planetanews Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/europianvoice2.jpg ავღანეთში ევროპამ ვერ შესძლო ნატო-ს არსებობის გამართლება სცენაზე ღიმილი და კულისებში ოხვრა – ასეთი იქნება 20 ნოემბრის ნატო-ს ლისაბონის სამიტი. როგორი გაცხარებითაც არ უნდა უარყოფდნენ საჯაროდ ამას ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, ნატო-ს ეპოქა სრულდება. ავღანეთის ომი ალიანსისთვის გამოცდა იყო. თუკი მას შორეულ ქვეყნებში ბრძოლა არ შეუძლია, მაშინ მასზე იმ ფულის დახარჯვაც არ ღირს, რაც იხარჯება. ავღანეთის მარცხი ერაყისაზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო. მეორე შემთხვევაში ყველაფრის დაბრალება უპასუხისმგებლო ჯორჯ ბუშზე და დონალდ რამსფელდის პერიოდის პენტაგონის არაკომპეტენტურობაზე შეიძლება. არადა სწორედ ევროპელი მემარცხენეები მოითხოვდნენ ყველაზე ხმამაღლა იმ პურიტანელი თალიბების საერთაშორისო ჩარევით შეჩერებას, რომლებსაც სძულთ ქალები და ჰომოსექსუალებს ქვებს ესვრიან. თუმცა თავად ევროპას საკუთარი გამოცდა არ გაუვლია. ევროპელები, ზოგიერთ ღირსეულ გამონაკლისს თუ არ ჩავთლით, ძალიან მოკრძალებულები და სუსტები აღმოჩდნენ ბრძოლისთვის და ამავდროულად ძალიან ცუდად იცნობდნენ ავღანეთს იმისთვის, რომ ადგილობრივი ძალების მომზადებაში დახმარება გაეწიათ. ამერიკელი სამხედროების თვალსაზრისით საბოლოო ჯამში მათი დახმარება უსარგებლო აღმოჩნდა. უახლოეს წლებში ამერიკის არმია ავღანეთს დატოვებს, მაგრამ ისინი არ დაბრუნდებიან ძველ ბაზებზე ძვირადღირებულ და არასტუმართმოყვარე ევროპაში, არამედ სახლებში გაემგზავრებიან, ან სხვა ქვეყნებში ახალი მისიებით. ევროპელები ეგოისტები არიან. მათ სხვა, მოკავშირეებისადმი უფრო ყურადღებიანი აშშ სჭირდებათ და ამავდროულად სხვა ომები – სასურველია ისეთები, რომელთა მოგებაც მარტივად შეიძლება. ასეთი ფანტაზიების წყალობით, 2010 წლისთვის ნატო იმ საქორწინო კავშირს დაემსგავსა, სადაც ცოლ-ქმარი დასვენების დღეებს ცალ-ცალკე ატარებს, თანაც თითოეული მათგანი იმაზე ოცნებობს, რომ მეორე უფრო ყურადღებიანი გახდეს. ამას ცალ-ცალკე საძინებლები და საბანკო ანგარიშები მოჰყვება და საბოლოოდ უბედური წყვილი ერთმანეთს მხოლოდ საუზმეზე შეხვდება ყოფით ხარჯებზე საკინკლაოდ. ნატო არამხოლოდ ექსპედიციური ალიანსის როლში დამარცხდა, ის არც იმისთვისაა საჭირო, რომ დაიცვას ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურაში სუსტი ადგილები, მისი ბიუროკრატიული – სამოქალაქო და სამხედრო – აპარატები. ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის თანამშრომლები შესაძლოა ამას ჯერ ვერ ხვდებიან, მაგრამ ზეიმი დასრულდა. მათი კომფორტული ცხოვრების წესი, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ აქვთ, ისტორიას ბარდება, ის თვალსა და ხელს შუა ილევა და ქრება ისევე როგორც გაილია და გაქრა 1990-იანი წლების დასაწყისის საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს გრანდიოზული და მდიდარი „სამხედრო ადმინისტრაციები“ დასავლეთ ბერლინში. როდესაც აშშ-ს დახმარება დასჭირდება ის იმ ევროპელ ქვეყნებს მიმართავს, რომლებსაც ნამდვილი ჯარისკაცები ჰყავთ, რომლებიც მზად არიან სიკვდილისთვის და სხვების მოსაკლავად სხვათა ომებში. ამისთვის მათ ნატო არ სჭირდებათ. რა თქმა უნდა, აშშ-სთვის ევროპული უსაფრთხოება მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება – ნაწილობრივ სენტიმენტების, ნაწილობრივ სიფრთხილისა და ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას ძველებურად აწუხებს რუსეთის დამოკიდებულება მისი ყოფილი იმპერიისადმი, თუმცა პრობლემათა სპექტრი, რაც ამერიკას და ევროპას აკავშირებს მცირდება. ახლა გერმანია და არა აშშ ამყარებს წესრიგს დასავლეთ-ბალკანეთში, რუსებს ბოსნიელ სერბებზე ზეწოლას აიძულებს, შუამავლის როლს თამაშობს საბერძნეთს და მის უსახელო ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობაში და ცდილობს გაერკვეს დნესტრისპირულ გაუგებრობაში. აშშ მომავალშიც ითანამშრომლებს თავის ევროპელ მოკავშირეებთან უკიდურეს ჩრდილოეთსა და არქტიკაში. ნავთობისა და ისრაელის გამო, შეერთებული შტატები არ დატოვებს აღმოსავლეთ-ხმელთაშუაზღვისპირეთს და შავი ზღვაც ყურადღების ქვეშ ეყოლება (თუმცა უკრინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიღწევას შეწყვეტს – რუსეთთან ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია). ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი – ის ერთადერთი ევროპული ქვეყნებია, რომლებიც ამერიკამ (თეორიულად) რუსეთისგან უნდა დაიცვას. შესაბამისად, აშშ სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრხოების სფეროში თანამშრომლობას ჩრდილოეთსა და ბალტიის აუზში (რასაც გასულ კვირას ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრა მიეძღვნა). რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ამერიკისთვის შვედეთი და ფინეთი, ანუ ის ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, რომლებიც ნატო-ს წევრები არ არიან, ვიდრე იმ ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც ნომინალურად ალიანსის წევრებად ითვლებიან. ევროპა კი იმ ადგილად დარჩება, სადაც ამერიკული ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემა განთავსდება. ის ასევე უზრუნველყოფს ლოჯისტიკურ მხარდაჭერას ამერიკის უცხოური მისიებისთვის და (ყოველ შემთხვევაში მე ვიმედოვნებ) შეინარჩუნებს მტკიცე ტრანს-ატლანტიკურ დიპლომატიურ კავშირს აშშ-სთან დღეს ისეთი არაპოპულარული იდეების მხარდაჭერისთვის, როგორებიცაა პოლიტიკური თავისუფლება და კანონის უზენაესობა. ავტორი – The Economist-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპის კორესპონდენტი. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts