planetanews Posted November 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/12/cristian.gif ფრედ უაიერი პარასკევს საქართველომ 13 ადამიანი, მათ შორის რუსეთის ოთხი მოქალაქე იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე ომის დროს, რუსეთის სამხედრო დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა უმალ დაგმო საქართველოს განცხადებები და მათ „პოლიტიკური ფარსი“ უწოდა. ბრალდებები, რომლებზეც ხმები ერთი კვირის წინ გავრცელდა, ბევრმა სიგიჟედ მიიჩნია, მაგრამ ანალიტიკოსების უმრავლესობა ამბობს, რომ მათში სიმართლის მარცვალი არის, თუმცა ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ საჭიროა უფრო ფართო რეგიონალური და შიდაპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებაც. „რა თქმა უნდა, აგენტები არსებობენ, მაგრამ ამ ამბავს პროპაგანდისტული მხარეც ახლავს“ – ამბობს ალექსანდრე ისკანდერიანი, კავკასიის დამოუკიდებელი ინსტიტუტის (ერევანი) დირექტორი – „ქართული ხელისუფლება რუსეთს მუდმივად „მტრის“ კონტექსტში იყენებს და ცდილობს [მოსკოვთან კავშირების გამო] მისი შიდა ოპონენტების დისკრედიტაციას. ამ ისტორიებს სკეპტიკურად უნდა მივუდგეთ“. ოთხწლიანი გამოძიება პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც დაჭერების ანონსი გაკეთდა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლო აგენტურული ქსელის საქმიანობის გამოძიება „წლების“ განმავლობაში მიმდინარეობდა. „ისინი ცდილობდნენ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას და ამას ომის პერიოდშიც განაგრძობდნენ“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა – „მათ იმის ცოდნა სურდათ, თუ რამდენი იარაღი გვქონდა, სად ვინახავდით მას და ამ ინფორმაციის მისაღებად ყველგან აგენტებს ნერგავდნენ… ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო აგენტურული ქსელია, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში ვამხილეთ“. საქართველოს კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე ოთარ ორჯონიკიძემ ჟურნალისტებს უამბო, რომ გამოძიება 2006 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ამნისტია შესთავაზა ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც რუსებთან თანამშრომლობას აღიარებდა“. მან დასძინა, რომ აგენტურულ ქსელში კიდევ ათობით ადამიანია, რომლებიც დაკავებულები არ არიან და ის ორმაგმა ქართველმა აგენტმა ამხილა, რომელმაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ნდობა მოიპოვა. „უცნაური ისტორია“, რომელმაც მოსკოვი განარისხა ექვსი დაკავებული ქართველი სამხედრო საჰაერო ძალების პილოტები არიან. ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ათი წლის წინ ჩანერგა, როდესაც საქართველოს ავტონომიურ რეგიონში აჭარაში მსახურობდნენ. აჭარას 2004 წლამდე ადგილობრივი ავტორიტარი ლიდერი ასლან აბაშიძე მართავდა, რომელიც თბილისის მმართველობას უპირისპირდებოდა. კიდევ ერთი დაკავებული ფლოტის თანამშრომელი იყო და არსებული ინფორმაციით, რუსეთის დაზვერვას საიდუმლო შიფრებს აწვდიდა. „ეს უცნაური ისტორიაა, რადგან დაპატიმრებულები აჭარის ლიდერის აბაშიძის ან დიდი ხნის ან ყოფილი თანამშრომლები არიან. აბაშიძეს საქართველოს ხელისუფლებასთან ცუდი ურთიერთობები ჰქონდა“ – ამბობს მამუკა ნებიერიძე, თბილისის ევრო-ატლანტიკური კვლევების დამოუკიდებელი ცენტრის დირექტორი – „წარსულში ჩვენ გვქონდა უკვე მსგავსი შპიონური სკანდალები და მათზე რუსეთის რეაქცია ყოველთვის პროგნოზირებადია“. საქართველოს ხელისუფლება, ასევე ხშირად ადანაშაულებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპონენტებს იმაში, რომ ისინი დაფინანსებას და მითითებებს მოსკოვიდან იღებენ. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საქართველოში რუსეთის აგენტობის ბრალდებით დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, მათ შორისაა 2006 წლის საქმეც, რომელშიც ოთხი რუსი ოფიცერი მონაწილეობდა, რომლებიც საქართველოში მსახურობდნენ და ქვეყნის 12 მოქალაქე. საბოლოოდ რუსები მოსკოვში გაამგზავრეს. რუსეთის დამოუკიდებელმა სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანონიმური წყაროს განცხადება. მისი თქმით მოსკოვი დაპატიმრებებით „აღშფოთებულია“. „ცხადია რომ ეს ნატო-რუსეთის ლისაბონის სამიტის წინ გაკეთდა“, სადაც რუსეთი და ნატო რთული ურთიერთობების გამოსწორებას შეეცდებიან, „რაც შეიძლება მეტი ყურადღების მიპყრობისა და რუსეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით“ – განაცხადა წყარომ. თუმცა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების დამოუკიდებელი კავკასიური ინსტიტუტის ანალიტიკოსი გია ნოდია ამბობს, რომ „ეს ნამდვილი აგენტები არიან. არ ვფიქრობ, რომ ეს მოგონილი აქციაა. საშინაო და საგარეო გამაღიზიანებელი ფაქტორები მართლაც არსებობს, მიუხედავად იმისა რომ რუსეთს და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო დროს უფრო სტაბილური გახდა“. დოკუმენტური ფილმი გამოძიებაზე მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და სამთავრობო სტრუქტურებში დიდი აგენტურული ქსელის შექმნისთვის 20 ქართველი დააკავეს, საქართველოში ათასგვარი ჭორი გავრცელდა. მაშინ ქართულმა პოლიციამ დაპატიმრებების შესახებ ინფორმაციის არც უარყოფა და არც დადასტურება არ ისურვა და პარასკევის პრეს-კონფერენციამდე სკანდალის შესახებ ფაქტობრივად არანაირ ინფორმაციას არ გამოუჟონავს. თუმცა, პრო-სახელისუფლებო ტელეარხმა „რუსთავი-2“-მა პარასკევს განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიების შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რაც ჟურნალისტებისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე ეჭვებს აჩენს. „ფილმში ნაჩვენებია, რომ ქართულმა კონტრდაზვერვამ მასშტაბური აგენტურული ქსელი ამხილა საქართველოში” – ითქვა „რუსთავი-2“-ის გადაცემის ანონსში. წარსულში ქართულ ტელარხებს უკვე იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ისინი ანტი-მოსკოვური გზავნილების გავრცელებაში ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ. ამ მხრივ მნიშვნელოვანი მაგალითია ახალი ამბების სიუჟეტი, რომელიც ეთერში ამ წლის დასაწყისში გავიდა და სადაც არქივის კადრებით ინსცენირებული იყო საქართველოში რუსეთის ხელახალი ინტერვენცია და შემდგომ მოსკოვის „მარიონეტული რეჟიმის“ დამყარება ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერით ნინო ბურჯანაძით სათავეში. „ქრონიკული შპიონომანია ანტი-რუსულ ნიადაგზე“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც სააკაშვილის მთავრობას აკრიტიკებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სააკაშვილის რეჟიმი ანტი-რუსულ ნიადაგზე ქრონიკული შპიონომანიითაა შეპყრობილი“. „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობას არაერთხელ მიუმართავს მსგავსი სკანდალების ფაბრიკაციისთვის, ჰქონდა რა ცინიკური გათვლა იმაზე, რომ ამით საშინაო და საგარეო პოლიტიკურ დივიდენდებს დააგროვებდა“ – ნათქვამია განცხადებაში – „საბოლოო ჯამში თბილისის ამგვარი პროპაგანდისტული გამოხტომების ფასი უკვე ყველამ დიდი ხანია იცის“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts