Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რუსეთის ალყაში მოქცევა, ჩინეთის მიზანში ამოღება – ნატოს რეალური როლი აშშ-ს დიდ სტრატეგიაში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/globalresearch.jpg

 

დიანა ჯონსთოუნი

 

19-20  ნოემბერს ნატოს ლიდერები ლისაბონში ხვდებიან ერთმანეთს. ამ შეხვედრას „ნატოს სტრატეგიული კონცეპტის“ სამიტად აცხადებდნენ. განსახილველ თემათა შორის შემაშინებელ „საფრთხეთა“ მთელი წყება იქნება, დაწყებული კიბერომითა და კლიმატის ცვლილებით დამთავრებული. აგრეთვე ისეთი სასიამოვნო, თავდაცვითი საკითხები, როგორიცაა  ბირთვული იარაღი და უსარგებლო მაჟინოს ჰაი-ტექ ხაზი, რომელმაც მტრის რაკეტები შუა ჰაერში უნდა შეაჩეროს. ნატოს ლიდერები ვერ აუვლიან გვერდს ისეთ თემებს, როგორიცაა ომი ავღანეთში – ამ უსასრულო ჯვაროსნულ ლაშქრობას, რომელმაც ცივილიზებული სამყარო მოუხელთებელი მთის კაცის, მეთერთმეტე საუკუნის ასასინთა ბელადის, ჰასან იბნ საბაჰის ბოლოჟამინდელი რეინკარნაციის, ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ  გააერთიანა. და რაღა თქმა უნდა, ბევრს ილაპარაკებენ „ჩვენს საზიარო ღირებულებებზეც“.

 

საკითხთა უმეტესობა, რომლებზეც ისინი იმსჯელებენ ფიქცია იქნება, ფიქცია, რომელსაც ფასის აღმნიშვნელი იარლიყი მიაკრეს.

 

ერთი საკითხი, რომელიც სტრატეგიული კონცეპტისადმი მიძღვნილ სამიტს გამორჩება, ეს სტრატეგიის საფუძვლიანი განხილვა იქნება.

 

ნაწილობრივ ეს იმითაა განპირობებული, რომ ნატოს, როგორც ასეთს, სტრატეგია არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს საკუთარი სტრატეგია. ნატო სინამდვილეში შეერთებული შტატების სტრატეგიის ინსტრუმენტია.  მისი მოქმედი სტრატეგიული კონცეფცტი ისაა, რასაც შეერთებული შტატები ახორციელებს. მაგრამ ესეც კი მოუხელთებელი ფანტომია. ამერიკის ლიდრებს, როგორც ჩანს, სტრატეგიის განსაზღვრას ისევ შემტევი პოზიციაში დგომა და  „საკითხთა გადაწყვეტის დემონსტრირება“ ურჩევნიათ.

 

ერთადერთი, ვინც სტრატეგიის განსაზღვრას ბედავს ზბიგნევ ბზეჟინსკია, ავღანელ მოჯაჰედთა ნათლია იმ დროს, როდესაც მათი გამოყენება საბჭოთა კავშირის დასაშლელად შეიძლებოდა.   1993 წელს თავის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა: ამერიკის პრიმატი“ ბზეჟინსკი მოურიდებლად და პირდაპირ ასახელებდა აშშ-ს სტრატეგიულ მიზნებს. მისი თქმით,  ნატო, რომელსაც ის ამერიკის ჰეგემონიის სამუდამო შენარჩუნების მომსახურე ინსტიტუტად მოიხსენიებდა,  „შეერთებულ შტატებს შიდა ევროპული პროცესების საკვანძო მონალწილედ აქცევს“.   „სპეციალურ ინსტიტუტთა გლობალური ქსელის მეშვეობით, რომელშიც, რაღა თქმა უნდა, ნატოც შედის, შეერთებული შტატები გაჭიანურებული ვაჭრობის, დიალოგის, დიფუზიის, ფორმალური კონსესუსის ძიების მეშვეობით” ახორციელებს თავის ძალაუფლებას, ”მიუხედავად იმისა, რომ  ძალაუფლება სათავეს ერთადერთი წყაროდან იღებს და ეს ვაშინგტონია“.

 

ეს განსაზღვრება იდეალურად ერგება ლისაბონის „სტრატეგიული კონცეპტის“ სამიტს. გასულ კვირას ნატოს დანიელმა გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა: „ჩვენ საკმაოდ ახლოს მივედით კონსესუსამდე“. და ეს კონსესუსი the New York Times-ის თანახმად, „ალბათ, პრეზიდენტ ბარაქ ობამას ფორმულირებას გაჰყვება: სვლა არაბირთვული სამყაროსაკენ, ბირთვული შეკავების შენარჩუნებით“.

 

ერთი წუთით – განა ზემოთქმულს რაიმე აზრი აქვს? არა, მაგრამ ასეთია ნატოს კონსესუსის არსი. მშვიდობა ომის მეშვეობით, ბირთვული განიარაღება ბირთვული შეიარაღების მეშვეობით, და რაც ყველაზე მთავარია, შორეულ ქვეყნებში საექსპედიციო ჯარების გაგზავნითა და ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთებით, ალიანსის წევრი-ქვეყნების დაცვის უზრუნველყოფა.

 

სტრატეგია კომიტეტების მიერ დაწერილი კონსესუსი როდია.

 

„გაჭიანურებული ვაჭრობის, დიალოგის, დიფუზიისა და ფორმალური კონსესუსის ძიების“ ამერიკული მეთოდი ყველა იმ წინააღმდეგობას ამხობს, რომელიც შეიძლება შემთხვევით წინ გადაეღობოს. ასე მაგალითად, საფრანგეთი და გერმანია თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, ისევე როგორც ყბადაღებულ „სარაკეტო ფარს“. ისინი ორივეს თავხედურ პროვოკაციულ ნაბიჯად განიხილავდნენ, რუსეთთან შეიარაღების ახალი  რბოლის ინსპირატორად, რაც ზიანს მიაყენებდა გერმანიისა და საფრანგეთის ნაყოფიერ ურთიერთობებს მოსკოვთან და თან სრულიად უსარგებლო მიზნების გამო. მაგრამ შეერთებული შტატები უარს არ იღებს და თავის იმპერატიულ მოთხოვნებს მანამდე იმეორებს, სანამ წინააღმდეგობა არ ქრება. ერთადერთი ბოლოდროინდელი გამონაკლისი ის იყო, როდესაც საფრანგეთმა ერაყში ინტერვენციაზე  უარი განაცხადა,   მაგრამ აშშ-ს ბრაზიანმა რეაქციამ ისე შეაშინა საფრანგეთის კონსერვატიული პოლიტიკური წრეები, რომ მათ პრო-ამერიკელ ნიკოლა სარკოზის დაუჭირეს მხარი.

 

„საფრთხეებისა“ და „გამოწვევების“ ძიებაში

 

„სტრატეგიული კონცეპტის“ ძირითადი არსი პირველად მაშინ გაცხადდა და ამოქმედდა, როდესაც ნატო არ დაემორჩილა საერთაშორისო სამართალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, თავისსავე ქარტიას და საკუთარი თავდაცვითი პერიმეტრის მიღმა, იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო.  ამან ნატო თავდაცვითი ალიანსიდან თავდასხმით ალიანსად აქცია. ათი წლის შემდეგ, ამ ომის ნათლია მდელინ ოლბრაითი  „ექსპერტთა ჯგუფის“ თავმჯდომარედ დანიშნეს. ეს ჯგუფი ლისაბონის სამიტის დღის წესრიგის მოსამზადებლად,  რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა სემინარებს, კონსულტაციებს და შეხვედრებს.  ამ თავყრილობებზე  ყველაზე თვალსაჩინონი ლორდი პიტერ ლევინი, სადაზღვევო გიგანტის, ლონდონის Lloyd-ის თავმჯდომარე და Royal Dutch Shell-ის ყოფილი ხელმძღვანელი იერუნ ვან დერ ვეერი იყვნენ. მმართველი კლასის ეს წარმომადგენლები ბოლომდე სამხედრო სტრატეგები არ არიან, მაგრამ მათ მონაწილეობას საერთაშორისო ბიზნეს-საზოგადოება იმაში უნდა დაერწმუნებინა, რომ მათი გლობალური ინტერესები კონცეპტში გათვალისწინებულია.

 

და მართლაც საფრთხეების კატალოგი, რომელიც რასმუსენმა გასულ წელს თავის გამოსვლაში ჩამოთვალა, ისეთ ვარაუდს აჩენდა, რომ ნატო სადაზღვევო ინდუსტრიისთვის მუშაობს. ნატოს, განაცხადა მან,  შემდეგი საკითხების გადაწყვეტა სჭირდება: პირატობა, კიბერ უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები, ამინდის ექსტრემალური გამოვლინებები, მაგალითად, კატასტროფული შტორმები, წყალდიდობები, ზღვის დონის აწევა,  დასახლებულ რეგიონებში ადამიანების დიდი რაოდენობით შესვლა (ხანდახან საზღვრების გადაკვეთით),  წყლის დეფიციტი, გვალვები, საკვები პროდუქტების წარმოების შემცირება, გლობალური დათბობა, CO2-ის ემისია, არქტიკული ყინულის ლხვობა და ამის გამო აღმოჩენილი მანამდე მიუწვდომელი რესურსები, საწვავის ეფექტურობა, უცხოურ რესურსებზე დამოკიდებულება და ა.შ.

 

ჩამოთვლილი საფრთხეების უმეტესობა მიახლოებითაც კი არ შეიძლება ისეთ პრობლემებს მივაკუთვნოთ, რომელთაც სამხედრო გადაწყვეტა სჭირდება.  და მართლაც, ვერც „ექტრემისტული სახელმწიფოები“, „ვერც ტირანიის ფორპოსტები“ და ვერც „საერთაშორისო ტერორისტები“ ვერ აგებენ პასუხს კლიმატის ცვლილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რასმუსენმა ისინი ნატოს გამოწვევებად წარმოადგინა.

 

მეორეს მხრივ, ამ სცენარებიდან ზოგიერთმა, მაგალითად ზღვის დონის აწევის ან გვალვის გამო, მოსახლეობის მასობრივმა გადაადგილებამ მართლაც შეიძლება შედეგად კრიზისი გამოიღოს.  მაგრამ რასმუსენის კატალოგის ყველაზე შემაშინებელი ასპექტი ისაა, რომ ნატო ხალისით აცხადებს ამ პრობლემებს ისეთებად,  რომლებიც სამხედრო გადაწყვეტას ითხოვენ.

 

არადა, ნატოსთვის მთავარ საფრთხეს მისი მორალური ცვეთა წარმოადგენს, ხოლო სტრატეგიული კონცეპტის ძიება, მისი არსებობის განგრძობის საბაბის ძიებაა.

 

საფრთხე, რომელსაც მსოფლიოს უქმნის ნატო

 

საფრთხეების ძიებაში მყოფი ნატო თავად  წარმოადგენს საფრთხეს მსოფლიოსთვის. მთავარი ხიფათი კი იმაში მდგომარეობს, რომ მას წვლილი შეაქვს იმ ტენდენციის დამკვიდრებაში, რომელიც აშშ-მ შექმნა -  დიპლომატიისა  და მოლაპარაკებების უარყოფა სამხედრო ძალის სასარგებლოდ. ეს ცხადად გამოჩნდა მაშინ, როდესაც რასმუსენმა ამინდის ფენომენი ნატოს საფრთხეების ნუსხაში ჩართო, არადა ეს საკითხები საერთაშორისო დიპლომატიისა და მოლაპარაკებების საგანი უნდა იყოს. მზარდი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ დასავლური დიპლომატია კვდება. ტონს შეერთებული შტატები აწესებს: ჩვენ ზნეკეთილნი ვართ, ჩვენ ძალა შეგვწევს, დანარჩენი მსოფლიო უნდა დაგვემორჩილოს, თორემ თავისას მიიღებს.

 

დიპლომატიას, როგორც სისუსტეს ამრეზით უყურებენ.  სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე კარგა ხანია აღარაა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის  ცენტრი.  პენტაგონი, რომელსაც მთელს მსოფლიოში სამხედრო ბაზების უამრავი ქსელი აქვს, საელჩოებში – სამხედრო ატაშეები ჰყავს  და კლიენტ-ქვეყნებში – უთვალავი მისია, შეუდარებლად უფრო დიდ გავლენას ფლობს მსოფლიოში, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი.

 

ბოლოჟამინდელი სახელმწიფო მდივნები, წინა რიგებში იყვნენ მათ შორის, ვინც დიპლომატიის სანაცვლოდ ომის წარმოებას უჭერდა მხარს და სულაც არ ეძებდნენ ომის დიპლომატიურ ალტერნატივებს.  ეს ეხება მედლინ ოლბრაიტს ბალკანეთში და კოლინ პაუელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში, სადაც ის ყალბ სატესტო სინჯარას აფრიალებდა. პოლიტიკას ნაციონალური უშიშროების მრჩეველი, სხვადასხვა კერძოდ დაფინანსებული კვლევითი ორგანიზაცია და პენტაგონი განსაზღვრავს. პროცესში ერევა კონგრესიც, რომელიც თავისთავად ისეთი პოლიტიკოსების ნაკრებს წარმოადგენს, რომელნიც ცდილობენ თავისი  სპონსორებისთვის სამხედრო კონტრაქტი მოიპოვონ.

 

ნატო ვაშინგტონის  ევროპელ მოკავშირეებსაც აქეთკენ მიათრევს. ზუსტად ისე, როგორც პენტაგონმა შეცვალა სახელმწიფო დეპარტამენტი, შეერთებული შტატები ნატოს გაერთიანებული ერების შესაძლო სუბსტიტუტად იყენებს.  1999 წლის „კოსოვოს ომი“ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით. სარკოზის საფრანგეთი, მას შემდეგ, რაც ნატოს გაერთიანებულ სარდლობას ხელახლა შეუერთდა, ანადგურებს ტრადიციულად უნარიან ფრანგულ საგარეო სამსახურს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით  სამოქალაქო წარმომადგენლობებს ამცირებს. ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურს, რომელსაც ლედი ეშტონი ქმნის, არ ექნება დამოუკიდებელი პოლიტიკა და უფლებამოსილებანი.

 

ბიუროკრატული ინერცია

 

„საერთო ღირებულებებით“ აპელაციის მიღმა ნატოს ყველაზე მეტად ბიუროკრატული ინერცია ამოძრავებს.  ალიანსი თავისთავად აშშ-ს სამხედრო-საწარმოო კომპლექსის დანამატას წარმოადგენს. სამოცი წლის განმავლობაში სამხედრო უზრუნველყოფა და პენტაგონის კონტრაქტები წარმოადგენდა  სამრეწველო კვლევების, მოგების მიღების, სამუშაო ადგილების, კონგრესმენთა კარიერის და  საუნივერსიტეტო დაფინანსებების მთავარ წყაროსაც კი. ამ სხვადასხვა ინტერესთა გადაკვეთა აყალიბებს აშშ-ს ფარულ სტრატეგიას – მსოფლიოს დამორჩილების სტრატეგიას.

 

გლობალური ქსელი მუდმივად ფართოვდება და უცხოურ მიწებზე სადღაც 800-დან 100-მდე სამხედრო ბაზას აერთიანებს.

 

სატელიტ-ქვეყნებთან ორმხრივ სამხედრო ხელშეკრუბებს დებენ. ამ ხელშეკრულებებით მათ წვრთნებს სთავაზობენ და ამავე დროს აშშ-ს წარმოების იარაღის შეძენაში ავალდებულებენ, ავალდებულებენ იმაში, რომ შეირაღებული ძალები გარდაქმნან და თავდაცვითი ფუნქციიდან აქცენტი საშინაო უსაფრთხოებაზე (ანუ რეპრესიებზე) გადაიტანონ. ამავე ხელშეკრულებით ეს ქვეყნები შეიძლება აშშ-ს თაოსნობით მიმდინარე აგრესიულ ომში ინტეგრირდნენ.

 

ახლო ურთიერთობებს ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან უფრო სუსტი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე გავლენისათვის იყენებენ.

 

მუდმივი წვრთნები, რომლებსაც პენტაგონი, კლიენტი ქვეყნებში ატარებს, მას სამხედრო პოტენციალის სრულყოფილი ცოდნით ამარაგებს,   კლიენტ-ქვეყნებს აშშ-ს სამხედრო მანქანაში რთავს და „ომისთვის მზადყოფნის“ მენტალიტეტს აყალიბებს.

 

საკუთარი სამხედრო ბაზების, მოკავშირეებისა და სამხედრო წვრთნების ქსელის გამოყენებით ნატო ცდილობს ალყაში მოაქციოს, იზოლაციაში დატოვოს, შეაშინოს და პროვოკაციაზე წამოიკიდოს ის დიდი ქვეყნები, რომელთაც მთავარ მეტოქეებად მიიჩნევს – ანუ რუსეთი და ჩინეთი.

 

შეერთებული შტატების იმპლიციტური სტრატეგია, როგორც ეს მისი ქმედებებიდან ჩანს, მსოფლიო დომინირების უზრუნველსაყოფად ეტაპობრივი სამხედრო გამარჯვებების მიღწევას გულისხმობს. მსოფლიოს დამორჩილების ამ პროექტის ერთი ორიგინალური მახასიათებელი ის არის, რომ მიუხედავად მისი ყოველდღიური  და ექსტრემალურად აქტიური ხასიათისა, დამპყრობი ქვეყნის, ისევე როგორც მისი ყველაზე ახლო, მთავარი მოკავშირეების მოსახლეობის უმეტესობამ  ამის შესახებ არაფერი იცის. 

 

გაუთავებელი პროპაგანდა „ტერორისტულ საფრთხეზე“ (სპილო და რწყილი) და სხვა ყურადღების გადამტანი მანევრები, ამერიკელთა უმეტესობას იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად, სრულ უმეცრებაში ამყოფებს. ეს ძალიან იოლია, რადგან ამერიკელებმა  თითქმის ერთნაირად არ იციან არაფერი დანარჩენს სამყაროზე და ამიტომ არც არაფერი აინტერესებთ. აშშ-მ შეიძლება ქვეყანა  ბომბოს,  რუკიდან გააქროს და მხოლოდ ამერიკელთა მცირე ჯგუფმა იცოდეს, სად მდებარეობდა ეს ქვეყანა.

 

აშშ-ს იმ  სტრატეგთა მთავარი ამოცანა, რომელთა კარიერაც მათ ანალიტიკურ ორგანიზაციებში, დირექტორთა საბჭოებში, საკონსულტაციო ფირმებსა და მთავრობებს შორის ატრიალებს, არა ამ გიგანტური მექანიზმის ამოქმედება, არამედ მისი  გამართლებაა. საკუთარ თავს ის ძირითადად თვითონვე ამუშავებს.

 

„საბჭოთა საფრთხის“ კოლაფსის შემდეგ პოლიტიკოსებმა უხილავი ან პოტენციური საფრთხეების ძიება დაიწყეს. აშშ-ს სამხედრო დოქტრინას თავისი მიზნები ჰქონდა – პრევენციულად ემოქმედა ნებისმიერი ისეთი  ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც  აშშ-ს მსოფლიო ჰეგემონიაში შეეჯიბრებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი შეერთებული შტატების მიღმა არსებულ  ყველაზე დიდ არსენალად რჩება, ხოლო ჩინეთი ძალიან სწრაფად მზარდი ეკონომიკის სახელმწიფოა. არც ერთი მათგანი არ უქმნის საფრთხეს არც შეერთებულ შტატებს და არც დასავლეთ ევროპას. პირიქით, ორივე მზადაა და მოწადინებულია მშვიდობიან საქმეზე კონცენტრირებისთვის. მაგრამ ისინი სულ უფრო მეტად შფოთავენ სამხედრო ალყის და იმის გამო, რომ შეერთებული შტატები მათ ზღურბლზე პროვოკაციულ სამხედრო წვრთნებს ატარებს.  ეს უხილავი  აგრესიული სტრატეგია შესაძლოა დაფარულია  ამერიკელთა უმეტესობისათვის, მაგრამ მიზანში ამოღებული ქვეყნების ლიდერებმა დარწმუნებით იციან და ხვდებიან რა ხდება მათ გარშემო.

 

სამკუთხედი: რუსეთი-ირანი-ისრაელი

დღეს ყველაზე აშკარა „მტერი“ ირანია.

 

ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ „სარაკეტო ფარი“, რომელსაც ის თავის ევროპელ მოკავშირეებს ახვევს თავს დასავლეთის ირანისგან დასაცავად კეთდება.  მაგრამ რუსები საკმაოდ ცხადად ხედავენ, რომ სარაკეტო ფარი მიზანში მათ იღებს.

 

უპირველესად ყოვლისა, მათ საკმაოდ კარგად ესმით, რომ ირანს არც ასეთი რაკეტები გააჩნია და არც შესაძლო მოტივი იმისთვის, რომ ისინი დასავლეთის წინააღმდეგ გამოიყენოს. ყველა ინფორმირებული ანალიტიკოსისთვის ერთი რამ სრულიად ნათელია -  ირანმა ბირთვული იარაღი და რაკეტები რომ შექმნას კიდეც, ისინი მხოლოდ ისრაელის, იმ რეგიონალური ბირთვული სუპერსახელმწიფოს შესაკავებლად იქნება გამიზნული, რომელსაც მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის თავისუფლება აქვს მინიჭებული. ისრაელს არ უნდა ამ თავისუფლების დაკარგვა და ამიტომ ეწინააღმდეგება ირანის შემაკავებელ ქმედებებს.

 

ისრაეილის პროპაგანდისტები ხმამაღლა გაჰკივიან ირანულ საფრთხეზე და გაუჩერებლად მუშაობენ იმაზე, რომ ნატოს ასეთივე პარანოია შეჰყარონ.

 

ისრაელს „გლობალური ნატოს 29-ე წევრადაც“ კი მოიხსენიებენ. ისრაელის ოფიციალური პირები დაუღალავად მუშაობდნენ მგრძნობიარე მდელინ ოლბრაიტზე, რათა დანამდვილებით სცოდნოდათ, რომ ისრაელის ინტერესები „სტრატეგიულ კონცეპტში“ გათვალისწინებული იქნებოდა. გასული ხუთი წლის განმავლობაში ისრაელს და ნატოს ერთობლივი საზღვაო  წვრთნები ჰქონდათ წითელ და ხმელთაშუა ზღვებში, ასევე ერთობლივი სახმელეთო წვრთნები ბრიუსელიდან დაწყებული და უკრაინით დამთავრებული. 2006 წლის 16 ოქტომბერს ისრაელი იქცა იმ პირველ არაევროპულ ქვეყნად, რომელსაც ე.წ. „თანამშრომლობის ინდივიდუალური პროგრამა“ მიენიჭა, შეთანხმება, რომლის თანახმადაც ის ნატოსთან 27 სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობს.

 

იმის აღნიშვნაც ღირს, რომ ისრაელი ის ერთადერთი ქვეყანაა ევროპის მიღმა, რომელიც აშშ-მ თავისი ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში ჩართო (და არა ცენტრალურ სარდლობაში, რომელიც დანარჩენ ახლო აღმოსავლეთს ფარავს).

 

2006 წლის 24 ოქტომბერს, ნატო-ისრაელის ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სემინარზე, ისრაელის იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ციპი ლივინიმ განაცხადა, რომ „კავშირი ისრაელსა და ნატოს შორის ბუნებრივია… ისრაელი და ნატო იზიარებენ საერთო სტრატეგიულ ხედვას. ძალიან ბევრი თვალსაზრისით, ისრაელი ის წინა ხაზია, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს იცავს“.

 

ევროპის ქვეყნებში  ყველა როდი ჩათვლიდა, რომ ოკუპირებულ პალესტინაში ებრაული დასახლებები  „ჩვენი ცხოვრების წესია“.

 

ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იღებს ნატო ისრაელის განმტკიცებული ურთიერთობები ალიანსში გაწევრიანების აშკარა ფორმას. განსაკუთრებით ღაზას სექტორზე ველური თავდასხმის შემდეგ , ამას შეეძლო ევროპულ ქვეყნებში პროტესტი გამოეწვია.  მაგრამ მიუხედავად ამისა,ისრაელი ისევ ეპატიჟება საკუთარ თავს ნატოში, რაღა თქმა უნდა, თავისი ერთგული მიმდევრების, ამერიკელი კონგრესმენების  მხურვალე მხარდაჭერით.

 

ისრაელი-ნატოს სულ უფრო მტკიცე სიმბიოზის მთავარი მიზეზი მირშეიმერმა და ვოლტმა დაასახე4ლეს:  აშშ-ში ისრაელის ენერგიული და ძლევამოსილი ლობი.

 

ისრაელს ძლიერი ლობი ჰყავს საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთშიც.  ისინი დაუღალავად განავითარებენ თემას, რომლის თანახმადაც ისრაელი აგრესიული ისლამისგან „დასავლური ღირებულებების“ დაცვის „წინა ხაზია. ის ფაქტი, რომ აგრესიული ისლამი ძირითადად სწორედ ამ „წინა ხაზის“ პროდუქტია, ნამდვილ დახშულ წრეს ქმნის”.

 

ისრაელის აგრესიული დამოკიდებულება მისი რეგიონალური მეზობლებისადმი ნატოსთვის სერიოზულ ვალდებულებებს წარმოშობს, რადგან  ისრაელის ომებში ჩართვა არავითარ შემთხვევაში არ შედის ევროპის ინტერესებში.

 

მაგრამ ისრაელთან  კავშირი ერთ რთულად შესამჩნევ სტრატეგიულ უპირატესობას შეიცავს, რომელსაც, როგორც ჩანს, აშშ რუსეთის წინააღმდეგ იყენებს… 

 

„ირანული საფრთხის“ ისტერიული თეორიის გავრცელებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია პატიოსანი სახით ამტკიცოს, რომ მისი სარაკეტო ფარი  მიმართულია ირანის და არა რუსეთის წინააღმდეგ. ამას რუსები არ დაიჯერებენ. მაგრამ ამ თეორიის მოშველიებით, რუსეთის პროტესტს პარანოიდალური სახე ეძლევა, მიამიტი დასავლელი მოქალაქეების თვალში მაინც.  ღმერთო ჩემო, რაზე ჩივიან იმ დროს, როდესაც ჩვენ მოსკოვთან ურთიერთობებს „გადავტვირთავთ“ და რუსეთის პრეზიდენტი ჩვენი სტრატეგიული კონცეპტის მხიარულ თავყრილობაზეც მოვიწვიეთ?

 

მაგრამ რუსებმა საკმაოდ ზუსტად იციან, რომ: სარაკეტო ფარი რუსეთის ალყაში მოსაქცევად მზადდება, რადგან რუსეთს აქვს სარაკეტო ფარი, რომელსაც ის შეკავებისთვის ინახავს.

 

რუსეთის სარაკეტო ფარის  ნეიტრალიზებით შეერთებული შტატებს რუსეთზე თავდასასხმელად ხელები გაეხსნება, რადგან ეცოდინება, რომ რუსეთს პასუხის გაცემა აღარ შეეძლება.

 

ამიტომ, რაც არ უნდა ითქვას, სარაკეტო ფარი, თუ ის იმუშავებს,  საბოლოოდ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 

რუსეთის ალყაში მოქცევა

 

რუსეთის ალყაში მოქცევა გრძელდება შავი ზღვის, ბალტიის ზღვისა და არქტიკის მიმართულებებიდან.

 

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები განაგძობენ იმის მტკიცებას, რომ უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდეს.

 

ზუსტად ამ კვირას New York Times-ში  ზბიგნევის ვაჟი, იან ბზეჟინსკი ობამას ურჩევდა, არ ეთქვა უარი „თავისუფალი და დაცული ევროპის“ იდეაზე და „საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანებაზე ნატოსა და ევროპის კავშირში“.  ის ფაქტი, რომ უკრაინის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, მხედველობაში არ მიიღება.

 

ბზეჟინსკის კეთილშობილი  დინასტიის ახალი თაობისათვის, მხოლოდ უმცირესობის აზრს აქვს მნიშვნელობა. იდეის უარყოფა „ძირს გამოუთხრის საქართველოსა და უკრაინაში მათ ინტერესებს, ვინც თავის მომავალს ევროპაში ხედავს. ეს განამტკიცებს კრემლის მისწრაფებას გავლენის სფეროებისადმი…“

 

ლაპარაკი „კრემლის“ მისწრაფებებზე „გავლენის სფეროებისადმი“ უკრაინაში აბსურდულია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ უკიდურესად მჭიდრო ისტორიულ კავშირებს. უკრაინის დედაქალაქი კიევი, რუსეთის სახელმწიფოებრიობის აკვანია.  მაგრამ ბზეჟინსკის ოჯახი წარმოშობით  გალიციიდან, დასავლეთ უკრაინის იმ პროვინციიდანაა, რომელიც ოდესღაც პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა და რომელიც დღეს ანტი-რუსული უმცირესობის ცენტრს წარმოადგენს. აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ხშირად ექცევა უცხოური პაექრობის გავლენის ქვეშ, რომელშიც ამერიკელთა დიდ უმრავლესობას საერთოდ არაფერი გაეგება.

 

ამერიკელთა უმოწყალო დაჟინება უკრაინის მიერთების შესახებ გრძელდება მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს გულისხმობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გამოძევებას ყირიმის ნახევარკუნძულიდან, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა რუსულენოვანი და პრო-რუსული განწყობისაა. ეს არის რეცეპტი რუსეთთან ომისთვის.

 

ამავე დროს აშშ-ს ოფიციალური პირები განაგრძობენ საქართველოს მხარდასაჭერი განცხადებების კეთებას. საქართველოს ამერიკაში გაწვრთნილი პრეზიდენტი ღიად ოცნებობს ნატოს მხარდაჭერი მიღებაზე მომავალ ომში რუსეთის წინააღმდეგ.

 

გარდა შავ ზღვაში ჩატარებული პროვიკაციული მანევრებისა, შეერთებული შტატები, ნატო და (და ჯერ კიდევ) ნატოში არ-გაწევრიანებული ქვეყნები შედეთი და ფინეთი რეგულარულად ატარებენ დიდ სამხედრო წვრთნებს ბალტიის ზღვაში,  რუსული ქალაქების სანქტ-პეტერბურგისა და კალინინგრადის თვალთახედვის არეში. ამ წვრთნებში მონაწილეობენ ათასობით სახმელეთო სამხედრო, ასობით საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის F-15, AWACS,  სადესანტო გემები და ათობით ქვეყნის საბრძოლო გემი.

 

შესაძლოა ყველაზე ავისმომასწავებელი ისაა, რომ არქტიკის რეგიონში შეერთებული შტატები მუდმივად ეპატიჟება  კანადასა და სკანდინავიის ქვეყნებს, (მათ შორის დანიასა და გრენლანდიასაც) სამხედრო მანევრებში, რომლებიც ღიად უპირისპირდება რუსეთს. ამ არქტიკული მანევრების მიზანი ანდრეს ფოგ რასმუსენმა გაახმოვანა, როდესაც ნატოს გადასაწყვეტ „საფრთხეებზე” ლაპარაკისას განაცხადა -  „არქტიკის ყინული იხევს და ჩნდება რესუსრსები, რომლებიც აქამდე ყინულით იყო დაფარული“.

 

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ახლად აღმოჩენილი რესურსები მათი ექსპლოატაციისთვის თანამშრომლობის შესაძლებლობას აჩენს. მაგრამ აშშ-ს ოფიციალური პოზიცია ასეთი არ არის.

 

გასულ ოქტომბერს, ამერიკელმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა, ნატოს უმაღლესმა მთავარსარდალმა  ევროპაში განაცხადა, რომ გლობალური დათბობა და რბოლა რესურსებისთვის შეიძლება არქტიკაში კონფლიქტის მიზეზი გახდეს. სანაპირო დაცვის კონტრ-ადმირალმა ქრსიტოფერ კოლვინმა, რომელსაც ალიასკის სანაპირო ზოლი აბარია, განაცხადა, რომ რუსეთის სატრანსპორტო აქტივობები არქტიკის ოკეანეში  აშშ-ს „განსაკუთრებული შეშფოთების” საგანს წარმოადგენს და რეგიონში უფრო მეტი სამხედო აღჭურვილობა მოითხოვა.

 

აშშ-ს გეოლოგიურ სამსახურს მიაჩნია, რომ არქტიკაში მსოფლიოს აირისა ნავთობის გამოუყენებელი მარაგის მეოთხედზე მეტია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო კონვენციის თანახმად, სანაპირო სახელმწიფოს უფლება აქვს 200 საზღვაო მილის ფართობზე და კიდევ შეიძლება მოითხოვოს 150 მილი, თუ დაამტკიცებს, რომ ზღვის ფსკერი მისი კონტინენტური ტერიტორიის გაგრძელებას წარმოადგენს.

 

რუსეთმა ამ მოთხოვნაზე განაცხადი წარადგინა.

 

მას შემდეგ, რაც მთელი დანარჩენი მსოფლიო  ამ კონვენციის მიღებაზე წააქეზა, შეერთებული შტატების სენატს ამ შეთანხმების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია.

 

2009 წელს ნატომ განაცხადა, რომ უკიდურესი ჩრდილოეთი „ალიანსის სტრატეგიული ინტერესის“ ობიექტი იქნება და მას შემდეგ ნატომ აქ რამდენიმე დიდი სამხედრო წვრთნა ჩაატარა, ღიად ემზადება რა რუსეთთან არქტიკის რესურსების გამო კონსფლიქტისათვის.

 

რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არქტიკაში თავისი თავდაცვითი ინფრასტრუქტურა ძირითადად მოშალა და რესურსების კონტროლთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

 

გასულ სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მყიფე ეკოსისტემის დასაცავად ერთობლივი ძალისხმევისკენ, საგარეო ინვესტიციების მოზიდვისკენ, ეკოლოგიურად  დამზოგველი ტექნოლოგიების რეკლამირებისკენ და საერთაშორისო სამართლის გამოყენებით უთანხმოებების გადაწყვეტისკენ მოუწოდა.

 

მაგრამ შეერთებულ შტატებს, საკითხის მოგვარება თავისი ძლევამოსილების დემონსტრირებით ურჩევნია. ამან კი შეიძლება არქტიკაში შეიარაღების ახალი რბოლა და შესაძლოა შეიარაღებული შეტაკებებიც კი გამოიღოს შედეგად.

 

მიუხედავად ყველა ამ პროვოკაციული ნაბიჯისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთთან ომი უნდოდეს, თუმცა სროლები და ინციდენტები აქა-იქ გამორიცხული არაა. აშშ-ს პოლიტიკა, როგორც ჩანს, რუსეთის ალყაში მოქცევას ისახავს მიზნად, რათა ისე შეაშინოს რუსეთი, რომ ის ნახევრად-სატელიტის როლს შეეგუოს, რაც ჩინეთთან მოსალოდნელ მომავალ კონფლიქტში მის ნეიტრალიზებას მოახდენს.

 

სამიზნე – ჩინეთი

 

ჩინეთის მიზანში ამოღების ერთადერთი მიზეზი, ცნობილ არაკს ჰგავს: ის აქაა. ის დიდია. და შეერთებული შტატები ყოველთვის მწვერვალზე უნდა იყოს. ჩინეთზე დომინირების სტრატეგია ისეთივეა, როგორც რუსეთზე. ეს კლასიკური საომარი მეთოდებია: ალყა და ასე თუ ისე ფარული მხარდაჭერა შიდა არეულობისა. აი ამ სტრატეგიის მაგალითები:

 

შეერთებულმა შტატებმა პროვოკაციულად გაზარდა თავისი სამხედრო ძალა ჩინეთის წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ და „ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს „ჩინეთისგან დაცვა შესთავაზა“.

 

ცივი ომის დროს, როდესაც ინდოეთი შეიარაღებას საბჭოთა კავშირიდან იღებდა და დამოუკიდებელ პოზიცია ეკავა, შეერთებულმა შტატებმა პაკისტანი, თავისი მთავარი რეგიონალური მოკავშირე შეაიარაღა. ახლა აშშ-მ ინდოეთი არჩია, რათა  ჩამოაცილოს  ის შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ორბიტას და  ჩინეთის საპირწონედ გამოიყენოს.

 

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მხარს უჭერენ ნებისმიერ შიდა საპროტესტო მოძრაობას, რომელიც დაასუსტებს ჩინეთს, იქნება ეს დალაი-ლამა, უიგურები, თუ ლიუ სიაობო, დატუსაღებული დისიდენტი.

 

ლიუ საიაბოს ნორვეგიულმა კომიტეტმა, რომელსაც სათავეში ტურნბორნ იაგლანდი, ტონი ბლერის ნორვეგიული ანალოგი უდგას, ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭა.  იაგლანდი პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ნორვეგიაში ნატოს მთავარი მხარდამჭერი იყო.

 

ნატოს ეგიდით ჩატარებულ ევროპელ პარლამენტართა კონფერენციაზე გასულ წელს, იაგლანფმა განაცხადა: ”როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია ტირანიის შეჩერება, ომი იწყება. ამიტომაა ნატო შეუცვლელი. ნატო ერთადერთი სამხედრო ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორის სამართალს ეფუძნება. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც გაერომ შეიძლება გამოიყენოს, როდესაც ტირანიის შეჩერება აუცილებელი ხდება ისე, როგორც ჩვენ ბალკანეთში გავაკეთეთ”. ეს გამაოგნებლად მცდარი განცხადება ამახინჯებს ფაქტებს, რადგან ნატო ღიად არ დაემორჩილა საერთაშორისო სამართალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და დაიწყო ომი ბალკანეთში, სადაც რეალურად ადგილი ჰქონდა ეთნიკურ კონფლიქტს და არა ტირანიას.

 

ლიუსთვის ნობელის პრემიის გადაცემისას, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა, რომელსაც სათავეში იაგლანდი ედგა, განაცხადა, რომ ”მისი დიდი ხნის რწმენით, ადამიანის უფლბებსა და მშვიდობას შორის მჭიდრო კავშირია”. იაგლანდის განცხადების ლოგიკის თანახმად, ”მჭიდრო კავშირი” იმას გულისხმობს, რომ თუ უცხოური სახელმწიფო პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს დასავლური გაგებით, ის შეიძლება დაიბომბოს ისე, როგორც ნატომ დაბომბა იუგოსლავია. მართლაც ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტს ხმაურობენ ”ადამიანის უფლებებზე”, კერძოდ კი  შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, მსოფლიოში ყველაზე ხშირად ომობენ.  ნორვეგიელთა განცხადებამ ცხადყო, რომ ლიუსთვის (რომელმაც ახალგაზრდობა ნორვეგიაში გაატარა) ნობელის პრემიის გადაცემა, რეალურად ნატოს მხარდაჭერას უტოლდებოდა.

 

”დემოკრატიები” შეცვლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას

 

ნატოს ევროპელი წევრები შეერთებული შტატების სამხედრო ძალას შედარებით ნაკლებს ჰმატებენ. მათი წვლილი, უპირველესად ყოვლისა, პოლტიკურია. მათი მონაწილეობა ”საერთაშორისო საზოგადოების” მონაწილეობის ილუზიას ქმნის. მსოფლიოს დამორჩილების პროცესი, რომელიც პენტაგონის ბიუროკრატული ინერციით ხორციელდება, შეიძლება აღიწეროს, როგორც მსოფლიო დემოკრატიების ჯვაროსნული ლაშქრობა, რომლის მიზანი მთელს დანარჩენ ურჩ მსოფლიოში მათი განათლებული პოლიტიკური წესრიგის გავრცელებაა.

 

ევრო-ატლანტიკური მთავრობები აცხადებენ, რომ  ”დემოკრატია” მათ მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების საქმეებში ჩარევის აბსოლუტურ უფლებას აძლევს.  იმ მცდარი თეზისის საფუძველზე, რომ ”ადამიანის უფლებათა დაცვა აუცილებელია მშვიდობისათვის”, ისინი ომის გაჩაღების უფლებას იტოვებენ.

 

მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს, შეუძლია ჯერ კიდევ თუ არა ”დასავლურ დემოკრატიას”  ამ საომარი მანქანის დაშლა მანამდე, სანამ ძალიან გვიან არ არის.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...