planetanews Posted November 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png პოლ სანდერსი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი წელი გავიდა და ეს პატარა კავკასიური ქვეყანა ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებში კვლავ პოტენციური დავის საგანი ხდება და თუკი ორივე დედაქალაქში, ისევე როგორც თბილისში ამ თემას განსაკუთრებულ ყურადღებას არ დაუთმობენ, საქართველო პრობლემად ჩამოყალიბდება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ აშშ-რუსეთის ურთიერთობებს, არამედ შეერთებული შტატების გაცილებით მასშტაბურ საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებების მიუხედავად (რომლის აღდგენაში დახმარებაც საეჭვოა შეერთებულ შტატებს შეეძლოს, მას შემდეგ რაც რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, შემდეგ კი მათი დამოუკიდებლობა აღიარა), ის რომ შემცირებული საქართველო ნატო-ს მიღმა დარჩა, ობამას ადმინისტრაციამ რეალობად მიიღო და მოსკოვთან ურთიერთობებში სხვა პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ყველაზე მეტად ირანის და ავღანეთის პრობლემებზე, ასევე სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ახალი ხელშეკრულების (START) გაფორმებაზე. რუსეთსაც ზოგადად აკმაყოფილებს ახალი სტატუს ქვო, თუ არ ჩავთვლით მოსკოვის პერიოდულ და გაზვიადებულ ჩივილებს იმის თაობაზე, თითქოს ამერიკა საქართველოს „აიარაღებს“. მაშინ როდესაც საქართველო დღის წესრიგში არ დგას, ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს უახლოვდებიან, მათი თანამშრომლობა რეალურია, თუმცა ჯერ კიდევ პირობითი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი წინ მიიწევენ, პროგრესს სულ უფრო მეტი დაბრკოლება ხვდება ჰორიზონტზე. გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად (რომელშიც რუსეთის ეკონომიკა მასზე მსხვილ სხვა ეკონომიკებზე მეტად დაზარალდა) მოსკოვმა მისი საგარეო პოლიტიკის ორიენტირი დიდწილად, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მოდერნიზაციის დროშის ქვეშ, ეკონომიკური ზრდისკენ მიმართა. მედვედევის რიტორიკისადმი ნაკლებად ერთგული და მისი ზოგიერთი იდეისადმი როგორც სჩანს სკეპტიკურად განწყობილი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ეკონომიკაზე კონსტიტუციით აგებს პასუხს და როგორც სჩანს ამ საკითხს თავის მხრივ სერიოზულად უდგება. მთელი რიგი ცნობების თანახმად, ამისი ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი სულ უფრო უახლოვდებიან რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შეთანხმებას. და ამ დროს სცენაზე საქართველოც ჩნდება. წარმოვიდგინოთ რომ ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ, (რაც გარანტირებული არ არის და ამისთვის ობამას ადმინისტრაციას კონგრესში სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება), თუკი მოსკოვს მსო-ში რეალურად გაწევრიანებისთვის თბილისთან შეთანხმება მოუწევს. მსგავსი შეთანხმების მიღწევა კი არსებული ფონის გათვალისწინებით, მარტივი არ იქნება. რუსეთს არ სურს საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა და არ თანხმდება იმაზე, რომ სამხრეთ- ოსეთსა და აფხაზეთში საკუთარი ყოფნა შეზღუდოს; საქართველოს სურს იმ იშვიათი შესაძლებლობის გამოყენება, როდესაც მოსკოვზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნია; შეერთებულ შტატებს ერთის მხრივ რუსეთის მსო-ში გაწევრიანება სურს და მეორეს მხრივ ამ მიზნის მისაღწევად, უნდა სააკაშვილზე ზეწოლას თავი აარიდოს. ადმინისტრაციამ საკუთარი პოზიცია Foreign Policy-ში ანონიმური „მაღალჩინოსნის“ პირით უკვე გააჟღერა. ამ წყაროს განცხადებით შეთანხმება „რუსეთს და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხია“ და შუამავლობა „ჩვენი საქმე არ არის“, ამიტომ „რადგან მსო-ში გაწევრიანებისკენ რუსეთი მიისწრაფვის, ჩვენი აზრით მოსკოვმა მოლაპარაკებების დასაწყებად გზა თავად უნდა გამონახოს“. ერთის მხრივ, ეს საღი აზრია და ერთადერთი გონივრული საჯარო პოზიციაა, რომლის დაკავებაც არსებულ სიტუაციაში შეერთებულ შტატებს ძალუძს. თუკი ვინმე შეამჩნევს, რომ ვაშინგტონი საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს, ეს შეარყევს არამხოლოდ ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებს (რაც არც თუ ისე მნიშვნელოვანი თემაა, მიუხედავად იმისა რომ ამერიკას ამ ქვეყანაში მართლაც აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინტერესი), არამედ ამერიკის კავშირებს სხვა ქვეყნებთან ცენტრალურ-ევროპაში, კავკასიასა და შუა აზიაში, რაც შესაძლოა ახალი (და უფრო ძლიერი) ეჭვების საფუძველი გახდეს, რომ ვაშინგტონი ამ ქვეყნების წინაშე საკუთარ ვალდებულებებზე უარს ამბობს. შესაბამისად, გარკვეული პასუხისმგებლობის რუსეთზე დაკისრება აუცილებელია, რადგან მოლაპარაკებებისთვის ორი მხარეა საჭირო და აშშ არ უნდა იყოს საბოლოოდ პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რაც რუსულ-ქართულმა მოლაპარაკებებმა შეიძლება გამოიღოს. ბოლოს და ბოლოს, ადმინისტრაცია ვერ მისცემს თავს უფლებას პასუხისმგებლობა აიღოს იმ შიდა პოლიტიკურ შედეგებზე, რამაც ამ საკითხში თბილისზე ზეწოლამ და მოსკოვისთვის ხმის მიცემაზე ამ ქვეყნის დათანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, მეორეს მხრივ, ურთიერთგაუგებრობების, იმედგცარუებებისა და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში უნდობლობის ხანგრძლივი ისტორია, ამ ტიპის თამაშსაც ძალიან სარისკოს ხდის. ამერიკის მონაწილეობის გარეშე, საეჭვოა მოსკოვმა და თბილისმა რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე თვალსაწიერ მომავალში შეთანხმებას მიაღწიონ. მეტიც, რუს ჩინოვნიკებს მკაფიო მოლოდინი აქვთ იმისა, რომ შეერთებული შტატები თბილისს მხარდაჭერაზე წაახალისებს, რასაც ამერიკელი ჩინოვნიკები მათ პირად საუბრებში პირდებოდნენ. ამიტომ მათ გულწრფელად გაუკვირდათ, როდესაც „ადმინისტრაციის მაღალჩინოსნისგან“ გაიგეს, რომ ვაშინგტონი ამას არ გააკეთებს და როგორც სჩანს ახლა იმის გარკვევას ცდილობენ, ხომ არ მოატყუეს ისინი. შექმნილი სიტუაცია სამწუხაროდ ადმინისტრაციის მიერ სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცესს ჰგავს, როდესაც რუსი ლიდერების დამშვიდებამ ანტი-სარაკეტო ფარზე, საბოლოოდ სენატის რესპუბლიკელ წევრებში ადმინისტრაციის გეგმებზე კითხვები გააჩინა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში ადმინისტრაცია ხაფანგში გაება ორ წინააღმდეგობრივ აუცილებლობას შორის: იმუშაოს რუსეთთან და იმუშაოს კონგრესთან (რომელსაც ამიერიდან დემოკრატები ვეღარ აკონტოროლებენ) – და ეს მარტივი არ არის, თუმცა ერთი ტიპის მოლოდინის გაჩენას მოსკოვსა და მეორესი – კაპიტოლიუმის ბორცვზე – უსიამოვნო შედეგები უნდა მოჰყოლოდა. ვიწრო თვალსაზრისით, რუსეთს მსო-ს წევრობა იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე ამერიკას შეიძლება რუსეთი ამ ორგანიზაციაში სჭირდებოდეს, თუმცა აღსანიშნავია რომ რუსეთის უზარმაზარი ეკონომიკა დღემდე ამ ჯგუფის მიღმა რჩება, მაგრამ უფრო ფართო გაგებით, აშშ-სთვის მნიშვნელოვანია რუსეთის მსო-ში გაწევრიანება, ერთის მხრივ იმისთვის რომ მოსკოვის პრიორიტეტები იმ გზით დააკმაყოფილოს, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ამერიკისთვისაც სასარგებლო იქნება და მეორეს მხრივ პოსტ-საბჭოთა რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის უმთავრესი სტრატეგიული მიზნის მხარდაჭერისთვის: ამ ქვეყნის ინტეგრაციისთვის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემაში. დიდწილად დღესაც აშშ-რუსეთის ურთიერთობა იმ სუსტი ძრავის მქონე ავტომობილს წააგავს, რომელიც აღმართზე ასვლას მუხრუჭის გარეშე ცდილობს. წინ წასვლა უჭირს, თუმცა გაჩერება კიდევ უფრო შეუძლებელია ისე რომ არ დაგორდეს. ასეთი დაგორების შედეგები კი გაუთვლელი და სახიფათოა. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო ამ გზაზე მცირე დაბრკოლება იქნება და არა გადაულახავი ჩიხი. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts