Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- "ქალა" - დაბეჭდვის ექსკლუზიური ნებართვით


Recommended Posts

ოთუთუნეს წმინდა სასაფლაოზე არცთუ დიდი ხნის წინათ კიდევ ერთი ბორცვაკი გაჩნდა. მის ქვეშ ანანას, როგორც შემდგომ სრულიად შემთხვევით გახმაურდა, უთავო ანუ თავმოკვეთილმა ნეშტმა განისვენა. გარდაცვლილს ახლობელი ან მეგობარი არა ჰყოლია და იგი მეზობლებისა და შორეული ნათესავების ვიწრო წრემ მიაბარა მიწას. დასაფლავების დღეს ადრე გაზაფხულის სუსხიანი ქარი გაშმაგებით აფრიალებდა ფანჩატურზე მიმაგრებულ ოქროსფერარშიიან შავ ლენტს, თითქოს ვერ შერიგებოდა მასზე წარწერილის - "დავსტირით მარად დაუვიწყარ ანანას" - სინამდვილესთან შეუსაბამობას.

 

გაზიარება

[ავტორი: გია ხუბუა]

http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNlAOncL8FI/AAAAAAAAENA/BjXyaZntaCQ/s200/qala.gifიმ მცირეოდენი სიბრალულისაგან, საწყალი, უიღბლოდ მოსული კაცის ამქვეყნიდან წასვლამ რომ აღძრა ნაცნობთა გულებში, მეორე დღესვე აღარაფერი დარჩა. ეს უპირველეს ყოვლისა, საფლავს დაეტყო. არათუ პორტრეტიანი მარმარილოს ქვით, ხის უბრალო ჯვრითაც არავის აღუნიშნავს იგი. როგორც კი დათბა, ბალახი და ძეძვი მოეძალა; შემოუკავებელი, მოუვლელი, სარეველამორეული, საცაა შამბნარში ჩაიკარგება მთლიანად.თითქოსდა სამუდამოდ უნდა გამქრალიყო ანანას ხსოვნა მიწისპირიდან, მაგრამ მისმა სახელმა და უკვე თითქმის წაშლილმა სახემ გასულ თვეში მოულოდნელად ამოყვინთა დავიწყების ტბის ფსკერიდან და ლამის მთელი ქალაქი აალაპარაკა; ააალაპარაკა და რამდენიმე დღით მოუკლა გართობის წყურვილი.

ქალაქში დარხეული სავსებით სარწმუნო ხმები ანანას თავის გასაოცარ და ფრიად გამართობელ ხვედრზე მკითხველისათვის ბოლომდე გასაგები რომ იყოს, აუცილებელია ორიოდე სიტყვა ითქვას აწ განსვენებულის გარეგნობის ერთ თავისებურებაზე, რამაც განმსაზღვრელი და, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საბედისწერო როლი ითამაშა მის ცხოვრებაში.

საქმე ის გახლავთ, რომ ანანას მეტად უცნაური ფორმის, ყოველგვარ სიმეტრიულობას მოკლებული, უხეიროზე უხეიროდ გამოჩორკნილი თავი ჰქონდა. ზუსტად არავინ იცის, როგორ და რა ასაკიდან გაიცნობიერა ანანამ საკუთარი სიმახინჯე, _სარკეში მოჰკრა თვალი პირველად თუ ფოტოსურათზე შენიშნა; ან, სანამ თვითონ აღიქვა, ვიღაცამ უთხრა, შესაძლოა, დასცინა კიდეც. უფრო სავარაუდოა, რომ დასცინეს. ეს ალბათ ბავშვობაში, საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხდებოდა. ასეა თუ ისე, ერთ ავადსამახსოვრო დღეს ანანა საშინელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა: თანატოლების მრგვალი, კოხტა თავებისაგან განსხვავებით, მას დიდი ნესვივით წაგრძელებული, გასაოცრად უშნო თავი დამხობოდა კისერზე. დაქანებული შუბლი გვერდებიდან უთანაბროდ შეჭყვლეტოდა, კეფა ცალ მხარეს გაბრტყელებოდა, მეორე მხარეს დიდი ბურცობით დამშვენოდა; ბურცობი იმხელა გახლდათ, იფიქრებდით, მეორე თავია, ოდნავ განუვითარებელიო; თხემზეც ისეთი ფორმის, ოღონდ შედარებით პატარა ბურცობი ამოზრდოდა გვერდულად. ერთი სიტყვით, თავი კი არა, ეს იყო რაღაც საშინელება, რომელიც ნებისმიერ პატრონს, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, ცხოვრებაში ბევრ უსიამოვნებას მოუტანდა უსათუოდ, ხოლო მეტისმეტად მგრძნობიარე ანანასათვის იგი სულაც პირადი ტრაგედის მიზეზი გახდა; იმ დღიდან მოყოლებული, რაც მწარე სინამდვილე გაიცნობიერა, ანანამ სამუდამოდ მიიკერა არასრულუფასოვნების იარლიყი. შეძრწუნებულმა იმდენად მტკივნეულად განიცადა თავისი ფიზიკური ნაკლი, რომ ტემპერატურამ აუწია და კარგა ხნით ლოგინად ჩავარდა.

ექიმების დახმარებით ფეხზე წამომდგარს წარმოუდგენლად შეცვლოდა გამომეტყველება. გრძელწამწამა, ლამაზ თვალებში ბავშვისათვის შეუფერებელი სევდა ჩასდგომოდა, მთელს სახეზე წარუშლელი დარდი ეხატა. მის სულსაც ღრმა კვალი დამჩნეოდა, შინაგანად გაღიზიანებული, გულჩათხრობილი, განკერძოებული გახდა, რაც ნასიცხარობით ვერ აიხსნებოდა და ასეთი დარჩა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

სკოლაში ანანა ჩინებულად სწავლობდა და ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოწაფედაც ითვლებოდა, არანორმალური მოყვანილობის ქალას მისი ტვინისათვის არაფერი ევნო.გაკვეთილებს ერთი მოსმენით ითვისებდა, მსჯელობის უნარითაც გამოირჩეოდა, მაგრამ, პედაგოგების თქმით, "აუტანლად პასიური" იყო, ხელაწეული ან თავისი სურვილით კამათში მონაწილე იშვიათად თუ უნახავს ვინმეს. ბავშვებთან თამაშში ჩართულს გაახსენდებოდა თუ არა თავისი სიმახინჯე, მაშინათვე დამნაშავესავით გადგებოდა განზე. დეფორმირებულ ქალას იგი ყველაზე დიდ უბედურებად თვლიდა, ოღონდ ასეთი თავი არ ჰქონოდა და სიამოვნებით დათანხმდებოდა სიკოჭლეზე ან ბრუციანობაზე.

სკოლას მკაცრი, მომთხოვნი დირექტორი ჰყავდა. მას აღზრდის საკუთარი კონცეფცია ჰქონდა შემუშავებული, რისგან იოტისოდენა გადახრაც სასტიკად იკრძალებოდა. ამ კონცეფციის ერთ-ერთი პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ მოსწავლე ვაჟებს ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა დაეყვანათ თმის სიგრზე დირექტორის "თმის დონეზე", ესე იგი, ნულზე გადაეპარსათ. ანანას წამება სადალაქოდან იწყებოდა. პროვინციული ქალაქების დალაქები გამორჩეულად ოხუნჯი ხალხი რომ გახლავთ, ცნობილია, მაგრამ თვით ამ დაწესებულებას, ეტყობა, აქვს განსაკუთრებული ხიბლი, რომელიც ყველაზე გაუცინარ კლიენტსაც, ფეხს შემოდგამს თუ არ, ანგლობის ხასიათზე აყენებს, თითქოს გასაპარს_გასაკრეჭად კია არა, ხუმრობაში ენის გასავარჯიშებლად მოდიან ოჯახაშენებულები!

იჯდა ანანა სადალაქოში კისერზე მიტკლისპირსახოცშემოჭერილი, ლოყებშეფაკლული, ყურის ნიჟარებზე ცეცხლწაკიდებული საპარსი მანქანის ზუზუნში კრიჭაშეკრული უსმენდა თავისი ბედოვლათი გოგრის გარშემო ატეხილ კვიმატსიტყვაობას; უსმენდა და ტირილს აღარაფერი უკლდა.

სკოლაში უარესი დღე ელოდა. ყოველ გადაპარსვაზე ბვშვები თითქოს ხელახლა აღმოაჩენდნენ "შტომპოლს". გოგონებსაც აუცილებლად უნდა "აეღოთ სიფთა", ისე არ მოისვენებდნენ. თუკი ვინმე გამოესარჩლებოდა მასხრად აგდებულს, კიდევ უფრო შეურაცხოფილად გრძნობდა თავს.

ერთხელ იგი აქვითინებული და სიცხიანი დაბრუნდა შინ. სკოლაში სამედიცინო შემოწმება ჩატარდა. საკლასო ოთახში ვიღაც თეთრხალათიანი ქალი შემოვიდა. ერთი მხედველობას, ხოლო მეორე ხერხემლის სისწორეს უსინჯავდა მოსწავლეებს. იმ მეორემ, ანანას მერხს რომ გაუსწორდა, ხმამაღლა წამოიძახა:

შეხედეთ, შეხედეთ ამ ბავშვის კეფას!კლასში სიცილ-ხარხარი გაისმა.

ჭარხალივით გაწითლებული. სიმწრის ოფლში გახვითქული ანანა დაფასთან გაიყვანეს, წელზევით გააშიშვლეს და წაღმა-უკუღმა აბრუნეს. ტანზე, რომ მაინცდამაინც ვერაფერი უნახეს, ისევ თავზე გადაიტანეს ყურადღება. მერე თეთრხალათიანი ქალები რიგროგობით ლანზღვდნენ უბნის ექიმს, ანანას მსობლებს და აკვანს,. პირველად მაშინ გაიგო ანანამ, რომ მისი უბედურების მიზეზი იყო რაქიტი-საშინელი დაავადება! "რაქიტი" - ო, რა საშინლად ჟღერდა ეს სიტყვა!

რამდენიმე დღის შემდეგ ზეპირად იცოდა:"რაქიტი" წარმომდგარია ბერძნული სიტყვისაგან რჰაცჰის, რაც ნიშნავს ხერხემალს. რაქიტი არის ბავშვის ორგანიზმის დავადება, რომელიც ვითარდება კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგად. პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ფრენსის გლისონმა 1650 წელს. რაქიტის ძირითადი მიზანი ვიტამინის ნაკლებობაა. ავადმყოფის ნიშნები ვლინდება 2-3 თვის ასაკში. თანდათან ვითრდება ჩონჩხის მკაფიო ცვლილებები: კეფის დარბილება და გაბრტყელება, დიდი ყიფლიბანდის მოგვიანებით დახურვა, თავის ასიმეტრია. შემდგომ ძვლოვანი ქსოვალის ჭარბად განვითარების გამო მკაფიოდ იკვეთება შუბლისა და თხემის ბორცვები, თავი ზოგიერთ შემთხვევაში უცნაურ ფორმას იღებს. ძვლების დეფორმაცია რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში".

მეცხრე კლასში იყო ანანა, როცა სკოლაში ახალი დირექტორი მოვიდა. მან თავგადახოტრილი მოსწავლეების დანახვაზე სასტიკად გაილაშქრა ამგვარი ‘ვითომდა სპარტანული, სინამდვილეში კი ბარბაროსული‘ აღზრდის წინააღმდეგ, რითაც ერთბაშად მოიგო აღსაზრდელთა გული. ახალ დირექტორს წინამორბედივით კინკრიხოზეღა შერჩენოდა ორიოდე ღერი ღინღლისმაგავრი თმა, მაგრამ მისგან განსხვავებით, იგი ერთობ მოწყალედ უყურებდა ბიჭების მოდურ ვარცხნილობებს. მოშვებულმა ხშირმა თმამ ანანას შეუდარებლად გაულამაზა თავი, თუმცა ამანაც ვერ მოუტანა შვება. დღენიადაგ ახსოვდა, როგორი ფორმის თავი ჰქონდა თმებქვეშ. მისი ყოველი კვადრატული მილიმეტრი თითებით უთვალავჯერ ჰქონდა გასინჯული. ზოგჯერ გაკვეთილზე საკუთარ ქალას გამოხაზავდა რომელიღაც სიბრტყეში. ძილშიაც არ ასვენებდა სიმახინჯის განცდა- სიზმრებშიც ქალა უტრიალებდა თვალწინ, ყოველ ღამეულ მოლანდებაში მისი გოგრა უნდა გამოჩხრეკილიყო უსათუოდ. იშვიათად, ძალზე იშვიათად, ტკბილ ზმანებასაც ნახულობდა - რაღაც სასწაულით თავს ვითომ იდეალური მოყვანილეობა მიეღო! ზეიმობდა ანანა მაშინ, ტუჩებზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა, მაგრამ ხანმოკლე ნეტარებას გაღვიძებისთანავე მწარე გულგატეხა მოსდევდა.

სქელი, დამყოლი თმები, ასეა თუ ისე, ერთგვარად ამსუბუქებდა ანანას მდგომარეობას. ამიტომ ერთხელ, სარკეში თავისი გარეგნობის მორიგი კრიტიკული თვალიერებისას, შუბლის კუთხეებში სიქაჩლის პირველი სიმპტომები რომ შენიშნა, - თავზარი დაეცა. როგორი შიშით ელოდა ამ დღეს! ანგარიშმიუცემლად აიღო სავარცხელი და ფრთხილად გადაისვა. თვრამეტი ღერი თმა გამოჰყოლოდა სავარცხელს. ანანას გულის ძარღვები ჩასწყდა, ნაღვლის ტალღები მოედო მთელ გულგვამში. რამდენიმე წუთს უაზროდ მისჩერებოდა სარკეს. მერე თვალებში ცეცხლი გაუკრთა. უეცრად შეეცვალა გამომეტყველება. გაშმაგებით დაივარცხნა თმა და სინათლეზე შეამოწმა. სავარცხელი თმით იყო სავსე. ამან უფრო გაახელა, იმ მომენტში უჩვეულოდ მრისხანედ გამოიყურებოდა.

ანანამ უკვე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა, გადაწყვიტა შებრძოლებოდა ბუნების მუხანათობას და ქალაქის რამდენიმე ექიმბაში მოინახულა. ერთმა შუახნის ფაშფაშა ქალმა, სრულიად გაუგებარ სტილში და ძალზე უგემოვნოდ მორთულ-მოკაზმულმა, ადვილად დააჯერა იგი, რომ შერჩენილ თმას სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნებდა. სხვებისგან განსხვავებით, ექიმბაში თმის ამოყვანას არ ჰპირდებოდა, ამიტომ უფრო სანდო ჩანდა. წლინახევრის განმავლობაში ანანა ყოველ ღამე ისვამდა თავზე რაღაც საზიზღარ სითხეს, ნივრის, სპირიტის, ქაფურისა და თოხლო კვერცხის სუნი, რომ უდიოდა. შემდეგ თავს ცხვირსახოცით მაგრა იხვევდა და აქოთებული წვებოდა დასაძინებლად. თავდაპირველად ეჩვენებოდა, წამალი მშველისო, თითქოს აღარ სცვიოდა თმა, მაგრამ მალე დარწმუნდა, –ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი იყო! შუბლი თანდათან უგანიერდებოდა და უმაღლდებოდა, კეფა ყველაზე თვალშისაცემ ადგილას ამოუტიტვდა. თანდათან ეჭვიც გაჰკრავდა კლანჭებს, წამალი, რომ არ მეხმარა, იქნებ ასე უმოწყალოდ არგავმელოტებულიყავიო.

ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა და ახლა უშუალოდ ქალაზე მიიტანა იერიში. ხელიგულს აწერდა ამოწეულ ადგელებს, მერე რაღაც აკუსტიკური წერტილები შეარჩია, თითებს იკაკუნებდა თავზე საათობით. შემდგომ მეთოდი დახვეწა და თითები რეზინის დრეკადი ჩაქუჩით შეცვალა. სამსახურში ზოგჯერ სახაზავსაც აირაკუნებდა ბურცობებზე. ერთი სიტყვით, მედგრად იბრძოდა სილამაზისათვის, თუმცა უშედეგოდ...

მივადექით ანანას თავგადასავლის ყველაზე ტრაგიკულ მონაკვეთს, როდესაც, პოეტის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, მის ცხოვრებაში შემოიჭრა ქალი. უმცროს კონსტრუქტორად მუშაობის უკვერამდენიმე წლის სტაჟი ჰქონდა, პირველი და უკანასკნელი სიყვარული რომ ეწვია. რაც არ ეცადა, გულის კარი რაც არ ჰგმანა, მაინც ვერ გაექცა. ამურის მიერ ნატყორცნ ისარს. ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს, თითქოს სურს მათი ჯვარცმა უეჭველი და გარდაუვალი გახადოსო, მამაზეციერი უაღრესად დახვეწილ გემოვნებას დაანათლავს ხოლმე. ანანას რჩეული – ქალაქის უმსვენიერესი ქალიშვილი - კარგ ქართულ ოჯახში აღზრდილი ზნეკეთილი არსება გახლდათ, მაგრამ თავისი ახალი თაყვანისმცემლის ვინაობა რომ გაუგია, სიცილით ისე გადაფიჩინებულა, ძლივს მოუსულიერებიათ. მოზღვავებული სიყვარულით საბოლოოდ განადგურებულმა ანანამ მარტოობისათვის დაბადებულად ცათვალა თავი, სამსახური მიატოვა და მთლად კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჰყო ხელი. იჯდა შინ წიგნებთან დამეგობრებული, უკუდურესი აუცილებლობისას თუ გამოვიდოდა გარეთ. ქალაქში ყველამ იცოდა ანეკდოტები აქაური მექუდეებისა და ანანას თავის ურთიერთობაზე, ცნობით კი ვინმე თუ იცნობდა. მეზობლები თავისებურ ადამიანად თვლიდნენ, ზოგჯერ მის სულიერ ავადმყოფობაზეც ჩურჩულებდნენ.

ასეთი თვალსაზრისი უფრო განმტკიცდა, როცა საქალაქო გაზეთში ანანას მიერ საბავშვო ფონდისათვის თხუტმეტი ათასი მანეთის გადაცემის ცნობა გამოქვეყნდა. როგორც გაზეთი იუწყებოდა "ფული ჩაირიცხა მიზნობრივი დანიშნულებით", რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ერთი წლის განმავლობაში ქალაქის ყველა ჩვილ ბავშვზე უფასოდ გაიცემოდა D ვიტამინი, აგრეთვე ვიტამინიზებული თევზის ქონი იმპორტული წარმოებისა.

ანანა მშობლების დანატოვარი მცირე დანაზოგით ცხოვრობდა. თუ საიდან აღმოაჩნდა ღარიბ კაცს იმ დროისათვის ესეოდენ მნიშვნელოვანი თანხა, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მკითხველისათვის.

ერთ საღამოს ანანას ორი ინტელიგენტური იერის მქონე მამაკაცი ესტუმრა. მათ სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომლებად წარმოადგინეს თავი და საკმაოდ მიკიბულ – მოკიბულად ილაპარაკეს იმაზე, რომ ინსტიტუტში, პათოლოგიური ანატომიის კათედრასთან იქმნებოდა პათოლოგიურ ჩონჩხთა კაბინეტ-ლაბორატორია; რომ ამ საქმეში შეგნებულად ადამიანების თანადგომა სჭირდებოდათ; რომ ანანას შეეძლო დიდი დახმარება გაეწია მათთვის და სხვა. გრძელი მოიარებისა და ბოდიშების შემდეგ, ისინი უშუალოდ საქმეზე გადავიდნენ: კათედრას სურდა შეეძინა ანანას თავის ქალა, მისი სიკვდილიოს შემდეგ, რა თქმა უნდა, და მზად იყო საამისოდ წინასწარ გადაეხადა თხუტმეტი ათასი მანეთი.

– თანხმობა თქვენი მხრიდან, რომ არაფერი ვთქვათ მატერიალურ მხარეზე, ფრიად კეთილშობილური საქმე იქნება. იგი ხელს შეუწყობს კვალიფიციური ექიმების აღზრდას, ამდენად, დიდი სამსახურს გაუწევს ერის კეთილდღეობას! შთამოგონებლად წარმოთქვეს სტუმრებმა და მოკრძალებული სახით დაელოდნენ პასუხს.

ისინი მედიცინასთან დაკავშირებულ კომერციულ გარიგებებში ახალბედები როდი იყვნენ, კარგად იცოდნენ, მსგავს შეთავაზებებზე ორნაირი პასუხი რომ არსებობს. ერთნი თავდაპირველად ცივ უარზე არიან და შეურაცხოფილი ადამიანის სახეს იღებენ, სულიც რომ მოსდიოდეთ ფულზე, მაინც; მეორენი მოსაფიქრებლად დროს იხოვენ და პასუხს აჭიანურებენ. ამიტომ, როცა ანანამ იმწუთასვე მშვიდად განაცხადა, თანახმა ვარო, გაკვირვებულმა მედიკოსებმა ერთმანეთს გადახედეს.

სათანადო ხელშეკრულება იმავე საღამოს გაფორმდა. სამედიცინო ინსტიტუტი, ანანას კატეგორიულად მოთხოვნის თანახმად, კისრულობდა გარიგების საიდუმლოდ შენახვას. სტუმრები დიდის ამბით გამოემშვიდობნენ მასპინძელს და გახარებულნი წავიდნენ. მათი აზრით ეს შეთანხმება მნიშნვნელოვნად აღემატებოდა ბოლო დროის ყველაზე თვალსაჩინო წარმატებას – ქალაქის ერთადერთი გოლიათის, ორმეტრნახევრიანი აყლაყუდა ჟეროს ჩონჩხის შეძენას.

-გენიოსები ვართ, რა ეგზემპლარი ვიგდეთ ხელთ!- აბა!

-როგორ ფიქრობ, რატომ დაგვთანხმდა ასე სწრაფად?-რა ვიცი... ფულის კაცსაც არა ჰგავს...

-საწყალმა ალბათ იფიქრა, ამ საშინელ თავს სიკვდილის შემდეგ მაინც მოვიშორებო!-მართლა რა ბუტკასავით თავი აბია!

-ჰა-ჰა-ჰა! მასეთი არაფერი მინახავს!-ხა-ხა-ხა!

და პათოლოგიური ანატომიის კათედრის თანამშრომლები დიდხანს ხარხარებდნენ გზაში.

რამდენიმე წელიწადს ელოდა ორლესული სამედიცინო ნაჯახი ანანას კისერს, ხოლო პათოლოგიურ ჩონჩხთა კაბინეტ-ლაბოლატორია – უნიკალურ თავის ქალას, რომელსაც შესამჩნევად უნდა შეემსუბუქებინა ლექტორებისა და სტუდენტებისათვის რაქიტის შესახებ მასალის გადაცემა – ათვისება; ელოდა სამედიცინო ინსტისტუტის ბუჰღალტერიაც, თხუთმეტი ათასი მანეთიც ხომ "ჰაერში ეკიდა!"

იმ წელს ანანას ცხოვრების წესი ოდნავადაც არ შეუცვლია. დრო კითხვაში და ქალაზე ფიქრში გაჰყავდა. ისევ ისე იკაკუნებდა თავზე რეზინის ჩაქუჩს, რაც ჩვეულებად გადაქცეოდა. ხანდახან იაფფასიან, გაჩეჩილთმიან პარიკს გაიკეთებდა თავზე და კლოუნს ემსგავსებოდა.

ერთ დილით, წიგნებში ქექვისას, ანანა ცისფერყდიან თხელ წიგნს წააწყდა, რომელიც ინდოელ იოგთა მოძღვრებას შეეეხებოდა. წიგნის გარეკანზე უცნაურ პოზაში მჯდომი შიშველი კაცი ეხატა, ანოტაციაში კი ეწერა: ‘იოგა, რომლის საფუძველი თავით შთაგონებაა და რწმენაა, სასწაულებს ახდენს, მას შეუძლია ძვლის სტრუქტურაც კი შეცვალოს".

იმავე ხანებში რომელიღაც ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ჟურნალში ასეთი რამეც ამოიკითხა: "სიმეტრია არის მშვენიერების აუცილებელი ატრიბუტი". ამ მოსაზრებას წერილის ავტორი შემდეგნაირად ასაბუთებდა: "ქალის სახეზე ერთადერთი ხალი უფრო ლამაზია ორ ან მეტ სიმატრიულად განლაგებულ ხალზე. მასთან ობოლი ხალი ხშირად უფრო ბადებს სილამაზის შეგრძნებას, თუ იგი უსიმეტრიოდ ზის სახეზე". ანანა ამან ჩააფიქრა და სარკესთან მიიყვანა, პარიკმოხდილირამდენიმე წუთს აკვირდებოდა სარკეს, სადაც მოპირდაპირე კედელზე გაკრული კინოვარსკვლავის პორტრეტიც ჩანდა. ანანმ ჟურნალი შორს მოისროლა და ისევ ცისფერყდიანი წიგნისკენ მიმართა იმედსხივიანი მზერა.

ერთ მშვენიერ დღეს მარტოობით გამოფიტული, დაუძლურებული ანანა სამედიცინო ინსტიტუტის ექსპერიმენტალურ კლინიკაში დააწვინეს. მელე ზეწარში გახვეული მისი გვამი მორგში ჩაიტანეს, ხოლო გარდაცვალებიდან მესამე დღეს თუთიის ჰერმეტულ კუბოში მოტავსებული ნეშტი მეზობლებმა წაასვენეს. თანდართული დასკვნა სამედიცინო ექსპერტიზისა სასტიკად კრძალავდა გვამის დათვალიერებას, როგორც გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის საშიშ ქმედებას.

გაიარა კიდევ ერთმა კვირამ. ზუსტად იმ დღეს, როცა საბრალო ანანას ნეშტი ოთუთუნეს სასაფლაოს ნეშტიანმა მიწამ მიიბარა, პათოლოგიურ ჩონჩხთა კაბინეტ-ლაბოლატორიაში მომცრო კონტეინერი შეიტანეს, დაახლოებით ნახევარი კუბური მოცულობისა. მასში კბილებდაკრეჭილი ქალა და საინვენტარიზაციო ნომერი – 888 – იყო გამოსახული. შიგ ბამბით კიდეებამოვსებული ქაღალდის ყუთი აღმოჩნდა, რომლის შუაგულში ანანას ქალა იდო.

ქალა მოწიწებით ამოიღეს და სადემონსტრაციო დგარზე დაამაგრეს. დგარი ნელა დაატრიალეს თუ არა, იქ მყოფ ყველა პათოლოგანატომს განცვიფრება დაეუფლა: ქალა მრგვალი იყო! იგი არაფრით განირჩეოდა ჩვეულებრივ ქალათაგან. შეიძლება ითქვას, მათზე სიმპატიურადაც კი გამოიყურებოდა.

ამ ამბავმა კათედრის ხელმძღვანელობისა და საფინანსო ორგანოების ყურამდე მიაღწია. საქმე სასკანდალო აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, ქალაში გადახდილი იყო თხუთმეტი ათასი მანეთი, როცა პრეისკურანტით მისი ფასი არ აღემატებოდა შვიდ მანეთს და ორმოცდაათ კაპიკს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც მთელი ორი თვე იმუშავა და გამოწვლილვით შეისწავალა საქმე. კომისიის დასკვნით, ქალას დამუშავებისას აღრევა გამორიცხული იყო, რადგან იმ პერიოდში კლინიკაში გარდაიცვალა ერთადერთი ადამიანი და დამუშავდა ერთადერთი ქალა. ამდენად, მომხდარში ბრალი დაედო კათედრის ჩვენთვის ცნობილ თანამშრომლებს ანთროპომეტრიის უგულებელყოფისა და ნიმუშის "არასწორი შერჩევისათვის". მათ გამოეცხადათ სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით და დაეკისრათ ზარალის ანაზღაურება ხელფასიდან თანდათანობით გადახდით დასჯილნი. რა თქმა უნდა, არ ეთანხმებოდნენ კომისიის გადაწყვეტილებას, თვლიდნენ რომ რაღაც დიდი გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ თავი ვერაფრით ვერ გაიმართლეს. მათდა საბედნიეროდ, იღბლიანი შემთხვევის წყალობით, ხელფასიდან პროცენტების დარიცხვამდე საქმე არ მისულა.

სრულიად მოულოდნელად სამედიცინო ინსტიტუტმა ზარალის ნაცვლად დიდი ხეირი ნახა ხსენებულ ქალაში. სწორედ მაშინ დაირღვა ხელშეკრუილების პირობა და გახმაურდა აქ მოთხრობილი ამბავი.

როგორც ამბობდნენ, ანანას თავის ქალის შესაძენად ფული არ დაუშურებია საზღვარგარეთის ერთ-ერთ მუზეუმს, რომლის ექსპოზიციებში თურმე უიშვიათეს, მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტურად სიმეტრიულ საგნებს ეთმობოდა ადგილი.

***

კომენტარი (მარინა კვიკვინია ფსიქოლოგი): მოთხრობის ავტორმა, ბატონმა გიორგი ხუბუამ მოთხრობათა კრებული "ბოქლომი" მისახსოვრა; რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა. მე, როგორც მკითხველს და ფსიქოლოგს განსაკუთრებით დამამახსოვრდა ზემოთ დაბეჭდილი ნაწარმოები. შემიძლია ვთქვა, რომ მოთხრობა დიდაქტიკური ხასიათისაა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი ადამიანის ნებისყოფაზე, აშკარაა, რომ თავის ქალის პატრონმა უდიდესი ნებისყოფის დაძაბვით, დიდი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით მიაღწია არათუ სასურველ მიზანს, არამედ გადააჭარბა კიდეც. არა მხოლოდ ნორმალური პარამეტრების, არამედ იდეალური თავის ქალა მიიღო; ჩვეულებრივ ადამიანთა კი არა, მეცნიერთა გასაოცრადაც კი. მეცნიერთა გაოცება მოგეხსენებათ არცისე იოლია.

ფსიქოლოგიაში და პედაგოგიკაში ცნობილია, რომ ბავშვი, რაც არ უნდა კარგ პედაგოგებს მიაბარო, რაც არ უნდა კარგად ზარდო, თუ თვითონ მან, გული არ გახსნა, არ მიიღო, ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. აუცილებელია აქტივობა ორივე მხრიდან.

გავიხსენოთ აკ. წერეთლის "გამზრდელი" ("მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს...").

ფსიქოლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით ე.წ. "გარდამავალ" ასაკში თავის აღზრდას იწყებენ. იკაჟებენ ჯანმრთელობას, ნებისყოფას. ამ შემთხვევაში მთავარი სურვილია. სურვილი, რომელიც გარედან კი არაა თავსმოხვეული. პირიქით. შიგნიდან მოდის. ახალგაზრდას თვითონ უნდა, ჰქონდეს ესა თუ ის თვისება. დიდი ძალისხმევის, ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე იგი მიზანს აღწევს; ხდება საოცრება. ჩვენ, პედაგოგები და მშობლები, რასაც ვერ ვაღწევთ 15-17 წლის განმვლობაში, ისინი ამას ერთ წელიწადში აკეთებენ.

გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ აღზრდაზე მნიშვნელოვანი თვითაღზრდაა. როცა ადამიანი შეგნებულად ხვდება და სერიოზულად გადაწყვეტს პრობლემის მოგვარებასა და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. მთავარია დასახული მიზანი ბოლომდე იქნას მიყვანილი, როგორც ეს ბატონი გიორგის მოთხრობაშია.

გმადლობთ ბატონო გიორგი. ეს ნაწარმოები მე, 15 წლის წინ წავიკითხე და ხშირად მახსენდება. რამოდენიმეჯერ ლექციაზეც კი დავამუშავეთ. თქვენი მოთხრობები მუდამ აქტუალური იქნება.

 

გამოქვეყნებულია ჟურნალ "ღია ბოქლომის" 2009 წლის ივნისის ნომერში.

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-8123321024124565787?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...