planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 დღეს, საღამოს ათ საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურორების მიერ წარდგენილი შუამავლობა და სოზარ სუბარის ძმას და მასთან ერთად კიდევ 12 ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს მესამე დარბაზის პატარა შემინულ ოთახში 13 ბრალდებული იჯდა. ცამეტივეს ბრალი ერთი და იგივე – სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით წაუყენეს ბრალი. საქალაქო სასამართლოში სოზარ სუბარის ძმის და სხვა 12 პირის პროცესი ექვს საათზე იყო დანიშნული. შენობის პირველ სართულზე სწორედ ამ დროიდან მოიყარა ხალხმა თავი. დარბაზი, რომელშიც 60 თავისუფალი ადგილი იყო, 80-მდე დამსწრემ შეავსო. უადგილობის გამო, პროცესზე მოსული დაკავებულების ახლობლების ნაწილი დარბაზს მიღმა დარჩა და პროცესს დარბაზის კარზე არსებული პატარა ფანჯრიდან ადევნებდა თვალს. სოზარ სუბარი და სხვა პოლიტიკოსები სასამართლო პროცესს არ დასწრებიან. პროცესი რვის წუთებზე დაიწყო. პირველი ერთი საათი პროკურორების– ნათია სონღულაშვილის და ავთო კოჭლამაზაშვილის შუამდგომლობას დაეთმო. მათ რიგრიგობით ჩაიკითხეს ცამეტივე ბრალდებულის საქმე და თითოეული მათგანის მიმართ მოსამართლესთან შუამდგომლობა დააყენეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. პროკურორის მიერ წაყანებული ბრალი ვახტანგ სუბელიანის მიმართ ასე იყო ჩამოყალიბებული: სუბელიანმა და ლეკიშვილმა (შპს ამოს შესყიდვების მენეჯერი) ჯგუფურად დაამზადეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები და ამ სახით მოახდინეს რეალურზე მცირე შემოსავლის ჩვენება. საქმეში, კონკრეტულად სუბელიანის მიმართ, რამდენიმე შემთხვევაა მოყვანილი. პროკურატურამ განაცხადა, რომ მისი ბრალდება ჩვენებებსა და სატელეფონო ჩანაწერებს ეყრდნობა– იმ ხუთ ფაქტს, რომელიც სუბელიანის საქმეშია წარმოდგენილი. კერძოდ, თემურ კურტანიძე, ინდ.მეწარმე ხარაგაულიდან, პროკურატურის თქმით, შეუთანხმდა სუბელიანს და ლეკიშვილს, რომ ანგარიშფაქტურაში 1 ლიტრი საწვავის ფასად, 1 ლარისა და 80 თეთრის ნაცვლად, 1.78 ლარი დაეფიქსირებინათ. ამავე საქმეშია კურტანიძესთან კიდევ ერთი შეთანხმება, 11 ოქტომბრით დათარიღებული, სადაც 1 ლიტრი ბენზინის ფასის 1 თეთრით შემცირებაზეა საუბარი. ხარაგაულელელმა მეწარმემ შპს ამოსგან ამ დღეს 7484 ლიტრი საწვავი იყიდა. მესამე შემთხვევა თარიღდება ამა წლის 25 სექტემბრით. ამ დღეს ალექსანდრე ბექაურმა შპს ამოსგან 9050 ლიტრი საწვავი შეიძინა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ სუბელიანმა და ლეკიშვილმა მას ყალბი ანაგარიშ-ფაქტურა დაუმზადეს და მასში საწვავის ღირებულებად, 1.78 ლარის ნაცვლად, 1.65 ლარი ჩაწერეს. მეოთხე შემთხვევა უკავშირდება ილია ნინიკაშვილს, ინდ. მეწარმეს გორიდან, რომელმაც 2010 წლის 12 ოქტომბერს ამოსგან იყიდა საწვავი, ხოლო ანგარიშფაქტურაში ლიტრი საწვავის ფასი, ბრალდების თქმით, 5 თეთრით არის შემცირებული. მეხუთე შემთხვევა ცნობილია საზოგადოების ნაწილისათვის, იქიდან გამომდინარე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არისტაკ კუჩუკიანის ჩვენება და სატელეფონო ჩანაწერები სუბელიანის დაკავებიდან მეორე დღეს გაავრცელა. მათ შორის, ეს ჩანაწერები მოხვდა ტელევიზიების პირდაპირ ეთერში. არისტაკ კუჩუკიანის შემთვევაში, ბრალდება ამბობს, რომ 25 სექტემბერს ის სუბელიანს შეხვდა და მისგან 4180 ლიტრის ოდენობით საწვავი შეიძინა. პროკურორის თქმით, ანგარიშფაქტურაში ლიტრზე ფასის ცვლილება 4 თეთრია. ანუ, 1.76-ის ნაცვლად – 1.72. კუჩუკიანი, ბექაური, ლეკიშვილი, ნინიკაშვილი და კურტანიძე, სუბელიანთან ერთად, არიან დაკავებულნი და უკვე დღეიდან ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი. ირმა ჭკადუამ, ვახტანგ სუბელიანის ადვოკატმა, რომელმაც პროცესზე გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლე ნატო ხუჯაძესთან საქმის მასალებიდან რამდენიმე დეტალს გაუსვა ხაზი. კერძოდ, დაკითხული კურტანიძის, ბექაურის და ნანიკაშვილის ჩვენებებში არსად ფიგურირებს სუბელიანის სახელი და გვარი. პირიქით, ჭკადუა ამბობს, რომ მათ დაკითხვის ოქმებში წერია, რომ ისინი არ იცნობდნენ სუბელიანს. ვაჟა ლეკიშვილი კი ამბობს, რომ სუბელიანს ინდ. მეწარმეებთან ურთიერთობა არ ჰქონია და ის არც ანგარიშ-ფაქტურებს ადგენდა. კუჩუკიანის საქმეზე ლეკიშვილი ამბობს, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სუბელიანს კავშირი ჰქონდა ანგარიშ-ფაქტურასთან, ესეც იმიტომ, რომ ლეკიშვილმა იმ დღეს სამსახურში მისვლა დააგვიანა. ”არც ერთ კლიენტთან ვახოს არ ჰქონია ურთიერთობა. აქ არიან კლიენტები და მათთან მხოლოდ მე მქონდა პირდაპირი ურთიერთობა. ვახომ არ იცოდა, რა ციფრებზე იყო ლაპარაკი და რას ნიშნავდა ეს სხვადასხვა ციფრი”, - განაცხადა ვაჟა ლეკიშვილმა პროცესზე, მას შემდეგ, რაც სიტყვა მოითხოვა. ”საქმე ეხება 373 ლარს”, - ამბობს ირმა ჭკადუა, რომელმაც ბიუჯეტისთვის მიყენებული სავარაუდო ზარალი გამოითვალა, რაშიც სუბელიანია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის 210-ე მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას და ასევე – ჯარიმას. ცამეტივე ბრალდებულის ადვოკატმა, გირაოს სახით, მოსამართლე ხუჯაძეს სხვადასხვა თანხა შესთავაზა, მათგან ცხრამ – 5 ათასი, ერთმა– შვიდი ათასი, ხოლო სამმა, მათ შორის, ლეკიშვილმა და სუბელიანმა, გირაოს სახით, სასამართლოს 10 ათასი ლარი შესთავაზეს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე ხუჯაძემ ბრალდებულებს განაჩენი გამოუცხადა, მას სიტყვის დასრულება დარბაზმა არ აცადა. 7-მა მანდატურმაც კი ვერ შეძლო ხალხის გაჩუმება. ნაწილი დარბაზს ტოვებდა, ნაწილი ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს, ნაწილი კი მინის იქით მყოფ ბრალდებულებს სიტყვიერად ამხნევებდა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts