Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მოახერხებს თუ არა უკრაინა მიბაძოს საქართველოს პროგრესს რეფორმებში?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg

 

ალექსა ჩოფივსკი

 

თბილისის Prospero’s Books რუსთაველის გამზირის, ქალაქის მთავარი ქუჩის ტერიტორიაზე ხეივანშია მიმალული. ის ტოლს არ დაუდებს ისტ-ვილიჯის ან ნოთინგ ჰილის ნებისმიერი  წიგნების მაღაზიასა და კაფეს. ფასადურ სექციაში  ბიზნესის მართვისადმი მიძღვნილ სათაურებს ამოკითხავთ: ”მენეჯმენტი შედეგებისთვის” და ”იფიქრე სტრატეგიულად: დაგეგმე მომავალი და შეასრულე ეს გეგმები”

 

შედარებისთვის Siaivo Books, პროსპეროს ექვივალენტი კიევში, ამ წლის დასაწყისში ნიღბიანმა კაცმა დააყაჩაღა, რომელმაც მაღაზიის თანამშრომლები გარეთ გამოყარა, კარები გადარაზა, შიგნით ჩაიკეტა და იმაზე მოჰყვა დავას, თუ ვინაა ამ ადგილის მესაკუთრე. დღეს ეს ადგილი ცარიელია და ფიცრებითაა აჭედილი.

 

გასაკვირიც არ არის, რომ ”მსოფლიო ბანკმა” გამოკითხვის შედეგებით ”2010 წლის ბიზნესის იოლად წარმოების” რეიტინგში საქართველო 183 ქვეყანას შორის, რიგით მე-12 ადგილზე დააყენა – ეს უმაღლესი შეფასებაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ნებისმიერი ქვეყნისთვის, ის ფინეთს და შვედეთსაც კი უსწრებს. უკრაინა 145 ადგილზეა, მხოლოდ ხუთი საფეხურით უსწრებს უზბეკეთს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა სხვა ქვეყანას ჩამორჩება. რუსეთს 123-ე ადგილი მიენიჭა.

 

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შეეძლოთ საქართველოსგან რაიმე ესწავლათ. როდესაც 2003 წელს, მშვიდობიანი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, საქართველო (მოსახლეობა – 4.5 მილიონი) ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განთქმული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. სააკაშვილი კორუფციას შეებრძოლა, ბიუროკრატული სისტემები გაამარტივა და წარმატებული ეკონომიკური რეფორმები დაიწყო. მსოფლიომ ეს შენიშნა. 2010 წელს Transparency International-მა კორუფციისთვის საქართველოს 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი მიანიჭა. ეს დიდი წინსვლაა 2003 წლის შედეგებთან შედარებით, როდესაც ქვეყანას 127-ე ადგილი ეკავა. უკრაინა 134-ზე იმყოფებოდა.

 

2002 წელს საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის  გამოკითხვამ, რომელიც საწარმოო გარემოს იკვლევდა, აღნიშნა რომ საქართველოში არსებული ფირმების 70%-ზე მეტს საქმის წარმოებისთვის საჯარო მოხელეებისთვის ქრთამი უნდა გადაეხადა. 2008 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 4%-მდე დავიდა. ”იოლი ბიზნესის წარმოების” უკანასკნელ მსოფლიო ანგარიშში, საქართველო მერვე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის დაწყება ყველაზე იოლია; მშენებლობაზე უფლებების მიღების სიმარტივით  ის მეშვიდე ადგილზეა  და მეორე ადგილზე საკუთრების რეგისტრაციისთვის.

 

წარსულთან დაშორება

როგორ მოახერხა ეს სააკაშვილმა? დამკვირვებლების თქმით, ნაწილობრივ ეს მისი მთავრობის დამსახურებაა, რომლის კადრებიც ახალგაზრდა ლიდერებისგან შედგება. მათ ზრდასრულ ასაკს   უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევის  შემდეგ მიაღწიეს. განათლებაც უმეტესწილად სხვა ქვეყნებში მიიღეს და სანამ საქართველოს მთავრობაში პოსტს დაიკავებდნენ, დასავლური დაწესებულებებისთვისაც მუშაობდნენ. მთავრობა აქეზებს ძველი სისტემიდან გამოსვლას და ღიაა ახალი იდეებისთვის. მაგალითად  40 წლამდე ქართველ ასპირანტებს სასწავლო გრანტებს სთავაზობს. მათ მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის შეუძლიათ არჩევნის გაკეთება.

 

მიუხედავად იმისა რომ მას კრიტიკოსებიც ჰყავს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს გარდაქმნა მოახერხა. საქართველოს უმეტესმა წამყვანმა ლიდერმა რამდენიმე ენა იცის.  ფინანსთა მინისტრი 32 წლის კახა ბაინდურაშვილი,  უილიამსის კოლეჯში, მასაჩუსეტში სწავლობდა; საქართველოში დაბადებულმა ეკონომიკის მინისტრმა 29 წლის ვერა ქობალიამ, ცხოვრების ნახევარი კანადაში გაატარა და ბრითიშ კოლუმბიის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ენერგეტიკის მინისტრი 34 წლის ალექსანდრე ხეთაგური,  შეერთებულ შტატებში ”მსოფლიო ბანკის” და USAID-ის საწვრთნელ პროგრამებში მონაწილეობდა; თავდაცვის მინისტრი 30 წლის ბაჩანა ახალაია თბილისში  თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობდა, რომლის ბევრი დამაარსებელი ”ვარდების  რევოლუციის” შემდეგ პარლამენტში  აირჩიეს; იუსტიციის მინისტრმა 38 წლის ზურაბ ადეიშვილმა,  მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში ნიდერლანდებში მიიღო; განათლების მინისტრი 35  წლის დიმიტრი შაშკინი,  აშშ-ს საერთაშორისო  რესპუბლიკური  ინსტიტუტის მთავარი წარმომადგენელი იყო; ეროვნული ბანკის  ხელმძღვანელმა 30 წლის გიორგი ქადაგიძემ,  ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი შეერთებული შტატების პრესტონის უნივერსიტეტში მიიღო.

 

42 წლის სააკაშვილი ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობდა. პრემიერ მინისტრმა, 35 წლის ნიკოლოზ გილაურმა,  მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის წარმოებაში ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო ეკონომიკას ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტში სწავლობდა.

 

უკრაინის ანუ იმ ქვეყნის მთავრობა კი, რომელმაც მსგავსი დემოკრატიული ”ფერადი რევოლუცია” 2004 წელს გადაიტანა, დღეს ნაწილობრივ ისეთივეა, როგორც 1990-იან წლებში და ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი, როგორიც საბჭოთა ეპოქაში იყო. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი 71 წლის ვლოდიმირ სტელმახი  სსრკ-ში 1980-იან წლებში, მოსკოვში სახელმწიფო ბანკში მუშაობდა და ხუთი წლის განმავლობაში   კუბის ეროვნული ბანკის მრჩეველი იყო. 1992 წლიდან მას სხვადასხვა წამყვანი ხელმძღვანელის ადგილი ეჭირა უკრაინის ცენტრალურ ბანკში. ეკონომიკის მინისტრი 47 წლის  ვასილ ტსუშკო, საბჭოთა სახელმწიფო ფერმის დირექტორი იყო, სანამ უცებ რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაცის არ ჩაუდგა სათავეში და მერე შინაგან საქმეთა მინისტრი არ გახდა.

 

პრეზიდენტმა 60 წლის ვიქტორ იანუკოვიჩმა 1980 წელს, 30 წლის ასაკში დონეცკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავარა და მექანიკურ საინჟინრო დარგში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. პრემიერ-მინისტრმა 62 წლის მიკოლა აზაროვმა, გეოლოგიაში და მინეროლოგიაში სადოქტორო დისერტაცია მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში 1971 წელს დაიცვა. სულ ცოტა ხნის წინ 1995 წელს, უკრაინის სახელმწიფო სამთო, გეოლოგიური და გეომექანიკური კვლევების და დაგეგმარების ინსტიტუტის დირექტორის პოსტი ეკავა.

 

საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს განათლება საბჭოთა დაწესებულებებში აქვთ მიღებული და მათი ოფიციალური ბიოგრაფიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არც ერთს არ გაუვლია წვრთნა რომელიმე  ქვეყანაში სსრკ-ს და უკრაინის გარდა.

 

მზერა მსოფლიოსკენ

პოლიტიკური ნება, საერთაშორისო გავლენასა და გამოცდილებასთან ერთად, დიდ როლს ასრულებს რეფორმების ბოლომდე განხორციელების საქმეში – ამბობენ საქართველოს სახელმწიფო მოხელეები. ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, 30 წლის არჩილ კეკელიამ, ბიზნესში მაგისტრის ხარისხი ლონდონის ბიზნეს-სკოლაში მიიღო და ესპანეთის ბანკში მუშაობდა.

 

”2000-იან წლებში, მე დიდხანს ვიყავი საზღვარგარეთ. ჩემი კოლეგებიც დიდი ხით იყვნენ წასულები. ჩვენ საშუალება მოგვეცა გვენახა, თუ როგორ უძღვებიან დასავლეთში ბიზნესს, საბანკო საქმეს, იურისპრუდენციას და ჯანდაცვის სფეროს” – ამბობს ის – ”ახლა ჩვენ თავად გვაქვს მაგალითები, პრაქტიკა და ცოდნა იმისა თუ როგორ კეთდება საქმე სხვა სისტემებში. ეს   კი ხედვისთვის და შემეცნებისთვის კარგ სინთეზს იძლევა” რეფორმების გასატარებლად, ”ახალი წესების დამყარებაა საჭირო და საქართველოში ეს ფაქტი ნათელი იყო” – ამბობს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს  მდივნის მოდგილე, 29 წლის ირაკლი ფორჩხიძე,  რომელმაც მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში მოიპოვა. ”ჩვენ თანამედროვე მთავრობის შექმნა გვინდოდა, მთავრობის რომელიც შორსმჭვრეტელი, მცირე შემადგენლობის მთავრობაზე ორიენტირებული, მობილური იქნებოდა და მომსახურების უზრუნველყოფას მოახერხებდა”.

 

მისი თქმით იმისათვის რომ რეფორმებმა გაამართლოს, ქვეყნის ხელმძღვანელობას პირველ რიგში იდეალიზმი მოეთხოვება, მერე მას ესაჭიროება პოლიტიკური ნების გამოჩენა და შეკრული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ეთანხმება და მხარს უჭერს რეფორმებს. ”ამ საქმეში შორსმჭვრეტელი უნდა იყო” – დასძენს ის -  ”რასთან გიდნა რომ გააიგივონ შენი ქვეყანა? როგორი გინდა რომ იყოს ის, 5 ან 10 წლის შემდეგ?”

 

სააკაშვილის სრული გარღვევა საქართველოს ძველი სისტემიდან სიმბოლურიც იყო (ქვეყანამ შეიცვალა ღერბი, დროშა, სამხედრო ფორმა) და პრაქტიკულიც. მან ისარგებლა იმ იმპულსით და ნდობით, რომელიც ”ვარდების რეოლუციას” მოჰყვა.

 

მთავრობამ ახალი საგადასახადო კოდექსი შემოიღო. გაამარტივა ადმინისტრაციული მხარე და გადასახადები 26-დან პირდაპირ ექვსამდე შეამცირა. დაბალი გადასახადების გამო საქართველოს  2009 წლის ”ფორბსის”  რეფორმების ინდექსმა, ყველაზე კეთილგანწყობილი საგადასახადო გარემოს მიხედვით მეოთხე ადგილი მიანიჭა.

 

საქართველო კორუფციასაც ებრძოდა. აქ სისტემური კორუფცია ცხოვრების წესად იყო ქცეული. მთავრობამ ეფუქტურობა გაზარდა და საჯარო სექტორში ბიუროკრატია შეამცირა. უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, მან კონკურენტული ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა შემოიღო. ადრე სასწავლებლებში მოხვედრა ფულით იოლად შეიძლებოდა. ფართოდ გახმაურებულია ის ფაქტი, ერთ დღეში თუ როგორ დაითხოვეს 2005 წელს საგზაო პოლიციის კორუმპირებული თანამშრომლები და სახელფასო პროგრამიდან 30 000 ჩამოიჭრა. ღია შეჯიბრის მეშვეობით ამ საქმეს სათავეში ახალი ძალა ჩაუდგა და ხელფასებიც ათმაგად გაიზარდა. მთავრობამ ასევე შეკვეცა ბიუროკრატიული პროცედურები, მაშინ როდესაც ყოფილი მთავრობის მმართველობისას არსებული 300 ლიცენზია და 600 ნებართვა კორუფციისთვის ხელშემწყობ გარემოს ქმნიდა, ახლა საქართველოს უმეტესი სააგენტო ერთიანად აგვარებს ყველა პრობლემას.

 

ახალგაზრდობა საკმარისი არ არის

 

საქართველოს რეფორმისტული სულისკვეთება მცირე დეტალებშიც კი აისახება,  მაგალითად  მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდში.  იქ სადაც პრეზიდენტის ბიოგრაფიაა გამოქვეყნებული,  ხალხს  კორუფციის შესახებ ცნობების დატოვების საშუალება აქვს. სამთავრობო ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია  ლიდერების, მათ შორის  პრემიერ-მინისტრის ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები. ყველა გვერდი შეიძლება ინგლისურად ინახოს და გვაძლევს ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე: დაწყებული ტურიზმიდან დამთავრებული სამთავრობო ტენდერების გასაოცარი საინვესტიციო შესაძლებლობებით. ამისგან განსხვავებით, უკრაინის თითქმის ყველა სამთავრობო ვებ-გვერდი მხოლოდ უკრაინულ ენაზეა ხელმისაწვდომი (იხილეთ იუსტიციის სამინსიტროს ვებ-გვერდი) და ინფორმაციის მოპოვება ხშირად რთული ან შეუძლებელია.

 

საქართველოს რეფორმების საკუთარი იმპულსი ჰქონდა – ამბობს გია ნოდია, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ეტაპობირივი სისტემური ცვლილებების დროს რეფორმები მექანიკურად როდი მიჰყვებოდა დასავლეთის რჩევებს. ”თუნდაც მხოლოდ მიზნების დასახვას და რწმენას იმისას, რომ ეს შესაძლებელია, დიდი გამბედაობა დასჭირდა” – ამბობს ნოდია – ” ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც დასავლეთს იცნობდნენ ან დასავლურ ორგანიზაციებში მუშაობდნენ, ეს გამბედობა ჰქონდათ”. ”საქართველოს მაგალითი შეიძლება სამომავლოდ გამოდგეს, იმ თვალსაზრისით, რომ ხალხმა დაიჯეროს – ასეთი რამ შესაძლებელია” – დასძენს ის – ”თუ ეს შესაძლებელი იყო საქართველოში, მაშინ სხვა ქვეყნებშიც შეიძლება განმეორდეს”.

 

მხოლოდ ახალგაზრდა ლიდერები, ცვლილებების კატალიზატორად არ გამოდგება.”კორუფცია თავისით არასდროს გაქრება. ის აზრი, რომ ახალი თაობა ყველაფერს გამოასწორებს მცდარია. კორუმპირებული მამები ცუდ ჩვევას შვილებსაც გადასცემენ” – ამბობს 32 წლის შოთა უტიაშვილი,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი. ”თუ კორუფციასთან ბრძოლა გინდა, მას ყველგან უნდა ებრძოლო – პოლიციაში, სასამართლოებში, საბაჟოებზე – ერთიანად უნდა მიუდგე სხვადახვა დეტალს. უკრაინაში და რუსეთში, ხანდახან თვალსაჩინოებისთვის დამნაშავე ადამიანსაც ასამართლებენ, მაგრამ ყველამ იცის რომ არასოდეს ისჯება ასეთივე ათი-ათასობით დამნაშავე”.

 

უტიაშვილის თქმით, საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კორუმპირებული მაღალჩინოსნების დაპატიმრება იყო, რომელთა შორის 2004 და 2006 წლებში გამომძალველობისთვის და ქრთამის გადახდისთვის პარლამენტის ორი წევრიც მოხვდა.  ”ეს სამაგალითო იყო და იგივე ფაქტი კიდევ ბევრჯერ განმეორდა”. ეს მოვლენები პრესამაც კარგად გააშუქა. დღეს საქართველო კორუფციასთან ბრძოლისთვის შეერთებულ შტატებში მიღებულ სამართალდამცავ პრაქტიკას  (“stings”) იყენებს  – ის შენიღბულ აგენტებს ფარული კამერებით ეჭვმიტანილებთან აგზავნის, რათა კორუფციის ფაქტი დააფიქსიროს. ქრთამის შეთავაზება და მიღება კრიმინალად ითვლება და კანონით ისჯება.

 

ამავე დროს, ძველი ყაიდის მთავრობა რეფორმებს არ გამორიცხავს. ყაზახეთში, სადაც პრეზიდენტი 70 წლის  ნურსულთან ნაზარბაევი 1990 წლიდან იყო ხელისუფლებაში, წელს ბიზნესის წარმოების რეგულაციები საკმაოდ გამოსწორდა. ”ბიზნესის წარმოება 2010”-ს მიხედვით და  ”იოლი ბიზნესის წარმოების” ჩარტებში ქვეყანა 183 სახელმწიფოს  შორის, 59-ე ადგილიდან მე-15 ადგილზე ავიდა.  ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი 45 წლის კარიმ მასიმოვი სწავლობდა და მუშაობდა როგორც პეკინში ასევე ჰონგ-კონგში.

 

კომკავშირის წიაღიდან

 

კლანური კავშირებისგან თავის არიდება კიდევ ერთი კრიტიკული ელემენტი იყო საქართველოს რეფორმებისთვის.

 

”როდესაც პრეზიდენტი სათავეში მოვიდა, ახალგაზრდა იყო და ძველ გუნდებთან კავშირი არ ჰქონდა. მას მეგობრული ურთიერთობები არ ზღუდავდა და პოლიტიკურ ელიტასთან არაფერი აკავშირებდა. სრულიად ახალი გუნდი შეიქმნა” – ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კეკელია – ”მეზობელ ქვეყნებს რომ გადავხედოთ, ვერსად ნახავთ მთავარობაში მოსულ ახალგაზრდა ადამიანს, რომლემაც ახალგაზრდების თავისი გუნდი მოიყვანა. გადახედეთ სომხეთს, აზერბაიჯანს, ცენტრალურ აზიას – აქ უმეტესად ყოფილი კომკავშირელები არიან. უკრაინაში და რუსეთშიც იგივე ხდება – იქაც სუკიდან გამოსული ხალხია”.

 

უკრაინელი  დეპუტატი  35 წლის ნატალია კოროლევსკაია, ამბობს რომ  დღეს უკრაინაში უმაღლეს ეშელონში მხოლოდ რამდენიმე ისეთი ადამიანია, რომელსაც არ ახსოვს და არ უმუშავიათ საბჭოთა რეჟიმის დროს და ამას ”ჩვენს კოლოსალურ უკმარისობას” უწოდებს. კოროლევსკაიას თქმით, საქართველოში უკანასკნელი ვიზიტისას, სააკაშვილმა ასეთი რამ უთხრა -  მისი  ქვეყნის მთავარ რეფორმად  ის მიაჩნია რომ – ”მოხერხდა ახალი გუნდის შექმნა, ისეთის რომელიც ახალი თაობის ლიდერებისგან შედგება. მათ არა აქვთ  ქრთამის აღების რეფლექსი, მათი იდეები შეზღუდული არაა და რეფორმების რეალიზება შეუძლიათ”.

 

”სამწუხაროდ” – დასძენს ის – ”ჩვენს ქვეყანაში ასე არ არის, რადგან როდესაც რეფორმების განმახორციელებელი  სწორედ ისაა, ვინც ძველი სისტემა შექნა, ბუნებრივია რეალური შედეგების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. უკრაინის მთავარი პრობლემა კორუფციაა.”

 

პერსპექტიული ლიდერის ერთ-ერთი მაგალითი 24 წლის ანდრეი შევჩენკოა. ის დეპუტატი და ყოფილი ჟურნალისტია,  იელის უნივერსიტეტში სწავლობდა და ახლა პარლამენტის სიტყვის თავისუფლების  კომიტეტის ხელმძღვანელია.

 

უკრაინის მთავრობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2011 წელს დასავლეთის უნივერსიტეტებში, 300 სტუდენტის  გაგზავნა სურს.

 

რისკების გაცნობიერება

წარმატებული რეფორმების მიუხედავად, საქართველოს სისტემა მაინც სამუშაო პროცესშია. ოპოზიციის ლიდერი და ”ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების” ბლოკის ხელმძღვანელი 36 წლის ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ახლანდელი მთავრობის ტენდეცია ახალგაზრდა ლიდერების მიმართ, საზოგადოებას ორ კასტად ჰყოფს და 55-ს გადაცილებულები ”უსარგებლოდ” იქცნენ. ალასანიას სწამს, რომ საქართველომ უნდა გააერთიანოს ”ახალგაზრდა განათლებული და გამოცდილების მქონე ადამიანები”.

 

ის ასევე ეთანხმება კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ რომ მთავრობა არასამართლიანი არჩევნებისთვის აყალიბებს გარემოს და პრესის თავისუფლებას ზღუდავს. იმასაც დასძენს რომ იმ დროს, როდესაც  კორუფცია ქუჩაში მეტწილად აღარ არსებობს, ელიტური კორუფცია გაიფურჩქნა.

 

გასულ თვეში, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურ ცვლილებას უყარა კენჭი და პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტზე დიდი ძალაუფლება მიანიჭა. კრიტიკოსების თქმით, ცვლილებები იმისთვის შემოიღეს და დაამტკიცეს, რომ ამით სააკაშვილს ესარგებლა. მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება და ზოგიერთები სპეკულირებენ იმის თაობაზე, რომ ის პრემიერ-მინისტრი გახდება – ისევე როგორც ვლადიმერ პუტინი რუსეთში.

 

ნოდია არსებულ სისტემაში თანდაყოლილ სისუსტესაც ხედავს. ”როდესაც გამბედაობა გყოფნის და ძალიან ახალგაზრდა ადამიანებს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავ, ცხადია გამუდმებით რისკზე მიდიხარ. ხანდახან რისკი გამართლებულია, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მოლოდინს არ ამართლებს. შესაბამისად გამუდმებით ხალხის ცვლა გიწევს და ეს ცხადია სისუსტეა”.

საქართველოს მოდელი უკრაიანშიც იმუშავებდა? 46 მილიონიანი პოპულაციის მქონე უკრაინას ბევრად უფრო დიდი ბრძოლა ელის წინ. როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, 28 წლის გიორი კანდელაკი აღნიშნავს – ”უკრაინა დიდი ქვეყანაა. მას ტერიტორიული პრობლემები არა აქვს, ომებს არ აწარმოებს. ის რყევებს ბევრად უკეთ გაუძლებს” – ამბობს კანდელაკი – ” მაგრამ ამავე დროს, ის უფრო ნელა იცვლება. საქართველოში უძრაობა შეუძლებელია. ან წინ მიდიხარ, ან აგებ”.

 

უკრაინაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე მმართველების ახალი გენერაცია ჯერ კიდევ არ მოსულა მაღალ პოსტებზე. არსებულ მდგომარეობას კრიტიკოსები ხელმძღვანელობის დახშულ წრეს უწოდებენ. ”ასაკოვნები ახალგაზრდებს უკრაინის შეცვლის შანსს არ აძლევენ, მათ ჰგონიათ რომ უკრაინას თავადაც შეცვლიან, მაგრამ ჩემი აზრით ეს რთულია” – ამბობს საქართველოს ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე.

 

”უკრაინაში დაწესებულია ლიმიტები, რომლებიც ახალგაზრდა პოლიტიკოსებს წინსვლაში ან საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ალიანსის შექმნაში ხელს უშლის” – ამბობს ნიკ მაქსიმოვი, კიევში მცხოვრები ფინანსური კონსულტანტი, რომელსაც საქართველოშიც უმუშავია და უკრაინაშიც – ”უკრაინაში ბევრი რამე ფულით იმართება. დიდი გამყოფი ხაზია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ბიზნესის მეპატრონეები არიან და ფული აქვთ და უბრალოდ გონებაგახსნილ, დასავლეთში განსწავლულ პოლიტიკოსთა ჯგუფს შორის, რომლებსაც ფინანსები არ გააჩნიათ”.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...