planetanews Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/sp_image-370103571-1236156014.pjpegცუდი და კარგი ამბები ნატოს (და არა მარტოს ნატოს) შესახებ „საქართველომ ავღანეთში პირველი ჯარისკაცი დაკარგა“ – ასე იწყებს ჯოშუა კუცერა სტატიას (Eurasianet.org). კუცერას რას ვერჩი, მაგრამ თითქოს იგრძნო, რომ ლეიტენანტი შუკვანი მხოლოდ პირველი მსხვერპლი იყო. სამწუხაროდ, ვარაუდი ახდა – მას კიდევ ოთხი მოჰყვა და ერთიც, სამუდამოდ დაინვალიდებული ჯარისკაცი, რომელსაც ორივე ქვედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა. მთელს ამ ტრაგედიაში ჩემს ყურადღებას ერთი გარემოება იქცევს. ქართველ გმირებს გმირებისმოყვარულმა ქართულმა ნაციონალურმა მაუწყებლებმა ნულოვანი ყურადღება დაუთმეს. ორი წლის წინ, შუა ომის დროს, რუსთაველზე გამართული ზეიმი ძნელი დასავიწყებელია. ამ თემაზე ასეთი აზრიც გამიგია – რუსებმა თბილისში შემოსვლა რომ გადაიფიქრეს, ამაში თითქოს საქართველოს ხელისუფლების და ესტრადის ვარსკვლავების (ეს ის შემთხვევაა, როცა კონტექსტი არ პასუხობს დეფინიციას) პატრიოტული სულისკვეთების დამსახურებაცაა. სვიმონ მასხარაშვილის სტილში შეიძლება გავიხსენოთ, რომ საუკუნეების წინ ყველაზე ცნობილი დადიანის „ტკბილმა“ ჟესტმაც მოხიბლა მონღოლები… და რატომ დუმან დღემდე ხელისუფლება და მაუწყებლები ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული სამხედროების შესახებ ? ეს დუმილი ოქრო არ არის. ეს ის შემთხვევაა, როცა სათქმელი არაფერია, პროპაგანდა კი – წამგებიანი. კუცერამ საქართველოს მთავრობისგან მხოლოდ ის შეიტყო, რომ „ეს დანაკარგი მათ მისიას ავღანეთში კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს“. ამ პოზიციის გამო კიდევ ერთხელ მივიღეთ დაპირება, რომ ალიანსის კარი საქართველოსთვის ღიაა. მე კი მგონია : მაპ–ს ვერც მივიღებთ და არც დაგვეკარგება… უკვე საშიშიც კია, ღია კარში ჯდომისგან ალიანსელები არ გაცივდნენ და ეს ჩვენ არ დაგვბრალდეს. სასაცილო ის იქნება, ამ ღია კარში რუსეთმა თუ შეგვასწრო. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერთ გეითსმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს (Eurasia Review). და უფრო მეტიც: „ეს რევოლუციური გარღვევაა და როგორც ჩანს, მას პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის კურთხევა აქვს – კრემლთან დაახლოებული ექსპერტების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში რუსეთს ნატო-ში გაწევრიანებას ურჩევენ“ (Spiegel). კრემლთან დაახლოებული ექსპერტების გამკვირვებია. აშკარად საქართველოს ჯიბრზე (ვისაც არ გჯერათ, გაატარეთ ბატონი დარჩიაშვილი და სხვები) მიილტვიან ჩრდილო ატლანტიკური ერთობისკენ, თორემ რაღა ახლა ? Foreign Policy ბრიუსელის მისამართით ორ, ერთმანეთზე მსუსხავ კითხვას სვამს : „ნატო-მ აზრი დაკარგა?“ და „ ნატო-ს ახალი კრიზისი სჭირდება?“. ნატოს აზრდაკარგულობის შესახებ მსჯელობას სტივენ ვოლტი სარკასტული რეზიუმეთი ასრულებს : „მოკლედ, ცუდი ამბავი ის არის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთი ქვაკუთხედი, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დაიშლება, თუმცა კარგი ამბავია ის, რომ ამით არაფერი შეიცვლება.“ არანაკლებ მწარეა დევიდ ბოსკოს სიმართლე : „შესაძლოა ავღანეთის კონფლიქტი მართლაც კრიტიკულ ფაზაშია, მაგრამ ნატო-ს ენერგია და ყურადღება აშკარად ილევა. ნიდერლანდებმა, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ერთგული წევრია, ჯარი გაიყვანა. მეორე „ვარსკვლავი“ კანადა, იგივეს აპირებს. მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპიდან, წუწუნი ისმის იმის თაობაზე რომ მონაწილე ქვეყნებს, ოპერაციის მიმდინარეობის ხარჯები, საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზების უნარს ართმევს. ნატო-ს გენერალური მდივანი ჯერ კიდევ ტუქსავს ალიანსის სახელმწიფოებს, რომ მათ საქმის ბოლომდე მიყვანა არ სურთ, მაგრამ ცხადია რომ ის იმის გაჭიანურებას ცდილობს, რაც გარდაუვალია.“ ვიდრე არ დაშლილა, თვეში ერთხელ, სტაბილურად გვიხარია, რომ ნატო–რუსეთის ურთიერთობაში უთანხმოების საგანი საქართველოა. ამას რასმუსენის განცხადებაც ადასტურებს, რომელიც ალიანსის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა: „ევროპაზე გამავალი ეს ხიდი, ნატო-სა და რუსეთს შორის, ევროპას უფრო სტაბილურს და დაცულს ხდის. დიახ, ჩვენ ხანდახან გვაქვს უთანხმოება და ფუნდამენტურად არ ვეთანხმებით ერთმანეთს ზოგიერთ საკითხზე, ისეთზე როგორიცაა საქართველო, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ ამან არ დაჩრდილოს ამ ურთიერთობების მნიშვნელობა და პოტენციალი, რათა ყველა ჩვენგანი უფრო დაცული იყოს.“ ესე იგი რა გამოდის? ნატო–რუსეთის ნორმალური ურთიერთობა ევროპისა და მსოფლიოს სტაბილურობის ქვაკუთხედია, თუმცა არსებობს ამ ურთიერთობაში საქართველოს თემა, რაზეც მხარეებს ფუნდამენტალური შეუთავსებლობა აქვთ, თუმცა ეს კონფლიქტი იმდენად უმნიშვნელოა, რომ ჩრდილს ვერ აყენებს მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოთა დაცულობისთვის აუცილებელ ჰარმონიას. რა კარგი სიტყვაა „თუმცა“ და რა ცუდია, როცა გიხარია, მაგრამ უსაფუძვლოდ. ნატო–რუსეთის ურთიერთობის მნიშვნელობა და საქართველოს ეპიზოდური როლი გასაგებია. ახლა გავარკვიოთ „არსებობს თუ არა რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობის დამყარების საფუძველი?“ (Radio Liberty). ამ თემით გია ნოდია დაინტერესდა, ნოდიამდე კი მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ტრენინი, რომელმაც რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. ტრენინის ვარაუდით, ურთიერთობის მოგვარების ორი გზა არსებობს. პირველი – საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რის სანაცვლოდაც გალის რაიონი დაუბრუნდება და მეორე – რუსეთი უნდა გამოვიდეს სამხრეთ ოსეთიდან, რის შემდეგაც რეგიონს გარდამავალის მსგავსი სტატუსი მიენიჭება, რუსეთს კი უსაფრთხოების გარანტის განსაკუთრებული ფუნქცია დაეკისრება. გეგმის შესასრულებლად მთავარი დამაბრკოლებელი გარემოება მიხეილ სააკაშვილია: „ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ცუდია და კიდევ იმიტომ რომ რუსმა ლიდერებმა ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა ფიცი დადეს, ამიტომ სიტყვას უკან ვერ წაიღებენ და მასთან მოლაპარაკებებზე ვერ წავლენ, მაგრამ თუ 2013 წელს სააკაშვილი დატოვებს ოფისს და პრემიერ-მინისტრად არ დარჩება, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდებოდა.“ გია ნოდიასთვის ტრენინის გეგმები უტოპიური და ფუჭია. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ იგი სააკაშვილის გეგმების თანხვედრი არაა. საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ „მსგავსი წინადადებები მხოლოდ თეორიულადაა საინტერესო, რადგან დღევანდელ საქართველოს და დღევანდელ რუსეთს ისინი არ სჭირდება.“ (Radio Liberty) მაშ, რა გვჭირდება? ალბათ, იმ აზრთან შეგუება, რომ 2013 წელს სააკაშვილი ოფისს არ დატოვებს… მით უმეტეს, რომ თემა უკვე ცოცხლობს და ინტერპრეტაციების საშუალებასც იძლევა. The Moscow Times (და ბევრი სხვაც) სულაც არ გაოცდება თუ 2013 წელს სააკაშვილი პუტინის გამბიტს გაიმეორებს. მეთიუ კოლინი ხელისუფლების სათავეში დიდი ხნით დარჩენის შესახებ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის სურვილს იხსენებს: „რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა და ბოლოს ის საკუთარმა მინისტრებმა გადააყენეს, თუმცა ტეტჩერისგან განსხვავებით, საეჭვოა სააკაშვილს სასახლის გადატრიალება ემუქრებოდეს, ამიტომ (პუტინთან უხერხულ პარალელებს რომ დროებით შევეშვათ) არჩევანი – უნდა განაგრძოს თუ არა ბრძოლა ხელისუფლებისთვის, მისი გასაკეთებელია.“ პუტინი, რუზველტი, სააკაშვილი და კატია ზატულივეტერი ვინ ვის ბაძავს ვეღარ გაიგებ. სააკაშვილი კი ხშირად ადანაშაულებს რუსეთის ხელისუფლებას პლაგიატიზმში, მაგრამ არავის გაუკვირდება თუ თავადაც პუტინის გაკვალულ გზას დაადგება. რუსეთის პრემიერი კი გზამკვლევობას თავს არ ანებებს: „პუტინმა რუზველტი დაიმოწმა და მესამე ვადასთან დაკავშირებულ გეგმებზე მიანიშნა“ (The New York Times). გეგმები ნათელია. არჩევნები მალე იქნება და ფრანკლინ რუზველტის გამოცდილებაც არსებობს, თუმცა არსებობს მედვედევიც, ვისზეც ვიღაც–ვიღაცეები ფსონს დებენ და ამბობენ, რომ იმაზე ძნელად დათმობს ყოველივეს, ვიდრე მიიღო. მედვედევის ჭირვეულობას ბრალდება მოსკოვის მერის მრავალწლიანი მმართველობის დასასრული. The Guardian ლუჟკოვის მოხსნას დრამატულს და შექსპირის სტილში გადაწყვეტილ პოლიტიკურ მკვლელობას უწოდებს. პუტინ–მედვედევის დაპირისპირების გარდა მოსკოვურ სკანდალს სხვა კონტექსტიც მოეძებნა. დასავლურმა მედიამ დაასკვნა, რომ რუსეთი ნორმალური ქვეყანა არ არის და რომ მოსკოვთან მეგობრობას ყველა უნდა ერიდოს. პოლიტიკურ მწვერვალზე დაბრუნებამდე Le Temps პუტინის მედია-დაბრუნების შესახებ წერს : „პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს, რომლისთვისაც საჯარო წარმატებები უცხო არ არის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტელევიზიითა და პრესით უამრავი შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა. ხმაურიანი პოლიტიკური დაბრუნება, როგორც ჩანს იმ კამპანიის დაწყებას ადასტურებს, რომლის მიზანიც 2012 წლის გაზაფხულის არჩევნების დროს კრემლის გასაღების დაბრუნებაა.“ და თუ პუტინმა რუზველტი უბრალოდ საღერღელის ან ნერვების ასაშლელად გაიხსენა და მედვედევმაც, პირველი ვადის შემდეგ, საპრეზიდენტო სტატუსზე უარის თქმა გადაწყვიტა, Independent–ის ვარაუდით, არსებობს რუსეთის ტეტჩერიზაციის, ან კიდევ, მერკელიზაციის პერსპექტივა. გამოცემა ზედმეტად თავდაჯერებულად ამტკიცებს, რომ სანკტ-პეტერბურგის 61 წლის გუბერანტორი, ქიმიკოსი ვალენტინა მატვიენკო შესაძლოა რუსეთის პირველი ქალი ლიდერი გახდეს. ამ ვარაუდს თურმე ორი გარემოება ამყარებს: მატვიენკო კარგი მენეჯერი და ორატორია და მთავარი – იგი პუტინის პროტეჟეა. მედვედევის გაპრეზიდენტებიდან დღემდე აქტუალობას არ კარგავს კითხვა – ვინ მართავს სინამდვილეში რუსეთს? The Guardian ეჭვობს, რომ პუტინი: “გარუჯული პრემიერ-მინისტრი მხნედ გამოიყურებოდა, ხელები მოვლილი ჰქონდა, ძვირფასი პიჯაკი და მაისური ეცვა შეხსნილი საყელოთი…“ თითქოს ლირიული ინტერმეცოა, თუმცა ბრიტანული გამოცემისთვის დამატებით არგუმენტადაც გამოდგა რუსეთის რეალური მმართველის გასაშიფრად. როცა პუტინზეა საუბარი, ყოველთვის იქვეა რუსული დაზვერვის აჩრდილი. იგივე The Guardian დიდი ბრიტანეთის „ლიბერალ-დემოკრატი“ პარლამენტარის მაიკ ჰენკოკის რუსული კავშირებით დაინტერესდა. გოკა გაბაშვილი და პეტრე ცისკარიშვილი კი დიდი ხანია იძახიან, ეგ კაცი სტრასბურგში კრემლის ინტერესებს ლობირებსო, მაგრამ ახლა ეჭვები ქართული ნაციონალური ფანტაზიის მასშტაბებს გასცდა. ის კი არა, ჰენკოკის საპარლამენტო თანაშემწის, კატია ზატულივეტერის საქმით MI5-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. 25 წლის ზატულივეტერი რუსულ დაზვერვასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. „მანტრას“ დიპლომატია, უარი რუსულ კულტურას და დასავლური მედიის “კულტურული შოკი” „ნათელა ჭოხონელიძის კაბინეტს ალექსანდრ პუშკინის პორტრეტი ამშვენებს, მტვრიან თაროებზე რუსული ლიტერატურის კორიფეების გაცვეთილი გამოცემები აწყვია“ – Reuters საქართველოში რუსული ენის ინგლისურით ჩანაცვლების პროცესს აკვირდება. ჭოხონელიძე წუხს, რომ 50–დან კათედრაზე მხოლოდ 5 თანამშრომელი დარჩა, რომ სტუდენტების რაოდენობაც შემცირდა, რომ რუსული ენა ქრება. ვინც არ წუხს, ეს ხელისუფლებაა. მმართველი გუნდის პირდაპირი და ირიბი მხარდამჭერები ამბობენ, რომ არაფერი დაშავდება თუ მომავალი თაობები დოსტოევსკის დედანში ვერ წაიკითხავენ, რადგან ბოდლერს, მარკესს და აკუტაგავას ცოტა ვინმე თუ კითხულობს პირველად ენაზე და ამით ქვეყანა არ დაქცეულა. ახლა (განწყობის მიხედვით – პატრიოტულად ან ეჭვიანად) თვალის მიდევნებაც შეიძლება – შეასრულებს თუ არა პოლიგლოტი სააკაშვილი პირობას და გახდება თუ არა საქართველო ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყანა (Eurasianet.org) ან დავაღწევთ თუ არა თავს რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტას ინგლისურის საყოველთაო გაკვეთილებით (Telegraph). პირველი შედეგი სახეზეა. რუსულ ორბიტას უკვე მოწყვიტა The New York Times–მა ბათუმი: „კრიალა შავ ზღვასა და ქართული საპორტო ქალაქ ბათუმის გარშემო მდებარე ბურუსით მოცულ კავკასიის მთებს განათებული კოშკი დასცქერის. მისი ღამის განათება, რომელიც ჰორიზონტს ემიჯნება, იმ ახალ ნაგებობას გამოკვეთს, რომელიც ძველი ქალაქის მე-19 საუკუნის ფასადებთან კონტრასტში მოდის და სინათლის რბილ სხივში ახვევს ბულვარსაც, სადაც შეყვარებულები დასეირნობენ და ოჯახების კისკისი ისმის. დიდებული შენობა, რომელიც ყველაზე მაღალია სანაპიროზე, მეჩეთს, ბიბლიოთეკას ან მუზეუმს მოგაგონებთ…“ ოდაც ასეთი უნდა… ბათუმით აღფრთოვანებული დინა სპრიცერის ემოცია ერთსახოვანი ნამდვილად არაა. გაცილებით იოლად დავიჯერებ ჟურნალისტის ირონიას, ვიდრე გულწრფელ აღტაცებას. განა შეიძლება ავტორი სერიოზულად ამბობდეს: „როდესაც ამ ზაფხულს მარმარილოთი მოპირკეთებულ ვესტიბიულში შევაბიჯე, აღმოვაჩინე, რომ ნაგებობა ბევრად უფრო მოულოდნელი კულტურული საგანძური იყო: 203 ნომრიანი სასტუმრო შერატონი… ალექსანდრე დიდის მიერ, ეგვიპტეში ალექსანდრიის შუქურის მსგავსად ნაგები, ის იმის მანიშნებლად იქცა, თუ რას ესწრაფვის ბათუმი“. არა, ეს წერილი გამონაკლისი სულაც არ არის. Independent საქართველოს ველური მთიანი რეგიონით დაინტერესდა. „მაღლა, კავკასიის მთებში, თოვლიანი მწვერვალებით მოფენილი ველური პეიზაჟი, ტყიანი ველებითა და შუა საუკუნეების კოშკების ირგვლივ თავმოყრილი სოფლები, საუკუნეების განმავლობაში ჩაკეტილი იყო, მაგრამ საქართველოს ზემო სვანეთის რეგიონი გარე სამყაროსთვის საბოლოოდ გაიხსნა.“ ბათუმის „შერატონი“ თურმე კულტურული საგანძურია, სვანეთი კი ცივილიზაციისთვის ახლა გაიხსნა. უკვე ხელმისაწვდომი „ შეურყვნელი ნავთსაყუდელი“ BBC–ს ობიექტივშიც მოხვდა: „მთები აქ გრანდიოზულია, მდელოები მწვანედ მობიბინე. და როდესაც ძველ, საკულტო კოშკებს ღამით ანათებენ, ისინი სანთელივით იწვიან.“ ასეთი პეიზაჟების და უკიდეგანო სილამაზის ფონზე, ქართული შოუ–ბიზნესის მოკაშკაშე ვარსკვლავების MTV–ის ეთერს მიღმა დატოვება, რა თქმა უნდა, დანაშაულია, მით უმეტეს, რომ ყველაფერი ეს ერთად საქართველოში ტურისტებს მოიზიდავს (Eurasianet.org). უკვე მოზიდულია, მაგრამ მეტია საჭირო. გასაკეთებელი კიდევ ბევრია… თუნდაც რუსეთთან საინფორმაციო–პროპაგანდისული ომის თვალსაზრისით. The National Interest–მა გაარკვია, რომ წყნარ ოკეანეში პროტეჟე საქართველომაც გაიჩინა. ჯუჯა ნაურუს კონკურენციას მეზობელი ტუვალუ გაუწევს. მისი მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარება ოფიციალურ თბილისს სოლიდური თანხა დაუჯდება: საქართველო გაიღებს გაეროში ტუვალუს მუდმივი წარმომადგენლობისთვის საჭირო ფინანსებს. უკვე გადახდილია სამედიცინო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო 12 ათასი დოლარი, ანუ კუნძულის თითოეულ მოსახლეზე დაახლოებით 1 დოლარი. ბრძოლა გრძელდება ფულით და სიტყვით. „დასავლეთის ხიფათიანი ნებიერა“ ხან Newsweek–თან მჭერმეტყველობს და ხანაც გაეროს ტრიბუნიდან: „მეზობელი რუსეთის მხრიდან ინტერვენციის, განადგურების საფრთხისა და ნაწილობრივი ოკუპაციის ორი წლის თავზე, პატარა, მაგრამ მამაცი საქართველო არამხოლოდ გადარჩა, არამედ ყველა სირთულის მიუხედავად წარმატებულია და აყვავების გზაზე დგას. ასეთი ოპტიმისტური შეფასება მისცა საკუთარ ქვეყანას ერთ დროს ბრძოლებში გამობრძმედილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მეტყველ და ემოციურ გამოსვლაში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე“ (worldtribune.com). მეტყველი და ემოციური გამოსვლები დასავლეთში ზოგიერთს თვითკრიტიკის გუნებაზე აყენებს. თომას დე ვაალი კატეგორიულად ითხოვს – შეწყდეს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფად აღქმა (Foreign Policy). თურმე სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო, უკვე 20 წელია რეგიონის ორი ყველაზე ვრცელი საზღვარი (სომხეთ-აზერბაიჯანის და რუსეთ-საქართველოსი) ნაწილობრივ ან მთლიანად დახურულია, ხოლო სახელისუფლებო ორგანოებში გამეფებული კორუფციის გამო, ნომინალურად გახსნილი საზღვრებიც კი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას არ იძლევა. საბჭოთა კავშირის ფარული ნოსტალგიის გარდა ასეთ წერილებში, როგორც წესი, ბევრს ვერაფერს ამოიკითხავ – მაშინ გაცილებით ნაკლები პრობლემა იყო, ახლა კი დახურული საზღვრები, დე–ფაქტო მიკრო–სახელმწიფოები, ათიათასობით დევნილი და ცხელი წერტილების აფეთქების მუდმივი საფრთხე. და მაინც დასაფასებელია, როდესაც წერენ: „რაში მდგომარეობს უცხოელების ბრალი? ვფიქრობ, ყველანი დამნაშავეები ვართ, რადგან ჩვენი არასწორი წარმოდგენების და ინტერპრეტაციების გამო, რეგიონში შექმნილი ისედაც აუტანელი პოლიტიკური ვითარება, კიდევ უფრო გაუარესდა“. თუ გაუარესება არა, სტაგნაცია ნამდვილად სახეზეა. სოხუმის მმართველები ქართველების დაბრუნების სანაცვლოდ საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ოფიციალურ აღიარებას ითხოვენ (Radio Liberty). ცხინვალის მიმართულებით ერთადერთი პერსპექტივა ისაა თუ კოკოითი მოსკოვის ფინანსებს გაფლანგავს და ამის გამო მფარველები გაუნაწყენდებიან (Le Figaro). მას შემდეგ რაც გაეროს საერთაშორისო სასამართლომ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარირება კანონიერად ცნო, Deutsche Welle დარწმუნდა, რომ საქართველოს შემთხვევაში „ქვეყნების ბედს სასამართლოები კი არა, დიდი სახელმწიფოები წყვეტენ. სამყაროში, სადაც მთავარი აქტორები მსოფლიო წესრიგის მთავარ პირნციპებზე ვერ შეთანხმებულან, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ოდნავ იმაზე მეტია, ვიდრე ცივილიზაციის ჩურჩული, საერთაშორისო ჯუნგლების გნიასში“. სასამართლოს დასასრული არ უჩანს ჰააგაში, სადაც საქართველო რუსეთს ეთნიკურ წმენდას ედავება, რუსეთი კი საქართველოს მტკიცებულებების ფაბრიკაციაში ადანაშაულებს. ალბათ, ორივე მხარე მართალია, წმენდაც იყო და ფაბრიკაციაც იქნება, ერთიც იკადრებს და მეორეც. ისევ აქტუალურია აშშ–რუსეთის ურთიერთობის გადატვირთვის თემა (The National Interest). ამ კონტექსტში ორიგინალურია და დამაჯერებლადაც გამოიყურება ალექსი პუშკოვის მიგნება. ჰილარი კლინტონმა, თბილისში ვიზიტისას, რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ”მიმდინარე ოკუპაციაში” დაადანაშაულა. ეს რა თქმა უნდა არ იყო ენა, რომელზეც”სტრატეგიულ პარტნიორს” ელაპარაკებიან. „კლინტონი ხუთდღიანი მოგზაურობის დროს, როდესაც ის უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვია, მანტრასავით იმეორებდა ამ სიტყვებს – ”გადატვირთვა ვერ აიძულებს შეერთებულ შტატებს იმას, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავის გავლენას ან პოლიტიკას შეელიოს”. და რა გაგრძელება მოჰყვა „მანტრას“ რიტორიკას, რომელიც თბილისმა მხარდაჭერის გულწრფელ გამოხატულებად მიიღო“ „თეთრმა სახლმა დიპლომატიური არხების მეშვეობით მოსკოვს განუმარტა, რომ სახელმწიფო მდივანი არ გულისხმობდა იმას, რასაც რეალურად ამბობდა და მთელი ეს გამოსვლები მხოლოდ ერთ რამეს ისახავდა მიზნად – ნოემბრის არჩევნების მიჯნაზე განემტკიცებინა ობამას პოზიცია, რადგან სხვა შემთხვევაში ადმინისტრაცია სუსტის შათაბეჭდილებას დატოვებდა, ისეთისას რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში აშშ-ს მეგობრების ინტერესებს ჰყიდის. მოსკოვმა გაითამაშა, რომ მიიღო განმარტება და ”გადატვირთვის” სულისკვეთება ანალოგიური მწარე პასუხით არ აზარალა“. ვაშინგტონს თბილისის ცრემლების არ სჯერა თბილისის ომისშემდგომი თავისტკივილი უცვლელია – იარაღის შესყიდვა, რაზეც ყველა მხრიდან უარი ისმის. აშშ კვლავ შეუვალია: „სააკაშვილმა საჯაროდ თხოვნით მიმართა ვაშინგტონს საქართველოსთვის „თავდაცვითი“ ხასიათის შეიარაღება მიეწოდებინა, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, თუმცა შეერთებული შტატების ჩინოვნიკებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ. „მომავალში, ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ დღეს, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს არ სჯერა, რომ საქართველო ამ ტიპის თავდაცვითი შეიარაღებისთვის მზად არის“– განაცხადა სელესტა ვალანდერმა, აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის პოლიტიკის დარგში(Eurasianet.org). Le Monde საქართველოს „ევროპაში შექმნილი პრაგმატული ატმოსფეროს“ მსხვერპლად აღიქვამს, რადგან „პუტინის საძულველმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან დაკარგა პრივილეგირებული მხარდაჭერა, რომელსაც აღარ სურს საქართველოს შეიარაღებული ძალების სპონსორის იმიჯი ჰქონდეს“. საქართველოს ათვალწუნებას ვინღა ჩივის, The Guardian–მა აღმოაჩინა, რომ მსოფლიო იმპერიებს ღირებულებებზე მეტად ანგარება ამოძრავებთ: „ის რასაც ჯორჯ ბუში „მოვლენათა ჭვრეტას“ უწოდებდა და რისი მაგალითიც იყო მისი ძალისხმევა –დაეწესებინა პოსტ-საბჭოთა, პოსტ-ცივი ომის „ახალი მსოფლიო წესრიგი“, ახლა თითქმის მთლიანად გაქრა. დღეს აქცენტი გადატანილია არა თვითგამორკვევასა და ადამიანის უფლებებზე, არამედ უფრო ვიწრო პრიორიტეტებზე – ვაჭრობაზე, ნავთობსა და უსაფრთხოებაზე. დიპლომატია თავის უმაღლეს გამოვლინებაში, ანუ როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიატორი, მოდიდანაა გამოსული“. დიპლომატია აღარაა აქტუალური. კიდევ კარგი „დემოკრატია ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია“ (The New York Times). თუმცა სახარბიელოდ არც დემოკრატიის საქმე ყოფილა, რადგან „იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც დემოკრატიული სისტემა აქვთ, არ შემცირებულა, მაგრამ დემოკრატიამ თავისი სიკაშკაშე დაკარგა. ეს არის იდეა ბრწყინვალების გარეშე, რაც შემაშფოთებელია. ვიდრე დემოკრატიული დასავლეთი იბრძოდა, არადემოკრატიული ჩინეთი იზრდებოდა. დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის გამყოფი ხაზი სულ უფრო ბნელით მოცული ხდება“. უკვე გადღაბნილ ხაზებს არ ეძებს Newsweek. ჯოენ კოტკინი ცდილობს ახსნას რასობრივ–ეთნიკური მახასიათებლები, რაც ახალ მსოფლიო წესრიგს უდევს საფუძვლად. ქვეყნების სქემატიზაცია საინტერესოცაა და საკამათოც. აქ არის ახალი განზა (დანია, ფინეთი, გერმანია…), საზღვრისპირა ქვეყნები (ბელგია, ჩეხეთი, გაერთიანებული სამეფო,ესტონეთი…), ლიბერალიზმის ქვეყნები (ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, მექსიკა, პერუ), იღბლიანი ქვეყნები (ავსტრალია, ახალი ზელანდია)… კიდევ ბევრი სხვა და არის ასევე რუსეთის იმპერია. შემადგენლობით – თავად რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, ბელორუსი, მოლდავეთი, უკრაინა. საქართველო არც სხვაგან და რუსეთის იმპერიის შემადგენლადაც არ სახელდება, თუმცა ერთგან ნახსენებია, კერძოდ ჩინეთ–რუსეთის კონკურენციის კონტექსტში: „რუსეთს გააჩნია კოლოსალური ბუნებრივი რესურსები, მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი, ასევე ძლიერი არმია. ვიდრე ჩინეთი ძლიერდება, რუსეთი უკრაინაში, საქართველოსა და შუა აზიაში დამკვიდრებას ცდილობს“. რუსეთის მცდელობას ადასტურებს Le Figaro და მედვედევს სამხრეთ კავკასიის ჟანდარმად მოიხსენიებს. Foreign Policy–ის ვარაუდით ამ რეგიონში რუსეთის ყველაზე ადეკვატური კონკურენტი ირანია: „თუკი ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში ირანი წამქეზებლურ პოლიტიკას ეწევა, მისი ქმედებები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არა რელიგიური იდეოლოგიით, არამედ პრაგმატული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მიზნებითაა ნაკარნახევი“. კონკურენციას ტრადიციულად ამწვავებს ნავთობის თემა. Asia Times წერს, რომ პუტინი “ნაბუქოსთან” მარცხით უკმაყოფილოა. „ნაბუქო“ევროპას თავს ახსენებს The Wall Street Journal–დანაც. ნავთობთან ერთად აქტუალურია ღვინის ექსპორტის თემაც. The Economist სააკაშვილის საუკეთესო ხუმრობას უწოდებს ქართული ღვინის ხარისხის გაზრდის გამო პუტინისთვის გადახდილ მადლობას: “თუმცა უამრავი პრობლემა რჩება. პირველ რიგში, ქართული ღვინო ძალიან ძვირია იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს დასავლეთ ევროპისა და აშშ-ს დიდ ბაზრებზე. ქვეყანა აუცილებელი კვალიფიციური პროფესიონალების დეფიციტსაც განიცდის, რომლებიც დარგს უფრო კონკურენტუნარიანს გახდიდნენ“. პრობლემურ სფეროდ რჩება და კითხვის ნიშანი არ მოხსნია თემას – დასრულდა თუ არა საქართველოში მაფიოზური პროტექციონიზმი. Global Post ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების თემას და განმარტავს, რომ რეფორმის წარმატებულობას მხოლოდ შედეგები განსაზღვრავს. ვიდრე 12 ნაფიცი მსაჯულის პირველ განაჩენს გავეცნობით, შუაგული ევროპა ლაჟვარდოვან სანაპიროზე დამკვიდრებული კავკასიური მაფიის გამო შფოთავს (Le Figaro). მოჭარბებული ტენიანობის შესახებ სააკაშვილის ირონიული კრიტიკა თითქოს ცოტა იყოს, საფრანგეთის კურორტს ქართველი ბანდიტებიც შეუჩნდნენ. დაკავებული ორი ქართველიდან „ერთ-ერთი ესპანეთში ფულის გათეთრების ცნობილი საქმის მონაწილეა და ექსტრადაციის მოლოდინშია, მეორე კი ეჭვმიტანილია სხვა ქართველი ბანდიტის მკვლელობის ორგანიზებაში. ეს ფაქტი ქალაქ ნიცაში, ერთ-ერთ სახლში მოხდა, დანაშაული მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგაგონებთ – ამბობს გამომძიებელი”. ნესტიან ქალაქში ხომ ცხოვრობენ და კრეატივის დეფიციტსაც განიცდიან. სპეც-ოპერაცია ჩაატარეს და სახელი ვერ მოიფიქრეს. არადა დაანონსება მაინც ხომ იყო შესაძლებელი – ფრანგულ ანკესზე წამოგებული ქართველი ბანდიტები… კანონიერი ქურდების სრული ფიასკო… ორმაგი აგენტის გმირობა და ფრანგი სამართალდამცავების უპრეცედენტო სპეც-ოპერაცია ”ენვერი”… ჯონი კალანდაძე ჟურნალისტი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts