planetanews Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpgპიერ რუსლენი ევროპარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გეგმავს რუსეთს უპირობო დიალოგი შესთავაზოს სამშაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის პარლამენტის წინაშე სიტყვა უნდა წარმოსთქვას და რუსეთს ხელი უნდა გაუწოდოს, რათა ბოლო მოუღოს კრიზისს, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. Figaro-სთან საუბარში პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ პოზიციას განმარტავს. ხართ თუ არა კმაყოფილი ლისაბონის ნატო-ს სამიტით და პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრით? - დიახ და შემიძლია ვთქვა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებულიც კი დავრჩი. საქართველოს საკითხი კვლავ პირველ პლანზე რჩება, დღის წესრიგში არსებული ისეთი პრობლემების მიუხედავად, როგორებიცაა ავღანეთი, ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღება და ნატო-რუსეთის ურთიერთობები. უკრაინის მხრიდან ნატო-ში სწრაფ გაწევრიანებაზე უარის შემდეგ, ვშიშობდი რომ საკმარის ყურადღებას არ გვითმობდნენ. სინამდვილეში კი აბსოლუტურად საპირისპირო რამ მოხდა. საბოლოო კომუნიკეს ტონი იმაზე მტკიცეა, ვიდრე ეს ოდესმე იყო. მასში კვლავ ნათქვამია, რომ მომავალში საქართველო ნატო-ს წევრი გახდება და საქართველოს სიტუაცია ნახსენებია რუსეთისადმი მიძღვნილ თავში. ლისაბონიდან ახალი იმედებით დავბრუნდი, დავრწმუნდი რომ საქართველო არასდროს იქნება ხურდა ფული საერთაშორისო არენაზე. ხომ არ გაშფოთებთ ნატო-რუსეთის დაახლოვება? - აზრი არა აქვს იმის უარყოფას, რომ გარკვეული დათბობა შეიმჩნევა, თუმცა მოსკოვმა ჯერ კიდევ უნდა გაამყაროს ის კონკრეტული ვალდებულებებით. დიმიტრი მედვედევს ლისაბონში ძალიან თბილი შეხვედრა მოუწყვეს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს მისი შეცვლა სურს. მეორეს მხრივ, თუკი რუსეთი ევროპას დაუხლოვდება და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობაში უფრო ცივილიზებული გახდება (ამ მოძრაობას კი სხვათა შორის ორი წლის წინ სათავე დაუდო პრეზიდენტმა სარკოზიმ), ეს ხელს შეუწყობს რუსეთის პარანოიის შემცირებას და მეზობლებთან მისი ურთიერთობების გაუმჯობესებას. რუსების ცნობიერებაში საქართველო დასავლეთთან, ამერიკასთან და ნატო-სთან ბრძოლის ველი იყო. მათთვის ეს ცივი ომის გაგრძელების საშუალება გახლდათ. იმ შემთხვევაშიც, თუკი მედვედევი არ აპირებს ჩვენთან ხელშეკრულების ხელმოწერას, კონფლიქტური ლოგიკა აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ხომ არ არსებობს საქართველოში რუსებთან მიმართებაში პოზიტიური ცვლილებები კონფლიქტის ზონაში? - რეგიონში სიტუაცია კვლავინდებურად ტრაგიკულია. თითქმის მილიონი ადამიანი იქცა დევნილად, ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, დავკარგეთ სანაპირო ზოლის ორი-მესამედი. რუსეთმა უკვე დაიწყო აფხაზეთში ნავთობის საბადოების მოძიება. მოსკოვი უარს ამბობს არამხოლოდ მოლაპარაკებებზე, არამედ საქართველოს მთავრობის ცნობაზეც. მიუხედავად ამისა, რუსეთის ელიტის პოზიცია მაინც იცვლება. ბევრი ადამიანი, მათ შორის ყოფილი მინისტრი დადებითად გამოეხმაურა ჩვენს ეკონომიკურ რეფორმებს, კორუფციასთან ბრძოლას და პოლიციის რეფორმას, რომელმაც რუსეთის ხელისუფლება შთააგონა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სულ რაღაც ორი წლის წინ საქართველო 100%-ით მტრულ სახელმწიფოდ აღიქმებოდა. ჩვენ ამ ტენდენციით სრულად უნდა ვისარგებლოდ. პირველი ვინც ამას მიხვდა, ნიკოლა სარკოზი იყო. 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ ის რუსეთის გახსნილობის პერსპექტივაზე და იმ გავლენაზე საუბრობდა, რომელსაც ეს სავარაუდოდ მეზობელ ქვეყნებზე იქონიებდა. მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ როდესაც ხედავ იმას რაც დღეს ხდება, იძულებული ხარ აღიარო რომ იგი მართალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამის მიღწევა ჯერ ვერ მოხერხდა, უკვე საგრძნობია მთელი რიგი პოზიტიური მომენტები. ხართ თუ არა მზად იმისთვის, რომ ახალი დიალოგის დაწყებისთვის მოსკოვისკენ პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგათ? და ხომ არ არის ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლა? - დალაი-ლამას თუ არ ჩავთვლით, მე ვარ ერთადერთი იმ ქვეყნის ლიდერებიდან, რომელიც ევროკავშირში არ შედის და რომელსაც ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლის შესაძლებლობა ორჯერ მიეცა. პირველად აქ სიტყვით ოთხი წლის წინ გამოვედი, „ვარდების რევოლუციიდან“ გარკვეული ხნის შემდეგ. ეს საოცარი შანსია, რაც დიდწილად პრეზიდენტ სარკოზის ჩარევის დამსახურებაა. ვაპირებ სრულად გამოვიყენო ეს შანსი და საკუთარ თავზე ავიღო ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. ეს საკმარისად სადაო ინიციატივაა, რადგან ნებისმიერ ოკუპირებულ ქვეყანას აქვს უფლება და ვალდებულებაც კი საკუთარი სუვერენიტეტისთვის იბრძოლოს, მათ შორის სამხედრო გზითაც, თუმცა მე მოვლენებს სხვაგვარად ვუყურებ. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ მოიგერია ავღანეთმა საბჭოთა ოკუპანტები, მაგრამ ქვეყანა დაინგრა და პრობლემები დარჩა. საქართველო თანამედროვე და ევროპული ქვეყანა უნდა გახდეს. ჩვენ უბრალოდ ვერ დავამთავრებთ ისე, როგორც ავღანეთი ან ჩეჩნეთი… ჩვენ ყველა გზა გამოვიყენეთ, რათა პირდაპირი დიალოგი დაგვეწყო რუსეთთან, მაგრამ ყოველ ჯერზე, ასეთი წინადადება მკვეთრ უარს აწყდებოდა. ახლა მე მხოლოდ ისღა დამრჩენია ევროპარლამენტის ავტორიტეტს მივმართო, რათა განვაცხადო ძალის გამოუყენებლობაზე ჩემი ცალმხრივი გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ არანაირი სურვილი არა გვაქვს დამპყრობელს იარაღით ხელში დავუპირისპირდეთ, როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ჩვენს უფლებებზე უარს ვამბობთ, არამედ იმაზე რომ ბრძოლა იდეოლოგიურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ხარისხში გადავიყვანოთ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სტრატეგიული მოთმინება, რომელიც შეიძლება დასრულდეს არამხოლოდ ჩვენი ტერიტორიის სრული გათავისუფლებით, არამედ რუსეთთან შერიგებითაც. ჩვენ მათ გაყრაც რომ მოვახერხოთ, მაინც მტრებად დავრჩებით მომდევნო თხუთმეტი წლის განმავლობაში. ეს არ არის სასურველი. ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიას, თუმცა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის გზა უნდა გამოვნახოთ… ანუ ძალის გამოუყენებლობაზე ცალმხრივი უარით თქვენ რუსეთს ხელს უწვდით? - დიახ, ყველაზე ღია და ევროპული გზით ევროპულ შეკრებაზე. მსგავსი წინადადებისთვის არ არსებობს უკეთესი ადგილი ვიდრე ევროპარლამენტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა და არამხოლოდ ჩვენთვის. ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთი სხვა ქვეყნის ტერიტორია ოკუპაციის მსხვერპლი არ გამხდარა. ყველა ეს სახელმწიფო ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, თუ რა მოხდება რუსეთის და საქართველოს ურთიერთობებში. თქვენ მათ დიალოგს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე სთავაზობთ? - დიახ, არა აქვს მნიშვნელობა რა დონეზე და ყოველგვარი პირობების გარეშე. ჩვენ ლაპარაკი უნდა დავიწყოთ. ჟენევის მოლაპარაკებები მხოლოდ რეგიონში შექმნილ სიტუაციას ეხება. რაც შეეხება მაგალითად მსო-ს (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, სადაც რუსეთის გაწევრიანებას საქართველომ შეიძლება ხელი შეუშალოს – რედ.), მოსკოვს არ შეუძლია ისე იმოქმედოს, თითქოს საქართველო უბრალოდ არ არსებობს. ეს არანორმალური სიტუაციაა. შესძლებს კი საქართველო დასთანხმდეს რუსეთთან შერიგებას, თუკი აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ დარჩება? - აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში დღეს შექმნილი სიტუაცია აბსოლუტურად მიუღებელია. ორივე რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა. დღეს სტალინის დრო არ არის, მენტალიტეტი შეცვლილია. სიტუაცია არასწორია როგორც საერთაშორისო, ასევე ტერიტორიული და სამართლებრივი თვალსაზრისით. არ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ინტერესებშია. მოსკოვისთვის ეს იოლი არ იქნება, მაგრამ მოვიდა საუბრის დაწყების დრო. დიალოგის მხოლოდ ამ საკითხამდე დაყვანა არ შეიძლება, რადგან ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რუსეთი ფიქრობდა, რომ თუკი დასავლეთს რამეს მისცემდა, ამ საკითხებს დაივიწყებდნენ. ახლა მოსკოვი მიხვდა, რომ ეს არ მუშაობს. თქვენ კონსტიტუციური რეფორმა განახორციელეთ, რომელიც პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს თქვენი ძალაუფლების ნაწილს გადასცემს, მაშინ როდესაც თქვენი მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება. აპირებთ პუტინივით იმოქმედოთ და 2013 წელს პრემიერ-მინისტრად დარჩეთ? საქართველო არასდროს გაიზიარებს პუტინის ტიპის სიტემას. ეს რეფორმა ევროპული სულისაა, ის ძალიან გაწონასწორებულია და არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე მორგებული არ არის და მით უფრო ჩემზე. ჩვენ სამი წელი გვაქვს იმისთვის, რომ განათლების სფეროში, ეკონომიკის მართვისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით ძირეული რეფორმები განვახორციელოთ. ეს რეფორმები ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი 2013 წლის ბოლომდე, მაგრამ მათ რეალიზაციას საფრთხე დაემუქრებოდა, მე რომ ისე მოვქცეულიყავი როგორც უძლური პოლიტიკოსი, რომელსაც მომავალი არა აქვს, როგორც პრეზიდენტი რომელიც გადადგომისთვის ემზადება. საფრანგეთისგან რას ელით? - საფრანგეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მას ბავშვობიდან ვიცნობ, აქ ვსწავლობდი. გარდა ამისა პრეზიდენტმა სარკოზიმ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ქართული სახელმწიფო გადაარჩინა. ომის დროს, მან მის ხელთ არსებული კარტები გამოიყენა, რათა მიეღწია იმისთვის, რაც შეუძლებელი იყო: სიტუაცია განმუხტა და რეგიონი ევროპისთვის გადაარჩინა. მან ჭეშმარიტად სტრატეგიული მანევრი განახორციელა, რადგან თუკი საქართველო დაეცემოდა, ევროპა სამუდამოდ დაკარგავდა შუა აზიას და კავკასიას. კონფლიქტის შემდეგ, როდესაც ბევრი ქვეყანა მერყეობდა, ჩემმა ოფიციალურმა ვიზიტმა პარიზში ქართველებს უჩვენა ის, რომ ჩვენ ერთგული მოკავშირეები გვყავს. საფრანგეთი ჩვენი პირველი და მთავარი პარტნიორია. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts