Jump to content
Planeta.Ge

"პეჩატდარტყმული" ევრორემონტი


Recommended Posts

ბომბები რომ ჩამოყარეს, 8 აგვისტოს ცარიელ-ტარიელები გამოვიქეცით, ტანსაცმლის აღებაც კი ვერ მოვასწარით, სახლი, საქონელი, ჭირნახული საჯიჯგნად და გასაყვლეფად დავუტოვეთ იარაღიანებს, - ასე იხსენებს 70 წლის გრიგოლ მამაცაშვილი 2 წლის წინანდელ ამბებს.

. . . ქარელის რაიონის ახალსოფლის დევნილთა კომპაქტური დასახლება ზუსტად ისეთივეა, როგორიც - წეროვანში, კარალეთსა და კიდევ არაერთ ადგილას.

ჩემმა ერთ-ერთმა მეგზურმა ახლად აშენებული დასახლება საკონცენტრაციო ბანაკს შეადარა, მეორემ კი - გერმანელების მიერ ებრაელებისთვის საგანგებოდ მოწყობილ გეტოებს. შორს ვარ ასეთი რადიკალური შედარებებისგან, მაგრამ სამწუხაროდ, ნანახს ოპტიმიზმისთვის დიდი ადგილი არ დაუტოვებია.

 

დანომრილი სახლები, უსახელო ქუჩები, სადღაც სოფლის ბოლოში ძაღლის ყრუ ყეფა ისმის, მტვრიანი კენჭებით მოთამაშე ბავშვები და მოხუცები, რომლებიც გზის პირას ამვლელ-ჩამვლელებს ათვალიერებენ და საგანგებოდ გამოთლილ ჯოხებს ეყრდნობიან. აქ თითქოს დრო გაჩერებულია, სივრცე კი - გაყინული.

პრესტურმა, რომელიც ორგანიზაციამ "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" მოაწყო, ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყოველდღიურობა წაგებული ომის ქვეყანაში არსებობისთვის ბრძოლას კაბინეტებში თბილად მოკალათებულებს კი არა, ისევ იმ ადამიანებს უმძაფრებს, რომელთაც ყველაფერი თვალის ერთ დახამხამებაში დაკარგეს.

ოჯახის უფროსს 30 ლარი, ოჯახის ყოველ წევრზე კი 22 ლარი _ ეს არის სახელმწიფო დახმარება, რომელსაც გრიგოლ მამაცაშვილის 5-სულიანი ოჯახი სხვებთან ერთად იღებს. 100 კვტ ელეტროენერგიასაც სახელმწიფო ანაზღაურებს და ისინიც ცდილობენ, ლიმიტს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადააჭარბონ. კარგად ახსოვთ, ომიდან მეხუთე თუ მეექსვე თვეს გახარჯული ელექტროენერგიის საფასური სრულად რომ გადაახდევინეს, ზოგს 400, ზოგს 600, ზოგს 1000 ლარი. მიზეზი კი ის არის, რომ მავანს დაავიწყდა, ახალმოსახლეები გაეფრთხილებინა, პირველ სამ თვეს მოხმარებული დენის ფულიც გადასახდელი გექნებათო.

 

"მთავრობამ მეოთხედი ჰექტარი მიწა დაგვირიგა. სარწყავი წყალი რომ გვქონდეს, კიდევ რაღაცას მოვახერხებთ, კარტოფილს, სიმინდს, ჭარხალს, კომბოსტოს მოვიყვანდით და ოჯახს სულ პატარა სარჩო-საბადებელს გავუჩენდით, მაგრამ აბა, როგორ გინდა, ამდენი მოვახერხოთ. ხედავთ, როგორ ტრიალ მინდორზე ვართ, ეს დალოცვილი წვიმაც მაშინ გაიშვიათდება-ხოლმე, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება", _ დინჯად მიყვება ძია გრიგოლი და მიწის ნაკვეთზე მიმითითებს.

მიწის ამ პატარა გოჯის მოხვნა დილიდანვე დაუწყიათ, ტრაქტორი "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" პროგრამის ფარგლებში მიუღიათ.

"დადებული ხელშეკრულების თანახმად, კონკურსში გამარჯვებულები დევნილებს უსასყიდლოდ მოემსახურებიან, ახალსოფლის მოსახლეობას კი შეღავათს გაუწევენ და იმ თანხას მიიღებენ, მინიმალური პირობები მაინც რომ გაიუმჯობესონ", _ ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ფირანიშვილი.

დიდი დაკვირვება არ უნდა, რომ დასახლების არაერთ შენობაზე ამა თუ იმ არასამთვრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარწერა დაინახოთ.

"ხო, მოდიან, სულ ახალგაზრდები არიან, ხან რაში გვეხმარებიან და ხან რას აკეთებენ. წინათ მთავრობის ხალხიც გვაკითხავდა ხშირად, მაგრამ ახლა რატომღაც გაიშვიათდნენ, ბოლოს შეშა დაგვირიგეს და მის მერე არ გამოჩენილან", - ამბობს 65 წლის ნათელა პეტრიაშვილი.

 

2.5 კუბური მეტრი შეშა, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩამოარიგა, მოსახლეობის თქმით, მთელი ზამთარს ვერ გადაატანინებთ, ამიტომაც ტყეში ხეებს ჭრიან და თანაბრად ინაწილებენ.

"ჩვენ კიდევ გაგვიმართლა, ტყე ახლოს არის, მაგრამ სხვაგან, აბა, სადაა ტყე, სულ ტრიალ მინდორზეა სახლები აშენებული, სულ გაიყინებიან ამ ზამთარს", _ ამბობს დასახლების ყოფილი მამასახლისი გოჩა პეტრიაშვილი.

ერთი უბედურებაა შეშის უქონლობა, მეორე კი მისი დაბინავება, _ აგრძელებს საუბარს ქალბატონი ნათელა. "ერთი პატარა სათავსო ვერ აგვიშენეს, ქილები, ფქვილი და შეშა რომ დავაწყოთ. რაც საჭიროა ის გააკეთონ, ეს აბანოც სოფლის ბოლოს რომ გააკეთეს, დაედგათ იქვე, სადაც ცხელი წყალი ბუნებრივად მოდის და ეგ ფული ხალხისთვის დაერიგებინათ", _ როგორც ჩანს, განაწყენებული ნათელა ბებო პრობლემებზე დიდხანს შეძლებს საუბარს.

"მილიონჯერ იყვნენ მოსულები, სათავსოებს აგიშენებთო, ბოლოს გვითხრეს, ნამეტანი ძვირი დაჯდებაო, ჩვენ კი, სულ თითოზე 500 ლარის საშუალება გვაქვსო", _ დინჯად მეუბნება ძია გრიგოლი, _ "ვუთხარით, მოგვეცით ეგ ფული და მასალებს ჩვენ მოვზიდავთო, არა, ყველაფერი გადარიცხვით უნდა იყოს და "პეჩატით" უნდა დავამოწმოთო. მაგას რაღა "პეჩატის" დარტყმა უნდა, კაცო? თავზე გვემხობა სახლიცა და ჭერიც: ხან ფქვილის ტომარა გვეცემა თავზე და ხან "კამპოტები", გაუგია ვინმეს თოხი, პური და ტანსაცმელი ერთგან იყო შეყრილი. ანდა, სად ვსდიო მაგ "პეჩატს", ხაშურში თუ გორში?", _ კითხვა რიტორიკული გამოდგა.

 

სათავსოების აშენებისა რა გითხრათ, მაგრამ სახლების შეკეთების დაწყება ახალსოფელში ჩასახლებული დევნილების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

"კაი რემონტს აპირებენ, ასე გვეუბნებიან, ევრორემონტს გავაკეთებთო", _ მიხსნის ძია გრიგოლი. 2008 წლის ნოემბერში რომ ჩაასახლეს, კედლებს ჩამოშლა პირველივე თვეში დაუწყია.

"დაჩქარებულად რომ აშენებდნენ, სახლების კედლები რიგიანად ვერ გაშრა, ამას ნესტი, სიცივე და წვიმაც დაემატა და ჭერიც და იატაკიც თითქმის სულ მოიშალა. ახლა "გიპსოკარდონს" აკრავენ და ლამინატს აგებენ, იმედია, ეს მაინც გაძლებს კარგა ხანს", _ ამბობს დასახლების მამასახლისი მერაბ ჟამერაშვილი.

მამასახლისი ჰყვება, რომ სასმელი წყლის პრობლემა სულ ცოტა ხნის წინ მოგვარდა, მანამადე ხალხს მარილიანი წყლის მოხმარება უწევდა. იმაზეც ფიქრობენ, როგორღაც არხები გაჭრან, მილები ჩაყარონ და სოფლის სარწყავ არხს მიუერთონ.

"იქნებ, ცოტა მაინც ამოვისუნთქოთ სარწყავ წყალს რომ შემოვიყვანთ, სხვისი ხელების შემხვედვარე აღარ ვიქნებით. თვეში ერთხელ 2 კილო ძეხვი და პური რომ მოჰქონდათ, ისიც აღარ მოაქვთ. თქვენაც კარგად ხედავთ, რომ ხე აქ არ დგას და ბოსტნის დამუშავებას კიდევ იმდენი რამე უნდა... მიწაც, არც ისე ნაყოფიერია, დალოცვილს სულ სასუქი სჭირდება", - წუხს ძია გრიგოლი.

 

გამოდის, რომ ვიდრე "პეჩატდარტყმულ" სასუქს ჩაიტანენ ახალსოფელში, ძია გრიგოლს კიდევ დიდხანს მოუწევს წვიმისა და სარწყავი არხის გაყვანის იმედზე ყოფნა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/specialuri-reportazhi/150819-qpechatdartymuliq-evroremonti.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...