი არა აქვთ, გული არა აქვთ და ადამიანები არ არიან?! – მკვდარი კაცის სახელი, გვარი უწერიათ ფურცელზე, რითაც მოდიან მის სახლში და გვეუბნებიან სასამართლოში მოწმედაა დაბარებულიო,“ – ამბობს ციცინო შავაძე. მას შემდეგ, რაც ჯარისკაცის ქვრივმა მომხდარის შესახებ მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს აცნობა, ადვოკატი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა და მოსამართლე ვერა დოლიძის თანაშემწისგან სიტყვიერად შეიტყო, რომ როინ შავაძე ასლან აბაშიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სტატუსით იყო დაკითხული. პრესა.გე–ს ასლან აბაშიძის ერთ–ერთი ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ აცნობა, რომ აბაშიძის საქმესთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიების ეტაპზე როინ შავაძეს მართლაც აქვს ჩვენება მიცემული. შალვა შავგულიძე: “ჩემს ეპიზოდში ასლან აბაშიძეს ხიდების აფეთქების ორგანიზება ედება ბრალად. როინ შავაძეს ამ საქმესთან უშუალო შემხებლობა არ აქვს; ის ამ სფეროს სპეციალისტი ყოფილა და რაღაც გარემოებებზე ზერელედ არის დაკითხული“. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ როინ შავაძის მკვლელობის მოკლე ისტორიას და ასევე გავიმეორებთ იმას, რომ ასე მოვიქცევით, სანამ ამ საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებენ. ეს ისტორია ეფუძნება ჯარისკაცის მკვლელობიდან (2008 წლის 16 აგვისტო) სამი კვირის შემდეგ, ჩვენს მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ მოკვლევას. უფროსი სერჟანტი, როინ (რომა) შავაძე ცხინვალის ომიდან სახლში 2 დღის დაბრუნებული იყო, როცა ბათუმის ცენტრში, 2008 წლის 16 აგვისტოს, შუადღეს, ქალაქის ცენტრში, ოქროს ბირჟასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს, რა დროსაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ჯარისკაცის დაკავების ამბავი მისმა მეუღლემ სამსახურში ყოფნისას შემთხვევით შეიტყო. ოჯახმა ჯარისკაცის ასავალ–დასავალს, რომ ვერ მიაკვლია, სახალხო დამცველის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, მაგრამ როინ შავაძის ადგილსამყოფელი ვერც მათ დაადგინეს. იმავე დღეს, გვიან საღამოს, სახლში მყოფ შავაძეებს, ქუჩიდან უბნის პოლიციის თანამშრომელმა შესძახა – “რომა რეანიმაციულ განყოფილებაშიაო“. საავადმყოფოში მისულებს ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში კი არა, პროზექტურაში დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად მყოფმა სამართალდამცავებმა ჯარისკაცის ქვრივსა და ნათესავებს ხმის ამოღება აუკრძალეს. მოკლული ჯარისკაცის მეუღლეზე და ნათესავებზე ზეწოლის ამგვარი ფორმა, რამდენიმე თვის შემდეგ ტერორში გადაიზარდა – გაჩუმების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.მას შემდეგ, რაც ამ საქმეს იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო რეზონანსი მისცა; შავაძის ოჯახისა და ნათესავების დატერორების ამბავზე პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი თარგამაძემ ილაპარაკა, ტელეეკრანიდან კი “ახლებმა“ და “რესპუბლიკელებმა“; აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ როინ შავაძის შესახებ კითხვა დასვა; ჯარისკაცის ქვრივი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, თომას ჰამარბერგსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ერიკ ფურნიეს შეხვდა და საქმის ვითარება გააცნო, შავაძეებზე ღია ტერორი შეწყდა. როინ შავაძის მკვლელობას წინ უძღვოდა კუდ–ის წარმომადგენლის, გიორგი ჩიქოვანის, მეტსახელად “მაიმუნას“ (გავრცელებული ინფორმაციით, კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას დავალებების უშუალო შემსრულებელი) “სტუმრობა – მკვლელობის წინა ღამეს, შეიარაღებულმა “მაიმუნამ“, თანმხლებ პირებთან ერთად როინ შავაძეს მიაკითხა და აჭარის კუდ–ის შენობაში წაიყვანა, საიდანაც ნახევარ საათში უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც მეუღლეს უთხრა, რომ “მაიმუნა“ და მისი თანხმლები პირები მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ – “მე ეს ხალხი არ მომწონს. რაში სჭირდებოდათ ჩემთან იარაღით მოსვლა?! სამინისტროში მიმიყვანეს; ერთ-ერთ კაბინეტში ჩემთვის უცხო კაცი იჯდა. “მოვიყვანე და ჰკითხეო”, - უთხრა მას “მაიმუნამ”. “მერე და ვინ დაგავალა მისი მოყვანა, ან რა უნდა ვკითხოო?!”, - ხელები გაშალა იმ კაცმა”. ციცინო შავაძე, მეუღლის მონაყოლზე დაყრდნობით იხსენებს: “გზაში “მაიმუნას” უკითხავს - “თუ იცი რამდენია მკვდარიო?” ამის გამო რომა აღელვებული იყო - “მე რა, მკვდრებს ვითვლიდი, თუ სათვალავად ვყავდი გაშვებული, ეს რატომ მკითხეს, რა უნდათ ჩემგანო?!” რომამ მითხრა - “უკან რომ წამომიყვანეს, ისინიც მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ და აღმოსავლური კილო ჰქონდათ. ნუთუ უნდა მომკლანო?!” რატომ უნდა მოგკლან-მეთქი, - ვკითხე შეშფოთებულმა, რაზეც მომიგო – “მე არაფერი არ ვიცი, მე არაფერი გამიკეთებიაო.” 2008 წლის სექტემბერში, ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ შავაძეების ოჯახის ახლობელ ექიმს, რომელმაც ჯარისკაცის ცხედარი დაკრძალვამდე დაათვალიერა. კიდევ ერთხელ, მოკლედ გთავაზობთ ექიმის ნაამბობს, მაგრამ მის ვინაობას, ჯარისკაცის ოჯახის თხოვნით, კვლავ ვერ ვასახელებთ: “წინა მხრიდან 22 შემავალი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მთელ სხეულზე – ჰემატომები. მარცხენა ბარძაყი მოტეხილი იყო, ოღონდ ამას ტყვიას ვერ დავაბრალებ - აშკარად ეტყობოდა, რომ მოტეხეს. მარცხენა ხელი, შუა მკლავთან წრეზე შემოკერილი და დამოკლებული ჰქონდა, მარჯვენა ხელი - მოტეხილი. თავის არეში მარცხენა ყურიდან მარჯვენამდე მთლიანად გადაკერილი იყო; ნატყვიარი არ ჩანდა და რატომ, არ ვიცი. ეტყობოდა რომ სახეში “დუბინკა”, ან სხვა რამ ჰქონდა ნარტყამი. ნიკაპზე, მარცხენა მხარეს 12 ნაკერამდე ჰქონდა, მაგრამ არა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობით. მარცხენა ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგლეჯილი, კანზე იყო ჩამოკიდებული. სავარაუდოდ ხერხემლის მეშვიდე მალა ჩატეხილი ჰქონდა; კისრის გადატეხვა ალბათ, მაშინ მოხდა, როცა აიყვანეს, რადგან თავად ძალიან დიდი და ფიზიკურად ძლიერი იყო და თუ უკნიდან არ მიეპარებოდნენ, ისე ვერ წააქცევდნენ. დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი, ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი შორიდან - ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხირულული.” იმას, რომ ჯერ “ნაწვალებია და მერე დაცხრილული“, ადასტურებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის“ ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც პრესა.გე–ს თხოვნით, გაეცნო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ მომზადებულ, შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც პრესა.გე–მ მოიპოვა და მასზე დაყრდნობით, 18 მაისს გამოაქვეყნა მასალა სათაურით – “პრესა.გე–მ როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა“. ჩვენს მიერ მოპოვებული დასკვნით დასტურდება, რომ ომიდან ორი დღის დაბრუნებული ჯარისკაცი ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს, რაზეც ალექსანდრე გეჯაძე ამბობს: “ეს დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო ცემის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს“. როინ შავაძის საქმე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – 108 (განზრახ მკვლელობა) და 260–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტი (ნარკოტიკული დანაშაული), რომელიც ამჟამინდელი კანონის მიხედვით, 15 წელი შეიძლება გაგრძელდეს. ჯარისკაცის მეუღლე, ციცინო შავაძე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დღემდე არ უცვნიათ; საქმის მასალებს არ აცნობენ შავაძეების ადვოკატს, რამინ პაპიძეს. მიმდინარე წლის სექტემბერში, რამინ პაპიძემ ამჯერად საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს და მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას საჩივრით მიმართა და კიდევ ერთხელ მოითხოვა საქმის მასალების გაცნობა და ციცინო შავაძის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. პაპიძეს ამ საჩივარზე პასუხი გასცა აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა, გიორგი გრატიაშვილმა, რომელშიც ასეთი რამ წერია: “...თქვენი მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი ვერ იქნება გაზიარებული, იმ გარემოებათა გამო, რომ თქვენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად არ გაგაჩნიათ შესაბამისი სტატუსი, არ წარმოადგენთ პროცესუალურ მხარეს, რაც საფუძველი იქნებოდა თქვენი მოთხოვნის საქმის მასალების სრულად გაცნობის დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება ციცინო შავაძის დაზარალებულსი უფლებამონაცვლედ ცნობას, მინდა მოგახსენოთ რომ დღეისათვის წინასწარ გამოძიებას არ გააჩნია სათანადო მტკიცებულებები, რაც მიანიჭებდა აწ გარდაცვლილი შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს ზემოაღნიშნულ სტატუსს. კერძოდ, დღეისათვის საქმეზე არ არის მიღებული დამატებითი სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ხელს შეუწყობს საქმეზე სრულყოფილი გადაწყვეტილების მიღებას“.presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts