planetanews Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg გია ნოდია არის თუ არა შესაძლებელი კარგი ურთიერთობები ირანთანაც და შეერთებულ შტატებთანაც? დღის წესრიგში ეს კითხვა მაშინ დადგა, როდესაც ამ თვის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაკი თბილისს ეწვია. დასაწყისისთვის უნდა განვსაზღვროთ რას ვგულისხმობთ, როდესაც ირანთან დაკავშირებით „კარგ ურთიერთობებს“ ვახსენებთ. მოთაკის ვიზიტისას ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას თავისუფალ სავიზო რეჟიმზე და ბათუმში საკონსულოს გახსნის შესახებ. ზუსტად ვიზიტის წინ აღსდგა პირდაპირი საჰაერო რეისები თბილისსა და ირანს შორის. ორივე მხარე აკეთებდა ზოგად, ბანალურ განცხადებებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის შესახებ. ყველაზე დიდსულოვანი ინტერპრეტაციითაც კი საქართველო მხოლოდ ახლა უახლოვდება ურთიერთობათა იმ დონეს, როგორიც ირანს უკვე აქვს მათ საერთო მეზობლებთან – თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მაგრამ იმის გამო, რომ საქართველო შეერთებული შტატების განსაკუთრებულად ახლო პარტნიორად განიხილება, მოვლენათა ასეთი განვითარება ინტენსიური ყურადღების ველში მოექცა. რაღა თქმა უნდა, საქართველოს ლიდერებმა ეს იციან. ამიტომაც ისინი მუდმივად უსვამენ ხაზს იმ ფატქს, რომ ქართულ-ირანულ ურთიერთობათა გააქტიურება არავითარ გავლენას არ ახდენს ქვეყნის სტრატეგიულ ორიენტაციაზე. პირად საუბრებში ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ირანთან დაკავშირებით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წამყვანი დასავლური ქვეყნების მთავრობებთან კონსულტაციის გარეშე და ყველა მათგანი ძალისხმევას, რომელსაც საქართველო თავის მეზობლებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად სწევს, სიმპათიით ეკიდება. მაგრამ კითხვა რჩება: რატომ უნდა გადაედგა საქართველოს მთავრობას ნაბიჯები, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ მთავარ მოკავშირეებთან ურთიერთობებში მისთვის პრობლემები შეექმნა? მე ამ კითხვაზე პასუხად შეთქმულების ორი თეორია მოვისმინე. პირველი ასეთი თეორიის თანახმად, ვაშინგტონი აქეზებს თბილისს თეირანთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ, რათა ირანთან კომუნიკაციის დამატებითი არხი ჩაიგდოს ხელში. მეორე თეორიის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს ბარაქ ობამას შანტაჟს უწყობს, რათა მან საქართველოს მეტი ყურადღება დაუთმოს. „თუ მას ჩემთან შეხვედრა არ სურს“ – აცხადებენ ისინი, „მაშინ მე შევხვდები მაჰმუდ აჰმედინეჯადს“. კონსპიროლოგიურ თეორიებთან კამათი ყოველთვის რთულია, მაგრამ საქართველოს თავისთავად აქვს სრულიად რაციონალური მიზეზები იმისა, რომ ირანთან უკეთესი ურთიერთობები სურდეს. 2008 წლის აგვისტოს ომმა თბილიისს ორი მთავარი რამ ასწავლა. პირველი – დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის აბსოლუტური მნიშვნელობისაა, რადგან ამ მხარდჭერის გარეშე, მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის პირისპირ, ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების შანსები ნულის ტოლია. მეორე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირება მხოლოდ დასავლეთის მხარდაჭერის შენარჩუნებისთვის, სახიფათოა, რადგან არც შეერთებული შტატები და არც ევროპის კავშირი არაა მზად ისეთი ხარისხის გარანტიების მისაცემად, რომელიც საქართველოს მშვიდობიანი, დამოუკიდებელი განვითარებისათვის სჭირდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატებიცა და ევროპის კავშირიც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავის უმაღლეს პრიორიტეტთა შორის ასახელებენ. მოკლედ, ფსონების დადება მხოლოდ ერთი მიმართულებით, გონივრული არ არის. საქართველოს სტრატეგიული ორიენტაცია დასავლეთზე არ გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ზრდასრულ ადამიანებს ასეთი რამ კარგად გაეგებათ. ახლო, მაგრამ არა ძალიან ახლო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალურ დონეზე საკუთარი პოზიციების განმტკიცება. მოსწონთ თუ არა ეს ამერიკელებს და ევროპელებს, ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის, მოცემულ მომენტში, ნულოვან თამაშს უტოლდება: ნებისმიერი სისუსტე საქართველოს მხრიდან მოსკოვისთვის (რომელიც ისევ იმედოვნებს „რეჟიმის შეცვლას“) თბილისზე ზეწოლის გაძლიერების შესაძლებლობას ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავენ სიტუაციას საქართველოს ლიდერები. ამ ფონზე, ნებისმიერ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობათა დაძაბვა რისკების დამატებით ხარიხს აჩენს. რაღა თქმა უნდა, მეზობლებთან ცუდი ურთიერთობა, თავისთავად ცუდია. მაგრამ ისეთი მოტივირებულ ოპონენტს როგორიც რუსეთია, ყოველთვის შეუძლია ნებისმიერი სისუტე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს. ამიტომაა, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, საქართველო ძალიან ინტენსიურად სწევს ძალისხმევას რეგიონში საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობების გამოსასწორებლად, რომელთაც ცუდი ურთიერთობა აქვთ დასავლეთთან, ესენია ირანი და ბელორუსია. საქართველოს ხელისუფლებამ ერთდროულად ორ მიზანს უნდა მიაღწიოს. პირველი, მან უნდა დაარწმუნოს დასავლეთი, რომ თბილისი რჩება სანდო, პასუხისმგებლობის მქონე, პროგნოზირებად მოკავშირედ. მან ეს საშინაო პოლიტიკაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი ორიენტაციის დემონსტრირებითა და წამყვან დასავლურ ქვეყნებთან საგარეო-პოლიტიკური ქმედებების კოორდინირებით უნდა გააკეთოს. მეორეს მხრივ, საქართველომ უნდა დაამყაროს კარგი ურთიერთობები რეგიონის ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიან ქვეყნასთან (და არა მხოლოდ მათთან). საქართველო იმ რეგიონში, სადაც, განსაკუთრებით უკრაინაში რეჟიმის ცვლილებისა და თურქეთის ახალი საგარეო-პოლიტიკური ტენდენციების შემდეგ, პრო-დასავლური სახელმწიფოების რიცხვი მცირდება, თავს იზოლაციაში დარჩენის უფლებას ვერ მისცემს. ამისთვის კი საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ ის არაა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მარიონეტი და დამოუკიდებელი ქმედებების განხორციელების უნარი შესწევს. სერიოზულ პოლიტიკოსებს ეს ესმით, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ურთიერთობათა დათბობა ირანთან, შეერთებულ შტატებთან, ან ევროპასთან ურთიერთობეთა გაცივებას გამოიღებს შედეგად. რეალური ხიფათი იმაში მდგომარეობს, რომ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც უკვე მოაბეზრა თავი საქართველოსპოლიტიკამ და პრობლემებმა, ან მათ, ვისაც ეს პოლიტიკა ცუდად ესმის, საბაბი მიეცემათ. მაგრამ ამას ვერაფერს მოუხერხებ – ამიტომაც გვყავს დიპლომატები და პოლიტიკოსები, რომ მსგავსი საკითხები მოაგვარონ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts